"ხიშნიკი მძღოლების" ქვეყანა - გზაპრესი

"ხიშნიკი მძღოლების" ქვეყანა

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა და რკინიგზით მგზავრობა აკრძალულია. ეს აკრძალვა მხოლოდ მსუბუქ მანქანებსა და ტაქსებზე არ ვრცელდება, რაც არაერთი უსამართლობის წყაროდ იქცა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სფეროში სრული ქაოსი და განუკითხაობაა, რადგან ყველაფერი "იატაკქვეშეთში" გადავიდა: მგზავრობის ღირებულება ერთიორად გაიზარდა, გადასახადს აღარავინ იხდის, რეგულაციების დაცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!..

"ნუთუ იმან, ვინც ეს დრაკონული შეზღუდვები შემოიღო, ჩემნაირ ხალხზე არ იფიქრა?"

ანა ს., კონსულტანტი:

- სტუდენტი ვარ და ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად ვმუშაობ. იმდენს ვახერხებ, რომ სწავლის ფულს ჩემი ხელფასით ვაგროვებ. დედაჩემი ონკოლოგიური ავადმყოფია, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს, სათანადოდ ვეღარ მკურნალობს. არასდროს დამავიწყდება 2020 წლის 3 დეკემბერი: დამირეკეს, რომ დედა შეუძლოდ გახდა. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. ტაქსით მივედი დიდუბემდე, სადაც კერძო მანქანები იდგნენ: მახსოვს, ერთმა ნამუსგარეცხილმა 80 ლარი მომთხოვა! ბოლოს, როგორც იქნა, მე და რამდენიმე ჩემისთანა გაჭირვებული შევიკრიბეთ და "მინივენს" გავყევით, რომელსაც 30-30 ლარი გადავუხადეთ. რა პირბადე და დისტანცია, რომელი ნორმების დაცვა, არაფერს დავეძებდი, ოღონდაც დროზე ჩავსულიყავი. კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა... სულ ვფიქრობ: ნუთუ იმან, ვინც ეს დრაკონული შეზღუდვები შემოიღო, ჩემნაირ ხალხზე არ იფიქრა? მეც ხომ ამ ქვეყნის შვილი და საქართველოს მოქალაქე ვარ?! უკვე აღარ შემიძლია ამდენი უსამართლობის ატანა: ვხედავ, როგორ დადიან სხვები თავისუფლად, ვიღაცები კი ტუსაღებად აქციეს. კიდევ კარგი, ჩემი სამსახური არც ისე შორსაა, მაგრამ ამ სიცივეში იქაც ფეხით მივდივარ. ამ დღეებში კურსელი მიყვებოდა, როგორ მიდის "გუგუნი" მის ქუჩაზე არსებულ რესტორანში, რომელსაც თურმე "კარგი პატრონი" ჰყავს. მეც კარგად ვხედავ, როგორ არღვევენ "ძლიერნი ამა ქვეყნისა" რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს...

"სახლში გამომკეტეს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო!"

გიორგი ნ., მძღოლი:

- სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ, კერძო მანქანა არ მყავს - ერთი წლის წინ, შვილის ავადმყოფობის გამო გავყიდე და ვეღარ ვიყიდე. ტრანსპორტის აკრძალვის გამო უმუშევარი დავრჩი. ჩემნაირებს მუშაობა აუკრძალეს, ხალხი სიღარიბისა და შიმშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თვითონ კი გამდიდრდნენ და "გულაობენ". სახლში გამომკეტეს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო! ყველამ იცის, რომ უმუშევრად დარჩენილი ხალხის ნახევარზე მეტი ვეღარ დაიბრუნებს სამსახურს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! ვინ უნდა აგოს პასუხი გაღარიბებულ ქვეყანასა და მოსახლეობაზე? ამათ ხომ არ ჰგონიათ, "ნაციონალები" ჩემი მოსისხლე მტრები იყვნენ, 2012 წელს ხმა რომ არ მივეცი? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაატყავებს და გააღატაკებს ამ ქვეყანას, - "ოცნება" თუ სხვა პარტია?! მთავარია, ყოველდღიური საარსებო წყარო მქონდეს - უკვე ამ დონემდე დაგვიყვანეს. ვერც კი ხვდებიან, რომ თბილისს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ავსებს, ეს ხალხი შრომობს, გადასახადებს იხდის, ეკონომიკას აცოცხლებს... ამ ხალხს რეგიონებში ვიღაც მაინც ჰყავს: დედა, მამა, ბებია, ბაბუა - მათთვის ტრანსპორტის აკრძალვა შეიძლებოდა?!.

"ხიშნიკ მძღოლებს" მგზავრები ყველა ნორმის დარღვევით გადაჰყავთ"

ნესტორ მიქატაძე, დიდუბის ავტოვაგზლის დირექტორი:

