რა არის მთავარი ჟურნალისტიკაში და არის თუ არა სიკეთე მარტივი - გზაპრესი

რა არის მთავარი ჟურნალისტიკაში და არის თუ არა სიკეთე მარტივი

ჟურნალისტსა და პროდიუსერს, მერიკო კარტოზიას მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ახლა საავტორო გადაცემის - "სიკეთე მარტივიას" წამყვანია. რთული და განსაკუთრებულად ემოციურია მისთვის თითოეულ სიუჟეტზე მუშაობა - თუ რატომ, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- ჟურნალისტიკით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული. მე და ჩემს დას სამოყვარულო კამერა გვქონდა და ხშირად ვთამაშობდით "ტელეწამყვანობანას" - რაღაც თემებს ვირჩევდით, ლექსებს ვკითხულობდით, სალონურ საღამოებს ვაწყობდით... მომწონდა ეს ყველაფერი, თუმცა ჟურნალისტიკაზე მაინც არ ჩამიბარებია. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც დღემდე მადგება საქმეში, - ვგულისხმობ ჟურნალისტურ მეთოდებს, ხრიკებს. ამ პროფესიაში მთავარი რა არის?.. ის, რომ ზემოქმედება შეძლო მაყურებელზე, თემა სწორად აირჩიო, გქონდეს ალღო, იცოდე, რით დაიწყო, რით დაასრულო სიუჟეტი და ა.შ. ფსიქოლოგად არასდროს მიმუშავია, მხოლოდ მეგობრებისთვის მიმიცია რჩევები, როგორ მოიქცნენ რთულ სიტუაციაში. შვილთან ურთიერთობაში და მისი აღზრდის პროცესშიც გამომადგა ნასწავლი, მით უმეტეს, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ. დიდი მნიშვნელობა აქვს გარდატეხის ასაკში შვილთან სწორ კომუნიკაციას.

- საბოლოოდ მაინც ჟურნალისტობა არჩიე. გაიხსენე პირველი ნაბიჯები.

- ეს შემთხვევით მოხდა: 20 წლის ვიყავი, როდესაც ტელეკომპანია "კავკასიაში" დავიწყე მუშაობა, დავით აქუბარდიასთან. ჯერ რეპორტიორად, მერე ჩემს დასთან ერთად გავაკეთე საავტორო გადაცემა, დოკუმენტურ ფილმებს ვიღებდით ხელოვან ადამიანებზე, მერე იყო "ინფო 9", "მეცხრე არხი", "მაესტრო", სადაც საავტორო გადაცემა მქონდა. მიყვარს აქტიური ჟურნალისტიკა, ვმუშაობდი "ცხელ წერტილებში", აქციებზე, სირთულეებს არ ვუშინდებოდი. ის, რაც გამოვიარე, ალბათ ყველა ჟურნალისტმა უნდა გაიაროს. უნდა იყო პროფესიონალი, უშიშარი, მოვლენებს ერთი მხრიდან არ შეხედო, ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასო, ყველა დეტალს დაუკვირდე. შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ჯერ თვითონ როგორ მიიღებ ინფორმაციას და მერე, როგორ მიაწვდი საზოგადოებას.

GzaPress

- დღეს ხშირად ისმის საყვედური ჩვენი კოლეგების მიმართ, ტენდენციურობის გამო.

- სამწუხაროდ, ასეა. ყველას გვაქვს პოლიტიკური შეხედულებები და სიმპათია, მაგრამ ჟურნალისტი არ უნდა იყოს სიბოროტის წამახალისებელი. ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ეს დაუწერელი კანონია. შენი დამოკიდებულება არ უნდა ჩანდეს ამა თუ იმ სიუჟეტში, ნებისმიერი ამბავი უნდა გააშუქო სწორად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. როდესაც მიკერძოებული ხარ, ეს არის არაპროფესიონალიზმი. დღეს აღარაფერი იმალება, უკვე ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება შეიძლება, ერთ წყაროზე არ ვართ დამოკიდებულები, ტყუილი უცებ გამოაშკარავდება და ხვალ და ზეგ მაყურებელი აღარ გეყოლება, აღარ დაგიჯერებენ. გამოდის, ამით ჰარაკირის იტარებ!.. პოლიტიკური პარტიები და ფიგურები მოდიან და მიდიან, შენ თუ გინდა დარჩე ამ სფეროში და იმუშაო, თუ გინდა, გენდოს მაყურებელი, კეთილსინდისიერად უნდა აკეთო საქმე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ექსკლუზივი მქონია, ბევრჯერ უარი მითქვამს გაშუქებაზე. შეიძლება, იმ კონკრეტულ მომენტში დიდი წარმატება და პოპულარობა მოეტანა, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი რამ დაეზიანებინა ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც. ზოგჯერ ჯობს, სათქმელი არ თქვა. ჟურნალისტისთვის მთავარია მართალი სიტყვის გამრავლება, საზოგადოებამდე სწორი მესიჯების მიტანა.

