მსახიობი მამისა და მისი შვილების გზა ხელოვნებაში - გზაპრესი

მსახიობი მამისა და მისი შვილების გზა ხელოვნებაში

"ჩვეულებრივი, მორიგი სპექტაკლის წინ არა, მაგრამ პრემიერების წინ, რატომღაც ყოველთვის ავდივარ სცენაზე და ვწვები. დავწვები და არაფერზე ვფიქრობ", - ეს სიტყვები მსახიობ მამუკა ლორიას ეკუთვნის. 27 იანვარს, რუსთაველის თეატრმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: 65 წლის ასაკში გარდაიცვალა მამუკა ლორია; მსახიობი, რომელმაც 35 წელი გაატარა ამ თეატრში. მისი სამსახიობო კარიერა ოცამდე ფილმს, არაერთ ტელესერიალს, ტელესპექტაკლს და სარეკლამო რგოლებს მოიცავს. მსახიობის როლები ხშირად ეპიზოდური იყო, თუმცა გამორჩეულად დასამახსოვრებელი.

როცა მამუკა ლორიას ბიოგრაფიაზე მიდგება საქმე, თხრობა აუცილებლად ოჯახით უნდა დავიწყოთ: მამა აბესალომ ლორია – მსახიობი გახლდათ, დედა – ნელი ახობაძე – ფარმაცევტი, ბებია - ქსენია კამკამიძე, ნაძალადევისა და ახალციხის თეატრების მსახიობი, ბაბუა - მამანტი ლორია ტოპოგრაფი, ინჟინერ-მშენებელი. მუშაობდა საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის ვიეტნამში. მსახიობის ბებია-ბაბუა თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა, შემდეგ ახალციხეში, ვინაიდან მსახიობი დიდ დროს ატარებდა თეატრში, მისი მეუღლე კი - მივლინებებში. მოგვიანებით კვლავ თბილისში დაბრუნდნენ და ვერაზე დასახლდნენ. აბესალომ ლორიამ საცხოვრებელის ხშირი ცვლის გამო რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. ბოლოს თბილისში ღამის სკოლა დაამთავრა. ცელქი და მტირალა ბავშვი ყოფილა. თავიდანვე გამოავლინა მუსიკალური ნიჭი და არა ერთ ინსტრუმენტზე სმენით უკრავდა.

1943 წლის ერთ ღამეს ყველა მისი კლასელი და თვითონ ფრონტზე გაიპარნენ. თვრამეტი ბიჭიდან მხოლოდ ორი დაბრუნდა ცოცხალი - აბესალომ ლორია და მისი ერთ-ერთი მეგობარი. პარაშუტისტობა სურდა თურმე, მაგრამ არ გამოუვიდა. იმდენად გამხდარი იყო, გადმოხტომის დროს ქარმა წაიღო, თავის პარაშუტიანად ხეს გამოედო და მერე იქიდან ძლივს ჩამოხსნეს.

ომში გატარებულ პერიოდზე საუბარი არ უყვარდა. ორი ჭრილობა ჰქონდა - ერთი ნატყვიარი და მეორე აფეთქების დროს მიყენებული. პირველი დაჭრის შემდეგ ჰოსპიტლიდან რომ გამოწერეს, ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო და ამიტომ მძღოლად დაიწყო მუშაობა. მეორედ ნამსხვრევით დაიჭრა, თავისი უფროსი მეუღლესთან ერთად სადღაც მიჰყავდა, გზად ყუმბარა ჩამოვარდა, მანქანა გადაბრუნდა, თუმცა საბედნიეროდ, ყველა მგზავრი გადარჩა.

GzaPress

აბესალომ ლორია პროფესიით ინჟინერი გახლდათ. მსახიობობა ყოველთვის სურდა, თუმცა მამამისის თხოვნით, საბუთები "გეპეიში" შეიტანა. აბესალომი""გეპეის" თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდა, იყო ინსტიტუტთან არსებული ჯაზორკესტრის წამყვანი, კონფერანსიე, საკონცერტო პროგრამების ავტორი და აქტიური მონაწილე. მერე უკვე იყო პირველი როლები კინოში. "ორი მსახიობი", "წარსული ზაფხული", "განაჩენი" - ერთი მეორის მიყოლებით გამოვიდა და აბესალომ ლორიას სამსახიობო დებიუტიც სწორედ აქედან დაიწყო. მსახიობი ასზე მეტ ფილმშია გადაღებული. "ქართული ფილმის" გარდა, მას იწვევდნენ საკავშირო მასშტაბით წარმოებულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად.

გადაღებებზე დადიოდა ოდესაში, მოსკოვში, კიევში, ყაზახეთში, ინდურ ფილმშიც კი არის გადაღებული, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოში აბესალომ ლორიას მონაწილეობით ძალიან ბევრი ფილმი არ უნახავთ. ყველაზე მეტად თავად გია დანელიას "არ იდარდო!" ჰყვარებია და საზოგადოების დიდ ნაწილისთვისაც მსახიობი სწორედ ამ ფილმთან ასოცირდება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იმავდროულად აბესალომ ლორია წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი გახლდათ. ბევრი ობიექტი აქვს დაპროექტებული: პურის ქარხნები, კომბინატები, ფოთის პორტიც კი.

