როგორ ხვდებოდნენ "წელწადს" ფშავში და ფშაური კაფიაობა
ირაკლი გოგოლაურს - მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, რესპუბლიკის დამსახურებულ მასწავლებელს, ფოლკლორის მკვლევარსა და ბევრი მამულიშვილური საქმის ინიციატორს, ფშავის მეისტორიეს უწოდებდნენ. დადიოდა ფშავში და იწერდა ხალხური შემოქმედების ნიმუშებს - ლექსებს, თქმულებებს, გადმოცემებს, ფშაური ყოფისა და ადათ-წესების ამსახველ მდიდარ მასალას. ასე შემოგვინახა არაერთი ფოლკლორული მარგალიტი ფშავის პოეზიისა...
უამრავი უნიკალური მასალა დარჩა გამოუქვეყნებელი. ეს საქმე მისმა შვილმა, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ქალბატონმა თამილა გოგოლაურმა ითავა და 5 ტომად გამოსცა კიდეც ირაკლი გოგოლაურის ძალზე საინტერესო ეთნოგრაფიული ჩანაწერები ფშავზე.
თამილა გოგოლაური:
- გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მამამ ჭეშმარიტად თავისი საკუთვნო პატივი მიაგო ფშაური ხალხური პოეტური სიტყვის ოსტატებს. მკითხველი მისი წიგნებით, სხვა მდიდარ მასალასთან ერთად, გაეცნობა ისეთ უნიკალურ ფოლკლორულ მოვლენებსაც, როგორიცაა: "ფშაური კაფიაობა" და ფშაური "ხმით ნატირლები". მხოლოდ მეხუთე ტომში "ფშავი - პოეზიის აკვანი" - 100-მდე მთქმელი და ავტორ-მთქმელია დასახელებული. მკითხველისთვის შეთავაზებულია მათი ბიოგრაფიული ცნობებიც და პოეტური შემოქმედების ნიმუშებიც, რომლებიც თვითონ მოიძია წლების განმავლობაში. ესენი არიან ვაჟა-ფშაველას თანამედროვე მოლექსეები, საქვეყნოდ ცნობილნი ფსევდონიმებით: "პარასკევა", "გოგრისყელა", "ყორანა", "ფოთოლათ მერცხალა", "ხაჩით ჯაბანი", "ტოკა" და სხვა მრავალი. საინტერესო ცნობებია მივიწყებული არაერთი ადათ-წესის შესახებაც.
- ახლახან ძველით ახალი წელი აღვნიშნეთ. როგორ ხვდებოდნენ ამ დღესასწაულს ანუ "წელწადს" ფშავში.
- "საწელწდოდ" ფშავში განსაკუთრებული წინასწარი სამზადისი იცოდნენ. მომარაგებული ჰქონდათ სახინკლე ხორცი, სახინკლე ფქვილი წმინდისა (ხორბლისა). ოჯახის წევრები იკერავდნენ ახალ ტანსაცმელს. ამ დღეს ბავშვებს აუცილებლად ახალს ჩააცმევდნენ; "საწელწდოდ" თუ ოჯახში თაფლი არ ჰქონდათ, იშოვიდნენ და მოიმარაგებდნენ, ხდიდნენ არაყს და წინასწარ იპირებდნენ მეკვლეს. "წელწად დილას" დიასახლისი ძალიან ადრე დგებოდა. კეცში გამოაცხობდა ხორბლის ფქვილის ხმიადებს, გაამზადებდა თაფლ-ერბოს, გაშლიდა სუფრას, წინა დღესვე აცხობდა "გოგას" ანუ ბედის კვერებს. "გოგას" საგანგებოდ აჭრელებდნენ სავარცხლისებურად გაკეთებული დაკბილული ხით, რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ და ზედ აწერდნენ ან ახატავდნენ ცხვარს, ძროხას... ოჯახის თითოეული წევრისთვის აცხობდნენ ბედისკვერებს, რა თქმა უნდა, ლოცვა-სურვილებით მოჭრელებულს. დიასახლისი დილით, გაღვიძებისთანავე, ოჯახის წევრებს შეაჭმევდა თაფლს და თან დალოცავდა: ასე ტკბილად დამიბერდითო! მეკვლეს ეპატიჟებოდნენ დილაადრიანად. ოჯახში მოსვლა მეკვლეს ყველასათვის უნდა დაესწრო, რომ "კვალი მას მიეტანა", ე.