ჩხიკვის მიერ დაკორტნილი "ნუ მოკლავ ჯაფარას" და შვეიცარიაში დაკარგული "თამაში ჭვავის ყანაში" - გზაპრესი

ჩხიკვის მიერ დაკორტნილი "ნუ მოკლავ ჯაფარას" და შვეიცარიაში დაკარგული "თამაში ჭვავის ყანაში"

დავინტერესდით, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - მზია შარაშიძეს როგორი ლიტერატურა იტაცებდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიმე მწერალმა მისი წერის სტილზე (რომლითაც ზოოპარკის ბინადრების შესახებ ინფორმაციას შთამბეჭდავად გვიზიარებს ხოლმე) განსაკუთრებული ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?..

- დღესდღეობით, ჩემს ცხოვრებაში წიგნს უფრო ნაკლები ადგილი უკავია, ვიდრე წინათ. ამის ერთადერთი, უმთავრესი მიზეზი თავისუფალი დროის უქონლობა გახლავთ. ბოლოს თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" წავიკითხე. ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. უბრალოდ, მთავარ გმირთან ერთად, მართლა ძალიან დავიტანჯე - ამ ადამიანის ნაცვლად, გულწრფელად დავიღალე (იღიმის)...

- შენი გოგონას - მათიკოს გამო ალბათ, საბავშვო ლიტერატურით ინტერესდები...

- კი. ახლა ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს: საღამოს, ძილის წინ წიგნს ვკითხულობთ. ამიტომ ახლა, ფაქტობრივად, ბავშვობაში წაკითხული წიგნების ხელახლა გადაკითხვა მიწევს. ეს პროცესი მომწონს... მანამდე პატარ-პატარა ზღაპრებს ვკითხულობდით. დაახლოებით ერთი წელია, რაც "სქელტანიანი" წიგნების კითხვაზე გადავედით. რა თქმა უნდა, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებით დავიწყეთ, რომელიც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს იტევს: ჯერ "სახურავის ბინადარი კარლსონი" წავიკითხეთ, შემდეგ - "ლენებერგელი ემილის თავგადასავალი", "ბიულერბიუელი ბავშვები", "პეპი გრძელიწინდა"... წიგნების სია გვაქვს ჩამოწერილი. მათიკოს ვეკითხები ხოლმე, - აბა, ახლა რომელი წავიკითხოთ - "მაწანწალა რასმუსი" თუ "დეტექტივი კალე ბლუმკვისტი"-მეთქი? მეკითხება, ეს წიგნები რის შესახებაა და ამის მიხედვით ირჩევს... მერე სათავგადასავლო ბიბლიოთეკის წაკითხვაზე გადავალთ.

- მათიკო ყოველთვის კმაყოფილია თუ რომელიმე ნაწარმოების კითხვა შეგიწყვეტიათ, რადგან არ დაინტერესებულა?

- არა, მსგავსი რამ არასოდეს შემიმჩნევია, რომ რომელიმე ნაწარმოები მოჰბეზრებოდა. ხანდახან ძალიან დაღლილი ვარ და ვეუბნები ხოლმე, - მოდი, ისე დავიძინოთ, წიგნი არ წავიკითხოთ-მეთქი, მაგრამ - არა: აუცილებელია, ძილის წინ რამდენიმე გვერდი მაინც წავუკითხო.

GzaPress

- წიგნებთან ურთიერთობა თავად როგორ დაიწყე?

- ჩემ მიერ წაკითხული პირველი წიგნი "პეპი გრძელიწინდა" იყო. რომ ვთქვი, წინათ ძალიან ბევრს ვკითხულობდი-მეთქი, ამაში დიდი წვლილი ბიძაჩემს (მამაჩემის ძმას) მიუძღვის, რომელიც ბებიაჩემთან ერთად თელავში ცხოვრობდა. ბავშვები დასასვენებლად სულ თელავში მივდიოდით. მაშინ ცოტათი ხანგრძლივი არდადეგები გვქონდა: მაისის ბოლოდან სექტემბრამდე ბებიასთან ვიყავით. პირველი, რითიც ჩემი და ჩემი ძმის არდადეგები იწყებოდა, ის იყო, რომ ბიძაჩემს ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მივყავდით (თავადაც ბევრი წიგნი ჰქონდა), საიდანაც უთვალავი წიგნი გამოგვქონდა. თავდაპირველად, ბიძაჩემი წასაკითხ ლიტერატურას თავადვე გვირჩევდა. მთელი ზაფხული, დილიდან საღამომდე ვკითხულობდით. წიგნებს ვინაწილებდით, ლიტერატურას ერთმანეთს ხელიდან ვგლეჯდით (იცინის)... სწორედ იმ პერიოდში გადავიკითხე სათავგადასავლო წიგნები: ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ნაწარმოებები... მერე, როცა ეს რესურსი ამოვწურეთ, კითხვა უკვე ჩვევაში "გამიჯდა". ვკითხულობდი ძილის წინ, ჭამის დროს... როცა მეჩხუბებოდნენ, ღამით ნუ კითხულობ, შუქი ჩააქრეო, კითხვას ფარნის შუქზე ვაგრძელებდი (იცინის). დილით, სკოლაში წასვლისას ტანსაცმელს რომ ვიცვამდი, თან წიგნს ვკითხულობდი. კარგი პერიოდი იყო. თან, იმ ასაკში ყველაფერი გაცილებით უკეთ გამახსოვრდება, უფრო სწრაფადაც კითხულობ. ახლა ერთ აბზაცს რამდენჯერმე გადავიკითხავ ხოლმე, რადგან სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. მერე, უცბად ვხვდები, რომ ტყუილად წავიკითხე - აზრი ვერ გამოვიტანე და ხელახლა ვკითხულობ (იცინის).

