"მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება საჭიროა" - გზაპრესი

"მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება საჭიროა"

ხატია სიჭინავა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ სიცოცხლე ძალიან უყვარს და დეპრესიისთვის ვერც ერთ წამს ვერ გაიმეტებს. ურჩევნია, დღევანდელი დღით იცხოვროს, ვიდრე თავი მოიკლას იმაზე ფიქრით, ხვალ რა და როგორ იქნება. ერთი სიტყვით, როგორც თავად ამბობს, გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიო დამოუკიდებლად აზროვნებას. ხასიათის სიმტკიცეც აუცილებელია, თუმცა ამას მხოლოდ აღზრდა არ განსაზღვრავს - ინდივიდუალურია, ვიღაცას მტკიცე ხასიათი აქვს, ვიღაც ყოველთვის სხვის აზრზეა დამოკიდებული. მშობლების თაობას ჩვენგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. გვეუბნებოდნენ, სწავლაში სხვებს უნდა აჯობო და ყველაზე კარგი იყოო. ვფიქრობ, ეს არასწორია. როდესაც ჩემს შვილებს კლასელებთან უთანხმოება მოსდით და გულნატკენები მიყვებიან მომხდარს, ვეუბნები, თქვენი პრობლემები თვითონვე მოაგვარეთ, მეგობრებთან და კლასელებთან ურთიერთობაში მშობლებს ნუ ჩაგვრევთ-მეთქი. პატარაობიდან უნდა მიეჩვიონ დამოუკიდებლობას. 4 შვილი მყავს და არასდროს მითქვამს რომელიმესთვის, ის შენზე უკეთესად სწავლობს-მეთქი. შენ უნდა ისწავლო კარგად და უნდა იყო შემდგარი ადამიანი - აი, ამას ვასწავლი თითოეულს.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ვფიქრობ, ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს ცხოვრების მიზანი. ყველას თავისი აზრი აქვს, ის ან მისაღებია შენთვის, ან არა. ახლა ყველა პირბადით დადის, მათ შორის, ბავშვებიც. ვიღაც თვლის, რომ ეს აუცილებელია და მათ არჩევანში არ ვერევი, მაგრამ ჩემი შვილებისთვის პირბადე ერთი დღითაც არ გამიკეთებია. ვთვლი, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან, რადგან არ ვასუნთქებ ნახშირორჟანგს, ჩემთვის ეს არის მისაღები და სწორი. სჯობს სუფთა ჰაერი ისუნთქონ.

- "რევოლუცია არის წარმატებული ძალისხმევა, ცუდი ხელისუფლება უარესით შეიცვალოს" (ოსკარ უაილდი).

- სამწუხაროდ, სრული სიმართლეა. 2012 წელს ჩემი არჩევანი გავაკეთე და მეგონა, რომ ცუდს ვცვლიდი კარგით. აღმოჩნდა, ცუდი უარესით შევცვალე. ახლა მე მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება და აზრზე მოყვანა ნამდვილად საჭიროა. ჩემთვის მთავარია, მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილებები და შეიმუშაონ სწორი გეგმა. არ მინდა, სკოლები რომ გაიხსნება, ერთ კვირაში ისევ დაკეტონ.

- "არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ" (გაბრიელ გარსია მარკესი).

- იმსახურებენ ზოგჯერ... უახლოეს მეგობართან შევწყვიტე ურთიერთობა, რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ჩვენი გზები გაიყარა. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რადგან ამატირა იმან, ვისაც არ უნდა ავეტირებინე და ვისაც გული არ უნდა ეტკინა ჩემთვის.

- "ჩვენ, ქალებს სილამაზე იმისათვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს თავი შევაყვაროთ, ხოლო სისულელე კი იმისათვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ" (კოკო შანელი).

- ვერ დავეთანხმები (იცინის), სილამაზე საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად გვჭირდება, შემდგარი და საკუთარი თავით კმაყოფილი ქალები რომ ვიყოთ, ხოლო სისულელე თავის მოსაჩვენებლად - თითქოს გვჯერა, რასაც გვატყუებენ. უბრალოდ, არ გინდა შეიმჩნიო ტყუილი, რადგან ურთიერთობებს უფრთხილდები ან უმნიშვნელოა ის თემა და სულერთია, გატყუებენ თუ არა. მამაკაცებთან მიმართებაში არის მომენტი, როდესაც ქალმა თავი უნდა გაისულელოს, თორემ სინამდვილეში სულელი არავინაა.

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- ოჯახში ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს, მაგრამ თუ მართლა გიყვარს, პრობლემებს გაუმკლავდებით და მაშინ სპილენძი ოქროდაც მოგეჩვენება. ეს შემდგარ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია. გაჭირვება რთული გადასატანია. ამ პანდემიის პერიოდში არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ასე თუ ისე, ფინანსური პრობლემები არ შეეხო. ბევრი ოჯახი გამოწვევებს ტრაგედიად აღიქვამს და ინგრევა, რაც სიყვარულის ნაკლებობაზე მიანიშნებს. უნდა შეძლო და მეუღლეს გაჭირვება ჯოჯოხეთად არ უქციო. მე და რამაზი ერთმანეთს ყოველთვის ვამხნევებთ, რადგან კარგად ვიცით, რომ დაღმართს აუცილებლად მოჰყვება აღმართი.

- "ყველა მამაკაცს სურს, ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალბატონებს კი ამასთან მიმართებაში განსხვავებული ხედვა აქვთ: მათ სურთ, მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული იყვნენ" (ოსკარ უაილდი).

