"ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ერთი სემესტრი საქართველოში მესწავლა" - გზაპრესი

"ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ერთი სემესტრი საქართველოში მესწავლა"

15 წლის ზამირა კპეკპასია გერმანიაში, ქალაქ კიოლნში დაიბადა. ის არის ქართველი ემიგრანტი ქალის შვილი, რომელსაც საქართველო ძალიან შეუყვარდა და აქ სწავლა გადაწყვიტა. უნდოდა, მეტი გაეგო ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, ტრადიციებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე. გაგზავნა "სივი" თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, საიდანაც მიიღო პასუხი: "ჩვენთან სწავლაზეა კონცენტრაცია და არა გართობაზე"...

ჩვენ ვესაუბრეთ ზამირასა და მის დედას, თამარ ბურდულს, რომელიც უკვე 22 წელია, გერმანიაში ცხოვრობს და იმპროვიზაციის ცეკვის მასწავლებელი და ქორეოგრაფი გახლავთ.

თამარ ბურდული:

- ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამ პასუხით. ჩემი ბრალია, ზამირას ასე რომ შევაყვარე საქართველო. არტისტი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, გერმანიაში ქართული კულტურა ვაცოცხლო, არაერთი ქართულენოვანი სპექტაკლი დავდგით და ზამირა ჩვენთან ერთად აქტიურად ჩაება ამ საქმეში. იმპროვიზაციის ცეკვის პედაგოგიკისა და ქორეოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე გერმანიაში. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი რამდენიმე თეატრში. 18 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი. საქართველოს მაშინ რთული პერიოდი ედგა. გამოვიდა, რომ გამოვიქეცი ჩემი ქვეყნიდან, "ჯიხურების ქალაქიდან", რადგან არ იყო სწავლის, არსებობის, განვითარების შესაძლებლობა; თუნდაც იმიტომ, რომ არ იყო ფინანსები. ალბათ გახსოვთ ის წლები. მე კი მწყუროდა განვითარება, განათლება. წამოვედი, რათა ჩემი დისთვის, რომელიც ამჟამად ბათუმის თეატრის მსახიობია, სწავლის თანხა გადამეხადა. ვფიქრობდი, ერთ წელში უკან დავბრუნდებოდი და სწავლას გავაგრძელებდი, მაგრამ ეს დრო აღარ დადგა. თავდაპირველად ძალიან მიჭირდა, ერთი კალენდარი მქონდა და როგორც ციხეში პატიმრები, მეც ისე ვხაზავდი თითოეულ გასულ დღეს... ჩამოვედი ბავშვის მომვლელად, მაგრამ 4 თვეში გამომიშვეს, ენის ბარიერის გამო. საკმაოდ რთული გზა გავიარე, სირთულეები დღემდე არსებობს. არავინ დაიჯეროს, რომ საზღვარგარეთ წავა და გზა ია-ვარდით ექნება მოფენილი, ასე არ ხდება. არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იგივე გზა გაიარონ. ზამირა მებრძოლი ბავშვია, ძალიან აქტიური, სკოლის პარლამენტის ხელმძღვანელია. ხშირად ჩამოვდიოდით საქართველოში. აინტერესებს ჩვენი ქვეყნის კულტურა, პოლიტიკა, ისტორია. სკოლიდან მიღებული პასუხით იმედგაცრუებული დარჩა. უნდოდა, მე-11 კლასის პირველი სემესტრი ქართულ სკოლაში ესწავლა. მოვიძიეთ ინფორმაციები, გავიგეთ ფასებიც, მაგრამ...

- ამის შესახებ თვითონ ზამირას ვესაუბრები, მანამდე თქვენ შესახებ კიდევ მომიყევით.

