"ძალიან მიხაროდა ამხელა ორკესტრისა და დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა" - გზაპრესი

"ძალიან მიხაროდა ამხელა ორკესტრისა და დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა"

პიანისტი ქეთევან ქართველიშვილი ამერიკაში უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანია. არაერთი კონცერტი აქვს მას დიდი წარმატებით ჩატარებული და მისი შემოქმედებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. ჩვენ ქეთევანს სოციალური ქსელის წყალობით დავუკავშირდით...

- მიამბეთ თქვენს ოჯახზე, მშობლებზე...

- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. ჩემი მშობლები ფიზიკოსები არიან. დედისერთა ვარ და შესაბამისად, ოჯახის მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. მშობლების გარდა, ძალიან მათამამებდნენ დეიდები, ბებია, ბაბუა და ა.შ. მოკლედ, პატარაობიდანვე ყურადღების ცენტრში ვიყავი (იღიმის).

GzaPress

- როდის დაინტერესდით მუსიკით?

- სულ პატარა ვიყავი, მუსიკაზე მკვეთრ რეაქციას რომ ვავლენდი. 4-5 წლისამ ჩემით ვცადე როიალზე დაკვრა, სმენით; შემდგომ უკვე კლასიკური პიესები შევისწავლე. ოფიციალურად მუსიკალური განათლების მიღება 7 წლისამ დავიწყე მე-8 მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ჩემი პედაგოგი ქალბატონი ეთერ გუნია გახლდათ. პარალელურად, 57-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. მე-5 კლასიდან სწავლა განვაგრძე ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში, სადაც ჩემი პედაგოგი არაჩვეულებრივი მუსიკოსი და პიროვნება, ქალბატონი რუსუდან ბეგიშვილი გახლდათ. ნიჭიერთა ათწლედში სწავლისას არაერთი გამოსვლა მქონდა როგორც სოლო, ისე ორკესტრთან ერთად. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, ასეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსს, პედაგოგს და პიროვნებას, რუსუდან ბეგიშვილს რომ შევხვდი. მას დიდი როლი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ბავშვობიდან ვხატავდი, ვცეკვავდი სუხიშვილების სახელობის სტუდიაში, მაგრამ მუსიკისადმი სიყვარულმა და როიალის მიმართ საოცარმა ლტოლვამ ყველაფერს სძლია და პიანისტობა გადავწყვიტე. ამ განზრახვას ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა, ეთერ გუნიამაც შეუწყო ხელი. დაჟინებით ურჩევდა ის ჩემს მშობლებს, ნიჭიერთა ათწლედში გადაიყვანეთო.

ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გავაგრძელე, სადაც დავამთავრე ბაკალავრის, მაგისტრატურისა და ასპირანტურის სრული კურსი პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან.

- თქვენს პირველ წარმატებად რას მიიჩნევთ?

- 12 წლის ასაკში ჩემს პირველ კონცერტს გამოვყოფ ორკესტრთან ერთად, რამაც მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შევასრულე მენდელსონის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ბატონ რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. საოცრად ვღელავდი და ამავე დროს, ძალიან მიხაროდა ამხელა ორკესტრისა და დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ეს არ იყო ჩემი პირველი კონცერტი, მანამდეც გამოვდიოდი სცენაზე, მე-8 მუსიკალურში სწავლის პერიოდში.

- პირველად როდის მოგიხდათ საზღვარგარეთ წასვლა და როგორ აღმოჩნდით ამერიკაში?

- ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ 1999 წელს საბერძნეთში იყო, მარკოპოლოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გავემგზავრე, სადაც მესამე პრემია და ლაურეატის წოდება მომანიჭეს. ამის შემდეგ კიდევ არაერთ ევროპულ ქვეყანაში მქონდა გამოსვლები, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე: გერმანიაში, ესპანეთში, ანდორაში, უკრაინაში და ა.შ.

2009 წელს სრული დაფინანსება მოვიპოვე და სწავლა განვაგრძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიანას უნივერსიტეტში, მსოფლიოში აღიარებულ ლეგენდარულ პიანისტთან, ბატონ ლექსო თორაძესთან. ამ უნივერსიტეტში სწავლისას მივიღე არტისტისა და პერფორმერის დიპლომები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთ საერთაშორისო კონკურსში პირველი პრემია მოვიპოვე. რეგულარულად ვმონაწილეობდი თორაძის სტუდიის კონცერტებში. სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სააგენტოებთან. გამოსვლები მქონდა როგორც სოლო, ასევე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ამერიკის სხვადასხვა ქალაქსა და შტატში. ჩაწერილი მაქვს 2 კომპაქტ-დისკი.

GzaPress

- ამერიკულ ცხოვრებაზე მიამბეთ. უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება რთული იყო?

- ძალიან რთული აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში საერთოდ რაიმეს წამოწყება ან თავის დამკვიდრება. საბედნიეროდ, ჩემს კონცერტებზე შევხვდი საინტერესო ადამიანებს და არაერთი ამერიკელი სპონსორი, მეცენატი დაინტერესდა ჩემით, რომლებმაც შემდგომში სპონსორობა გამიწიეს გადამწყვეტ სიტუაციებში. გამოვყოფდი ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორს, პიანისტსა და ჟურნალისტს, ბატონ პოლ ჰარვის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. ვთვლი, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი. რომ არა მათი მხარდაჭერა, მართლაც რთული იქნებოდა ბარიერების დაძლევა უცხო ქვეყანაში.

- ცოტა რამ იქნებ პირად ცხოვრებაზე, თაყვანისმცემლებზეც მითხარით...

- საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვგრძნობ ახალგაზრდა მამაკაცებისგან. რატომღაც, ყოველთვის ასე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში...

- გეგმებიც გაგვიზიარეთ. საქართველოში რა შემთხვევაში დაბრუნდებით?

- მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ყველაფერზე. ის ასევე შეეხო ჩემს საკონცერტო მოღვაწეობას. არაერთი კონცერტი გამიუქმდა. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და შესაძლებლობა მომეცემა ახლო მომავალში საყვარელი საქმის კეთება გავაგრძელო. ასევე დიდი სურვილი მაქვს, სამომავლოდ კონცერტები გავმართო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ჩემი უდიდესი სურვილი კი ჩემს სამშობლოში მოვლენების დასტაბილურებაა. ძალიან განვიცდი ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას. რაც შეეხება საბოლოოდ დაბრუნებას, ამ ეტაპზე ამ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ, მაგრამ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ლიკა ქაჯაია