მესტიის ლეხთაგის უბნის გადარჩენა აუცილებელია! - გზაპრესი

მესტიის ლეხთაგის უბნის გადარჩენა აუცილებელია!

არც ისე დიდი ხნის წინ გამოვაქვეყნეთ არქიტექტორის, ბატონ ნუგზარ ჩართოლანის ინტერვიუ უშგულის მეოთხე სოფლის (მურყმეელის) შესახებ. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეგრძელებინა ბატონ ნუგზართან კომუნიკაცია ზემო სვანეთის არქიტექტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებზე.

ნუგზარ ჩართოლანი:

- სოციალ-პოლიტიკური და გეოგრაფიული გარემო აყალიბებდა და აყალიბებს ამა თუ იმ ხალხების ურბანული გარემოს არქიტექტურულ სახიერებას. სხვადასხვა სოციალური პერიოდი თავის შესატყვის ანარეკლს ტოვებს ურბანული დასახლების სტრუქტურულ ქსოვილში და ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი მთის რეგიონი, ზემო სვანეთის უბატონო სეგმენტიც არ არის გამონაკლისი, სადაც ფეოდალიზმმა, კლასიკური გაგებით, ვერ მოიკიდა ფეხი. ამ "უბატონო" ნაწილმა რამდენიმე საუკუნე იარსება გარე სამყაროსგან მოწყვეტილად და სწორედ ამიტომაც შეინარჩუნა ძველთაძველი ქართული საერო ფასეულობები, რომელიც თავისი იდენტურობით უნიკალურია.

ერთ-ერთ პირველ ფოტოსურათზე, რომელიც სავარაუდოდ XIX საუკუნის 90-იან წლებშია გადაღებული, ნათლად ჩანს მესტიის დასახლების სტრუქტურა, საგვარეულო დასახლებათა ავტონომიურობა და იდენტურობა გვარების მიხედვით. არსებული სურათით კარგად იკითხება ხერგიანთა საგვარეულო საცხოვრებელი კომპლექსი და ასევე მარგიანთა უბანიც. ამ უკანასკნელ დასახლებას დღემდე შემორჩენილი აქვს ძველი ტოპონიმიკური სახელი - მარგიანალის უბანი. მესტიის ერთ-ერთი ძირძველ დასახლებას, ხერგიანთა საგვარეულო კომპლექსს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ხერგიანთა გვარის რამდენიმე საძმოდ (სამხუბებად) დაყოფის სიმრავლე და სიძველე (დღეს 7 შტოა) ეთნოგრაფთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ძირითადად არქიტექტურულ კომპლექსზე ვისაუბრებთ.

მესტიაში 2011-12 წლებში ჩატარებული ძირითადი სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების კურიოზული შედეგები სახეზე გვაქვს, რომელიც შედეგია იმ კამპანიური კურსისა, რასაც ამ წლებში ატარებდა მთავრობა ქვეყნის მასშტაბით. გამონაკლისი არც მესტია აღმოჩნდა, სადაც განახორციელეს სეტის მოედნის, ცენტრალური ქუჩის და ლანჩვალის უბნის "კეთილმოწყობა". ათიოდე წლის წინ დაწყებული "მოდერნიზაციის" მომლოდინე მესტიის ეს ნაწილები დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაშია დაკონსერვებული.

სეტის მოედანი ეროვნული ქალაქმშენებლობით შედევრად შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ იგი მესტიისთვის იგივე იყო, რაც ვენეციისათვის სან-მარკოს მოედანი ან მოსკოვისათვის კრემლის მოედანია. იგი დიდი ისტორიული ღირებულებებისაა მთელი სვანეთისათვის და რაც დღეს მის ადგილზე აშენდა, ვანდალიზმის ტოლფასია. ვანდალიზმს ადასტურებს შემდეგი:

