"კარგ დროს ტარებას გისურვებთ!" ანუ მძღოლი გამოძახებით
თავადაც ჰყვებიან, მაგრამ ჩვეულებრივი "ტაქსისტებისგან" განსხვავებით, გამორჩეულად საინტერესო იმ მძღოლების ცხოვრება მგონია, რომლებიც ნასვამ "კოლეგებს" ემსახურებიან... როგორ გგონიათ, ნასვამი ქართველი მამაკაცისთვის მანქანის გასაღების ჩამორთმევა და მის საჭესთან დაჯდომა იოლი საქმეა? კიდევ უფრო მძიმე, ალბათ, ნასვამი ქალების მომსახურებაა.
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
ბადრი გაზაშვილიც ერთ-ერთი იმ მძღოლთაგანია, ვინც საოცარი ნებისყოფით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მთვრალმა კაცმა შეურაცხყოფაც კი მიაყენოს, მას ოჯახის წევრებს მშვიდობიანად მიუყვანს.
- ნასვამ მძღოლებთან ურთიერთობისას უამრავი თავგადასავალი გადამხდენია. მახსოვს, ერთხელ რესტორნიდან დაგვირეკეს, - კაცია წასაყვანიო. ადგილზე მისულს ვიღაცამ მითხრა, - აი, ეს უნდა მიიყვანოთ სახლამდეო, მერე მანქანის გასაღები მომცა, თავად კი რესტორანში შებრუნდა. ავტომობილის პატრონს მანქანაში ეძინა და ვერაფრით გავაღვიძე. დიდხანს ვეჯაჯგურე, მაგრამ მისგან მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ ზაზა ერქვა. ვეკითხები: ბატონო ზაზა, აბა, საით წავიდეთ-მეთქი? მპასუხობს: ვაჟაო. ვიფიქრე, - ეტყობა, ვაჟა-ფშაველას გამზირს გულისხმობს-მეთქი და "ვაჟაზე" წამოვედი... ასე ვატარე ეს თქვენი ზაზა ზევით-ქვევით, ბოლოს კი ისევ იმ რესტორანს მივადექი, საიდანაც წამოვიყვანე, იქ ძლივს მივაკვლიე მის მეგობრებს. მერე ერთ-ერთმა ამ კაცის მეუღლის ნომერი მომცა; დავრეკე და ზაზა-ვაჟა ვარკეთილში წასაყვანი გამიხდა.
- ასეთ დროს ნერვები არ გეშლებათ?
- მითხარით, ასეთ დროს კაცს როგორ ან რისთვის უნდა გავუბრაზდე? ასე რატომ დათვერი-მეთქი? აი, მეუღლე კი იცოცხლე, კარგად გაუბრაზდა... ზოგიერთი კლიენტი ძალიან ცუდად მოგვმართავს. სამწუხაროდ, ისეთებიც ბლომად არიან, რომ ვერ გაიგებ, რა უნდათ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად... სახალისო ამბები კი ძირითადად, მანქანაში ჩაჯდომამდე ანუ იმ მომენტიდან იწყება, როცა ნასვამ კაცს მანქანის გასაღებს სთხოვ.
- ალბათ, ამას აპროტესტებენ...
- ძალიან ბევრი ვერ თმობს საჭეს. თუ მეუღლემ გამოგვიძახა, იწყება ჩხუბი: შენ ჩემს მანქანას ვის აძლევ, საჭესთან ვის სვამო? ვუხსნი, - ბატონო ჩემო, მეც ვიცი ტარება, კარგი მძღოლი ვარ-მეთქი. ასეთ დროს, როგორც წესი, მპასუხობენ: მერე წადი და შენი მანქანით იარეო. როცა მთვრალს როგორღაც დავიყოლიებ, მერე ამოწმებს, ნასვამი ხომ არა ვარ, ჩემში ეჭვი ეპარება; რადგან ასე ტკბილად, შინაურულად ველაპარაკები (ასეთი ტაქტიკა შევიმუშავეთ), ნაცნობი ვგონივარ, ჩემს გახსენებას ცდილობს და გონებით სუფრის წევრებს შორის "მეძებს"... უკვე ძალიან ბევრი მუდმივი კლიენტი გვყავს; ზოგიერთი ქალაქგარეთაც, საკუთარ აგარაკზე რომ მიდის, და იცის, იქ დალევა მოუწევს, გვეპატიჟება. ჩვენთვის სუფრასთან ადგილიცაა გამოყოფილი. ბევრის დედასა და მეუღლეს ლამის ოჯახის წევრებად მივაჩნივართ. ასეთი კლიენტების არათუ მისამართები, არამედ ისიც ვიცი, რომელი მანქანა რომელ გარაჟში უნდა დავაყენო... ერთხელ ნაცნობმა ბიჭმა გამომიძახა. რესტორნიდან ბევრნი გამოვიდნენ, ყველანი მთვრალები იყვნენ. მანქანაში დაჯდომისთანავე დაიძინეს და ვერ მივხვდი, ვინ სად უნდა წამეყვანა. რაღაც მომენტში ჩემს ნაცნობს გაეღვიძა, მაგნიტოფონი ჩართო და "ჰარდ მეტალს" ბოლო ხმაზე უსმენდა. ადამიანი "იავნანაზე" ვერ დაიძინებს ისე ღრმად, როგორც ამ ახალგაზრდებს, ასეთ გუგუნში ეძინათ. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ყველა იმ ნაცნობი ბიჭის დედას მივაყენე. ქალი ლამის გაგიჟდა, - ეს ხალხი საიდან მომიყვანე, ვინ არიანო? - ეგ გამაგებინა, ქალბატონო და ახლავე სახლებში ჩამოვარიგებ-მეთქი (იცინის). მანქანა მგზავრებიანად, გარაჟთან დავტოვე და კლიენტისთვის ფულიც არ გამომირთმევია. თურმე, დილამდე ავტომობილში ისხდნენ, ვერც ერთი მათგანი ადგილიდან ვერ დაუძრავთ, დილით კი იმ ბიჭმა დამირეკა: გეხვეწები, ლუდი წამომიღე და ამოდი, ფული უნდა მოგცეო...
- კლიენტებთან ერთად არასდროს გიქეიფიათ?
- მხოლოდ არასამუშაო საათებში.
- ყველაზე ურჩი და "ძნელად აღსაზრდელი" კლიენტიც გაიხსენეთ.
- ერთხელ საგურამოში გამოგვიძახეს. მანქანის პატრონი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მეუბნებოდა, - მანქანა გააჩერე! ვინ ხარ და ჩემი ავტომობილის საჭესთან რატომ ზიხარო? ვერ წარმოიდგენთ, თბილისში ჩამოსასვლელად რამდენი ხანი დამჭირდა... ბევრი ცხოვრობს პრინციპით: "რაკი ფულს ვიხდი, ყველაფრის უფლება მაქვს". ერთხელ გამომიძახეს, - გეხვეწებით, რესტორანში მოდით, ბავშვი მყავს წასაყვანიო. ცხოვრებაში ასე სწრაფად არ მივლია: შემეშინდა, ბავშვი ცუდად ხომ არ არის-მეთქი და ადგილზე 5-6 წუთში მივედი, მაგრამ კლიენტს ზუსტად საათ-ნახევარი ველოდე, ამასობაში კი ჩამთვლიმა კიდეც. როცა ის კაცი გამოვიდა, ჩხუბი დამიწყო, შეურაცხყოფა მომაყენა, - რატომ გძინავსო? მასზე ისე გავბრაზდი, აღარ მოვემსახურე, თან - ხიფათსაც ავარიდე თავი: შეიძლებოდა, ჩხუბი მანქანაშიც განეგრძო და საჭისთვისაც აეკრა ხელი, ასეთი შემთხვევაც მქონია.
- არასდროს მომხდარა, რომ ცოლს გამოუძახებიხართ და ქმარს უეჭვიანია?
- ეჭვიანობენ მაშინ, თუ ნასვამი ქალი მიგვყავს შინ. როცა მამაკაცი ეზოში გამოიხედავს და დაინახავს, თუ როგორ გადმოდის უცნობი კაცი მისი ცოლის მანქანიდან და სხვა მანქანაში ჯდება, ეგრევე გინებას იწყებს: სად მიდიხარ, შენი დედა, მანდ დამელოდეო... მაგრამ როგორც კი მანქანაზე გაკეთებულ წარწერას წაიკითხავენ, მაშინვე ბოდიშს მიხდიან (იცინის).
- თქვენ არასდროს დაგჭირვებიათ "მძღოლი გამოძახებით"?
- კი, როგორ არა! გამომიძახებია და მოუკითხავთ კიდეც სამსახურის მანქანით. ოღონდ, ასეთ დროს ჩემსავე მეგობარს ვურეკავ ხოლმე...
- ბადრი, ამ საახალწლოდ რას უსურვებთ ქეიფის მოყვარულ მძღოლებს?
- ყველა მძღოლს და მათ შორის საკუთარ თავსაც, უპირველესად, "მწვანე შუქსა" და მშვიდობით მგზავრობას ვუსურვებ! ერთს გთხოვთ, საჭესთან მთვრალები ნუ დასხდებით. დაბოლოს, კარგ დროს ტარებას გისურვებთ!
ირმა ხარშილაძე