"5 წელი ხელისგულზე მატარეს მკვლელმა, ქურდმა, ყაჩაღმა, თაღლითმა ქალებმა..."
font-large font-small
"5 წელი ხელისგულზე მატარეს მკვლელმა, ქურდმა, ყაჩაღმა, თაღლითმა ქალებმა..."
მსახიობობაზე მეოცნებე სამართალდამცველი ქალისა და მისი "შეგირდების" ტკბილ-მწარე ურთიერთობები

პოლიციის პოლკოვნიკი ციცო კიკალიშვილი წლების წინ გავიცანი, როცა შს სამინისტროს ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებლის ხელმძღვანელად მუშაობდა. მაშინ დაწესებულებაში ქუჩის ბავშვების პრობლემებზე სტატიის მოსამზადებლად მივედი. სანდომიან, მოხდენილი გარეგნობის ქალბატონს ძალიან გაუხარდა, ბავშვების ბედით რომ დავინტერესდით - ბავშვების, რომლებიც ქუჩაში ატარებდნენ მთელ დღეს და წებოს ყნოსვის გარდა, უამრავ სიგლახეს სჩადიოდნენ; არც თავშესაფარი ჰქონდათ და ღამე ქუჩაში ეძინათ. პოლიციას ისინი ამ დაწესებულებაში მოჰყავდა და იქ მათზე ნამდვილად ზრუნავდნენ.


საოცარ ამბებს ვისმენდი ამ პატარების ცხოვრებაზე, მათ ოჯახზე; იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდნენ ქუჩაში. მოზარდებს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ დაწესებულების ხელმძღვანელთან: ზოგი კალთაში ეჯდა, ყველა მხრიდან ისმოდა - "ციცო დეიდა"... ისიც ყველას დიდი სიყვარულით პასუხობდა.
მას მერე ბევრი დრო გავიდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციცო კიკალიშვილი სისტემიდან დაითხოვეს. თურმე, ბავშვებისთვის განკუთვნილი გრანტის ნახევარს ითხოვდნენ, რაზეც კატეგორიული უარი თქვა და იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, მისი გათავისუფლების ბრძანება დაიწერა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მორიგმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მიიწვია, მაგრამ სისტემაში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი თქვა.
74 წლის სათნო ქალბატონს, ციცო კიკალიშვილს შინ ვესტუმრე და საინტერესო ამბების მოყოლა ვთხოვე. ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა.
- ქალბატონო ციცო, 90-იან წლებში ორგანოში ქალები იშვიათად მუშაობდნენ. რატომ გადაწყვიტეთ მილიციაში, თან კრიმინალური კუთხით გემუშავათ?
- მართლა იშვიათობა იყო მაშინ ქალი ადმინისტრაციულ ორგანოში. პირველი ქალი ვიყავი, რომელიც 90-იან წლებში პოლიციის ფორმაში ჩაცმული, პოლიციის უფროსის გვერდზე აღმოვჩნდი... ურთულესი წლები გამოვიარეთ - სამოქალაქო ომი, უამრავი გამოწვევა. მერწმუნეთ, ეს ქალისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ არ შემშინებია არც "ბეტეერების", არც ტანკების, არც კრიმინალების. არადა, ერთი სიფრიფანა, ლამაზი თბილისელი გოგო ვიყავი, რომელიც 10 წელი ანსამბლში ცეკვავდა; გოგონა, რომელიც მსახიობობაზე და სულ სხვა ცხოვრებაზე ოცნებობდა, უცებ ამ სისტემაში აღმოვჩნდი.
- მსახიობობაზე უარი რატომ თქვით?
- რამდენიმე ფილმში მიწვევაც მქონდა, მაგრამ ამ შემოთავაზებებზე მამამ კატეგორიული უარი მათქმევინა, ამიტომ ოცნება ოცნებად დამრჩა: იმ თაობის მამები სხვა თვალით უყურებდნენ ამ პროფესიას... მერე ქუჩაში აღმომაჩინეს სუხიშვილებმა, მათ ანსამბლში ცეკვა შემომთავაზეს. მამამ ამაზეც უარი თქვა, არადა, ძალიან მიყვარდა ცეკვა. მიხვდა, გული დამწყვიტა და შემდეგ, "ემვედეს" ცეკვის ანსამბლში თვითონ მიმიყვანა. 10 წელი იქ ვცეკვავდი. მამა უწყებაში მუშაობდა და გასტროლებზე სულ თან დამყვებოდა.
- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, ბავშვობაზე.
- თბილისელი ვარ. მართლა ზღაპრული ბავშვობა მქონდა, თან, 50-იან წლებში რაც კი შეიძლება ბავშვმა ინატროს, ყველაფერი მქონდა. ჩემს ბაბუას ქალიშვილი გარდაეცვალა, მე ორი წლის შემდეგ გავჩნდი და ოჯახის ტკივილი შევამსუბუქე. ბაბუასთვის, დედაჩემის მამისთვის მართლა პრინცესა ვიყავი. ვერ დავასახელებ ბაბუას თანამდებობას, გეტყვით იმას, რომ ცნობილი ადამიანი იყო. დავყავდით ოპერაში, თეატრებში, ცირკში, ყველგან მთავრობის ლოჟაში ვიჯექი და ასე მაზიარეს ხელოვნებას. მერე აღმართს დაღმართი მოჰყვა. 14 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა და უცებ ეს ზღაპარი დამთავრდა. კარგი მამა მყავდა, კულტურულ, მშვიდ ოჯახში ვიზრდებოდით მე და ჩემი და-ძმა. სამწუხაროდ, 35 წელია, რაც ძმა ავარიაში დამეღუპა. ჩემი მშობლები 2009 წელს, ერთ თვეში გარდაიცვალნენ, ასაკში იყვნენ. გულდასაწყვეტია, რადგან მშობელს ასაკი არა აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვაბარებდი, თურქულის სწავლა მინდოდა. ამ პროფესიის დაუფლების შემდეგ ვფიქრობდი, ისტორიკოს-გეოლოგიც გავმხდარიყავი და წავსულიყავი ტაო-კლარჯეთში, ჩვენი ისტორიული მონასტრები - ბანა, ოშკი, ხახული შემესწავლა. ეს ჩემი ტკივილია.
პროტექცია ჩემს დროსაც იყო, ამან შემიშალა ხელი მიზნის მიღწევაში. აღმოსავლეთმცოდნეობაზე მაშინ 5 ადგილი იყო მხოლოდ. ქართულ წერაში მარტო მე მივიღე 5 და ამას ხელს აწერდა აკაკი შანიძე - ეს საამაყოდ მაქვს დღემდე. ქართულის ზეპირ გამოცდაზე 5 მივიღე. აღმოჩნდა, ვიღაცას "ხელი შევუშალე" და მითხრეს, რომ ინგლისურში 4-ს მიწერდნენ. სულით მეამბოხე ვარ. როდესაც ეს გავიგე, 18 წლის გოგომ პროტესტის ნიშნად, იქვე დავხიე საგამოცდო ფურცელი. ეს 1964 წელს მოხდა და დიდი ამბავი მოჰყვა. მაშინ ამის გამო, მეც, მამაჩემიც და ყველა ლექტორი დაგვიბარეს უშიშროებაში. მამამ ძალიან ინერვიულა... შემდეგ ჰუმანიტარული განათლება მივიღე. 10 წელი ვიცეკვე ანსამბლში, მერე ცეკვასაც თავი დავანებე და ვიყავი შინ... ერთ დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი, მაღალჩინოსანი, ნასვამი მოვიდა სტუმრად. ნასვამ ადამიანს ვერ ვიტან და მინდოდა, მალე წასულიყო. არც უკითხავს, რა გაქვს დამთავრებულიო, ვერც წარმოედგინათ ჩემს მეგობრებს, მინიმუმ ორი უმაღლესი