- მოზარდობის პერიოდში რა სახის ლიტერატურა გიტაცებდა?

- სათავგადასავლო ლიტერატურა რომ ამოვწურე, უკვე ყველა წიგნის წაკითხვა დავიწყე, რაც შინ გვქონდა. დავგეგმავდი ხოლმე - ამ ზაფხულს ეს "თარო" უნდა წავიკითხო-მეთქი და გეგმას ვასრულებდი, აბსოლუტურად ყველაფერს ვკითხულობდი. იმ პერიოდში წავიკითხე დიუმას, ბალზაკის ნაწარმოებები... ამას წინათ, თანამშრომელს ვეუბნებოდი, - "ფორსაიტების საგა" რამ წამაკითხა-მეთქი?! ამხელა "სერიალი-წიგნი" წავიკითხე (იცინის). ალბათ, ეს კითხვის წყურვილი იყო - კარგია... თანამედროვე ახალგაზრდები ამდენს აღარ კითხულობენ - ახლა ცხოვრების სხვა სტილია. ისე ნათქვამი არ გამომივიდეს, მოხუცები რომ ამბობენ - აი, ჩვენი დრო ჯობდაო, მაგრამ კითხვა ძალიან კარგია: წარმოსახვას ავითარებს, ლექსიკურ მარაგს ამრავალფეროვნებს. მიმაჩნია, რომ ბევრ რამეში (ტელევიზიასა თუ წერაში) ზუსტად ის ფაქტი გამომადგა, რომ ბევრს ვკითხულობდი: სწორედ ეს მარაგია ჩემი პირველი დამხმარე...

- რომელიმე ავტორის წერის სტილი განსაკუთრებულად თუ მოგწონს ან წერის შენს მანერაზე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?

- იმის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩემი "პოსტები" მწერლობას შევადარო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ვინმეს გავლენა იგრძნობა... უბრალოდ, ერთ წიგნს დავასახელებ, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს, - ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამ წიგნის ძალიან ძველი გამოცემა მაქვს. ბიძაჩემმა მაჩუქა, - აუცილებლად წაიკითხე, კარგი წიგნიაო. მაშინ დაახლოებით მთავარი გმირის ასაკის ვიყავი... დახეული, დაფლეთილი წიგნია. სულ ვკითხულობ. მახსოვს, ერთხელ შვეიცარიაში ყოფნისას ეს წიგნი სასტუმროში დამრჩა. შვეიცარიიდან რომ გამოვემგზავრე, აღმოვაჩინე, რომ აღარ მქონდა. ვაიმე, ქვეყანა შევძარი! სასტუმროში დავრეკეთ... ეძებეს და ბოლოს თქვეს: - რაღაც ძველი, გაყვითლებული წიგნი ვიპოვეთ, მაგრამ ვერ მივხვდით, რომელ ენაზე იყო დაწერილი; აქ გვაქვსო (იცინის)... მოკლედ, შემინახეს, მერე კი გამომიგზავნეს.

- რომელმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა შეგიცვალა მსოფლმხედველობა დიდწილად?

- ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, როცა მარკესის "მარტოობის ასი წელი" პირველად (რამდენჯერმე მაქვს წაკითხული) წავიკითხე. წინათ, "მირკი" და ინტერნეტი ახალი შემოსული რომ იყო, "ჩატში" რემედიოსი მერქვა, ამ წიგნით ისეთი გატაცებული ვიყავი (იღიმის)... ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად, რომელიმე ნაწარმოების დამსახურებაა ჩემში "გადატრიალება", მაგრამ ალბათ, ჩემ მიერ წაკითხულ ყველა წიგნს შეჰქონდა თავისი წვლილი ჩემს განვითარებაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა კითხვისთვის დიდად ვეღარ ვიცლი...

- სკოლაში ქართული ლიტერატურის სწავლისას, საპროგრამო მასალით უკმაყოფილო თუ ყოფილხარ?

