როგორ გავუფერადოთ ბავშვებს პანდემიით გამოწვეული "მოსაწყენი რეალობა" - გზაპრესი

როგორ გავუფერადოთ ბავშვებს პანდემიით გამოწვეული "მოსაწყენი რეალობა"

კორონავირუსის პანდემიამ, რომელსაც უკვე არაერთი თვეა ებრძვის მსოფლიო, ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალა. სხვადასხვა სახის სირთულესთან შეჯახება უწევთ როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებს. ასეთ დროს ბავშვის მგრძნობიარე ფსიქიკას განსაკუთრებული მოფრთხილება, სწორი კომუნიკაცია და მხარში დგომა სჭირდება. აღნიშნული თემა, რამდენიმე შეკითხვით, ფსიქოთერაპევტ ნინო ვერხვიაშვილთან ერთად განვიხილეთ.

- უპირველეს ყოვლისა, როგორ ავუხსნათ ბავშვებს და რა დოზით, რა არის პანდემია?

- ბავშვი ყოველთვის ამჩნევს, რომ ირგვლივ რაღაც ხდება. ამასთან დაკავშირებით მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და რაც მთავარია, განცდები. ამდენად, უმნიშვნელოვანესია, მშობელი ესაუბროს. ბავშვი თანატოლებისგან ან სოციალური ქსელების მეშვეობით იღებს ინფორმაციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია და აქედან გამომდინარე, რეალობას გაცილებით საშიშად აღიქვამს. ამდენად, აუცილებლად მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს ბავშვთან საუბარი. გარდა იმისა, რომ მშობლისგან მიიღებს მესიჯს, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანია, იმავდროულად მოხდება დამახინჯებული ინფორმაციის შესწორება. თუკი მშობელი ვირუსის თემას აიგნორებს და ზოგჯერ არწმუნებს კიდეც, რომ საშიში არაფერია ან ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, ბავშვს შესაძლოა აღმოუცენდეს გაურკვევლობის შიში, რომელიც შემდგომ შეიძლება, სხვადასხვა პრობლემაში გადაიზარდოს. ამიტომ პირველ რიგში, მშობელმა უნდა გამოჰკითხოს შვილი, რა იცის მან საერთოდ, ვირუსთან დაკავშირებით და იმავდროულად, უნდა მოხდეს დეზინფორმაციის შესწორება. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო დეტალურად შეიძლება ინფორმაციის მიწოდება. მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, როგორი მანუგეშებელი და დამამშვიდებელი სიტყვებიც უნდა ვუთხრათ ბავშვს, აქ წამყვანი და გადამწყვეტი ფაქტორი მშობლის ემოციური მდგომარეობაა. საერთოდ, ბავშვებს კარგად აქვთ განვითარებული უნარი, "წაიკითხონ" სიგნალები, რომლებიც მშობლისგან მოდის (ვგულისხმობ ქვეცნობიერ სიგნალებს, რომელშიც იგულისხმება სხეულის ენა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, ხმის ტონი და ა.შ.). თუკი მშობელი გადამეტებულად შფოთავს კორონავირუსის გამო და სასოწარკვეთილებაში იმყოფება, ბავშვი მიხვდება, რომ ის ნერვიულობს და თავადაც დაიწყებს ღელვას. ამიტომაა მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და ბავშვთან ამ ფორმით დიალოგი. რაც შეეხება თემას, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული, ასე განვმარტავ: კორონავირუსის შედეგად ადამიანები ავადდებიან, ზოგს აქვს ხველა, ტემპერატურა, ესაჭიროება წამალი; ზოგი საავადმყოფოშიც ხვდება, თუმცა იქ ექიმები ზრუნავენ ავადმყოფის ჯანმრთელობაზე და მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებული დაუბრუნდებიან ოჯახს; არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ამ დაავადების თავიდან აცილება შეგვიძლია და ეს არის, პირველ რიგში, ხელების ხშირი დაბანა და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა. იმისთვის, რომ ბავშვისთვის გამარტივდეს ეს პროცესი, შეიძლება ხელების დაბანა სიმღერის, ერთი-ორი მოძრაობისგან შემდგარი ცეკვის თანხლებით ჩავატაროთ. მშობელი არ უნდა მიუდგეს ამ ამბავს როგორც ტრაგედიას, მაქსიმალურად უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა და, აქედან გამომდინარე, დაამყაროს ურთიერთობა შვილთან.