აბესალომ ლორიამ მეუღლე, ნელი ახობაძე სუფრასთან გაიცნო. მაშინ 33 წლის იყო, ქალი - 27-ის. ნელი ახობაძე პროფესიით ფარმაცევტი, ექსპერტ-ქიმიკოსი გახლდათ. წყვილს ექვსწლიანი შუალედით ორი შვილი შეეძინა. მამუკა და რუსუდან ლორიები მსახიობები გახდნენ. რუსუდანის სამსახიობო კარიერა ჯერ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო, შემდეგ ახმეტელის თეატრში გადავიდა. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

მამა შვილების პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულა, არც ვინმე შეუწუხებია მათ გამო. ასე თქმა იცოდა თურმე: "ნე პალოჟენა", "ნელზია", "ნე კრასივო" და ამით უკვე ყველაფერი იყო ნათქვამი... უკვე შემდგარი მსახიობი შვილების სპექტაკლებს თითქმის ყოველთვის ესწრებოდა და პრემიერების შემდეგ, პარტერში მჯდომი, თვალიდან ჩამოგორებულ ცრემლებს მალულად იწმენდდა.

მამუკა ლორია 1955 წლის 1-ლ მარტს დაიბადა. ბავშვობაში მის სამომავლო პროფესიულ სურვილებს შორის იყო: პარაშუტისტობა, მეხანძრეობა, ტანკისტობა, მილიციელობა, ფეხბურთელობა, მაგრამ საბოლოოდ, ხელოვნებამ გადაწონა.

GzaPress

მამას ხშირად დაჰყავდა შვილი გადაღებებზე და როგორც ჩანს, ამ ფაქტმა მის პროფესიულ არჩევანზეც იქონია გავლენა. ორი უშედეგო ცდის შემდეგ, მამუკა მესამე წელს მოხვდა თეატრალურში. შალვა (მუმუშა) გაწერელიას ჯგუფში ისწავლა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ერთხანს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. 1985 წლიდან კი რუსთაველის თეატრის დასის წევრებს შორის ირიცხება.

ისე მოხდა, რომ მოზარდშიც და რუსთაველშიც მისი პირველი სპექტაკლები იყო "მერი პოპინსი". რეკლამაში პირველად ავთო ვარსიმაშვილმა დააკავა, რომელმაც ინსპექციასა და ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის რგოლი გადაიღო. მამუკა მძღოლს თამაშობდა, რომელიც წესებს არღვევს და ამის გამო ისჯება.

მოგვიანებით მსახიობი იხსენებდა: "საერთოდ, რაც მე გიჟები, მორფინისტები და დარტყმულები მითამაშია, რა მოთვლის. "ბედნიერი ბილეთი" იყო პირველი ასეთი სპექტაკლი, სადაც ნარკომანი ვითამაშე. ჩემი პარტნიორი იყო ზაზა კოლელიშვილი და მისი დუბლიორი თენგიზ გიორგაძე. ორივე დიდები და მოდღლეზილები არიან, აბა, მათ ნარკომანობას ვინ დაიჯერებდა?! "სიფათზე" ნარკომანს ვინც აშკარად ჰგავდა, მე ვიყავი. ბევრჯერ გავუჩერებივართ ქუჩაში, მანქანაში ჩავუსვივართ და უთქვამთ, ვენები გვაჩვენეო. ერთი-ორჯერ დამიჭირეს კიდეც და მამამ გამომიყვანა მილიციიდან. ისევ და ისევ ჩემი "სიმპათიური" სახის გამო. მერე ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ არ ვიყავი ნარკომანი, ტელევიზორშიც მნახეს და მოხდა ისე, რომ თეატრშიც მოვიდნენ, ასე დალაგდა ყველაფერი"...

საერთო პოპულარობა ერთ-ერთმა სარეკლამო რგოლმა მოუტანა. საკუთარ თავზე ამბობდა, ნიჭის გამო, ვერ ვიტყვი, ალბათ ჩემი სპეციფიკური "სიფათის" გამო ხდება ეს ყველაფერი; თეატრში თუ ერთ დღეს 700 მაყურებელი გხედავს, ტელევიზიით 3 მილიონი მაყურებელი გცნობს, ამიტომ სულაც არ მწყინს ეს ამბავიო.

"სისხლიანი ქორწილი", "მაკბეტი", "ლამარა", "მუსუსი", "ქალი-გველი", "მტრის ნიღაბი", "სალამურა", "იულიუს კეისარი"…- ეს იმ სპექტაკლების ნაწილია, რომელშიც მამუკა ლორია რუსთაველის თეატრის სხვადასხვა სცენაზე მონაწილეობდა.

ბოლო ხანს ხანგრძლივად იავადმყოფა. თავმდაბალი ადამიანი იყო, ალალი, კარგი იუმორის გრძნობით.

ანა კალანდაძე