ვინ გადაარჩენს მურყმეელს?! - გზაპრესი

ვინ გადაარჩენს მურყმეელს?!

ერთ-ერთი ადამიანი, ვინც თავგამოდებითა და გულმხურვალედ იბრძვის სვანეთის ეთნოგრაფიული სახის შენარჩუნებისთვის, არქიტექტორი ნუგზარ ჩართოლანია. მან საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორ-რესტავრატორობიდან კერძო პრაქტიკამდე საინტერესო, რთული და სახიფათო შემოქმედებითი გზა განვლო. "40-40 დღე ვიმუშავეთ 20-25 არქიტექტორმა და შატილი, როგორც ღირსშესანიშნავი ძეგლი მთლიანად იქნა არქეოლოგიურად აზომილი და დამუშავებული", - ამბობს ბატონი ნუგზარი და ღიმილით იხსენებს კოშკებიდან ოთხჯერ "გადმოფრენის" უტრავმო შედეგს.

საგვარეულო-საოჯახო ტრადიციები

- არქიტექტურული განათლებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა ჩანერგილი, რომელიც განაპირობა ბიძაჩემმა, ეთნოგრაფმა მიხეილ ჩართოლანმა და მისი ექსპედიციის წევრმა არქიტექტორმა რამაზ კიკნაძემ. მიხეილ ჩართოლანი იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მრავალი წლის განმავლობაში და ეთნოგრაფიულად იკვლევდა საქართველოს მთისა და ბარის საერო მატერიალური კულტურის ძეგლებს. მრავალგზის ხელმძღვანელობდა სამეცნიერო კომპლექსურ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს, რომელთა მეცნიერული კვლევები წიგნებადაა გამოცემული. ჩემი ბიძაშვილი, ციალა ჩართოლანი 25 წელი იყო სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი და დირექტორი. მრავალი ძვირფასი დაკარგული (მოპარული) ექსპონატი (ხატები) დაუბრუნა მუზეუმს. მისი უშუალო ძალისხმევით მრავალ საერო მნიშვნელობის ჯვარ-ხატებსა თუ სამუზეო ნივთებს გაუკეთდა რესტავრაცია და გადაარჩინა განადგურებას. ახლო პროფესიული ურთიერთობა მქონდა ცნობილ არქეოლოგ შოთა ჩართოლანთან, რომლის ძირითადი საკვლევი არეალიც იყო სვანეთის არქეოლოგიური ძეგლები, მათი მიგნება და საველე სამუშაოების წარმოება. ჩვენი საგვარეულო ტრადიციების თანამიმდევარი და თანამონაწილე ვყოფილვარ რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, არქიტექტორის რანგში. საქართველოს საგანძურების კვლევის და მათი შენარჩუნება-პოპულარიზაციის საქმეში ჩართოლანებს თავიანთი მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენი სამშობლოს მეცნიერულ-კვლევით მოღვაწეობაში, რომელიც ამჟამადაც გრძელდება.

GzaPress

სვანური არქიტექტურის შესახებ

- სვანური არქიტექტურა უდავოდ მნიშვნელოვანი ფენომენია საქართველოს ისტორიაში. ლენინგრადის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი გასული 80-იან წლებში გულწრფელად მიზიარებდა, რომ სვანეთი არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ტერიტორია, ზნე-ჩვეულებანი, საკუთარი ენა, ფოლკლორი და რაც მთავარია, საკუთარი განსხვავებული ხუროთმოძღვრებაო. იდგა საბჭოეთის ბოლო წლები, როდესაც მძლავრობდა ნაციონალისტური დინებები, მაგრამ ეს ტიბეტის მკვლევარი მეცნიერი იმდენად ამაღლებული პიროვნება და პროფესიონალი იყო, რომ მის ნათქვამში რაიმე სეპარატისტული ზრახვები არ იდო. ეს იყო მაღალი რანგის ისტორიკოსი მეცნიერის თვალსაზრისი. კაცობრიობის ისტორიულ განვითარებაში არსებობს დარგები, რომელიც ძლიერ სპეციფიკურია. მათ შორის ერთ-ერთი ხუროთმოძღვრებაა. მას ელიტარულ დარგსაც კი უწოდებენ. ამ ხელოვნებასაც ელიტარული ხალხები ფლობდნენ და ფლობენ დღესაც. ამ ფენომენის რაობაზე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრება, რამდენადაც, ღმერთმანი, მშობლიური ქვეყნის სიყვარული მამოძრავებს და არა სხვა რამ და მინდა, როგორც არქიტექტორმა, ჩემი წვლილი შევიტანო ქართული საერო თვითმყოფადი არქიტექტურული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის, სვანეთში არსებული მატერიალური და სულიერი ძეგლების კვლევისა და შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეში. სვანეთის სპეციფიკურ თვითმყოფად ხუროთმოძღვრებაზე გამაჩნია წლობით დაგროვილი კვლევისა და არქიტექტურული პროექტირების ცოდნა-გამოცდილება, რომელიც მინდა მოვახმარო შემორჩენილ საერო მნიშვნელობის სარეაბილიტაციო ძეგლებს. რაშია სვანური ხუროთმოძღვრული უნიკალურობა და სიდიადე? არქიტექტურის თეორეტიკოსი მკვლევრები ორ ძირითად ფენომენს განასხვავებენ: ერთი გახლავთ ე.წ. სიმბოლური ანუ თვითმყოფადი, ხოლო მეორე კლასიკური ანუ პროფესიონალური.