- შეზღუდვების მიუხედავად, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრები მაინც გადაჰყავთ, ოღონდ - ოფიციალურ კომპანიებს კი არა, კერძო პირებს, რომლებსაც ხალხში "ხიშნიკ მძღოლებს" ეძახიან. სიტუაცია დიდუბეში ქაოსურია: მგზავრები ყოველდღე მიდიან გორში, ხაშურში, ქუთაისში, ბათუმში და საერთოდ, ნებისმიერი მიმართულებით. ეს ხდება აღურიცხავი მანქანებით, ე.წ. მინივენებით, "დელიკებით" და მსუბუქი ავტომობილებით. სამწუხაროა, რომ კანონიერი კომპანიები "ხიშნიკ მძღოლებთან" არათანაბარ პირობებში არიან, რადგან კანონს იცავენ, ბიუჯეტი კი ამ დროს სერიოზულ თანხას კარგავს: ავიღოთ დეკემბერი და იანვარი, რომელიც დავკარგეთ: ამ თვეებში ჩვენი სააქციო საზოგადოების შემოსავალი საშუალოდ, 130-140 ათას ლარს შეადგენდა, საიდანაც ბიუჯეტში 40 ათასი ლარი ირიცხებოდა, - მოკლედ, ჩვენმა ორგანიზაციამ და ბიუჯეტმა ტრანსპორტის შეჩერების გამო დიდი ზარალი განიცადა და ეს მაშინ, როცა მგზავრთა გადაყვანა ერთი დღითაც არ შეჩერებულა, უბრალოდ, მგზავრები გაორმაგებული და გაასმაგებული ფასით გადაჰყავთ... ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნდეთ, მიბრძანდით და ნახავთ, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩვენს ავტოსადგურს შეეძლო, ყველა რეგულაციის დაცვით ემუშავა: ხალხს შეზღუდული რაოდენობით ჩავსვამდით, შესაძლოა, ამის გამო მგზავრობის ღირებულება ცოტათი გაგვეზარდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ორმაგი და სამმაგი ფასი. მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან: ნოემბერში ქუთაისამდე მგზავრობა 12 ლარი ღირდა, ახლა კი ფასები 30 ლარიდან იწყება და უფრო მეტიც ღირს. რა ქნას იმან, ვისაც თბილისში ჩამოსვლა და მკურნალობა სჭირდება? რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც მანქანა არ ჰყავს? თანაც, ამით კანონიერად დასაქმებული ორგანიზაციები ზარალდებიან - ჩვენი საქმე შეითავსეს კერძო მანქანებმა, რომლებზეც კონტროლი არ ხორციელდება. ეს არარეგისტრირებული მძღოლები არიან, რომლებსაც არც მოწმობა აქვთ და არც სერტიფიკატი. მოკლედ, ეს მთლიანად უკონტროლო სფერო გახდა და ისევ ჩვენს მოსახლეობას დააწვა ტვირთად.

GzaPress

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტრანსპორტი არ დადის!"

დავით მესხიშვილი, "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი:

- ე.წ. ხიშნიკი მძღოლები ყველა დროში არსებობდნენ, უბრალოდ, საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვით მათი რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. არ გამოვრიცხავ, რომ ვისაც მგზავრები კანონიერად, ხაზით გადაჰყავდა, ის ახლაც მუშაობდეს. ძნელია თქმა, რა არის ამ სფეროში ლეგალური და რა - არა, რადგან დღესდღეობით საქართველოს გზებზე ქაოსური და მოუწესრიგებელი სიტუაციაა. რატომ? - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა საერთოდ არ შეიძლებოდა - ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა: დისკრიმინაციაა, როცა კერძო მანქანის მფლობელებს გადაადგილების უფლება აქვთ და ვისაც ავტომობილი არ ჰყავს, ეუბნებიან - ფეხით იარეთო. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც "კოვიდ-19" უმწვავესი პრობლემა იყო, ტრანსპორტი არ აუკრძალავთ. უსამართლობაა, მობილობა შეამცირო იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, ეს - ძველებური, საბჭოთა მიდგომაა და სხვა არაფერი. ყველამ ვიცით, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰყავს ავტომობილი. ამ ხალხისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ყველაზე მეტად სწორედ ეს ნაწილი დაიჩაგრა. ამასთანავე, ტრანსპორტის აკრძალვამ გამოიწვია ის, რომ უსაფრთხოების სტანდარტები გაუარესდა: არ ვიცით, ვინ ზის საჭესთან, აქვს თუ არა სათანადო მოწმობა. მდგომარეობა გაუარესდა ეპიდკონტროლის თვალსაზრისითაც, რადგან ეს სფერო დღეს მომსახურების არეალიდან არის გასული. იმისათვის, რომ პრობლემები გადაიჭრას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება აუცილებელია. ვინც ამ სფეროში ვსაქმიანობთ, საჭირო რეკომენდაციები უკვე მივაწოდეთ, სატრანსპორტო კომპანიებიც ამბობენ, რომ მათი შესრულება შესაძლებელია. მაშ, რა მიზეზი დარჩა, რატომ არ მუშაობს ტრანსპორტი?.. დღეს მოდაშია გამოთქმა - "დაგუგლეთ" და გაარკვიეთო... ასჯერაც რომ "დაგუგლოთ", საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული და აკრძალულია. ეს დისკრიმინაციული მიდგომა არსად, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დაუშვიათ. რატომ? - საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც პოლიციას, სახანძრო სამსახურს, - მას ყველგან გადაუდებელი ტიპის მომსახურებად მიიჩნევენ, მით უმეტეს - ეპიდემიის დროს, როცა ადამიანებს ექიმი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიღება უფრო მეტად სჭირდებათ. ვინმეს ხომ არ ავიწყდება, რომ ამ ტრანსპორტით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობს? მუნიციპალური ტრანსპორტი მნიშვნელოვანია დედაქალაქშიც, რეგიონებშიც, და მისი აკრძალვა არასწორი, არადემოკრატიული, არათანამედროვე გადაწყვეტილებაა. კიდევ გავიმეორებ: თბილისის ტრანსპორტის სამსახური და ყველა სატრანსპორტო კომპანია მზად არის, რომ ტრანსპორტი ამუშავდეს, აბა, ვის ინტერესებში შედის მისი აკრძალვა?!

ხათუნა ჩიგოგიძე