მესტიის ცენტრში, სეტის ტერიტორიაზე (სეტი - მესტიის ძველი სახელწოდებაცაა) ოდითგანვე იმართებოდა საერთო-სათემო და რელიგიური დღესასწაულები. აქ იმართებოდა როგორც წინარე ქრისტიანული, ასევე ქრისტიანული დღეობები. აქ დგას ძველთაძველი ეკლესია, სეტის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც შუა საუკუნეებში საეპისკოპოსო იყო. იმავე შუა საუკუნეებში იყო მონასტერი, რომელსაც ეპისკოპოსი განაგებდა. სეტი გაზაფხულზე არაჩვეულებრივია. ის ჰულიშობის დღეობის (იმართება ცხენებით ჯირითი) ჩატარებისათვის რელიეფითაც შესაფერისი ადგილი გახლავთ. ეს დღეობა ნაზავია წარმართული კულტურისა და ქრისტიანული სარწმუნოების, რომელთა თანაარსებობაც სვანეთისათვის ისტორიული თავისებურებითაა განპირობებული და მას განსაკუთრებული გაფრთხილებაც სჭირდება, რამდენადაც ასეთი შერწყმული ელემენტების არსებობას და რეალიზაციას ადგილობრივი სამღვდელოება ეწინააღმდეგება.

სხვათა შორის, ადრეული შუა საუკუნეების მართლმადიდებლობა სასტიკად ებრძოდა წარმართულ კულტურებს, მაგრამ დავით აღმაშენებლისა და მისი სულიერი მოძღვარის, გიორგი ჭყონდიდელის ლოიალური პოლიტიკის შედეგად, წინარე ქრისტიანული რელიგიურ წარმოდგენებზე ზეწოლა შეჩერდა. პირიქითაც კი მოხდა, მაშინდელ სამღვდელოებას მითითება მიეცა ქრისტიანებისათვის მისაღები წინარე დღეობები თუ საკულტო მისტერიები გარკვეულად შეერწყათ მართლმადიდებლობასთან.

GzaPress

ასეთი განუყოფელი იყო მესტიის ისტორიული ყოფისათვის სეტის მოედანი. ასეთ ეროვნულ საუნჯეებს თითქოსდა კულტურული მემკვიდრეობის კანონი იცავდა, მაგრამ იგი, "კანონდამცავებმა" საკუთარი ბიზნესინტერესების სარეალიზაციო არენად აქციეს. განახორციელეს უშუალოდ სეტის მოედნის მოშენება ე.წ. სასტუმროს ტიპის 2-3-სართულიანი გაუგებარი არქიტექტურული სემანტიკის ტრივიალური შენობებით, რომლითაც სეტი მოწყვიტეს როგორც თავის წარსულს, ასევე არსებულ გარემოს და ჩაკეტილ სივრცედ გადააქციეს. ისტორიულ ღირებულებებს უგულებელყოფენ (სვანეთს, სიძველეთა გამო ეტანება დაინტერესებული მეცნიერი, მოგზაური თუ ტურისტი) და სიტყვიერ დონეზე მესტიას აცხადებენ მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად. ასე რომ, სიტყვიერ სტატუსს და ფორმით იერსაც კი უცვლიან. ეს არის მეტად მწარე რეალობა! იქვე, სეტის ტერიტორიაზე, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და ერთი სართული დაუმატეს ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობას. გვერდებზე მიუდგეს პოლიციის რამდენიმესართულიანი და იუსტიციის ე.წ. დეკონსტრუქციული სტილის შენობები.

სეტის მოედანი უნდა აღდგეს, მას უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული სახე და ფუნქცია! - ამბობენ მესტიის გონივრულად მოაზროვნე მკვიდრნი და მათ, ისტორიულ მემკვიდრეებს, ამის მორალური უფლება აქვთ. უმეტეს შემთხვევაში (კოშკების გამოკლებით) რეაბილიტირებული იქნა ისეთი შენობები, რომლებიც არ წარმოადგენენ რაიმე ღირებულს, ხოლო დღემდე შემორჩენილი არაერთი ძველი სვანური საცხოვრებელი კომპლექსი უყურადღებოდაა დატოვებული. თუკი სამომავლოდაც არ შეიცვალა მესტიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კურსი, მერწმუნეთ, ძველი მესტიისაგან დარჩება მხოლოდ საბრძოლო კოშკები და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითმყოფადი საერო ხუროთმოძღვრული ნაგებობანი უკვალოდ გაქრება.