- არის ამაში სიმართლე. ჩემი ქმარი ხშირად მეტყვის ხოლმე, რატომ ბავშვობისას არ შევხვდით ერთმანეთსო?.. რაც შეეხება იმას, გვსურს თუ არა, ვიყოთ კაცის უკანასკნელი სიყვარული, ესეც მართალია. იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი).

- ჭორაობა საქართველოში ბევრისთვის უსაყვარლესი საქმიანობა და საზრდოა. რატომღაც მგონია, რომ ვისზეც ცუდს ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვიტყვი, იმ წუთში ის ჩემზე იტყვის ცუდს... ამიტომაც ვცდილობ, ჭორაობაში არავის ავყვე.

- "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას" (ბუასტი).

- მიყვარს კლასიკოსების კითხვა. რამდენჯერმე ვცადე თანამედროვე მწერლების შემოქმედებას გავცნობოდი, მაგრამ არ დამაინტერესა. განსაკუთრებით ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" და ბალზაკის "შაგრენის ტყავი" მომწონს. რთულია, მაგრამ სირთულეებთან შეჭიდება არ მაშინებს. ამ ბოლო დროს გავიცანი ისეთი ადამიანები, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ვისთან საუბარიც მართლა კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია.

- "არასოდეს დაბრუნდეთ მოღალატესთან. უმჯობესია, დაიკვნიტოთ ფრჩხილები და ჭამოთ მიწა, ვიდრე დაბრუნდეთ იქ, სადაც ოდესღაც გიღალატეს" (ჟან რენო).

- თუ ადამიანი ერთხელ გაგწირავს, კვლავ გაიმეორებს. როცა პატიობ, იმის ნაცვლად, მიხვდეს და დაფიქრდეს თავის საქციელზე, უფრო თამამდება. თვლის, რაკი ერთხელ გაუვიდა, მეორედაც ასე უნდა მოიქცეს.

GzaPress

- "ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება" (უენლისი).

- ქედმაღლობა ყველაფერში დაბრკოლებაა. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, შესაბამისად, ყველას გვეშლება, მაგრამ ქედმაღლობა ადამიანის უდიდესი შეცდომაა, თუნდაც ქრისტიანული თვალსაზრისით. არასდროს ჩამითვლია თავი ვინმეზე მეტად.

- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).

- გააჩნია, როგორ მიგითითებენ. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არამკითხე მოამბის პოზიციაში დგანან და ცდილობენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ. არ მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგები და ვხვდები, მართალს მეუბნებიან, ვცდილობ, გამოვასწორო.

- "სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის" (ბიორნე).

- ხდება ხოლმე ასე - რაღაცას გააკეთებ ან იტყვი და მერე ნანობ. ამიტომაც უნდა დაუკვირდე საქციელსაც და სათქმელსაც, სიტყვებს უკან ხომ ვეღარ დავიბრუნებთ? მეც აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში და ისეთი რამ მითქვამს, რაც იმ წუთშივე მინანია.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- ახალდაქორწინებულები ვიყავით და მახსოვს, ერთხელ მანქანაში მეკითხებოდა, სად წავიღე ფული, რაში დავხარჯე. ხომ იცით, კაცებს ჰგონიათ, რომ სისულელეებში ვფლანგავთ ფულს. ამ დროს, არ იციან, რა ღირს თუნდაც პროდუქტი. მოკლედ, გაბრაზებული მეკითხებოდა და ჯუჯღუნებდა. ვერასდროს ვიტანდი, წყვილი ქუჩაში ან მანქანაში საქმეს რომ არჩევდა. ამიტომაც, ის რომ ჩხუბობდა, მე ბედნიერი გამომეტყველებით ვიჯექი და სხვა მხარეს ვიყურებოდი. რას აკეთებ, როგორ იქცევიო? - გაუკვირდა. სჯობს, ემოციებისგან დაიცალო, მე კი ისე მოვიქცე, ვითომ არაფერი მესმის-მეთქი. ასე რომ, ზოგჯერ გვიწევს თვალისა და ყურის მოტყუება.…

- "მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში" (ონორე დე ბალზაკი).

- ალბათ, მეც ასე მირჩევნია. არც მე ვარ ეჭვიანი და არც რამაზი, მაგრამ ვეთანხმები ბალზაკს (იცინის).…

- "ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის" (ქეი-ქუასი).

- ორივე საშიშია, თუმცა რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, ვერაგი მეგობარი მაინც უფრო საშიშია. მტერზე გაქვს ინფორმაცია და ამიტომ მობილიზებული ხარ, მაგრამ ვერაგი მეგობრის შემთხვევაში, ვიდრე ფაქტის წინაშე არ დადგები, ვერაფერს ხვდები. ფაქტობრივად, მან შენი ყველა სისუსტე იცის, შენ კი ბრმად ენდობი.

- "რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).

- მიყვარს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. დღევანდელი სიტუაცია რომ ავიღოთ - ადამიანები ცოცხალმკვდრები არიან შიშისგან. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, პანდემიას ვგულისხმობ, მეც ძალიან შემეშინდა, მაგრამ მერე რეალობას თვალი გავუსწორე და მივხვდი, რომ ბედისწერას ვერ გაექცევი - არავინ იცის, კოვიდით გარდაიცვლები ხვალ თუ ფეხი გადაგიტრიალდება.…შიშით ცხოვრებას და ცოცხალ მიცვალებულად ყოფნას ვარჩიე, ჩვეულებრივად მეცხოვრა. პანდემიამ მიმახვედრა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარს და დეპრესიისთვის ვერც ერთ წამს ვერ გავიმეტებ. მირჩევნია, დღევანდელი დღით ვიცხოვრო, ვიდრე თავი მოვიკლა იმაზე ფიქრით, ხვალ როგორ ვიქნები.

ნინო ჯავახიშვილი