თუ არ მექნებოდა დამთავრებული, ისე მიყვარდა კითხვა... მითხრა, - ციცო, გეყოფა ცეკვა, უკვე გაიზარდე, დიდი გოგო ხარ და აირჩიე პროფესია, სად გინდა იმუშაოო? ოღონდ მალე წასულიყო და, რატომღაც ვუთხარი, მილიციაში დავიწყებ მუშაობას-მეთქი. ახლაც არ ვიცი, ეს რატომ ვთქვი. ის თბილისში მეორე კაცი იყო იმ დროს; რომ მეთქვა, შენთან ვიმუშავებ-მეთქი, იქ წამიყვანდა... მეორე დილით, 10 საათზე მოვიდა მძღოლი და მითხრა, ქვევით გელოდებაო. ასე აღმოვჩნდი მაშინდელი მილიციის მთავარი სამმართველოს უფროს ჯემალ მიქელაძესთან. შემომხედა და ჩემს მეგობარს უთხრა, - ეს ახტაჯანა სად ნახეო?.. ასე დამნიშნეს ლილოში, რიგით მილიციელად. ჯემალი გენერალი იყო, თბილისში მილიციას ჰყავდა თავისი კოლორიტები, რომლებიც თბილისის მილიციის სახეს ქმნიდნენ - ასეთი იყო ბატონი ჯემალი... სისტემაში მუშაობის დროს 14 მინისტრი გამოვიცვალე და ჩემს მეხსიერებაში დარჩა რომან გვენცაძე. ასევე, ყველაზე დახვეწილი და გულიანი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო. მინდა მას დიდი მადლობა ვუთხრა. პოლკოვნიკი რომ ვარ, ეს პირადად კობა ნარჩემაშვილის დამსახურებაა. მან რომ ნახა ჩემი გაკეთებული საქმეები, თვითონ მომანიჭა, თავისი ხელით გადმომცა. მეოთხე სართულიდან რომ ჩამოვდიოდი, სიხარულის ცრემლები მდიოდა, რადგან ეს დამსახურებულად მივიღე, ამიტომ მადლობას ვუხდი ბატონ კობას.
GzaPress
- როგორ მიდიოდა თქვენი კარიერული წინსვლა?
- სისტემა ჩემთვის უცხო იყო, არ მომწონდა იქ მუშაობა და სულ ტირილით ვბრუნდებოდი შინ. მაგრამ შემდეგ ისე ჩამითრია ამ საქმემ, სხვაგან ჩემი თავი ვეღარ წარმომედგინა... 1982 წელს საკავშირო სამსახურის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა შემოწმებაზე. ქალთა სპეცკომენდატურის უფროსმა რუსული არ იცოდა, ამიტომ მე მომიწია მათმა მეგზურობამ. განუმეორებელი იყო მინისტრის მოადგილე - გივი კვანტალიანი. იმ სტუმარმა მას უთხრა, ეს გოგონა საკავშირო სამინისტროში უნდა წავიყვანოთ, ძალიან საინტერესო ინტუიცია აქვს, ისე სწორად უპასუხა ისეთ კითხვებს, რომლებთანაც ვიცი, შეხება არ ჰქონიაო... არ წაიყვანონო და, სასწრაფოდ ქალთა სპეცკომენდატურის უფროსად დამნიშნეს. პირველი ქალი ვიყავი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
- მსჯავრდადებულ ქალებთან ურთიერთობის აწყობა არ გაგიჭირდათ?
