ხის მერქნისგან შექმნილი ფერწერა
ხე ერთ-ერთი ხშირად გამოსაყენებელი მასალაა მსოფლიოში. სხვადასხვაგვარი პროდუქციის შესაქმნელად, თითქმის ნებისმიერი ტიპის ხის გამოყენებაა შესაძლებელი და თითოეულ ჯიშს თავისი უნიკალური მახასიათებელი აქვს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია, ხის მერქნით ხატვაც კი შესაძლებელია. რბილი მერქანი უმეტესად წიწვოვან ჯიშებს აქვთ: კვიპაროსს, ნაძვს, ფიჭვს, კედარს, სოჭს და ა.შ. ხოლო მყარი - ფოთლოვან ჯიშებს: კაკალს, მუხას, ნეკერჩხალს, ვერხვს, ცაცხვს, ტირიფს... და როგორც წესი, ეს ჯიშები უფრო მუქი ფერისაა.
ნამუშევრების შესაქმნელად სხვადასხვა ხის მერქანს იყენებს. ბუნებრივი მასალით, ყოველგვარი საღებავის გარეშე, კომპოზიციებს მოზაიკის პრინციპით აწყობს. სწორედ ამ გზით მიიღწევა ფერების გრადაცია, შუქჩრდილების თამაში.
პეიზაჟები, ნატურმორტები, ტაძრები, ძველი თბილისის უბნები,
პორტრეტები, ანიმალისტური ჟანრი... ეს მხოლოდ ნაწილია იმ მრავალფეროვანი თემატიკისა, რომელსაც საბა კეკელიას ნამუშევრებში ვხვდებით.
ხშირად უგზავნიან სხვადასხვა ფოტოს და ეკითხებიან, შეძლებს თუ არა ამა თუ იმ თემის შესრულებას და ისიც ცდილობს დამკვეთი დააკმაყოფილოს. გამონაკლისია პორტრეტები, რადგან ძალზე რთული და შრომატევადია ხის მერქნით ადამიანის ფოტოს ანალოგის შექმნა, ამიტომ ამგვარ პასუხისმგებლობას არ იღებს.
ზოგიერთი კომპოზიცია ერთგვარი ცხოვრებისეული სიუჟეტია, რომლის გავრცობა დამთვალიერებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ეს "წყვილების" სერიას ეხება, სადაც ჩემი სუბიექტური აზრით, სხვადასხვა ასაკის ადამიანები უსიტყვოდ გადმოსცემენ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს. ახალგაზრდები მათთვის დამახასიათებელი ენერგიით მიუყვებიან ცხოვრების გზას, ხანში შესული წყვილები კი, მარადისობაში გადასვლამდე, ერთმანეთის იმედითა და მხარში დგომით სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიან...
- სტომატოლოგი ვარ, პროფესიით მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი. წლებია, ხელოვნებას ვემსახურები. ამ მეთოდს ინკრუსტაცია, ანუ ხის მხატვრულად დამუშავება ჰქვია. ეს ერთგვარი ფერწერაა. მამა იმავე დარგში მუშაობდა, რასაც ახლა მე ვაკეთებ და ეს საქმე ჯერ კიდევ ბავშვობაში შემასწავლა. დღეს ის პენსიონერია, მხედველობის პრობლემა აქვს, მაგრამ რაღაცებში მეხმარება. მას ეს საქმე გიორგი ოსეფაშვილმა შეასწავლა, რომელიც არაჩვეულებრივი მხატვარი და ჩემი ნათლიაა. მისგან დღემდე სიამოვნებით ვიღებ რჩევებს. 13 წლის უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებდი პატარ-პატარა რაღაცებს. ჩემი პირველი ნამუშევარი წმინდა გიორგი იყო. იმ პერიოდში ძირითადად, რელიგიური თემები ჭარბობდა, შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
- ძალიან თხელი, ასე ვთქვათ, "ხის ფურცლებით" მუშაობთ, რაც ალბათ ძალიან ფაქიზია. როგორ ხდება მათი მოპოვება?
- ეს არის ხის მერქანი, ანუ ანათალი. მისი მოპოვება ძირითადად ქარხნებში ხდება, თბილისშიც არის რამდენიმე მაღაზია და ასევე საზღვარგარეთიდან შეიძლება გამოწერა - ფერებისა და ზომების მიხედვით. ჩემს ნამუშევრებში ბუნებრივი ფერებია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იღებება. ვფიქრობ, ასე უფრო ორიგინალურია.
- სამუშაოდ ყველა ხის მერქანი გამოდგება? მაგალითად ღია ფერის მისაღწევად, რომელ მერქანს იყენებთ?
- თითქმის ყველა. ერთ ნამუშევარში სხვადასხვა ხის მერქანს ვიყენებ - ხუთიდან ათ სახეობამდე. გააჩნია, რა ფერები დასჭირდება ნამუშევარს და რას მოითხოვს. ღია ფერისთვის ვიყენებ: ლიმონს, ვარდის ხეს, ცაცხვს, ჩიტისთვალას... ამ უკანასკნელს რამდენიმე ფერი აქვს: ნაცრისფერი, წითელი, თეთრი, ყვითელი. ყველა ჯიშის მცენარეს სხვადასხვა ფერი "მოჰყვება". როგორც წესი, შუაგულში გაცილებით მუქი ფერი ჭარბობს, ფესვისკენ მოწითალო-მოვარდისფრო დაჰკრავს. მასალაც სხვადასხვაგვარია. მაგალითად: კაკალი ძალიან უხეშია, დაუმორჩილებელი, ვარდის ხე უფრო რბილი და სათუთია...
- ბოლო ხანს თქვენმა "ჩანგალაძეების ოჯახმა" ბევრის მოწონება დაიმსახურა. იქნებ ამ კომპოზიციის შექმნის ამბავიც მიამბოთ...
- ჩემმა 12 წლის გოგონამ მომაწოდა იდეა და ესკიზი მაჩვენა. სწორედ მისი თხოვნით შევქმენი "ჩანგალაძეების ოჯახი". მართლაც, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთოდ, ძირითადად სერიოზულ თემებზე ვმუშაობ, მაგრამ იუმორისტული ჟანრის ილუსტრაციების შექმნაში, ჩემი გოგონა მეხმარება ხოლმე. ბავშვური ფანტაზიები უსაზღვრო, წრფელი და უმდიდრესია. დიდ პატივს ვცემ პატარების აზრს და მიხარია კიდეც, როცა ჩემი შვილი იდეით მოდის. ყოველთვის სიამოვნებით ვასრულებ მის სურვილებს (იღიმის).
ანა კალანდაძე