- ზამირას მამა პროფესიით პედიატრია, წარმოშობით კი - ტოგოდან, დასავლეთ აფრიკიდანაა. 7 წლის წინ დავშორდით ერთმანეთს. ჩემი ორივე შვილი გერმანიაში დაიბადა, ამჟამად ჩემთან ცხოვრობენ, იციან ქართული წერა-კითხვა. სულ რამდენიმე თვეა, რაც ვიქორწინე. მეუღლე, ვაკო მანძულაშვილი მსახიობია, მუშაობდა ახმეტელის თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ბოლოს კი - ლიტერატურულ თეატრში. 3 წლის წინ დავახლოვდით პროფესიულად, მაგრამ მალე გრძნობებმა პროფესიულ ინტერესს გადაამეტა. ერთ დღეს სამსახურში მომაკითხა და კიოლნის შოკოლადის მუზეუმისკენ ფეხით გასეირნება მთხოვა. იქ ეშმაკის ბორბალი დგას და ამ ატრაქციონიდან მთელი ქალაქის საოცრად ლამაზი ხედი იშლება. იმდენად მეშინია სიმაღლის, რომ ყოველთვის უარს ვამბობდი, ეშმაკის ბორბალზე დავმჯდარიყავი. ვაკოს უარი ვერ ვუთხარი. ერთი სული მქონდა, ძირს ცოცხალი და უვნებელი ჩამოვსულიყავი. ძელს ვეხუტებოდი შიშისგან, ამ დროს კი ვაკო მეკითხება, - თამო, ცოლად გამომყვებიო? მეგონა, მეხუმრებოდა, - ნუ მეღადავები, ხომ იცი, როგორ მეშინია სიმაღლის-მეთქი. - არ გეღადავები, მართლა გეკითხები, ცოლად გამომყვებიო? გაბრაზებული ტონით ვუპასუხე, - აი, როგორ არ მიყვარს, ასეთ დროს, ასეთ საქმეზე რომ ღადაობენ-მეთქი. - არ ვხუმრობ, მინდა, ჩემი ცოლი გახდე და შენთან ერთად გავატარო სიბერე; თუ არ გჯერა, დავიჩოქებო. მართლაც, წამოიწია სავარძლიდან და მუხლზე დადგა. ამ დროს აქეთ-იქით დავიწყეთ ქანაობა, მე უარესად შემეშინდა და ვყვიროდი: "არა, არ ქნა, არ გააკეთო, არ გინდა". გამომიწოდა ბეჭედი და მივხვდი, რომ არ მეხუმრებოდა და მართლა ხელს მთხოვდა. სიხარულისგან კივილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიყვირე - შემეშინდა, რომ გაგვაჩერებდნენ და ჩამოგვსვამდნენ ატრაქციონიდან. საოცარი გრძნობა იყო...

GzaPress

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ვმუშაობ საბალეტო სკოლაში, სადაც ვასწავლი ცეკვებს. მყავს სომეხი, ყაზახი, ჩეჩენი, გერმანელი მოსწავლეები, რომელთაც ქართული ცეკვა ძალიან მოსწონთ. მიკვირს, რომ ჩემთან მოსულებმა მშობლიური ენა არ იციან. მშობლები მთხოვენ ხოლმე, ბავშვს იქნებ გერმანულად ელაპარაკოთ, ისე მოხდა, რომ ქართულად ვერ საუბრობსო... გამორიცხულია, ბავშვს რუსი დედა ჰყავდეს და რუსულად არ ლაპარაკობდეს. ქართულ ცეკვას მე ქართულ ენაზე ვასწავლი-მეთქი, ვეუბნები ყველას. შეიძლება ელემენტარულს ვასწავლი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას, მაგრამ მინდა, ქართული ცეკვის სიყვარულთან ერთად, მშობლიური ენის სიყვარულიც ჩავუნერგო პატარებს. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობ, ჩემი წილი საქართველო მქონდეს აქ.

რაც შეეხება ჩემს თეატრალურ კარიერას - დაიწყო კომედიის თეატრში, თომას ფჰელენის რეჟისორობით, სპექტაკლიდან "ბრმების ქალაქი". ქართულენოვანი პიესა დადგა ერთმა გერმანელმა რეჟისორმა - "ქვები ქარიშხალში", რომელიც 66 წუთი გრძელდება და დღემდე ორ - ქართულ და გერმანულ ენაზეა მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც გერმანელები ისმენენ და ტაშს უკრავენ ამ სპექტაკლს. პიესა გვიყვება ქართველი ემიგრანტის ამბავს. გარდა ამისა, ქართულ-გერმანული კულტურული გაცვლითი საზოგადოების დამფუძნებელი ვარ, რამდენიმე ქართველთან ერთად, თუმცა, განსაკუთრებული დამსახურება აქვს გერმანელ თილო ჰერდეს, რომელიც საქართველოთი მოვნუსხეთ. ძალიან აქტიურები ვართ, შარშან "თბილისობა" ჩავატარეთ, 450 ადამიანი გვყავდა მოწვეული; ვმონაწილეობდით ჯაზის ფესტივალში, რომელშიც პირველად მიიღო მონაწილეობა ქართველმა ჯაზმენმა, ნინო ქათამაძემ და ასევე, ჯგუფმა "ლილემ"; ვთანამშრომლობთ თეატრებთან. მარტში გავაკეთე მიუზიკლის ქორეოგრაფია და მერე "დავიხურეთ" კიდეც. პანდემიის გამო შეჩერებულია თეატრი, თუმცა, მინდა აღვნიშნო ოპერის თეატრთან ჩემი თანამშრომლობის ფაქტიც - ჩემმა დოცენტმა პროექტის ხელმძღვანელად და ქორეოგრაფად ამიყვანა. დიდი გამოცდილება მივიღე არაჩვეულებრივ რეჟისორ საშა ფონ დონაუთთან მუშაობით. გერმანიაში გვაქვს პატარა რესტორანიც, სადაც ქართული გარემო შევქმენით. უცხოელები გიჟდებიან ჩვენს ტრადიციულ კერძებზე და საერთოდ, ძალიან აინტერესებთ ქართული კულტურა. რესტორანში ყოველ შაბათს გვაქვს კულტურული წარმოდგენა, ვიწვევთ მომღერლებს, მოვაწყვეთ გია ყანჩელის საღამო, ქართული ღვინის დეგუსტაცია. ერთი სიტყვით, ვცდილობთ, ყველაფერი ქართული წარმოვაჩინოთ. კარგი იქნება, ამ საქმეში სახელმწიფო მეტ ინტერესს თუ გამოიჩენს. ერთადერთი, თბილისობის დღესასწაული აღვნიშნეთ საქართველოს საკონსულოს თანადგომით და კიდევ, 9 აგვისტოს, "შინდისის გმირების" ჩვენებით, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. თუ რამეს ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი ხარჯებით. კარგი იქნება, მეტი დაინტერესება იყოს, უფრო მეტსაც მივაღწევთ და მეტსაც მოვიგებთ.