- ქუჩა კარგად ვიცოდი და მშვენივრად მოვერგე. ალბათ სხვანაირად, "გამაქრობდნენ": ქალი თავისი ფსიქოლოგიით ყველაზე რთული და საშიში დამნაშავეა. ყველაფერზე აწერს ხელს, მაგრამ ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ დღესაც მეკონტაქტებიან. დღესასწაულებს მილოცავენ, ქუჩაში შემთხვევით თუ შემხვდებიან, უხარიათ. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ადამიანურ ურთიერთობებს ვაფასებ, ამიტომ ბევრი მეგობარი მყავს.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობს. მე და ზურა ბაქრაძე ერთ უბანში გავიზარდეთ, ორივე "ქუჩისტები" ვიყავით. თბილისის ქუჩა მაშინ "აკადემია" იყო. ზურა ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, მერე ორგანოში მუშაობდა. სულ ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. დღეს გაუთხოვარი რომ ვარ, მისი ბრალია. ნათელი და სანთელი მის ხსოვნას - თუ ვინმე მიკითხავდა და ზურა გაიგებდა, რომ ვიღაცას მოვწონდი, ყველას სცემდა. ასე დამიფრთხო თაყვანისმცემლები... არაჩვეულებრივი ოჯახი დარჩა. 10 წლის წინ გარდაიცვალა და ეს იყო ჩემთვის ძმის ხელახალი დაღუპვის ტოლფასი. მისი მეუღლე მულად, დად მთვლის, მისი შვილები "მამიდას" მეძახიან და მისმა შვილიშვილმა დამიძახა პირველად "ბებია". ვგლოვობ ზურას დღემდე, როგორც ძმას და მის საფლავზე დავდივარ... ჩემი დროის თბილისი სულ სხვანაირი იყო, ჩვენი მეგობრობა - საუკეთესო და გვბაძავდნენ სხვები. ხალხთან ურთიერთობა დედაქალაქში მთელი "აკადემია" გახლდათ. 9 საათის შემდეგ ახალგაზრდა გოგო რუსთაველზე ვერ გაივლიდი: გაგაჩერებდა მამის ტოლი კაცი და გეტყოდა, - "მამიკო, ნახე რომელი საათია!.." შენი ქალაქი გაკონტროლებდა. ჩვენს დროსაც იყვნენ მეძავებიც, გეებიც და ნარკომანებიც, მაგრამ ისინი გარეთ დღისით არ გამოდიოდნენ. არც "პარადებს" გვიწყობდნენ და არც "ლექციებს" გვიკითხავდნენ...
ანსამბლში ვცეკვავდი "ოსურს", "მოხევურს" და ა.შ. ჩემი საყვარელი ცეკვა "ქართული" იყო და მინდოდა მეცეკვა (ლადო კახაძესთან ერთად ვცეკვავდი ანსამბლში), მაგრამ ურთულესი ცეკვაა და ეს მაშინ ვერ გავბედე. ჩემთვის სახლში და ქორწილებშიც ვცეკვავ "ქართულს". კარგი იქნებოდა, რომ იყოს სადმე ადგილი, სადაც ჩემი თანატოლები იცეკვებდნენ, მაგრამ ასეთი რამ არ არის და ახლა მხოლოდ ქორწილებში ცეკვა შემიძლია. კიდევ ერთი გატაცება ფარიკაობა იყო, მაგრამ მამამ არც ფარიკაობის გაგრძელების უფლება მომცა. მესამე თანრიგი მაქვს სპორტის ამ სახეობაში.
- მამა ყველაფერზე უარს რატომ გეუბნებოდათ?
- ლამაზი ვიყავი და გარეგნობის გამო, ეშინოდა. რამდენჯერმე მოტაცების მცდელობაც იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ. მილიციაში რომ შევედი, მას მერე ამას ვეღარ ბედავდნენ და ეს სამსახური ერთგვარი ფარი გახლდათ. მართალია, მამა რაღაცებზე უარს ამბობდა, მაგრამ სულ ვპოულობდი გამოსავალს.
- მსჯავრდადებულებთან თქვენს ურთიერთობაზე გვიამბეთ.
- მე მათ "პატიმარს" არასოდეს დავუძახებ. ისე, მსჯავრდადებული ქალი რთული საკონტაქტოა, ფორმა მათთან არასოდეს მცმია, რადგან ეს უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა. სუფთა, ადამიანური ურთიერთობა მქონდა. ყველას ამბავი თითქმის ზეპირად ვიცი... ერთი გოგონა იხდიდა სასჯელს მკვლელობისთვის. ძალიან მოეწონა ჩემი თეთრი, ლამაზი პიკეს კაბა. მოდაში იყო და ერთხელ მითხრა, - ციცო დავიდოვნა, ეს რა ლამაზი კაბა გაცვიათო!.. - რომ გაჩუქო, რას იზამ-მეთქი? - ვეცდები, აქედან გასვლის შემდეგ ოჯახი შევქნა და ამ თეთრ კაბას იქ ჩავიცვამო. მეორე დღისთვის სასწრაფოდ მოვაწესრიგე კაბა და ვაჩუქე. ძალიან ბედნიერი იყო... პატიმრები ლექსებს მიწერდნენ, ყვავილების გვირგვინებს მიკეთებდნენ და ცდილობდნენ, გავეხარებინე. რამდენიმე ჩემმა ყოფილმა მსჯავრდადებულმა შვილებს ჩემს პატივსაცემად ციცო დაარქვა.
