"თავის დაწვა მინდოდა, მაგრამ პოლიციამ წამართვა ბენზინი" - გზაპრესი

"თავის დაწვა მინდოდა, მაგრამ პოლიციამ წამართვა ბენზინი"

"სექსმუშაკობით ერთ საათში ვიშოვიდი იმ თანხას, რასაც დღეს ფიზიკური შრომის სანაცვლოდ მთელ დღეში ვიღებ, მაგრამ ახლა მშვიდად ვცხოვრობ და ეს სიმშვიდე არანაირ თანხად არ მიღირს", - ამბობს ტრანსგენდერი გაბრიელა, რომელსაც გაუმართლა და დაასაქმეს. ის კეთილი ადამიანების წყალობით საავადმყოფოში, სანიტრად მოეწყო და ახლა საექთანოზე სწავლობს.

- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამოვირჩეოდი, გარდა იმისა, რომ "ბირჟაზე" არ ვიდექი და სიგარეტს საპირფარეშოებში ბიჭებთან ერთად ჩუმად არ ვეწეოდი. სიმართლე გითხრათ, გოგოს ტანსაცმელი და გაპრანჭვა ბავშვობიდან მიყვარდა, ჩემი დის ტანსაცმელს ხშირად ვიპარავდი.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენეთ ის დღეები, როდესაც თქვენმა ოჯახმა თქვენი ორიენტაციის შესახებ გაიგო...

- სხვათა შორის, ყოველგვარი წივილ-კივილისა და ისტერიკების გარეშე დავშორდით ერთმანეთს. მიმიღეს, როგორც გეი, მაგრამ მათ უარი თქვეს ჩემზე, როდესაც გაიგეს, რომ ტრანსგენდერი ვიყავი. სტუდენტობისას ახლობლებმა მნახეს ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი და ჩემს მშობლებს უთხრეს, მათ კი არჩევნის წინაშე დამაყენეს. მე ის გზა ავირჩიე, რომელზეც დღესაც ვდგავარ და არაფერს ვნანობ.

- თუმცა ოჯახის უარყოფის მიუხედავად, თქვენი ტყუპისცალი ძმა მხარში გედგათ. მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონდათ და ჩემს ძმასთან კონფლიქტი ჰქონდათ. ძმას ვთხოვდი, რომ ჩუმად შემხვედროდა, მაგრამ ამას არ თანხმდებოდა. ჩემს მეგობრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პატივს სცემდა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

- გზა, რომელიც სახლის ზღურბლს მიღმა დარჩენილმა გამოიარეთ?

- ძალიან რთული დღეები გამოვიარე; იყო შიმშილი, სიცივე, ქუჩაში ძილი, ბევრი ტკივილი და დამცირება, მაგრამ არ დავნებდი. დახმარების ხელი გეი სექსმუშაკებმა გამომიწოდეს. მათ შევეცოდე და მითხრეს, რომ შემეძლო მათთან მეცხოვრა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი არჩევნის წინაშე დამაყენეს, რომ ან ხარჯები გადაგვენაწილებინა, ან საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავი და მე მომიწია სექსმუშაკად მუშაობამ.

- შეიცვალა თუ არა საზოგადოების თქვენდამი მიდგომა მას შემდეგ, რაც ამ საქმეს შეეშვით?

- სიმართლე გითხრათ, ალბათ კი და თქვენ რომ დღეს ჩემთან ინტერვიუს წერთ, ესეც ამის დასტურია. რამდენიმე წლის წინ მედიას გამოვყავდით, როგორც აგრესიულები და საზოგადოებისთვის საშიშები. იშვიათი იყო, ვინმეზე კარგი დაეწერათ, სოციუმის გარკვეულმა ნაწილმა მიგვიღო და ალბათ სხვებიც მალე მიხვდებიან, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ.

- როგორ დაიწყეთ საავადმყოფოში მუშაობა?

- როდესაც პანდემია დაიწყო და შემოსავლის გარეშე დავრჩით, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიგვემართა და თავი დაგვეწვა. მან, როგორც იცით, უკვე მოასწრო ბენზინის გადასხმა და ცეცხლის მოკიდება, მე კი პოლიციამ წამართვა ბენზინი. ამის შემდეგ დამიკავშირდა ყველასთვის ნაცნობი დომენიკ მანგო, რომელმაც მითხრა, ნინო მზად არის საავადმყოფოში სანიტრად მიგიღოს, გასაუბრებაზე გელოდებაო. გასაუბრება წარმატებით გავიარე და სამსახურში ამიყვანეს. ეს იმის დასტური იყო, რომ ადამიანი ვარ და თუ მოვინდომებ, ყველაფერი გამოვა, მთავარია არ დანებდე. პაციენტებისგან ხშირად დიდ სითბოს ვგრძნობ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ტალახიც უსვრიათ.

- კოვიდინფიცირებულებთან მუშაობით საკუთარი სიცოცხლით გარისკეთ...

- ვხედავდი, რომ პერსონალი აკლდათ და საქმეს ვეღარ სწვდებოდნენ. გადავწყვიტე, დავხმარებოდი პერსონალს. ყველა ადამიანი ვალდებულია, მძიმე წუთებში ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

- ხომ შეიძლებოდა იქ ყოფილიყვნენ ადამიანები, ვინც ადრე დაგამცირათ?

- პოლიციის თანამშრომელი ვიცანი და ვკითხე, ახლა არ გრცხვენია-მეთქი?! თავზე საბანი გადაიფარა და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. მე ამ ადამიანების მიმართ არ მაქვს აგრესია. მეცოდებიან, ამხელა ზიზღს რომ ატარებენ გულით. არავინ მძულს, ყველა მიყვარს მიუხედავად იმისა, მათგან რას ვიღებ. ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო.

- როგორც ვიცი, სწავლობთ კიდეც.

- დიახ, სტუდენტი ვარ და მალე ექთანი გავხდები. მინდა ჩემი შრომით მივაღწიო წარმატებას და დავამტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია.

- რას ეტყოდით მათ, ვინც დღეს თავს ისევ პროსტიტუციით ირჩენს და მათ, ვინც გდევნით?

- მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ იბრძოლონ იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დადგნენ. იქ ნაშოვნი ფული არ არის ისეთი "გემრიელი", როგორიც პატიოსანი გზით მოპოვებული თანხა... მათ კი, ვინც ტალახს გვესვრის და შეურაცხგვყოფს, მეტ სიყვარულს ვურჩევ. ჩვენ ადამიანები ვართ, არავის ვერჩით და მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგვცენ. სახელმწიფოს კი თხოვნით მივმართავ: მოგვეცით მუშაობისა და განათლების მიღების უფლება. ნუ გვაიძულებთ ცუდ გზას დავადგეთ. დაბოლოს, მადლობა თქვენს რედაქციას და თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემისთანა ადამიანის ცხოვრებით.

ფიქრია რობაქიძე