- თუ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

- ძალიან მინდა ჩამოსვლა, მაგრამ სულ სხვა საქართველო მხვდება, ვიდრე დავტოვე და ეს გულს მტკენს. მაშინ, იმ გაუსაძლის გაჭირვებაში, სულ სხვა ურთიერთობები იყო, - უფრო ჯანსაღი, უფრო თბილი... შეხვიდოდი მეზობელთან და თუ რამე ჰქონდა, დაგაპურებდა მშიერს. დრომ ალბათ ყველანი შეგვცვალა. ერთადერთი გამოსავალია, გვიყვარდეს ერი, ბერი, ღმერთი, სამშობლო და ყველაფერს ეშველება.

ზამირა:

- საჯარო სკოლაში ვსწავლობ, მეათე კლასში ვარ. ვაპირებ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარო, დიპლომატობა მინდა. მგონი, 2 წლის ვიყავი, პირველად საქართველოში რომ ჩამომიყვანეს. ყოველ წელს მანდ მოვდიოდით და ამას სულ ვაპროტესტებდი, - რატომ მივდივართ სულ საქართველოში, როცა ჩემი კლასელები ისვენებენ საბერძნეთში, ჰოლანდიაში, იტალიასა და ესპანეთში-მეთქი?!. ცოტა არ იყოს, ვბრაზდებოდი, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი, საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა და დედა სწორად იქცეოდა. ძალიან შემიყვარდა იქაურობა, ჩამოვდიოდი თუ არა, მაშივე ეზოში გავრბოდი ბავშვებთან სათამაშოდ. დღემდე მყავს ის მეგობრები და მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას. ყველაზე მეტად, თბილი და უშუალო ურთიერთობები მომწონს. ისე მოულოდნელად მოვა ვინმე და გაგახარებს სტუმრობით, რომ არც დაგირეკავს. გერმანიაში წინასწარ უნდა შეუთანხმდე მასპინძელს, ერთი კვირით ადრე მაინც უნდა დაგეგმო სტუმრობა... განსაკუთრებით მიყვარს ბათუმი და ზღვა, იქ დეიდაჩემი ცხოვრობს და ხშირად ჩავდივართ. ბევრმა არაფერი არ იცის საქართველოს შესახებ და სულ მეკითხებიან, სად მივდივარ, როგორი ქვეყანაა, ენა თუ ვიცი და ა.შ. ვუყვები ყველაფერს, რაც ვიცი; ვეუბნები, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი სწორედ ქართულია.

- ზამირა, როგორც მითხარი, 5 ენას ფლობ, არა?…

- ვიცი გერმანული, ინგლისური, ქართული, ვსწავლობ ფრანგულსა და ესპანურს. მომწონს ენების შესწავლა. მიკვირს, მშობლები ქართველები რომ ჰყავთ და ქართულად ვერ ლაპარაკობენ. მე პატარაობიდანვე მასწავლიდა დედა, არც მახსოვს, პირველი სიტყვები გერმანულად ვთქვი თუ ქართულად. სწორედ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ერთი სემესტრი საქართველოში მესწავლა და უფრო მეტი რამ გამეგო დედაჩემის ქვეყნის შესახებ. მე-11 კლასში გვაქვს შანსი, ნახევარი წელი საზღვარგარეთ ვისწავლოთ. ჯერ ამერიკაზე ვიფიქრეთ, მერე - ირლანდიაზე და საბოლოოდ, მაინც საქართველო გადავწყვიტეთ. პასუხმა გამაკვირვა, თურმე უნდა მესმოდეს, რომ მოვდივარ სწავლისთვის და არა - გასართობად, რომ სერიოზულად უნდა მივუდგე ამ საქმეს. ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა მიგვეწერა?.. დედას იმეილით გავგზავნეთ წერილი, დედამაც და მამამაც - ორივემ მოაწერა ხელი განცხადებას. მინდოდა, ქართული კიდევ უკეთესად მესწავლა და მომცემოდა საშუალება, ნახევარი წელი საქართველოში მეცხოვრა...

ნინო ჯავახიშვილი