- ინტერვიუ ან სიუჟეტი, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეული იყო...

- ვცდილობდი, ჩამეწერა ისეთი რესპონდენტები, რომლებიც რთული "დასაჭერებიც" იყვნენ და იმ კონკრეტულ პერიოდში - ყველაზე აქტუალურებიც. "ინფო 9"-ზე მუშაობის დროს მოვახერხე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩაწერა. მახსოვს, ახალი წელი მიულოცა ქართველ ხალხს. ეს იყო 2012 წელი. სასიამოვნოა, როდესაც გაქვს ასეთი "ოქროს" ინტერვიუები. არ დამავიწყდება ინტერვიუ გია მაისაშვილთან. შემიძლია ვთქვა, ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, ვინც ის სიცოცხლის ბოლო პერიოდში ჩაწერა. ყოველთვის ვამბობ, თუ რამე გამიკეთებია, აი, ამ ინტერვიუს აქვს ჩემთვის ოქროს ფასი-მეთქი. უკვე ძალიან ავად იყო, მამათა ბერთას მონასტერში გაატარა ბოლო პერიოდი. მეორე დღეს მიფრინავდა ამერიკაში, საიდანაც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. ის იყო ძალიან განათლებული, საინტერესო და ღირსეული პიროვნება. ისე გულწრფელად მესაუბრა ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, საოცარი სიტყვები მითხრა, - რომ ცხოვრება ხანმოკლეა და არ ღირს თამაში; რომ ადამიანი გულწრფელი უნდა იყოს, მუდმივად ფიქრობდეს განვითარებაზე... რასაც ნანობდა, იყო ის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდი გამოტოვა, - ალბათ სხვანაირად უნდა მემოქმედაო... ყოველთვის ვეძებ ღირსეულ რესპონდენტებს, მათ, ვინც შექმნა ეპოქა, ვისაც საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ისე, შეიძლება ნებისმიერისგან ისწავლო კარგი რამ. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში მიყვარს მამებთან საუბარი და მათი ჩაწერა. მამა ლუკა, მამა საბა, მამა შალვა - ძვირფასი რესპონდენტები არიან ჩემთვის. ყოველთვის ვფიქრობ, რომ საზოგადოების მსახური ვარ და ამიტომ ვარჩევ თემებს, რომლებიც მათთვის მისაღები და სასიკეთო იქნება. ერთხელ მამა საბა ჭიკაიძეს ვუთხარი, ამ ინტერვიუს შემდეგ 10 ადამიანის სიცოცხლეც რომ გადავარჩინოთ, რამხელა საქმეს გავაკეთებთ-მეთქი, - და ასე მიპასუხა: ძალიან ალალი ხარ, 10 კი არა, ერთი ადამიანის სიცოცხლეც რომ გადავარჩინოთ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, იმდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლეო.

GzaPress

- ალბათ ეს იყო გადაცემა "სიკეთე მარტივიას" უპირველესი მიზანიც, არა?