ი. თავისი მისვლით დაებედებინა ოჯახისათვის ახალი წლის ბედნიერება და ჯანმრთელობა, კაც-საქონლით გამრავლება. მეკვლეს წინ დიასახლისი შეეგებებოდა, შეაჭმევდა თაფლს, ტკბილად დაბერებას უსურვებდა და თან "გოგას" მიართმევდა. მეკვლე დიასახლისს "გოგას" ჩამოართმევდა და სამჯერ მარჯვენა ხელით გააგორებდა კერიისაკენ. თუ სამჯერვე წაღმა შემობრუნდებოდა და გადაიქცეოდა, ოჯახი იმ წელს სულ ბედნიერად იქნებოდა. ამიტომ მეკვლე ცდილობდა, ისე გაეგორებინა კვერი, რომ წაღმა წაქცეულიყო. ამ შემთხვევაში ოჯახიც მადლიერი იქნებოდა და მეკვლეც - ფეხბედნიერი. ამის შემდეგ მეკვლე სახლში შესასვლელად გადაადგამდა თუ არა ფეხს, ზღურბლზე ასე დაილოცებოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდესთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა... დიდი გიმატებიათ, დიდი გიმატოსთ ახალმა წელმა, ახალი წლის გამოცვლამა, გამყოფნეს: უჭირველ-უტკივრადა, კაცით, საქონლით... ამდენი ცხვარი, ამდენი ძროხა, გოდრებში პური, ბევრი და ბევრი დაგიბედოსთ და გადღეგრძელოსთ!" უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმისას მივიდოდა კერასთან, აიღებდა ერთ მუგუზალს (ნიგზურს") ხელში, ჩაარტყამდა დანარჩენ ცეცხლწაკიდებულ მუგუზლებს, აცვივდებოდა უამრავი ნაპერწკალი ("წინწელი") და იტყოდა: გებედოსთ ამდენი ძროხაო. კიდევ ჩაარტყამდა მუგუზალს მუგუზლებს, კიდევ აცვივდებოდა ნაპერწკალი, კიდევ იტყოდა: გებედოსთ ამდენი ცხვარიო. მუგუზლის ყოველ ანაპერწკლებაზე ოჯახს გამრავლებასა და სიუხვეს დააბედებდა, ტკბილად დაბერებას უსურვებდა ოჯახის წევრებს.
შემდეგ მას გაშლილ სუფრასთან მიიწვევდნენ. მასპინძლებსა და მეკვლეს კიდევ მიემატებოდნენ წინასწარ დაპატიჟებული სტუმრები და დაიწყებოდა საახალწლო პურობა...
ფშაური სუფრული სიმღერისათვის სპეციალურ ტექსტებს იყენებდნენ, მაგალითად: "ღმერთო, ემ სახში ნუ მოშლი,/ ლხინსა და გახარებასა,/ ვაჟების ქორწილობასა,/ ქალების გასტუმრებასა..." ან: "ღობეზე ჩიტი შემოჯდა,/ იძახდა გიშლიშობასა,/ მრავალს დაგასწროთ მშვიდობით,/ წელწადსა ქრისტიშობასა". ან კიდევ: "გამოგვეცვალა ძველ წელი,/ დაგვიდგა ახალ წელია,/ დაგლოცნეს ღმერთმა ყველანი/ და მოგიმართოსთ ხელია". შემდეგ საახალწლო სუფრა მიიღებდა ჩვეულებრივი ლხინის ხასიათს. შეიკრიბებოდნენ სოფლის ახალგაზრდები და ერთმანეთს ოჯახებში ეპატიჟებოდნენ. ასე ჩამოივლიდნენ თითქმის მთელ სოფელს ლხინითა და ქეიფით.
- ფშავლები განსაკუთრებულად პოეტური ხალხია და მათი საუბარიც სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა გამოყენებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ფშაურმა კილომ საზოგადოების ყურადღება სწორედ იმ პერიოდში მიიქცია.