დასაწყებია მესტიის ჯერ კიდევ შედარებით ხელუხლებელი ისტორიული უბნების, ლეხთაგის და ლაღამის (ამ უკანასკნელზე თითქოს დამუშავდა რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია რატომღაც რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ და არა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ) კულტურულ-ისტორიული ფენების შესაბამისი კვლევა და მის საფუძველზე სამომავლო სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და საადაპტაციო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ადგილობრივი სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, რომელიც დაფუძნებული იქნება იუნესკოს რეკომენდაციებსა და სქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობაზე და ამით წერტილი დაესმება მესტიის, როგორც მთლიანად უნიკალური ისტორიული ძეგლის თვითნებურ ხელყოფას ნებისმიერი არაკომპეტენტური სუბიექტისაგან.

განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში მინდა მოვაქციო ლეხთაგის უბანში არსებული ხერგიანთა გვარის ძველთაძველი საცხოვრებელი კომპლექსის გადარჩენის დიდი ეროვნული მნიშვნელობა, რომლის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა შენობების უმეტესობა სახურავების გარეშეა დარჩენილი.

ამჟამად ამ უბანში ხერგიანთა გვარის სამი შტო ცხოვრობს (ბექაიშა, კახბერშა, თათაშა), ხოლო ოთხი ლანჩვალის უბანში (შაითუშა, მინდოხშა, გიგსუშა, ბაიშა). სვანეთისათვის, ტრადიციული "დიდი ოჯახის" სეგმენტაციის შედეგად განაყარ შტოთა სიმრავლე გვარის შორეულ წარმომავლობაზე მეტყველებს. ეს ვარაუდი ძველი წერილობითი წყაროებითაც დასტურდება. თვით უბნის დასახელება "ლეხთაგ", შესაძლოა, ხრთაგიანების გვარიდან მომდინარეობდეს. ხრთაგიანების გვარიც ძველ ხელნაწერებში არის მოხსენებული და არ არის გამორიცხული, რომ შემდგომ ხერგიანად ტრანსფორმირდა. ასევე, არ გამოირიცხება, რომ მესტიის პირველადი დასახლების ნიშნები სწორედ ლეხთაგის ხერგიანთა საცხოვრებელ კომპლექსში იკვეთება, ხოლო მესტიის ლანჩვალის უბანში - მარგიანების საგვარეულო საცხოვრებელ კომპლექსში. მარგიანების საგვარეულოც რამდენიმე შტოდ არიან გაყოფილნი და მესტიაში მარგიანების ორი შტოს (ბაშშა, იენაშა) გარდა ამ გვარის ოთხი განაყოფი მულახის თემის სხვადასხვა უბანში სახლობენ (მარგიანშა, გიოშა). ცნობილი იტალიელი მოგზაურის, ვიტორიო სელას მიერ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათზე ნათლად ჩანს ხსენებული საცხოვრებელი კომპლექსების ავტონომიურად, გამოყოფილად, განცალკევებულად არსებობა.

ლეხთაგის ხერგიანთა საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა სვანური თვითმყოფადი ხუროთმოძღვრული შენობა-ნაგებობების განსაკუთრებული სრულყოფილებით და სხვადასხვა პერიოდში აშენებული ნაგებობების ჰარმონიული შერწყმით. კომპლექსს დღესაც შენარჩუნებული აქვს დიდი ისტორიულ-სამეცნიერო მნიშვნელობა ქართული საცხოვრებელი კომპლექსების ისტორიული საფეხურების განვითარების საქმეში. მისი ცოცხალი სახით შენარჩუნება კი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის უიშვიათესი კლასიკური მატერიალური კულტურის საგანძური, მემორიალი და მატეანეა.

