"გვაქვს კურთხევა, თუ ახალშობილის გადარჩენა ვერ ხერხდება, მოვნათლოთ" - გზაპრესი

"გვაქვს კურთხევა, თუ ახალშობილის გადარჩენა ვერ ხერხდება, მოვნათლოთ"

შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, მამა ვიცე-მერია, დედა - პედაგოგი. თვითონაც ბევრი წარმატება ხვდა წილად, ცხოვრებამ ბევრჯერ წააქცია კიდეც, მაგრამ რამდენჯერაც დაეცა, გამოწვევებს არ დანებდა და იმდენჯერ კიდევ უფრო ძლიერი წამოდგა. თამუნა ლომიძე, რომლისგანაც მხოლოდ პოზიტივი მოდის, რუსთავში სამშობიარო სახლში ნეონატოლოგად მუშაობს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ სამშობიაროში ვმუშაობდი სანიტრად. მაშინ ასე იყო, ვისაც სამედიცინოშო უნდოდა ჩაბარება, ჯერ სანიტრად უნდა ემუშავა. ყველა აბიტურიენტი მეცადინეობდა გამოცდებისთვის, მე კი ვმუშაობდი, შრომის ფასს ვსწავლობდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტიც გავხდი.

- თქვენს ოჯახზეც მომიყევით...

- როდესაც ერთმანეთი გავიცანით, შეიძლება ითქვას, ერთი ნახვით შემიყვარდა, მალევე დავქორწინდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემთვის ის იქცა საყრდენად, მთლიანად ვენდობოდი და როგორც იმედს, ისე ვეჭიდებოდი. ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ დაგვცალდა, სახლიდან გასული მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ დასრულდა ჩემი ცხოვრება. მეგონა, ცა ჩამოიქცა. ღმერთს ვთხოვდი, მასთან ერთად ჩემი სიცოცხლე დაესრულებინა, მაგრამ რაკი შვილებიც და მეუღლის მშობლებიც ჩემს იმედად დარჩნენ, დანებების უფლება არ მქონდა, მათ ვჭირდებოდი. მაშინ მამა ძალიან დამიდგა გვერდით, მაგრამ 3 წელში ისიც გარდაიცვალა... მას მერე ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველაფერს შევძლებდი და სადაც მივიდოდი, ყველგან აღიარებას მოვიპოვებდი. დღემდე ასეა, სადაც მივდივარ, ვცდილობ, ყველგან ჩემი კვალი დავტოვო.

- ლექსებისა და ნოველების წერაც დაიწყეთ, ხომ ასეა?

- დავიწყე ნოველების წერა, ჩემი და ჩემი მეუღლის თანაცხოვრების ამბები გავიხსენე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ნოველები დაიბეჭდა წიგნში "ქვემო ქართლელი გულდებულები".

- რა შეგრძნება გაქვთ, როდესაც ახალშობილი ხელში აგყავთ?

- საოცარი განცდაა. სანამ დაიბადება, ვლოცულობ, რომ ჯანმრთელი გაჩნდეს. განვიცდი: ხომ იტირებს? ხომ კარგად იქნება ყველაფერი? მიკვირს, როდესაც სქესზე წუწუნებენ. ეს ხომ უმნიშვნელო რამაა. ჩემი პროფესიის ადამიანებს გვაქვს კურთხევა, თუ ახალშობილის გადარჩენა ვერ ხერხდება, მოვნათლოთ, რათა ამ ქვეყნიდან არ გავიდეს მოსანათლი.

GzaPress

- ტელევიზიაშიც გქონდათ საავტორო გადაცემა.

- ერთ გადაცემაში მიმიწვიეს სტუმრად. იქიდან რომ გამოვედი, გავხედე ტელევიზიის შენობას და ვთქვი, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაგრამ როგორ, ეს არ ვიცოდი. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა საავტორო გადაცემა და რუსთავის კოლორიტები გამეცნო ფართო აუდიტორიისათვის. მივედი ჩემი პროექტით ტელევიზიაში, ძალიან მოეწონათ იდეა და დავიწყე მუშაობა, 61 კოლორიტი და წარმატებული რუსთაველი გავაცანი საზოგადოებას.

- ამ ყველაფრით იმის დამტკიცებას ხომ არ ცდილობთ, რომ ძლიერი ქალი ხართ?

- არ ვარ ძლიერი ქალი, უბრალოდ, არ მაქვს უფლება, სისუსტე გამოვიჩინო, სინამდვილეში ყოველღამე ვტირი და ბევრჯერ მნდომებია, ვინმეს დავეყრდნო. სინამდვილეში სუსტი ვარ, რომელსაც ჩახუტება, მოფერება და ბევრი სითბო სჭირდება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქმრის გარდაცვალების შემდეგ უარი ვთქვი პირადი ცხოვრების მოწყობაზე. ჩავთვალე, რომ მეც მასთან ერთად მოვკვდი...

მახსოვს, ერთხელ ეკლესიაში მივედი და ღმერთს ვუსაყვედურე, რატომ წამართვა საყვარელი ადამიანი, თუ მანვე გამომიგზავნა? ვუთხარი, რომ უარს ვამბობდი ეკლესიურ ცხოვრებაზე და წამოვედი. იმ დღიდან აღმოვჩნდი უფსკრულში: ყველაფერი მტკიოდა, დასახიჩრებული მქონდა სული. ისევ ღმერთმა ამომიყვანა იმ უფსკრულიდან და კვლავ ეკლესიაში მიმიყვანა. იმ დღიდან უფალს არასოდეს მივუტოვებივარ, ბევრჯერ ვიგრძენი მისი თანადგომა. ერთხელ ვთხოვე: ღმერთო, მომეცი ნიშანი, რომ ჩემთან ხარ-მეთქი და მეორე დღეს ჩემმა შვილმა დამირეკა, მახარა, მალე ბებო გახდებიო. ასე რომ, ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.

- როგორ გგონიათ, რაშია ქალის ბედნიერება?

- ქალის ბედნიერება ორ რამეშია: შვილებსა და პირად ცხოვრებაში. ეს ორი ურთიერთს არ გამორიცხავს, თუ ქალს ერთ-ერთი მათგანი აკლია, სრულყოფილად ბედნიერი ვერ იქნება.

- რას გეგმავთ ახლო მომავალში და რას ურჩევდით ქალბატონებს?

- მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ცენტრში ექიმ-კოსმეტოლოგად ვმუშაობ, ასევე ვარ ამერიკული კომპანია ჟეუნესსე Gლობალ-ის ბიზნესპარტნიორი... ახლა მინდა ჩემი წიგნი გამოვცე, რომელსაც ერქმევა "ცხოვრება 37 წლამდე და მას შემდეგ", მაგრამ მე თუ ამას გავაკეთებ, ვფიქრობ, დავასრულებ ჩემს აქტიურ ცხოვრებას. რაც შეეხება რჩევას: გული არასოდეს დაბერდება, დაიჯერონ ამის და კიდევ, იცოდნენ თავიანთი ადგილი და ისიც, რომ მორჩილება მონობას არ ნიშნავს.

ფიქრია რობაქიძე