ახალი წელი სამეგრელოში - გზაპრესი

ახალი წელი სამეგრელოში

"სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა აღნიშვნის წესი რომ აქვს, სწორედ ეს ხდის მათ საინტერესოს და იდუმალს. არის წეს-ჩვეულებები, რომლებიც დრომ ვერ შემოგვინახა. თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს, რომ ის ტრადიციები, რომლებიც შემოგვრჩა, შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობას, რათა არასდროს დაკარგოს სამეგრელომ და საქართველოს სხვა კუთხეებმა ის ხიბლი, რაც ამ ტრადიციების დამსახურებით გააჩნიათ", - ამბობს ანა კვიკვინია. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ამ გოგონას, რომელთანაც მცირე ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, კარგად ეხერხება საინფორმაციო-შემეცნებითი და ანალიტიკური წერა. შევთანხმდით, რომ "გზისთვის" ეთნოგრაფიული ხასიათის სტატიას მომაწვდიდა და გარდა ამისა, მოგვიანებით დაამუშავებდა მეგრულ ენაში არსებულ ერთბგერიან სიტყვებთან დაკავშირებულ მასალას.

ახალ წელი და ტყაპობა...

"ამ დღეს ყველა ქვეყანაში, ქალაქსა თუ კუთხეში, განსხვავებულად აღნიშნავენ. ჩემს კუთხესაც აქვს მისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები. ტრადიციულად, სამეგრელოში ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამდენჯერმე გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარს და დაიძახებდა, გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო? - "წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება..." დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა), აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს სძენდა. სამეგრელოში ახალი წლის წინაღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მის ფაზებს. ადრე სამეგრელოში ახალ წელს სტუმრის მოტაცება ცოდნიათ. ამ ჩვეულებაში თურმე, მთელი სოფელი მონაწილეობდა. იმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ. ახალი წლის საღამოს ტრადიციად ყოფილა სახალისო თამაში "ტყაპობა" - ახალგაზრდა ქალ-ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს ყველაზე იღბლიანი, გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა".

GzaPress

კირუ-კარუ...

"ამ სახელწოდებით ახალ წელს, სადილის შემდეგ, დაღამებამდე, კოლხურ ოჯახში ეწყობოდა უჩვეულო ცერემონია-რიტუალი. ოჯახის დიასახლისი ხორბლის ან ჭვავის ფქვილის ცომისაგან ამზადებდა სხვადასხვა ცხოველ-ფრინველის თუ არასულიერი საგნის ფორმის კვერებს, რომელსაც აცხობდა ქვის კეცზე (ანგურაზე). განსაკუთრებული გულმოდგინებით გამოჰყავდა ყურძნის მტევნისა და კრუხის გამოსახულება, რომელსაც გამოცხობამდე დაწინწკლავდა და დაჩხვლეტდა ქათმის ფრთის "ყუნწით". სამხრობის დროს კი იწყებოდა ინსცენირება-გათამაშებები. დიასახლისი კრუხის როლში იყო, ოჯახის წევრები - წიწილების. "კრუხი" მოუხმობდა "წიწილებს" და ისინი მიწოდებულ "კრუხის" ფიგურას წიწკნიდნენ. ამ დროს "კრუხი" აიდგამდა ენას და ილოცებოდა: "ჩე ქოთომი ჩელაია! ჩე მუნომირხიალეე, ოში ანთასი ჩქიმი თის, აკა მეძობელიში თის (თეთრო ქათამო, თეთრუავ! თეთრი შემომისრიალე კვერცხი, ასი ჩემსას, მხოლოდ ერთი მეზობლისას)! უფრო გვიან, საღამოს, ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა რიტუალს, ოჯახის წევრები რაღაცით უნდა დატვირთულიყვნენ (ზოგჯერ ერთმანეთსაც აიკიდებდნენ, ოღონდ დატვირთულები ყოფილიყვნენ). ხელჯოხიანები უფროსის წინამძღოლობით ეწვეოდნენ მარანს, დადგებოდნენ საწნახლის გასწვრივ, მას მიაფშვნიდნენ ყურძნის ფიგურის კვერს, საწნახელს ურტყამდნენ ჯოხებს და გაიძახოდნენ: "ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმი მამული ხარგელია, შხვაში მამული ფურცელია, ჩქიმი მამულს ყურძენი დო შხვაში მამულს ფურცელი" ("თავი და თავი თავთავი, ჩემი მამული დახუნძული, სხვისი მამული ფოთოლი! ჩემს მამულში ყურძენი, სხვის მამულში - ფოთოლი"). ეს რიტუალები ერთ რომელიმე სალოცავთან არ იყო დაკავშირებული და ისინი დაბმული ("კირუ") და დაუბმელი ("კარუ" - ოკარიეში შემსვლელის) შინაური ფრინველებისა თუ ცხოველების გამრავლების მიზანს ემსახურებოდა".