კომპლექსი ოდითგანვე იპყრობდა მეცნიერ-მოგზაურთა ყურადღებას. პირველი ფოტოსურათი ინგლისელ გეოგრაფ ფრეშფილდს აქვს გამოქვეყნებული თავის ნაშრომში კავკასიის შესახებ 1888 წელს. ხოლო გამოჩენილ ქართველ არქიტექტორებს მ. ჯანდიერს და გ. ლეჟავას დიდი გულმოდგინებით აქვთ გამოკვლეული და არქიტექტურულად აზომილი მთელი კომპლექსი. ნაშრომი გამოქვეყნებულია მოსკოვში, 1938 წელს და ის გვაძლევს უაღრესად ძვირფას მასალას, თუ როგორი იყო კომპლექსი გასული საუკუნის 30-იან წლებში და მანამდე. წიგნში ილუსტრირებულია ხერგიანების საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული გეგმები, კომპლექსის განშლა-ფასადი, ჭრილი, პერსპექტიული გრაფიკული ჩანახატები და ფოტოსურათები.

ლეჟავასა და ჯანდიერის არქიტექტურული ანაზომების მიხედვით გასული საუკუნის პირველ ნახევარში, კომპლექსში იდგა ოთხი მაჩუბი, ორი კოშკი, ოთხი კალო თავისი ლალჩებით, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, საგვარეულო სასაფლაო ეკლესიითურთ და სამხრეთი ტერასების (კალოების) ქვეშ განთავსებული საჭირნახულე სათავსები - ჭირნახულის დასაბინავებელი ნახევრად მიწისქვეშა კამერები.

კომპლექსს დღესაც შენარჩუნებული აქვს თავისი ისტორიული სახე, თუმცა თავდაპირველი ნაგებობების გარკვეული ნაწილი დანგრეულია. თუმცა, შესაძლებელია პირვანდელი სახით აღდგენა.

დღეისთვის აქ ცხოვრობს ორი ოჯახი. ბარში გადასული ერთი მკვიდრი მოსახლე დაუბრუნდა თავის პირვანდელ საცხოვრებელ ადგილს, რომელთა საყოფაცხოვრებო პირობების მოწყობას თან ახლავს ძველი ისტორიული დასახლების გარკვეული სახეცვლილება. ახალ, შეუსაბამო მშენებლობას კი არასასურველი დისონანსი შეაქვს არსებულ შუა საუკუნეების სვანეთისათვის დამახასიათებელ ურბანულ კომპლექსში და ამიტომ აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით გათვალისწინებული რეგულაციების სრული ამოქმედება, რათა შენარჩუნებულ იქნას კომპლექსის ძველი ისტორიული იერი, რამდენადაც ეს კომპლექსი არის ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო მარგალიტი, როგორც ჩაჟაში, მურყმეელი, შატილი თუ მუცო.

წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, კომპლექსში პერიოდულ-ფრაგმენტულად ჩატარებულია გარკვეული სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, მაგრამ როგორც ასეთი, კომპლექსური, ფუნდამენტალური არქიტექტურულ-არქეოლოგიური აზომვითი, კვლევითი თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, ამიტომ გამომდინარე ობიექტის დიდი ეროვნული მნიშვნელობიდან, დასაწყებია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა და შემდგომ ასევე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

კომპლექსში შემავალი ერთი მაჩუბი 80-იანი წლებიდან შესყიდული აქვს სვანეთის ისტორიულ მუზეუმს, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა.

P.S. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს და სამომავლოდ მიზანშეწონილი იქნება ისეთი ღონისძიებების დასახვა, რომლებიც შეჯერებული იქნება მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან და საერთაშორისო რეგულაციებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესტიას კიდევ ერთი განსაკუთრებული უბანი დაეკარგება თვითმყოფადობის თვალსაზრისით.

როლანდ ხოჯანაშვილი