- თქვენთან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები იხდიდნენ სასჯელს; ისინიც, ვისაც ციხეში ჰქონდა გატარებული გარკვეული წლები და დარჩენილი ჰქონდათ პირობითი მსჯავრი. ისინი ადვილად გემორჩილებოდნენ?
- საშიშები, მაგრამ ძალიან სამართლიანები იყვნენ. მეც ბევრ საკითხში შეუვალი და მკაცრი ვიყავი. იცოდნენ, ყველაფერი არ გაუვიდოდათ და ჩემი რიდი ჰქონდათ. ტონი არასოდეს ამიწევია, ეს შემიძლია დავიფიცო. არც გარიგებები და მორიგებები მქონია მათთან. ამ სპეცნაწილში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველა რესპუბლიკიდან იყვნენ ქალები. ლილოში იყო დაწესებულება. "მატროსოვის" ციხიდანაც მოდიოდნენ და დარჩენილ სასჯელს აქ იხდიდნენ. თუ არ მოიქცეოდა კარგად, შემეძლო უკან შემებრუნებინა. ერთი იეზიდი ლამაზი გოგო, ნაილი იხდიდა სასჯელს ქურდობისთვის. რუსთავში ცხოვრობდა. მქონდა უფლება, შაბათ-კვირას მათთვის სახლში წასვლის ნება მიმეცა. ამ გოგოს უნდოდა წასვლა და გავუშვი. იქიდან დაგვირეკეს, ავარიის შედეგად დაიღუპაო. ეს ამბავი ძალიან განვიცადე. ამ დროს უკვე დაწესებულებაში ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მქონდა ჩამოყალიბებული. ნაილი ლამაზი შავტუხა გოგონა იყო და მისთვის კინტოს ცეკვა დავდგი, შევუკერე ტანსაცმელიც და ძალიან ბედნიერი იყო... ეს ტრაგედია რომ გავიგე, შს მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გივი კვანტალიანთან მივედი და ვუთხარი, - ამ გოგოს პანაშვიდზე მინდა წავიდე და მიმყავს 14 მსჯავრდადებული გოგო. გთხოვ, უფლება მომეცი, დაცვის გარეშე წავიყვანო-მეთქი. - არ გეშინიაო? - მე ვარ პასუხისმგებელი და თუ რამე მოხდა, დამიჭირეთ-მეთქი. - წადი, შენ ნორმალური არ ხარო... ეს 14 გოგო შავებში ჩაცმული წავიყვანე რუსთავში დაკრძალვაზე. თან მიმქონდა ნაილისთვის სპეციალურად შეკერილი კინტოს კოსტიუმი, რომლითაც ის ცეკვავდა. რუსთავში დაცვის გარეშე ჩავედით. არ ვიცოდი, იეზიდები მზის თაყვანისმცემლები რომ იყვნენ, და როცა დაგვინახეს, ბებიამ, დეიდამ და დედამ დაიჩოქა ჩემ წინ, ფეხებთან და ლოცვა დაიწყეს. ამ რეაქციას არ ველოდი. ის კინტოს ფორმა ჩავაცვით გარდაცვლილს, გვირგვინი მივიტანეთ და გამოვეთხოვეთ... გავიდა წლები, ვარ პეტერბურგის აეროპორტში, ტრაპზე უნდა ავიდე და ქალი მეძახის, - ცისანა დავიდოვნა, ერთი წუთითო. გამიკვირდა, აქ ვინ არის-მეთქი, და ნაილის დედა აღმოჩნდა. მუხლებზე ისევ დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. ამდენი წლის შემდეგაც მიცნო.