კუჩხა...

"უძველესი ქართული ტრადიცია - მეკვლეობა სამეგრელოში ძველით ახალი წლის დილას, 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ "კუჩხა" იმავე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო "მძიმე" დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც "კარგი ფეხი" აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერი არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა. დეკემბრის მიწურულს, 28-29-ში სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა, თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე ხილს, უმთავრესად ვაშლს და მანდარინს ამაგრებდნენ. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.

კუჩხაზე სამეგრელოს ყველა ოჯახი ცდილობს იყოს ისეთი, როგორსაც მთელი წლის განმავლობაში ისურვებდა. ამ დღისთვის მეკვლეს დიდი სიფრთხილით ირჩევენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად. ამ დღეს სტუმრად მისვლისგან ბევრი თავს იკავებს, მიზეზი კი შიშია - თუ მასპინძელ ოჯახს იმ წელს რაიმე უბედურება ან უიღბლობა შეემთხვეს, ყველაფერი კუჩხაზე მისული სტუმრის ფეხს ჰბრალდება. მიუხედავად ამისა, თუ მაინც გადაწყვიტეს სტუმრობა, ამ დღეს ოჯახში ნებისმიერი მწვანე ახალამოყრილი ყლორტი უნდა მიიტანონ, რომელიც სიცოცხლისა და გაზაფხულის სიმბოლოდ ითვლება. საახალწლო დღეებში, მათ შორის კუჩხა დღეს, ოჯახებში სრულდებოდა მეგრული სიმღერა "კირიალესა", რომლის შინაარსი აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება, თუმცა სამეგრელოში ახალი წლის მისალოცადაც უმღეროდნენ მასპინძელს".

GzaPress

კალანდა...

"ახალი წლის პირველ დღეს გურია-სამეგრელოში კალანდა ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი იდო, სახლიდან გარეთ გადიოდა. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ შინ შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებდა". საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმინდა ბასილას ეხვეწებოდა, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.

გამორჩეული დღე ყოფილა მეგრულ ოჯახებში ახალი წლის პირველი ორშაბათი. სალოცავად მიჩენილი "ოხვამერ ლაგვანი" (სალოცავი ქვევრი) ოჯახების მარნებში ჩადგმული ყოფილა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელზე. ლოცვას ასრულებდა ოჯახის უფროსი. ერთი მამის შვილები ერთად ლოცულობდნენ. თუ ძმები გაყრილები იყვნენ, ისინი სალოცავად მიდიოდნენ იმ ძმასთან, რომელიც მამის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის უფროსის ლოცვამდე ვერავინ მივიდოდა მარანში. ქალებს უფლება არ ჰქონდათ, ლოცვას დასწრებოდნენ. ოხვამერთან ოჯახის წევრები ლოცულობდნენ მუხლმოდრეკილები, ორი კვერითა და ღვეზლით. ამ კვერებს ქვევრთან მიირთმევდნენ. კვერების გარდა, სალოცავად მიჰქონდათ საკლავის ფილტვი, გული და თავი. ოჯახის უფროსი დაანთებდა სანთლებს, თავზე შემოავლებდა ოჯახის წევრებს და დაილოცებოდა. მათ სწამდათ, რომ ამ ლოცვაზე იყო დამოკიდებული ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ნაყოფიერება".

P.S. სხვა, არასაახალწლო და ძალიან საინტერესო მეგრულ ტრადიციებზე ანა "გზის" მომდევნო ნომერშიც ისაუბრებს და იმედს ვიტოვებთ, რომ თანამედროვე ქართული მედია "გზის" მსგავსად მოსწავლე-ახალგაზრდების საინფორმაციო მხარდაჭერას გააგრძელებს.

როლანდ ხოჯანაშვილი