- არანაირად. გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი მასწავლებლები, კლასელები მყავდა, რაც ბევრს უკვირს: სკოლაში იმ დროს დავდიოდი, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა უბედურება ხდებოდა. კლასში ხან "სალიარკის" "ფეჩით" ვთბებოდით, ხან - "პარკეტს" ვწვავდით... ზოგი სკოლაში არც დადიოდა. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენ სახლიდან გავრბოდით, რომ სკოლაში მივსულიყავით. თანაკლასელები დღემდე ვმეგობრობთ, მასწავლებლებს ვეკონტაქტებით... ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს ვერ ვსწავლობდი - ამის ზუთხვა კოშმარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებს ძალიან ვაფასებ. ესეც გამომადგა, რადგან ზოგჯერ ციტატები მომყავს მაგალითად, მადგება... ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროების სწავლა ფუჭად ჩავლილია. მით უმეტეს, მეხსიერება გამივარჯიშა, რაც მერე ტელევიზიაში გამომადგა.

- მშობლიურის გარდა, რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა განსაკუთრებულად ხომ არ გიზიდავს?

- რუსი კლასიკოსების კითხვას ბევრი დრო დავუთმე, რადგან მაშინ ბევრი კარგი გამოცემა რუსულ ენაზე იყო. სახლშიც სულ რუსულ ენაზე ვკითხულობდი (დედა რუსულენოვანია), თუმცა ახლა დოსტოევსკის შემოქმედების მეორედ წაკითხვის ნერვი აღარ მაქვს (იცინის)... მაგალითად, ბორხესი მიყვარს. იმით მიმიზიდა, რომ ნახევარგვერდიან მოთხრობაში 100-გვერდიანი რომანის ამბის ჩატევა შეეძლო... იყო პერიოდი, როცა იაპონელი ავტორების შემოქმედებით გახლდით გატაცებული. მიტაცებდა ფრანგული ლიტერატურა... მოზარდობის პერიოდში, ჩარლზ დიკენსი მომწონდა... ეს "მიდებ-მოდებაც" კარგი იყო, რადგან ამ წიგნების საშუალებით, რაღაცნაირად, ადამიანი ყველა კულტურას ეცნობი, ინფორმაციას იღებ.

- წიგნის დაწერაზე თავად თუ გიფიქრია?

- კი. მიფიქრია კი არა, მაფიქრებინებენ, მიკიჟინებენ (იცინის)... პირველ რიგში, ზოოპარკის წიგნი (ცხოველების ამბებით) მაქვს დასაწერი. ფაქტობრივად, დაწერილი მაქვს, მაგრამ დრო მჭირდება, რომ ყველაფერს თავი მოვუყარო. ასევე, მეგობარი მეხვეწება - საბავშვო ზღაპრები დაწერე, მე გამოვცემო. - ჯერ რა მეზღაპრება, ნეტავ, ზოოპარკის წიგნი დამასრულებინა-მეთქი, - ვპასუხობ (იცინის). ზღაპარი მაინც რთული დასაწერია. ზოოპარკის ცხოველების ამბები კი რეალურია, რაც უფრო ადვილი დასაწერია, თუმცა მივხვდი, რომ შეიძლება, მწერალმა წიგნის შინაარსი მოიგონოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიალოგები, სიტუაციები რეალური ცხოვრებიდან გადააქვთ წიგნში...

- "გზის" მკითხველებს რომელი ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- თუნდაც, ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" წაიკითხონ, რომელიც შარშან ზაფხულში წავიკითხე. თან, ჩხიკვი მყავდა - ბარტყი გავზარდე სახლში. მთელი ზაფხული ამ ნაწარმოებს ვკითხულობდი, ჩხიკვთან ერთად. ეს წიგნი სულ დაფლეთილია, რადგან ჩიტი მიკორტნიდა (იცინის)... "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" ასევე, აუცილებლად უნდა წაიკითხონ. ამ წიგნის დასახელება გამომრჩა, როდესაც საყვარელ ნაწარმოებებზე ვსაუბრობდი: მარკ ტვენის შემოქმედებიდან რატომღაც, ყველას "ტომ სოიერის თავგადასავალი" ახსოვს, მე კი "ჰაკლბერი ფინზე" ვიყავი გადარეული, ისე მიყვარდა! ამერიკაში რომ მოვხვდი და მისისიპის ნაპირზე აღმოვჩნდი, დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი, - ვაიმე, ამ მდინარეზე მოცურავდა ჰაკლბერი ფინი თავისი ტივით-მეთქი (იღიმის)... ესეც თავისებური ხიბლია, როცა იმ ადგილას ხვდები, სადაც წიგნის სიუჟეტი ვითარდება...

ეთო ყორღანაშვილი