- მართლაც სასიამოვნო მოსასმენია ფშავლების საუბარი: ლაპარაკობენ დინჯად, აუღელვებლად, ტკბილად, ყოველი ფრაზის ბოლოს მოსაფერებელ სიტყვებს აყოლებენ: "გენაცვლე", "დამიტირე", "შენი ჭირიმე", "მოგიკვდე" და სხვ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი საუბრის ტკბილხმოვანებას შორეული წარსულიდან მათსავე ქვეცნობიერში კოდირებული გარკვეული მელოდია უდევს საფუძვლად. საოცარია, რომ ლოცვა-დალოცვა, ხვეწნა-მუდარაც კი პოეტური იცოდნენ. ყველაზე ძლიერი საფიცარი ფშავლისა თემის ხატია, აგრეთვე - ლაშარის ჯვარი და თამარ-მეფე. ვაჟა-ფშაველასა და სერგი მაკალათიას ჩანაწერების მიხედვით, ასე ილოცება ფშაველი: "ემ ცეცხლის მად(ლ)მა"; "დედამიწის მადლმა"; "მოღალულ მზის მადლმა"; "ხარის ქედის მადლმა"; "პურის ნაწილის მადლმა"; "ლაშარის ჯვრის მადლმა"; "ჩემმა მზემა" და სხვა.
ხვეწნა-მუდარა ასეთი იციან ფშავლებმა: "აგრემც შაგეწევა ღმერთი"; "აგრემც გიშველის ფშაველთ სალოცავები"; "აგრემც გიცხონდება ი ლამაზი დედ-მამის სული"; "თუ გწამს ცნობა-ნდობის გამჩენი"; "ჭირი მოგპარე" და სხვა...
- ფშაური კაფიაობის წესებზე მინდა გკითხოთ და იქნებ რამდენიმე ნიმუშიც გაიხსენოთ?
- კაფიაობის წესები ხშირად აინტერესებთ, განსაკუთრებით - ახალბედებს. "შემღერნებითი კაფიაობა", ანუ პირისპირ ლექსებით პაექრობა, ურთულესი პოეტური ტურნირია და ის მეცნიერთა მიერ ფშაური პოეზიის სპეციფიკურ მოვლენადაა მიჩნეული. მისი შესრულება დიდ ნიჭთან ერთად, ლექსობაში დახელოვნება-დაოსტატებას მოითხოვს. ამასთან, აუცილებელია შემდეგ მოთხოვნათა დაცვაც: მოპაექრე-მოლექსემ იმავე რითმაზე უნდა ააწყოს საპასუხო კაფია, რა რითმაც გამოიყენა პირველმა მოლექსემ; რითმის შეცვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება; კაფიის ერთრითმიანობა კანონი იყო, ამიტომაც ასეთი კაფიები ფორმითა და შინაარსით დასრულებული პოეტური ტექსტებია და საოცარი გონებამახვილობის ნიმუშებს წარმოადგენს. მათში მხატვრული იუმორი უმაღლეს საფეხურზე არის აყვანილი და პოეტური პაექრობის კლასიკურ ნიმუშებად გვევლინება; მეტოქე-მოლექსეების ტექსტები ერთმანეთისთვის ნათქვამის შინაარსობრივ და ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს; პასუხი უნდა იყოს მოსწრებულად ნათქვამი, ლაკონიური და მეტოქისათვის სიტყვის მომჭრელი; მეტოქის მოსწრებულ სიტყვას თუ უფრო მოსწრებულ პასუხს ვერ შეაგებებს მოპაექრე, უნდა გაჩუმდეს და დამარცხება აღიაროს, რადგან "წყალწყალა" პასუხის დაბრუნება დამამცირებელია; თუ მოსწრებულ სიტყვაზე მოლექსე მაინც აგრძელებს პასუხის გაცემას და არ ნებდება, ასე ვთქვათ, "წყალწაღებული ხავსს ეჭიდება", მაშინ პირველი მოლექსე (კარგი სიტყვის მთქმელი) წყვეტს ლექსობას, რითაც აგრძნობინებს მეტოქეს თავის დამოკიდებულებას უხეირო ლექსისადმი. მოკაფიავემ მეტოქის ლამაზად ნათქვამს პატივი უნდა სცეს და დამარცხება არ ითაკილოს; კაფიაობაში დამარცხებისათვის წყენის გულში ჩადება არ შეიძლება და ა.