- სკოლამდელი და დამწყები კლასების მოსწავლეები ტელევიზიის საშუალებით ხშირად აწყდებიან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების კადრებს. როგორ განვუმარტოთ და როგორ ვესაუბროთ მათ სიკვდილზე?

- როცა ბავშვები გარდაცვლილი ადამიანების კადრებს გადააწყდებიან, ამ შემთხვევაში მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შემდეგი სახით: დიახ, ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ადამიანთა დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდება და ამიტომ, არა მგონია, ამის გამო სანერვიულო გვქონდეს. პრინციპში, ეს ასეცაა, რადგან ყველამ ვიცით, ადამიანთა გარდაცვალებას იწვევს არა კორონავირუსი, არამედ თანმხლები დაავადებების გართულებები.

- შემდეგი საკითხია: ურთიერთობებისა და გარე აქტივობის შეზღუდვა. რა შეიძლება გამოიწვიოს თანატოლებთან, ნათესავებთან ურთიერთობების დეფიციტმა და არსებულმა რეალობამ ხომ არ შეიძლება მოზარდი გაუცხოებამდე მიიყვანოს?

- შეიძლება, რაღაც დოზით ბავშვებში ადამიანებისგან გაუცხოება მოხდეს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა, იმისათვის, რომ კომუნიკაციის უნარი არ დაქვეითდეს, აუცილებელია მასთან ურთიერთობა ოჯახის ფარგლებში. დღეში ერთი საათი მაინც უნდა გამოიყოს იმისათვის, რომ არანაირი გაჯეტი ან სხვა საშუალებები არ იყოს ჩართული მშობლისა და შვილის ურთიერთობაში, - მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური კომუნიკაცია. იმისათვის, რომ ბავშვი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდეს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიდეოზარი, რომლითაც შეძლებს მისთვის საყვარელ ბებია-ბაბუას ან თავის მეგობრებს დაეკონტაქტოს. ამდენად, რასაკვირველია, ურთიერთობისთვის ამ გზის გამოყენების უფლება უნდა მიეცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კიდევ ერთი ელექტრომოწყობილობაა, რომელთანაც ბავშვს დამატებითი კონტაქტი მოუწევს, რადგან მას ისედაც ონლაინგაკვეთილებისას კომპიუტერის გამოყენება უწევს. თუმცა, ამ შემთხვევაში ვიდეოზარს აბსოლუტურად პოზიტიური ეფექტი აქვს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვს, დაამყაროს კონტაქტი მისთვის ძვირფას ადამიანებთან. სინამდვილეში, ეს საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ მშობელმა კარგად გაიცნოს შვილის შინაგანი სამყარო, გაიგოს რა მოსწონს და რა უყვარს. ხშირად, როცა მშობლისთვის მიკითხავს, თუ იცის, რომელია მისი შვილის საყვარელი პერსონაჟი, სამწუხაროდ, პასუხი ვერ მიმიღია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს პერიოდი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს ემოციური სიახლოვე საკუთარ ოჯახის წევრებთან და ჩვენც მეტი გავიგოთ მათზე.

GzaPress

- ზოგიერთი მშობელი ბავშვების ბუნებასა და ჰაერზე გაყვანას სხვადასხვა მიზეზის გამო იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებს. ფიზიკური აქტივობა სახლის პირობებში რამდენად შესაძლებელია და როგორ?

- რასაკვირველია, ფიზიკური აქტივობა სახლის პირობებში შესაძლებელია. ამისთვის სხვადასხვა თამაში არსებობს, რომელიც სულ არ საჭიროებს დიდ ფართობს და თუ მშობელი დაინტერესდა, მათი მოძებნა შესაძლებელია ინტერნეტში. ეს შეიძლება იყოს მინივარჯიშები თუ ცეკვის მსგავსი აქტივობა. მთავარია, ისევ და ისევ მშობლის სურვილი და ინტერესი, რომ ბავშვის სხეული იმყოფებოდეს აქტიურ მდგომარეობაში, თუნდაც სახლის პირობებში.

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონლაინგაკვეთილების პარალელურად, პატარები ბევრ დროს ატარებენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობასთან. როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხი?

- მოგეხსენებათ, ბავშვი ერთ ადგილას უმოქმედოდ ვერ დაჯდება, ის აუცილებლად რამით უნდა იყოს დაკავებული. იმისათვის, რომ დავარეგულიროთ ბავშვის ურთიერთობა ელექტრომოწყობილობებთან, მშობელმა მას სანაცვლოდ რაიმე უნდა შესთავაზოს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ჯანსაღი, "ცოცხალი" ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. როცა ბავშვს აქვს ოპტიმალური ურთიერთობა ერთ მშობელთან მაინც, ის მზად არის, დათმოს ელექტრომოწყობილობა. ჩემი პრაქტიკიდან ერთი ასეთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა: მშობელთა კრებაზე ერთმა დაიწუწუნა, რომ მისი 9 წლის შვილი მთელ დღეებს კომპიუტერთან ატარებდა. ასევე აღნიშნა, რომ ბავშვს მეზობლებთან სათამაშოდ არ უშვებდა. როცა ვკითხე, რას შესთავაზებდა საიმისოდ, რომ ბავშვს ეს არ გაეკეთებინა, დედას არანაირი ვერსია არ აღმოაჩნდა. ამდენად, თუ გვინდა, ბავშვმა მთელი დღეები კომპიუტერთან არ გაატაროს, აუცილებლად მისთვის საინტერესო რამ უნდა შევთავაზოთ.

- დაბოლოს, ალბათ ბავშვთან კომუნიკაციისას უმნიშვნელოვანესია ავუხსნათ, პანდემია დროებითია, მსოფლიო მოერევა ამ დაავადებას და ა.შ. ამასთანავე, თუ მას მაინც უიმედობის, დეპრესიის ნიშნებს ვამჩნევთ, როგორ უნდა მიუდგეს ოჯახის წევრი? რა გზებით უნდა შეეცადოს მისთვის "მოსაწყენი რეალობის გაფერადებას"?

- ძალიან კარგი იდეაა ვირუსის, მაგალითად, ერთგვარ ბოროტ ჯადოქართან შედარება და ზღაპრის მოფიქრება, თუ როგორ მარცხდება ესა თუ ის ბოროტი ძალა. კარგი იქნება, თუკი ბავშვი და მშობელი ერთად დახატავენ ან გამოძერწავენ კორონავირუსს, გაათამაშებენ ამ პერსონაჟით სცენებს. შეიქმნება გარკვეული სიუჟეტი, რომლის განვითარებასთან ერთად, საბოლოო ჯამში, ბოროტი ჯადოქარი მარცხდება და ხალხი სიხარულით აღნიშნავს და ზეიმობს ბოროტების დამარცხებას.

რაც შეეხება არსებულ ვითარებაში ბავშვების "მოსაწყენი რეალობის გაფერადებას" - მშობელმა პირველ რიგში, თავად უნდა "გაიფერადოს" ხასიათი, რომ ეს განწყობა ბავშვსაც გადასცეს. მოწყენილ ადამიანს ნაკლებად აქვს შანსი, ვინმეს კარგ განწყობაზე იზრუნოს. ამიტომ მშობელი უნდა შეეცადოს, მისი ყოველდღიურობა გახადოს მრავალფეროვანი, მაქსიმალურად ოპტიმალური, პირველ რიგში - საკუთარი თავისთვის, რომ მას საკმარისი ენერგია და სურვილი ჰქონდეს იმისა, რომ სხვა ადამიანი, ამ შემთხვევაში შვილი, უფრო ენერგიული და სიცოცხლისუნარიანი გახადოს. თუ ბავშვს უიმედობისა და დეპრესიის ნიშნებს ვამჩნევთ, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამის გამო მისი გაკრიტიკება, რადგან ეს აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა პანდემიის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი გაგებით მოეკიდოს ბავშვის უიმედობას და ისევ და ისევ ხატვით, სხვადასხვა ისტორიის მოფიქრებით, რომლის ფინალიც პოზიტიურია, შეეცადოს შვილთან პანდემიაზე საუბარს. იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა ქრონიკულ ფორმას იძენს, აუცილებელია მივმართოთ სპეციალისტს. დაბოლოს: როცა ბავშვს კორონავირუსზე ვესაუბრებით, კარგი იქნება, თუ პარალელს გავავლებთ მისივე ცხოვრებიდან იმ მომენტთან, როცა გაცივებული იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჯანმრთელდა. სწორედ ასეა კორონავირუსის შემთხვევაშიც - დაავადების შემდეგ ხომ აუცილებლად ხდება გამოჯანმრთელებაც.

ანა კალანდაძე