"ძერწვის პროცესი ჩემთვის არის სრული ნირვანა" - გზაპრესი

"ძერწვის პროცესი ჩემთვის არის სრული ნირვანა"

კერამიკოსების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ამ სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. ბექა ტაბაღუას ძირითადი საქმე კერამიკული ქანდაკებაა, თუმცა, შემოქმედებითთან ერთად, კომერციული ხაზიც აქვს, რომელიც გამოყენებითი და დეკორატიული ჭურჭლის, სამკაულის, ჩიბუხების, ხელსაბანი ნიჟარების და სხვა ნივთების შექმნით განისაზღვრება. თავის საქმეში საკმაოდ აქტიურია და შეიძლება ითქვას, დღე ისე არ გადის, თიხას არ ეხებოდეს...

26 წლის კერამიკოსს პედაგოგიურ საქმიანობაშიც აქვს გამოცდილება. ასევე მონაწილეობს გამოფენებშიც. 2019 წელს ლატვიაში გამართულ კერამიკოსთა სიმპოზიუმზე, საქართველოს მხოლოდ ის წარმოადგენდა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის ნამუშევრები ცნობილი ლატვიელი მხატვრის - მარკ როტკოს ცენტრში გამოიფინა. სისტემატური შემოთავაზება აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. 2020 წელს მიწვეული იყო საერთაშორისო სიმპოზიუმზე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანის, ბექას გეგმებიც შეცვალა, თუმცა, იმედია მხოლოდ დროებით.

- 9 წლის ვიქნებოდი, როცა დედაჩემის სამხატვრო სტუდიაში პირველად შევეხე თიხას, სადაც მასტერკლასები და კერამიკული კურსები ტარდებოდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, კერამიკასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ვძერწავდი და ამავდროულად, დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული ვიყავი სპორტით - მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი. მთელი ჩემი კონცენტრაცია და ენერგია სპორტისკენ იყო მიმართული.

დედ-მამამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. ორივე კერამიკოსია. მშობლებს არასოდეს უთქვამთ, რომ მათი პროფესიული გზა გამეგრძელებინა. არც ჩემი და არც ჩემი ძმის შემთხვევაში, მსგავსი "ზეწოლა" არ ყოფილა. უმაღლესში ჩაბარების დრო რომ დადგა, თავად გავაკეთე არჩევანი კერამიკის დიზაინის ფაკულტეტზე. ჩემი ძმაც მხატვარია, არქიტექტურის სფეროს გაჰყვა და სამხატვრო აკადემიას წელს ამთავრებს.

GzaPress

- მაგიდის ჩოგბურთს ჩამოშორდით? როგორც ვიცი, დიდი მიღწევები გქონდათ ამ მიმართულებით...

- არა, არ ჩამოვშორებულვარ, უბრალოდ, პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერებულია. დარბაზებიც დახურულია და ვარჯიშის საშუალება არ არის. ისე აქტიურად აღარ ვთამაშობ, როგორც უწინ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საამისოდ დრო აღარ მრჩება, თუმცა, როცა ტურნირები დაანონსდება, რამდენიმე კვირით ადრე ვემზადები და საქართველოს ჩემპიონატებზე სტაბილურად ვმონაწილეობ. საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი - ძირითადად ეს ორი ტურნირია. ბოლოს, 2019 წელს რომ ჩატარდა, შესაბამისად არ ვიყავი მომზადებული, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად ფინალში მაინც გავედი. მას შემდეგ პანდემიის გამო ტურნირები აღარ გამართულა.

- ბოლო პერიოდში არაერთი კურსი გაიხსნა, რომელზეც დადიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ვისთვისაც თიხასთან შეხება ერთგვარი თერაპიაა. თქვენთვის რა არის თიხა?

- გარდა იმისა, რომ რელაქსაციაა, ჩემთვის თიხასთან შეხება მედიტაციაა. თუ ისეთი პერიოდი მაქვს, რომ 2-3 დღე სახელოსნოში ვერ მივდივარ, ვგრძნობ, რომ ორგანიზმს "აკლია" თიხა და თითებს "ენატრება". მთელი დღე რომ არ შეჭამ და საღამოს ძალიან მოგშივდება, დაახლოებით იგივე განცდაა. თან, ძერწვისას თავს თავისუფლად ვგრძნობ, ეს არის სრული ნირვანა. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და სასიხარულოა ისიც, რომ ამ დროს ფანტაზია არის უსაზღვრო, სადღაც გალაქტიკაში გადის. შეიძლება დავიწყო რაღაც და მქონდეს ესკიზი, მაგრამ მუშაობის პროცესში სულ სხვა რამ გამოდის. ამიტომ ხშირია სასიამოვნო სიურპრიზებიც, ხანდახან არასასიამოვნოც გამოერევა, თუმცა უმეტესწილად შედეგით კმაყოფილი ვრჩები. ახლა, პანდემიის პერიოდში სახელოსნოში მუშაობის საშუალება რომ არ მქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. 9 თვის განმავლობაში ჩემი ყოველდღიური რეჟიმი ასეთია - დილას 10-ზე მივდივარ სახელოსნოში და იქ საღამომდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე ვრჩები. ახლა დროებით ბათუმში ვიმყოფები და მშობლების სახელოსნოში ვმუშაობ. თბილისში დავიბადე, ბაღში თბილისში დავდიოდი, სკოლა ბათუმში დავამთავრე და აკადემიაში ჩაბარებიდან დღემდე, თბილისში ვცხოვრობ. თუმცა პანდემიის გამო დაკეტილია ის სივრცე დედაქალაქში, სადაც ვმუშაობ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ბათუმში მუშაობის საშუალება მაქვს. იმედია, გაზაფხულიდან ისევ შევძლებ თბილისში დაბრუნებას.