შ. ძლიერი მოლექსე თუ შეატყობს, რომ მეტოქეს "შემოაკლდა ქართული", "შენი გამარჯვებისა იყოსო", ეტყვის და შეწყვეტს პაექრობას - ეს კი მოლექსის რაინდული სულისკვეთების გამოხატულებაა. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ მოლექსე აყრის და აყრის მეტოქეს კაფიის "მათრახებს", არ აცდის ხმის ამოღებას, მაგრამ ოფლისღვრა ტყუილად ჩაუვლის, რადგან გამოცდილი მოლექსე სულ რაღაც ორიოდე ტაეპით მას მწარე დამარცხებას აგემებს, მაგალითად: "ჩემიმც ძაღლი გქნა, ხოხაო, დამები ბაკის ახლოსა", - შეუმღერა ერთმა ფშაველმა მეორეს. წესით, მოლექსე აქ უნდა შეჩერებულიყო, საპასუხო ლექსს დალოდებოდა, მაგრამ ის ვერ ითმენს, უფრო მეტი აქვს სათქმელი, ამიტომ აგრძელებს: "...სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი, ცივ წყალსა-დ ასლის ქატოსა, რა ყეფა მოგწყინდებოდა, შემინახავდი საქონსა..." აქ "ყეფაში" ლექსობა იგულისხმება. ქვეტექსტი კი ასეთია: ძაღლივით ყეფა (ლექსობა) გიყვარს, ვერავინ გაჩუმებს და ბარემ ძაღლივით დაგაბამ ბაკის სიახლოვეს, ჩემს საქონელსაც მოუვლი, ყეფით ნადირს დააფრთხობო. თითქოს მოლექსეს გარანტირებული აქვს გამარჯვება, რაღა უნდა უპასუხოს მეტოქემ? მაგრამ ხოხას მოსხლეტილმა პასუხმა პაექრობის ბედი გადაწყვიტა: "ერთხელ ხო დავზეზდებოდი, ცოლს დავუგლეჯდი პატრონსა!"
გავიხსენებ რამდენიმე კაფიის ნიმუშს მამაჩემის წიგნიდან - "ფშავი პოეზიის აკვანი". ერთხელ წიწოთ კარატიელი (ფშავში სახელგანთქმული მოლექსე) ქალის მაყრად ყოფილა ჩარგალში, კერძოდ კი ბოწახში. წესის თანახმად, ჯარზე - ნეფე-დედოფლის საკუთვნო ადგილას რომ დასხდებოდნენ, დედოფლისათვის კალთაში პატარა ვაჟი უნდა ჩაესვათ, რათა ახალშექმნილ ოჯახს ვაჟიანობა დაჰბედებოდა. ამჯერადაც ტრადიციისამებრ მოიქცნენ. დასხეს ჯარზე - ნეფე-პატარძალი და პატარძლის კალთაში ჩასასმელად ვაჟიც მოიკითხეს, მაგრამ - ამაოდ: სამწუხაროდ, პატარა ვაჟი ვერ უპოვიათ ბოწახში. სალექსოდ ამაზე კარგ საბაბს რაღას ნახავდა ფშაველი მოლექსე?! შექეიფებულ კარატიელს ლექსობის საღერღელი აშლია და კაფიაობა წამოუწყია, ხმამაღლა უხუმრია: "საწყლებო ვაჟის მაყრებო,/ თქვენ საქმე არი ცერადა,/ ბოწახს ბალღ ვეღარ მოხელეს/ კალთაში ჩასასმელადა,/ ერთ ბალღის დედა მამგვარეთ,/ ბალღ გავაკეთო ხელადა".
ლექსობაში შეხუმრებული ხოხა და ნადირა ქუმსიაშვილი ერთმანეთის უმნიშვნელო ნაკლ-დაუდევრობასაც კი არ უშვებდნენ თურმე გაულექსავს.