- მიყვარს სიურპრიზების მოწყობა და ისეთი რამეების კეთება, რაც ადამიანებს გაახარებთ. მინდოდა, თან კონკრეტული ადამიანის ამბავი მომეყოლა და თან დავხმარებოდით მას. ამ თემაზე ფიქრი რომ დავიწყე და ჩემს უფროსებს ვუთხარი, იდეა მომიწონეს. ლაშა ნაცვლიშვილმა, - კარგი პროექტი გამოვა, ფაქტობრივად, შენ იქნები რგოლი ბენეფიციარსა და ქველმოქმედს შორის, მაგრამ სპონსორი ხომ გინდაო? - კარგია, როცა პარტნიორი კომპანიები მხარს გიჭერენ, მაგრამ არა უშავს, ხალხი ჩაერთვება-მეთქი, ვუპასუხე. სხვათა შორის, ეს მოლოდინი პირველივე სიუჟეტის შემდეგ გამართლდა. მართლაც, იმდენი კომპანია და ადამიანი ჩაერთო ამ პროცესში, ვერ წარმოიდგენთ, სასწაული ხდებოდა. ვცდილობ, მაყურებელი არ დავღალო მუდმივად სევდიანი სიუჟეტებითა და დახმარების თხოვნით. ვფიქრობდი კიდეც, გადაცემისთვის სახელწოდება შემეცვალა, რაკი სხვა შინაარსის სიუჟეტებსაც ვამზადებდი, მაგრამ ერთმა ამბავმა გადამაფიქრებინა. დეკემბერში სლოვაკეთიდან დამიკავშირდა ნოდარ გიორგაძე, უდიდესი ჰოლდინგის დამფუძნებელი. აღმოჩნდა, რომ ჩემი გადაცემის გულშემატკივარი იყო. გარკვეული თანხა გამომიგზავნა და მითხრა, 5 ოჯახი გაახარეთ წინასაახალწლოდო. ეს იყო მიმანიშნებელი, რომ გადაცემის სახელი და ფორმატი არ უნდა შეცვლილიყო და ასეთი ადამიანებისთვის ყოველთვის უნდა მიმეცა სიკეთის კეთების შესაძლებლობა. გადაცემის სახელწოდებაც კი უკვე მოტივაციას გაძლევს ამისთვის. სხვა დროს სხვა ადამიანები გამოჩენილან, ამიტომაც ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავარ. სამწუხაროდ, ყველას ვერ გავწვდებით, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს ვცდილობთ. მხოლოდ გაჭირვებულებს კი არ ვახარებთ - ვიღაცას სწავლის თანხა გადავურიცხეთ, ახალდაქორწინებული წყვილი ბაკურიანში დასასვენებლად გავამგზავრეთ, მანამდე სხვა პრობლემების მოგვარებაშიც დავეხმარეთ მათ. ამ წყვილს გოგონა ეყოლა, ბარბარე დაარქვეს და მე მომანათვლინეს. ზოგჯერ შეიძლება ერთი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ვიღაცის ცხოვრება კარგისკენ შეცვალო. მომღერლის, თაკო მელიქიშვილის შვილის მდგომარეობა არავინ იცოდა. ჩემთან თქვა პირველად, რომ რატის პრობლემები ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. გამოჩნდა კლინიკა, რომელმაც ბავშვის უფასოდ მკურნალობა იკისრა, უკვე 2 კურსი ჩაუტარდა და შედეგიც აქვს. ძალიან მინდა, "დედა" დამიძახოსო, თქვა ჩემთან სტუმრობისას თაკომ და როგორც ექიმები ეუბნებიან, ამ შედეგსაც მალე მიაღწევენ.

- ყველა ამბავი ამაღელვებელია, როდესაც საქმე ბავშვების, ახალგაზრდების ჯანმრთელობას ეხება...

- როდესაც ადამიანებს უნდათ სხვების გახარება და დახმარება, არა პიარისა და თავის წარმოჩენის მიზნით, ეს ყოველთვის გულისამაჩუყებელია. სიკეთე მართლაც ჩუმად უნდა აკეთო. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: სამტრედიაში მამა ათანასე გარდაიცვალა, 7 შვილი დარჩა. მისი დახმარება ვეღარ მოვასწარი, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მაინც ჩავედი და გავიცანი ოჯახი. ბავშვები არაფერს ითხოვდნენ, მაგრამ მე თვითონ მომინდა მათი გახარება. საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. დედას ვკითხე, რაზე ოცნებობდნენ პატარები, გადავიღე ბავშვებიც და ვიდეო კომპანიებს დავუგზავნე. ზუსტად 5 წუთში მქონდა ყველაფერი, რაც მათ უნდოდათ: კომპიუტერი, ველოსიპედი, სათამაშოები. გაოცებული დავრჩი. ჩავედით სამტრედიაში საჩუქრებით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ბავშვების სიხარულს. ორჯერ მქონდა შემთხვევა, რომ ბავშვები, რომლებზეც სიუჟეტი მოვამზადე, გარდაიცვალნენ. კესო და იოანე, რომლებიც მძიმე სენს ებრძოდნენ, დღეს ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული კვალი დატოვეს. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იმ რთულ პერიოდში მათ გვერდით, მათი ოჯახების გვერდით ვიდექით. განსაცდელის დროს ადამიანების თანადგომას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

ნინო ჯავახიშვილი