- მოსწავლეები ხომ არ გყოლიათ?

- დიახ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით. თბილისში სტუდია მქონდა გახსნილი, სადაც დაახლოებით ორი წელი ბავშვებს კერამიკასა და ფერწერაში ვამზადებდი. ბოლო ერთი წელია მაქვს ინდივიდუალური მასტერკლასები უშუალოდ კერამიკაში. ახლა 8 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე მყავს, მათ შორის არიან ხანში შესულებიც. 2 მოსწავლე ფსიქოლოგის რჩევის შედეგად მოხვდა ჩემთან, მაგრამ ასევე მყავს 2 ფსიქოლოგი, რომლებმაც გადაწყვიტეს კერამიკასთან მუშაობა. მათგან ერთ-ერთი ქალბატონი, სხვებისგან განსხვავებით, მოდის და უხეშად რომ ვთქვა, თიხას "ჭყლეტს". რამდენჯერმე შევთავაზე რამე ფორმის გაკეთება და კონკრეტიკისკენ წასვლა, მაგრამ უარი მითხრა. მოდის, ზის, თიხას ასველებს და 1 საათის განმავლობაში ხელში ათამაშებს. ვაკვირდები და დროდადრო ეღიმება. ვერ აღგიწერთ, რამდენად კმაყოფილი მიდის ამ პროცესის შემდეგ. ახლახან თბილისიდან ერთი ადამიანი შემეხმიანა. მას იმდენად უნდა კერამიკაში მომზადება, ბათუმში სახლი იქირავა, რომ ჩემთან 1-თვიანი კურსი გაიაროს.

- ქართული და არაქართული თიხა - ესაა თქვენი ძირითადი სამუშაო მასალა, ხომ?

- დიახ. ძალიან მომწონს ქართული თიხა და შემოქმედებითი ნამუშევრების დროს ვიყენებ, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს: ჩვენთან ფაბრიკა-ქარხნების უმუშევრობის გამო, თიხა ცოტა დაუმუშავებელია და რთულია მასზე მუშაობა. როცა ჭურჭლის ან სხვა სათუთი ნამუშევრების კეთება მიწევს, წითელი თიხა ცოტა პრობლემურია და ამიტომ ვმუშაობ თეთრით, რომლის გამოწერა სამწუხაროდ, თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან გვიწევს.

GzaPress

- თქვენი დაკვირვებით, არის თუ არა რამე საერთო ან ინდივიდუალური მინიშნება, რითაც საერთაშორისო ასპარეზზე გამართულ გამოფენებზე, ქართველი კერამიკოსების ნამუშევრები სხვებისგან გამოირჩევა?

- უპირველეს ყოვლისა, თამამად უნდა აღვნიშნო, რომ უკვე დიდი ხანია ქართველები საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი პირველები არიან. პირადად მე, რაც დღეს ვიცი, ცნობილი ქართველი კერამიკოსის გიგიშა პაჭკორიასგან მაქვს ნასწავლი. ის ოფიციალურად ჩემს ლექტორად და მასწავლებლად არ ითვლებოდა, თუმცა, სიტუაციამ ისე მოიტანა, რომ დავმეგობრდით, ნება დამრთო მის სახელოსნოში მევლო და მუშაობის პროცესს დავკვირვებოდი. სხვათა შორის, ამ პერიოდში გიგიშა ბათუმში მესტუმრა და ერთად ვმუშაობთ სახელოსნოში.

- თუ ტოვებთ რაიმე ნიშანს ან ინიციალებს, რითაც ბექა ტაბაღუას ნამუშევრები ამოიცნობა?

- მაქვს ლოგო, რომელსაც ჩემს ყველა ქანდაკებას შტამპივით ვაკრავ. რაც შეეხება სტილს, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩემი სტილი ჩამომიყალიბდა. კერამიკაში გეომეტრიასთან თამაში მიყვარს და ბოლო პერიოდში ძველ ქართულ ორნამენტებს ვიყენებ. ვქმნი თანამედროვე ფორმების სკულპტურებს, თუმცა მათ თან ძველი ქართული ორნამენტი დაჰყვება.

- რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი პანდემიის პირობებში, თუმცა, საქმიანობის მხრივ, რა გაქვთ ჩანაფიქრში?

- ამჟამად ჩემს სახელოსნოში ვაკეთებ ქანდაკების ბევრ ესკიზს. ბათუმში, ბულვარის ზოლზე მინდა ერთ-ერთი სკულპტურა დავდგა. ტენდერი რომ გამოცხადდება, მონაწილეობას მივიღებ. იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. გარდა ამისა, მინდა თბილისში გავხსნა სტუდია, რისთვისაც ყველა საჭირო ნივთი - ღუმელი და ინვენტარი შევიძინე. გარდა ამისა, მე და ჩემი ოჯახი, დედა ლიანა კასპელაშვილი და მამა ტარიელ ტაბაღუა, ბათუმში, ზაფხულში ყოველწლიურად ვატარებთ კერამიკოსთა საერთაშორისო ფესტივალს. მესამე წელია, 7-8 ქვეყნიდან ჩამოდიან კერამიკოსები, 10-დღიან სიმპოზიუმს ვმართავთ, რომელიც გამოფენით სრულდება. 2020 წელს ეს პროექტი პანდემიის გამო ვერ განხორციელდა, თუმცა, იმედი მაქვს, ფესტივალი განახლდება და მომავალში აუცილებლად ბევრ მსგავს ჩანაფიქრს განვახორციელებთ.

ანა კალანდაძე