ნადირა მდიდარი კაცი ყოფილა, დიდი ცხვარ-ძროხის პატრონი, ხოხა კი - ღარიბი, უქონელი. ერთხელ ნადირას მარცხი მოსვლია, თვალი დაუშავებია. მიზეზი უკითხავთ. ცხვრის პარსვისას გაუფრთხილებლობით დუქარდი მომიხვდა თვალშიო, თავი უმართლებია ნადირას. ნადირას წაწალი ჰყოლია, სახელად წოწანი. ჰოდა, ერთ ღამეს თავის წაწალთან მისულა. როგორც ჩანს, მისი მისვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იძულებული გამხდარა, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. ფანჯრიდან გაპარვა ნდომებია, მაგრამ სიჩქარესა და სიბნელეში გზა ვეღარ გაუგნია, ჯარის ტარს დატაკებია და თვალიც იქ დაუზიანებია.
ნადირამ ეს ამბავი დამალა: იცოდა, სიმართლე რომ გახმაურებულიყო, სალექსო გახდებდა. ამიტომაც მოიგონა დუქარდის ამბავი, მაგრამ შარსა და ხათაბალას მაინც ვერ გადაურჩა. სოფელში რა დაიმალება. მომხდარმა ხოხას ყურამდეც მიაღწია. მასაც მეტი რა უნდოდა, ცხადია, მეტოქის ამ სამარცხვინო ამბავს გაულექსავს არ დატოვებდა, მით უმეტეს, ნადირა ლექსობაში მას გადაკვრით სულ სიღარიბესა და ქურდობის ფაქტს უხსენებდა (არადა, ამ საწყალ ხოხას ერთადერთხელ წასცდენია ხელი, ხარი მოუპარავს და სასჯელიც მოუხდია, ლექსობაში კი მეტოქეები ამ საძრახ საქციელს ხშირად იმ მიზნით უხსენებდნენ, რომ კაფიაობაში გაეტეხათ)... ხოხა ორაზროვან, მოსხლეტილ მახვილ სიტყვას კაფიაში იმგვარად "წვრთნიდა", რომ ჩადენილ დანაშაულსაც აქარწყლებდა და მეტოქესაც ადვილად ამარცხებდა. მოკლედ, ხოხამაც ალექსა: "შე ავის საქმის მოქმედო,/ ცოდვა წინ შამოგეყარა,/ თუ შენ მართალი კაცი ხარ,/ ე თვალ რად გამოგეთხარა,/ მაკრატელ გამოფრენილი/ თვალში რად წამოგეჩარა?!/ შენ რაღა ბედენა იყავ,/ სუ ცხვარსა ჰსპარსავს ქვეყანა!"
ამ ლექსით არ დამთავრებულა ხოხას ქილიკი. იგი შემდეგშიც არაერთხელ უხსენებდა თურმე ნადირას დუქარდის ამბავს. ჩვენამდე შემორჩენილია ამ ორი მოლექსის კაფიაობის კიდევ ერთი ნიმუში:
ნადირა:
- ჩემთან წამოდი, ხოხაო,/ რო უცხვრო გაგაცხვრიანო.
ხოხა:
- მე ცხვარ რად მინდა, ნადირავ,/ შენაც თვალებსა გთხრიანო,/ მასწავლე, ქუმსიაანი/ ფულებს რაშია ჰყრიანო,/ გამოვიცვალო ახალი,/ ძველან ჩოხანი მცვიაო.
ნადირა:
- მე კი აროთრას მამპარავ,/ ხოხაო, თავისიანო?!
ხოხა:
- ბოზ-ქურდთა, წარამარათა/ თავისა არ იციანო!
სტრიქონები: "მე ცხვარ რად მინდა, ნადირავ, შენაც თვალებსა გთხრიანო", სწორედ ნადირას თვალის დაშავების მიზეზის მინიშნებაა. ხოხას სარკაზმით ნათქვამმა ბოლო სიტყვებმა კი: "ბოზ-ქურდთა, წარამარათა თავისა არ იციანო", კაფიაობის ბედი გადაწყვიტა. ასეთი ღრმა შინაარსის შემცველი მოსხლეტილი პასუხებით იყო ხოხა ლექსობაში დაუმარცხებელი.
ამ ჩანაწერებით მამამ დავიწყების ბინდს გამოარიდა ფშაური პოეტური სიტყვის ოსტატების სახელები და სამარადისო ძეგლიც დაუდგა მათ საუკუნო მოსახსენებლად...
ნინო ჯავახიშვილი