ერთი თუში გოგონა იხდიდა სასჯელს, რომელიც საოცარ ლექსებს წერდა. ძალიან გაიხსნა ჩემთან. ეს სიტყვები დამიწერა: "თუ სალოცავად ხატთან მიდიან, მე სალოცავად თქვენთან მოვედი".
ერთ გოგონას, რომელიც ეკონომიკური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, შეყვარებული ჰყავდა და მასზე გათხოვება უნდოდა. ერთ დღეს შემოვიდა აღელვებული, - არ იცის ჩემმა საქმრომ, პატიმარი რომ ვარ. არ მინდა, ეს ამბავი იცოდნენ, ცოლობა მთხოვა და უნდა, ოჯახის წევრებთან ერთად აქ მოვიდესო. დავამშვიდე: - რა პატიმარი, მე ვიტყვი, რომ ჩემი მდივანი ხარ-მეთქი. გოგოს ძალიან გაუხარდა, მოვილაპარაკეთ და მოვიდნენ ბიჭის მშობლები ხელის სათხოვნელად. შემოსასვლელში ეწერა "სპეცკომენდატურა", მაგრამ ისე მოვაწყვეთ, მათ არ გაუგიათ, ის მსჯავრდადებული რომ იყო. მერე გაჰყვა იმ ბიჭს ცოლად. მოსაყოლი ბევრია, მკაცრი ვიყავი, ზოგჯერ ისეთი შეუვალი, სუნთქვას ვერ ბედავდნენ. იცოდნენ, თუ ვიტყოდი "არას", ეს იყო არა.
- თუ იყვნენ ისეთები, რომლებიც არ გეცოდებოდათ?
- კი - შვილების მკვლელები. 3 მსჯავრდადებული იხდიდა სასჯელს საკუთარი ჩვილების განზრახ მკვლელობისთვის. რაც ყველაზე მძიმე იყო, ამას არ ნანობდნენ.
- კარცერში თუ მოგითავსებიათ ქალი?
- რა თქმა უნდა, როცა აშავებდნენ, იქაც ხვდებოდნენ. ერთი ქალი დავსაჯე ჰაუტვახტით, რადგან წაიხულიგნა და არ ვაპატიე. 15 დღე მივუსაჯე. ფანტასტიკურად მღეროდა და ყოველ დილით იწყებდა სიმღერას "რა ლამაზია თუშეთი!" 3 დღეზე მეტხანს ვერ გავაჩერე იქ... იყვნენ ძალიან გონიერებიც, მოხერხებულებიც, დაუნდობლებიც, მაგრამ თუ მიგიღებდნენ, მოგიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე. შემიძლია ვთქვა, 5 წელი ხელისგულზე მატარეს მკვლელმა, ქურდმა, ყაჩაღმა, თაღლითმა ქალებმა... ყაჩაღი ქალი როგორი საშიშია, იცით, ყველაზე საინტერესო კი თაღლითი ქალები იყვნენ, ისე აბითურებდნენ ადამიანებს, გაოგნდებოდი, მათ საქმეებს რომ გაეცნობოდი.
P.S. როგორ ახერხებდა ქუჩის ბავშვებთან მუშაობას, რა პრობლემებს წააწყდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? - ამ და სხვა საინტერესო ამბებს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა უთხრა რეჟისორს სესილიამ ასმათ ტყაბლაძეზე
რატომ არ უნდა გამოავლინოს ემიგრანტმა თავისი სისუსტე
"ზოგჯერ ვგრძნობ, ჩემი "ახირების" გამო ალმაცერად მიყურებენ..."
"საქვეყნო საქმეში ყველა თუ არ ჩავერთეთ, ჩვენს შვილებს გაუპატიურებულ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება"
"ბებია ვერ იჯერებდა, რომ ტიციანი დახვრიტეს და ბოლომდე ელოდებოდა მას"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი