"ზეია, მიღალატე და ჩემზე ადრე წახვედი, ხო?!" - გზაპრესი

"ზეია, მიღალატე და ჩემზე ადრე წახვედი, ხო?!"

წყალტუბო-ქუთაისის გზიდან, რომელზეც გალაკტიონისეულ ქარს ათასჯერ გადაუტარებია სიყვარულის ამბები, ხელმარცხნივ დაკვირვებული თვალი წითელი აგურის სახლს დაინახავს. სახლი კი არა, უფრო მკაცრ, კომუნისტურ არქიტექტურაში ჩატეული ასათიანების სასახლეა. ეზო ვეებერთელაა. ასე იციან დასავლეთში - სახლი სიღრმეშია, წინ მოლია. ბჭის კარიდან სახლის კარამდე ვიდრე მიხვალ, კაცს წვერი გაუხდეს იქნებ გასაპარსი. ეზო მწვანე ბალახით ახალგაზრდულ ენერგიას აფრქვევს. ღობის პირებთან ვარდის ბუჩქებია, სადღაც ზამბახები და იასამნებიც ალბათ. ყველა დროში რაღაც ყვავის. ადრე უფრო ხალისით ყვაოდა ყველაფერი, რადგან უზარმაზარ სახლს ლამაზი დიასახლისი ჰყავდა...

ახლა სიყვარულზე ვწერ. ოღონდ არა დაფარულზე, არამედ სააშკარაოზე გამოტანილზე. იოლი არაა, დაწერო სხვის სიყვარულზე. ეს გრძნობა ბოლომდე არ გამოითქმება ენით, არ იწერება კალმით სრულყოფილად, ვერც დაიხატება სამყაროს ყველა ფერით ბოლომდე.

ქუთაისში, გორაზე, სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ორივე ლამაზი იყო. ილიას თქმისა არ იყოს, ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი, სხვა რა უნდა სიყვარულსაო. 16 წლის გოგონა იყო, 17-ისა - ვაჟი. გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და დაქორწინდნენ. ვაჟი ობოლი იყო. მამა ომში წავიდა და ორი წლის ბიჭს უმამობა დაუბედა ბრმად გამომტყვრალმა ტყვიამ. დედა ყოჩაღობდა, მაგრამ...

სისხლი გვარიანი ჰქონდა დედას. კლდიაშვილის ქალი იყო, დიდი დავითის ბიძაშვილი. მართალია, საბჭოეთმა არისტოკრატიული წოდებები ფურცელზე გააუქმა, მაგრამ კლდიაშვილის ქალი ასათიანის ცოლობას ეგებ ცისფერი სისხლის გამოც დაჰყაბულდა... ხანმოკლე იყო კლდიაშვილ-ასათიანის თანაცხოვრება. ომამდე ხუმრობდნენ კიდეც (ან უფრო დასცინოდნენ ბოლშევიზმს), პირველი ვაჟია და რევო (სინამდვილეში რეზო) დავარქვით, მეორე ასული გვეყოლება და ლუციას (ლუცია, ლუჩია ითარგმნება როგორც ჩვენებური, ქართული ნათელა...) იმას დავარქმევთ რევოლუციის პატივსაცემადო!

ობლის კვერის გვიან გამოცხობისა ყველას გაუგია. ასათიანის ქვრივის ოჯახს გასავალი ბევრი ჰქონდა, შემოსავალი ცოტა. მასწავლებელ ქალს განა რა უნდა ჰქონოდა იმდენი, რომ ახვლედიანების ძირძველ ოჯახთან ტოლი დაედო. ეს ის ახვლედიანები იყვნენ, ქუთაისში ჩასულ დებ იშხნელებს რომ მასპინძლობდნენ და მთელ ქუთაისში სტუმართმოყვარეობით სახელგანთქმული გახლდნენ. განა მარტო იშხნელების მასპინძლები იყვნენ, ესენი მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ახვლედიანები ფრიად დიდ პატივს მიაგებდნენ ხელოვნებას და ოჯახში ყველა მღეროდა...

ახვლედიანებმა, როგორ გაბედეს ამ ცხვირმოუხოცავებმა ამდენიო და მამამ ვერდიქტი გამოაცხადა: "გათხოვილი შვილი მკვდარია ჩემთვისო!" სიყვარულს არ ეშინია მანძილის, უფულობის, დროის, უამინდობის, სიავისა და სიკვდილისაც... ვაჟმა თავის ცოლს გამოუცხადა, თუ კაცი ვარ, რეზო ასათიანი ისე გაცხოვრებს, სრულიად საახვლედიანო შემოგნატროდესო. ცხოვრება ბევრ გამოცდას უწყობდა წყვილს. პირველი შვილი ერთ წელში შეეძინათ და ის გოგონა, რვა თვისა, აკვანში მეზობლის იმედად დატოვებული, საკუთარ ნარწყევში გაგუდული იპოვეს სამსახურიდან დაბრუნებულმა ასათიანებმა...

GzaPress

რეზო სუბტროპიკული ინსტიტუტიდან გარიცხეს (მუშაობის გამო უცდებოდა ლექციები) და მერე აღსადგენად დიდი ამბავი იყო გადასატანი: კოლმეურნეობიდან ან საბჭოთა მეურნეობიდან ცნობა უნდა მიეტანა სტაჟის დადასტურებისთვის. მიადგა ერთ-ერთ საბჭოელ ჩინოვნიკს, ყალბი ცნობა ითხოვა... თავმჯდომარემ გონიერ და მოხდენილ ჭაბუკს ცნობაც მისცა და სტუდენტის სტატუსაღდგენილი მოადგილედ დაიყენა. ამის მერე შრომისმოყვარეობამ ბევრი თანამდებობა გამოაცვლევინა, მაგრამ ერთი უცვლელად რჩებოდა - ცოლის სიყვარული. ამ სიყვარულს უძღვნიდა ყველა წოდებას, ყველა აღიარებას...

ზემოთაც ვთქვი, ეს სიყვარული არ იყო დამალული. ყველამ იცოდა, რეზო როგორ პატივს სცემდა სკოლის მერხიდან ატაცებულ ტრფობას. სადაც უნდა ყოფილიყო "ზეია ფირალი" (მაღაზიაში გავიდოდა თუ შვილებს მიაცილებდა სკოლაში), რეზოც იქვე იყო ლანდად. მიდიოდა ბედნიერი ქალი უკანმიუხედავად და შვილებს ეჩურჩულებოდა, მამა უკან მოდის, ყურადღება არ მიაქციოთო... ფიქრშიც არ ღალატობდნენ ერთმანეთს, მაგრამ სიახლოვე მაინც ერჩივნათ.

რეზო სახელგანთქმული თამადა იყო. ქუთაისში სუფრის ხელმძღვანელობა იოლი არაა. დალევის გარდა, სიტყვა-პასუხიც კარგი იყო საჭირო, წარმოსადეგობაც და გამჭრიახობაც. ქუთაისში სუფრაზე "თავმოჭრას" სიკვდილი სჯობს. ერთხელაც, ქორწილში თამადობისას რეზოს წერილი მიაწოდეს. ვიღაც ქალი სწერდა, - აბა, ასეთი სახელოვანი და მოხერხებული რომ ხარ, ეგებ მოახერხო გოჭის თავიდან ტვინი ისე გამოიღო, არც დანა, არც ჩანგალი არ მოიხმაროო. ახალი დასრულებული ჰქონდა სათამადო სიტყვა რეზოს (ეს კი უბადლოდ გამოსდიოდა ენაწყლიანს, ხშირად საკუთარი ლექსებით ამკობდა სათქმელს) და ინტრიგის შემცველი ბარათი ხმამაღლა წაიკითხა. ქალბატონოო, ხმამაღლა უთქვამს თამადას, მაგას მე ვერ დაგპირდებით, მაგრამ ამ სუფრაზეა ჩემი ცოლი, ეგაა დიდოსტატი ეგეთების, 25 წელია, უდანაჩანგლოდ მიღებს ტვინს თავიდანო... ეს გამონათქვამი მერე მთელმა საქართველომ აიტაცა და ცოლის მოხერხებულობის აღსანიშნავად არაერთ კაცს მოუწონებია ამ სიტყვებით თავი.

ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო რეზოს. 35 წლის შვილი 1998 წლის ბოლო დღეს ფარული სისხლდენით გარდაეცვალა. უსაზღვრო მწუხარებით მოცულ ცოლს "ზეია, გამაგრდი, გამაგრდი", - შესძახა და არავინ იცის, თავად რამდენისთვის უნდა გაეძლო. მწუხარებისთვის არ ემეტებოდა რაინდული ბუნების კაცს ზეინაბ ახვლედიანი, თორემ ორი შვილის გარდაცვალებაზე მეტი ტრაგედია რაღა უნდა იყოს...

ცოლიც გრძნობდა, რაოდენ ზრუნავდა მეუღლე მასზე და მომდევნო წელს, როცა ქმრის დაბადების დღე დადგა, ძალა მოიკრიბა და უმღერა ქმარს - ამით თითქოს გლოვა დაასრულა. მის მეტად აღარ უმღერია ზეინაბს, მაგრამ ქმრის უსაზღვრო ყურადღებასა და მზრუნველობას ასე უპასუხა, თავისი განწყობის საწინააღმდეგო სვლითა და ქმედებით!

ზეია განსაკუთრებული ქალი იყო. ქმრის სიუხვეს მისი ხელგაშლილობა ემატებოდა და არავინ იცის, საიდან პოულობდა იმ დროს შეჭირვებულებს, როცა თითქმის არავის შიოდა... სამშვილიანი ქვრივიც მის თვალს უნდა მოხვედროდა, სადილუქონელი მოხუცი თუ წამლის გარეშე დარჩენილი ავადმყოფიც. რეზო ამბობდა, ზეინაბი ზეია კი არა, ფირალია, ამდენს ვინ რას გამომტაცებს ხელიდან, ეს რომ იხერხებსო და სიხარულით უყურებდა ცოლის ყოველდღიურ საქმიანობას, რომელიც ქმრის, შვილების, უცნობ-ნაცნობებისა და სტუმრების გახარებას ეძღვნებოდა.

ვისაც კომუნისტების დროინდელი ქუთაისი კარგად ახსოვს, ისიც ეცოდინება, რომ მაშინ ყველაზე ხარისხიანი სამოსის ყიდვა ებრაელების "მიწისქვეშა მაღაზიებში" იყო შესაძლებელი. როცა რეზო ებრაელებს ეწვეოდა ოჯახთან ერთად, პირველად ცოლისთვის შეარჩევინებდა საჩუქრებს...

ცოტა მოგვიანებით, რეზომ დიდი სახლი ააშენა წყალტუბოს გზის პირას. ქვემო იმერეთში გაზაფხული ადრე დგება. რიონის ფიონი როცა თბილ სულს დაჰბერავს ხეობაში, ყოჩივარდებს და ფურისულებს უხარიათ მიწიდან ამოღწევა. ერთბაშად, აფეთქებით აყვავდებიან თეთრ-ვარდისფრად კორჩიოტები, იები ელამი სილურჯით უყურებენ მზეს და თხილის ბუჩქებიც თეატრის ფარდასავით დაუშვებენ მტვრიანებს. ვისაც რომანტიკული ხედვა აქვს, ამ ყვავილების სილამაზეს მხოლოდ საყვარელი ქალისთვის გაიმეტებს. რეზოც გადიოდა თებერვლის 14-ში და რაოდენ მკაცრიც უნდა ყოფილიყო ზამთრის სუსხი, სადმე, მზვარეში წააწყდებოდა ფერად, უმწეოყუნწიან ყვავილებს და ცოლს დაუკრეფდა სადაბადებისდღეოდ. ზოგჯერ ისე ცოტას, რომ პატარა, ასგრამიან ბროლის ჭიქას თუ მოიხდენდა "თაიგული" ვაზად, მაგრამ ასე იყო წესი - "ზეია ფირალს" ეს პატარა, ტყიდან ქმრის მიერ მოტანილი ყვავილები ერჩივნა ყველაზე მდიდრულ, გადაპრანჭულ "ბუკეტს".

68 წლის იყო ზეია, როცა რეზოს სამუდამოდ გამოემშვიდობა. დიდ სიყვარულს სხვაგვარად სცოდნია გლოვა. მადრიდიდან თბილისამდე შვილები და შვილიშვილები ევედრებიან, დატოვე სახლი, ჩვენთან წამოო, მაგრამ რეზო ყოველ 14 თებერვალს ოჯახში უნდა იყოს, რათა სადღაც მიმალული ფურისულები და ყოჩივარდები დაკრიფოს, ისევ იმ ასგრამიან ბროლის ჭიქაში ჩააწყოს კაცური ხელით, მოუხერხებლად, უწესრიგოდ, მაგრამ მაინც ლამაზად... მერე მეუღლის ფოტოს ამოოხვრით შეხედავს და ეტყვის: "ზეია, მიღალატე, მიღალატე და ჩემზე ადრე წახვედი, ხო?!"

P.S. მე ვარ რეზოსთან ნამყოფი აღდგომა დღეს. მის მერე ორი წელია გასული ან ცოტა მეტი. სუფრას ხელმძღვანელობდა რიხით, სიამაყით. მრავალრიცხოვან სტუმრებს მისი მასპინძლობა საარაკოდ მიგვაჩნდა, თუმცა უფრო მეტი ის იყო, რომ ცოლის მონატრებას თავს არავის ახვევდა... მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ შარშან ბოძებული ჯილდოც მხოლოდ იმიტომ უხაროდა, ზეია იამაყებდა ჩემითო... გასული წლის შემოდგომაზე შვილიშვილებს ეწვია რაჭაში. მთელ რთველს, ღვინის დაყენების ცერემონიას უხელმძღვანელა, მერე ისევ იმ უზარმაზარ სახლს დაუბრუნდა, სადაც ძალიან ჩუმად, დიდი საყვედურით შეუძლია ცოლის პორტრეტს შეხედოს და თქვას თავისთვის, - "ზეია, მიღალატე, მიღალატე და ჩემზე ადრე წახვედი, ხო?!"

როლანდ ხოჯანაშვილი