სიმბოლურს, პირდაპირი გაგებით, ავტორი არ ჰყავს და ასეთს განეკუთვნება ხალხური არქიტექტურული შენობა-ნაგებობები (ძველი ეგვიპტელების, შუამდინარეთის ხალხების, აღმოსავლეთის ქვეყნების, ინკებისა და სხვათა ნაგებობები). ისინი მოკლებულია ავტორთა ვინაობას, რამდენადაც მას აყალიბებდა სოციალური წყობა, გეოგრაფიული გარემო და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. სწორედ ეს ისტორიული გზა აქვს გამოვლილი და დღემდე შემორჩენილი სვანურ თვითმყოფად სიმბოლურ ხუროთმოძღვრებას, რომელიც არ აგერევა სხვა ქვეყნების თუ ხალხების არქიტექტურულ ნაგებობებში, რომლებიც იმავდროულად ხელოვნების ნიმუშის რანგშია აყვანილია და რატომ: არქიტექტურულ ნაგებობას თუკი უტილიტარულ ფუნქციას მოვაშორებთ, მისგან, რიგ შემთხვევაში, შეგვრჩება ხელოვნების ნიმუში, რიგ შემთხვევაში - ისტორიული ფაქტი და რიგ შემთხვევაში უბრალო უძრავი ნივთი. აი, სწორედ ხელოვნების ნიმუშია ელიტარული ხუროთმოძღვრული ნაწარმოები და არა ყოველივე ნაგებობა.

ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი განუზომელია, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს კუთხეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი სვანეთი, რომელიც მსოფლიო რუკაზე წერტილად თუ მოიაზრება, მაგრამ რამდენადაც მცირეა ტერიტორიულად, იმდენად დიდია და უნიკალური უძველესი ენით, ზნე-ჩვეულებებით, ტრადიციებით, ფოლკლორით და ასევე - თვითმყოფადი არქიტექტურით. ყოველივე ეს განაპირობა გარე სამყაროსგან საუკუნეებრივმა იზოლაციამ. სვანურმა სულიერებამ, გარკვეული კატაკლიზმების ფონზე, საქართველოს ყველა კუთხეზე მეტად შემოინახა წინარე ქართული ცივილიზაციის ყველაზე თვალსაჩინო და კეთილსახიერი რეალიები.

ნიკო მარის აზრით, ვისაც ქრისტეს წინარე ქართველური მოდგმის შესწავლა სურს, აუცილებლად უნდა შეისწავლოს პირველ რიგში, სვანური ენა და ზნე-ჩვეულებები, რამეთუ პროტოქართული ისტორიისა და ყოფიერების გასაღები სვანეთში დევს; სვანეთშია დაკონსერვებული ის რეალიები, რითაც სულდგმულობდა ქართული სულიერება, დაწყებული III ათასწლეულიდან, ვიდრე ჩვ.წ.ა-მდე IX-VII საუკუნეებამდე. აღნიშნულ პერიოდში დაიწყო მცირე აზიაში დამკვიდრებული ქართველური მოდგმის შევიწროება ინდო-ევროპული ტომებისგან, რასაც ქართველთა ჩრდილოეთით მიგრაცია მოჰყვა. ასე აღმოჩნდენ სვანები მარადიულ თოვლ-ყინულით დაფარულ მწვერვალთა და მყინვართა საუფლოში. სწორედ ამიტომ, მრავალსაუკუნოვანი იზოლაციის პირობებში, გარე სამყაროსთან მკვეთრი შეზღუდვის გამო შემორჩა სვანეთს ძველისძველი ქართული სულიერება. შემორჩა და საუკუნეების მანძილზე განავითარა, დახვეწა, ბნელი და საეგებისო უკუაგდო, ნათელი და მყარი შეინარჩუნა. სწორედ ამიტომ უწოდებენ სვანეთს ცის ქვეშ გადაშლილ მუზეუმს, სწორედ ამიტომ ეტანება მას უამრავი მეცნიერ-მკვლევარი, მოგზაური, მთამსვლელი თუ უბრალო ცნობისმოყვარე.

არეული მონასტერი

- ოცდაათიოდე წლის წინ საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობა ეღირსა... გაიხარა ხალხმა, ამოისუნთქა საზოგადოებამ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რარიგ აირია მონასტერი ამ წლების განმავლობაში და მრავალი ისტორიული ძეგლი აღმოჩნდა ხიფათქვეშ. არ იქნა და არ ეღირსა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ღირებულებებს პროფესიონალთა ხელი. მე არქიტექტორი ვარ და გული მტკივა, როცა ვუყურებ, რა გულმოდგინედ ანადგურებენ წინაპართა მონაგარ და რუდუნებით შემონახულ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს სრულიად შემთხვევითი და არაკომპეტენტური პიროვნებები. ამის თვალსაჩინო მაგალითია მესტიის ცენტრის ახალი მოშენება, ლანჩვალის უბნის არაადეკვატური სახეცვლილება და სხვა.

აშშ-ში გამოიცა წიგნი მსოფლიოს ხალხთა ხუროთმოძღვრული შედევრების შესახებ - "არქიტექტურა არქიტექტორების გარეშე", სადაც მსოფლიო შედევრთა შორის შესულია უშგულის ორი ფოტო, თავისი ანოტაციებითურთ. ფოტოები გადაღებულია 1929 წელს და მათზე აღბეჭდილია ე.წ. თამარის კოშკები. იმ დროს უშგულის გორაზე იდგა სამი კოშკი. ამჟამად ერთიღაა შემორჩენილი. ის ორი, რომლებიც მსოფლიო გამორჩეულ არქიტექტურულ ქმნილებად იქნა აღიარებული უცხოელების მიერ, 30-იან წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს და გადარჩენილი მასალებით, იქვე საბჭოური დაწესებულებები ააშენეს.

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთხელ დამიყენებია საკითხი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წინაშე იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეს ძირძველი ისტორიული მხარე საჭიროებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობას, რამდენადაც საერო არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც შემორჩენილია ზემო სვანეთში, ქართული ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვრებია, ბევრი მათგანი ჩვენი ქვეყნის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა, ზოგიერთი კი ხალხური შემოქმედების შედევრია (მაგალითად მესტიაში, ლეხთაგის უბანში ხერგიანების საცხოვრებელი კომპლექსი და უშგულში სოფელი მურყმეელი). ამდენად, ასეთი ძეგლების სათანადო გამოვლენა, შესწავლა, შენარჩუნება, რესტავრაცია, რეაბილიტაცია და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად უნდა დავაყენოთ, რათა ამით შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა. სვანეთში, სახელმწიფო ყურადღების საგანი ძირითადად ეკლესიები და კოშკებია, მაგრამ სვანეთში მხოლოდ ეკლესიები და კოშკები არაა ყურადსაღები!

GzaPress

სოფელი მურყმეელი

- ზემო სვანეთში მდებარე სოფელი მურყმეელი, უშგულის თემის მეოთხე სოფელია, რომელიც გაშენებულია ენგურის მარჯვენა ნაპირზე, ზვავსაშიშ ზონაში. გასულ საუკუნეში ორჯერ ჩამოწვა ზვავი, რომელსაც სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა გადმოყვანილი და ჩასახლებულია ქვემო ქართლში, თუმცა ტურიზმის აზვირთებასთან ერთად დაიწყეს თავიანთ ისტორიულ სამემკვიდრეო ადგილებზე დაბრუნება და ახალი შენობების ქაოსური მშენებლობა ტურისტული სერვისებისათვის. ამ მშენებლობებით განადგურება ემუქრება არაორდინარულ, ისტორიულ სვანურ სოფელს. ეს პროცესი თუ არ შევაჩერეთ და არ ავამოქმედებთ ალტერნატიულ გზებს, ისტორიულ-ურბანულ მარგალიტიდან ერთ-ორ წელიწადში შეგვრჩება ისეთი დასახლება, რომელიც აღარავისთვის იქნება საინტერესო. ამიტომაც, სასწრაფოდაა გადასაჭრელი ადგილობრივი მემკვიდრეებისათვის შესაბამისი საალტერნატივო სამოსახლო ადგილების გამოძებნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება არ იქნება იოლი, თუმცა ძველი მურყმეელის გადარჩენის სხვა გზა არ გვაქვს, გარდა მაქსიმალური კომპრომისებისა ორივე მხრიდან. მსგავსი პრეცედენტები მრავლადაა მსოფლიოში და ამაში მთავარი როლი მთავრობას და მის გონივრულ გადაწყვეტილებას ეკისრება, რამდენადაც საქმე გვაქვს სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემებთან, რომელიც კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს.

მურყმეელი წარმოადგენს უნიკალურ საერო თვითმყოფადი ხუროთმოძღვრული დასახლების ფენომენს, ხალხური სამშენებლო (ხუროს) ოსტატობის აპოგეას (ფიქალის ქვებით ნაშენი ე.წ. შავი კოშკები), ანუ სიმბოლური ხელოვნების ერთ-ერთ უნიკალურ შედევრს (ყოველგვარი გადამეტების და პათეტიკურობის გარეშე), როგორც ჩაჟაში, შატილი თუ მუცო. ასეთი ხუროთმოძღვრული ნაგებობებით ნებისმიერი ერი იამაყებდა და ის ერთადერთია დუნიაზე!

მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ინგრევა და ნადგურდება ჩვენივე წინაპრების მონაგარი და ეროვნული თვითმყოფადობის საგანძური. ამიტომაც, მათი აღდგენა და შენარჩუნება უნდა იქნას მართული ჩვენივე ხელით, ჩვენივე მცდელობით, ჩვენივე ქველმოქმედებით, ჩვენივე ცოდნა-გამოცდილებით და ასევე, ჩვენივე განსაკუთრებული რუდუნებითა და სიფრთხილით, პროფესიონალი რესტავრატორების უშუალო ჩართულობით. ტყუილად ნუ ველოდებით გარეშეს, ნუ დავკარგავთ ძვირფას დროს, რამდენადაც მურყმეელის შენარჩუნება ეროვნული თვითმყოფადობის და ქართული სახიერების შენარჩუნებაა, ის ჩვენი სამშობლოს სამომავლო კეთილდღეობაა.

აქიდანვე უნდა შევუდგეთ ადგილზე შესწავლით, წინასწარი კვლევების საფუძველზე საპროექტო დავალების (პროგრამის) მომზადებას. მოწონებული პროგრამის მიხედვით კი, მურყმეელის დასახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონკურსის წესით შერჩეული ჯგუფის მიერ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას - იუნესკოს აპრობირებული რეკომენდაციებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის დაცვით. არქიტექტურული პროექტების შერჩევის საუკეთესო მეთოდი კონკურსია და ჩვენთან რატომღაც, მხოლოდ ტენდერებით ხდება მსგავსი "შერჩევა". წელსვე გასათვალისწინებელია შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა შესაბამისი საბიუჯეტო უწყებიდან და საქველმოქმედო ფონდებიდან. ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდი ამ მიმართულებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დიდ ფინანსურ თანადგომას უწევს, თუმცა მურყმეელის შემთხვევაში ობიექტის მოცულობითი მასშტაბის, ძეგლის სირთულისა და მნიშვნელობის გამო, ფინანსური მხარდაჭერაც ადეკვატური უნდა იყოს, რომელსაც სააგენტოს მწირი ბიუჯეტი ვერ გასწვდება და ამიტომ ეს პრობლემა სააგენტოს მიღმა უნდა იქნას მოძიებული.

ძველი მურყმეელი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და აღდგეს თავისი ავთენტიკური მახასიათებლებით, სადაც უამრავი დაინტერესებული მეცნიერ-მკვლევარი, მოგზაური თუ ტურისტი გაეცნობა და ეზიარება ძირძველ, თავისუფლების და გარე სამყაროსგან მრავალსაუკუნებრივი იზოლაციის წიაღში შობილ ქართულ (სვანურ) ეთნო-ხუროთმოძღვრულ სიდიადეს, რომელიც ევროპის უმაღლეს დასახლებაში შეიქმნა!

P.S. პრივატულ საუბარში ბატონმა ნუგზარმა განაცხადა, რომ ის თავის ვაჟთან ერთად აუცილებლად გააგრძელებს პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას, თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესწრეების მხარდაჭერის გარეშე შედეგი არ იქნება შთამბეჭდავი. ამ საკითხის გადაჭრაში ვისაც შეუძლია ლომის წილის შეტანა, დასახელებაც არ არის საჭირო, ისედაც ნათელია...

როლანდ ხოჯანაშვილი