"ძლიერ სახელმწიფოს შეშინებული ადამიანები ვერ ააშენებენ" - გზაპრესი

"ძლიერ სახელმწიფოს შეშინებული ადამიანები ვერ ააშენებენ"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, კახა კოჟორიძე თანაგუნდელებთან ერთად პოზიციას არ იცვლის და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. საუბრისას არც იმას მალავს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ცუდია, მაგრამ მიაჩნია, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე დადგა მთელი ოპოზიციური სპექტრი და რადგან პარლამენტის ლეგიტიმაცია უარესი გზაა, ამიტომ ცუდის არჩევა მოუხდათ. პარლამენტში შესული ოპოზიციის რამდენიმე წევრსაც გადადგმულ ნაბიჯს უწუნებს.

რატომ გადაწყვიტა წარმატებულმა იურისტმა პოლიტიკაში წასვლა და რას აპირებს პარლამენტის მანდატზე უარის თქმის შემდეგ? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე კახა კოჟორიძე გვესაუბრა.

- მანდატზე უარის თქმამ რომ მოგიწიათ, გული არ გწყდებათ?

- ცხადია, ჩვენი სურვილი არ იყო, პარლამენტში არ შევსულიყავით. "ლელოში" ის ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებიც პირველ რიგში, საპარლამენტო მუშაობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. მათი განათლება და პროფესიული საქმიანობა ძალიან გამოადგებოდა ქვეყანას, მაგრამ როცა არჩევნები ასე მასშტაბურად ყალბდება, ამ შემთხვევაში, პარლამენტში თუ შედიხარ, ლეგიტიმაციას უკეთებ ამ სიყალბეს და იქვე უნდა გაიაზრო, რომ მომდევნო არჩევნები უარესი იქნება... სანამ პოლიტიკისკენ გადავდგამდი ნაბიჯს, ყველა არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვხედავდი - ყოველი მომდევნო არჩევნები წინაზე უარესი იყო. ამას სხვა არასამთავრობოებიც ამბობენ, რომლებიც ობიექტური შემფასებლები არიან. ახლა ოპოზიციის სიმტკიცე იყო საჭირო. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გულზე მჯიღს იცემდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა, ვერ გამოიჩინა პრინციპულობა. არ ვიცი, მათ რა თანამდებობები ექნებათ, რაში უნდა გაცვალო შენი ქვეყნის მომავალი.

- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- წარმატებული პროფესიული საქმიანობა მქონდა, ადამიანის უფლებების თემაზე ვმუშაობდი. გარდა იმისა, რომ საია-ს თავმჯდომარე ვიყავი, ვმუშაობდი ასევე კოალიციაში, სადაც მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ გაერთიანებული და ყველა ორგანიზაცია მაღალ დონეზე მუშაობდა სამართლებრივ საკითხებზე. გაერთიანებული ორგანიზაციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარე გახლდით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც ვიყავი, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, და ამ ყველაფერმა დამანახვა - იმისათვის, რომ ამ სფეროში სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები. ის პრობლემა კი არ არის, რომ კანონმდებლობა არ გვივარგა ან არა გვაქვს იმის რესურსი, რომ კარგი მოსამართლეები გვყავდეს, ან ის, რომ რეფორმის ჩატარება არ შეგვიძლია, არამედ პრობლემა ის არის, რომ ნება არ არსებობს და ეს მოდის პოლიტიკიდან. პოლიტიკური ცვლილებების გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, სიღარიბის დაძლევას. ჩემთვის ბევრი საინტერესო საკითხია, მაგალითად: კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური თემა და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკისკენ გადამედგა ნაბიჯი. "ლელოს" გუნდის წევრი გავხდი. აქ არიან გულანთებული, პროფესიონალი ადამიანები. შეგიძლიათ შეადაროთ სხვა საპარლამენტო სიები და ის სია, რაც ჰქონდა "ლელოს". ნახავთ, რისთვის მიუღწევიათ და რა პროფესიული გზა გაუვლიათ სხვებს და რა გაუვლია "ლელოში" მყოფებს.

- თუმცა, თქვენ ვერ მოიპოვეთ მაჟორიტარის მანდატი...

- ხაშურისა და ქარელის ოლქში ვიყავი კანდიდატი და მივიღე 9 პროცენტი, რაც დასაწყისისთვის ცუდი არ არის. არაერთმა ძლიერმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო 9 პროცენტის "დადება". არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩაატარა "რუსთავი 2"-მა კვლევა და 15 პროცენტი დამიწერეს. როგორც წესი, "რუსთავი 2" ყოველთვის წერს რეალურზე ნაკლებს, ყუთებში კი 9 პროცენტი ამოვიდა - ეს იყო გაყალბების შედეგი. გაყალბება არა მხოლოდ არჩევნების დღეს მოხდა - მთავარი გაყალბება წინაასარჩევნო პერიოდში ხდებოდა ხალხის მოსყიდვისა და დაშინების გზით. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სარგებლობს ადამიანების მდგომარეობით, მათი სიღარიბით, დაუცველობით, აშინებს და ყიდულობს ხმებს. ეს არის ტრაგედია, ხალხს თავისუფლებას ართმევენ. მძიმე სანახავია, როცა ადამიანს ერთადერთი საფიქრალი აქვს - რა აჭამოს შვილებს და ოჯახს, - ამ ადამიანთან მიდიხარ და სთავაზობ 100 ლარს. ის ფიქრობს, - რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ერთ ხმას, ის გადამწყვეტი ვერ იქნება, მოდი, შვილებს პურს ვაჭმევო... ასეთი ტიპის არჩევანის წინაშე რომ აყენებ, ეს ძალიან ცუდი საქციელია მორალურად, სამართლებრივად კი დანაშაულია. მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოებაც დამნაშავეა - უნდა მოვახერხოთ, არ ავიღოთ ის ფული, რასაც გვთავაზობენ. არ უნდა შეგვეშინდეს არჩევანის გაკეთების. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ძლიერ სახელმწიფოს შეშინებული ადამიანები ვერ ააშენებენ. თუ მაინცდამაინც მძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს და იღებს ამ თანხას, მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს მაინც ის, ვინც მას უნდა. მაგრამ აბსურდულ რაღაცებს ეუბნებოდნენ - თითქოს საარჩევნო კაბინაში კამერებია; უფრო დიდი სისულელეც მოვისმინე - პასტის წვერში არის ვიდეოკამერა ჩამონტაჟებული და დაინახავენ, ვინ შემოხაზეო!.. თუ თავისუფალი არჩევანი ვერ გავაკეთეთ, წინ ვერ წავალთ. ასევე, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულებიც და საკუთარი შეცდომებიც დავინახოთ. ვფიქრობ, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კი არ არიან ძლიერი, ჩვენ - ადამიანები, საზოგადოება - არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ მოვერიოთ საკუთარ თავს.

GzaPress

- თავის დროზე იურისტობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაც მინდოდა, განათლება მიმეღო, მაგრამ ალბათ მამის ფაქტორმა იმოქმედა: მამა ხაშურში 17 წელი მოსამართლე იყო, დღემდე საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს. 1999 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საშინელი კორუფცია იყო. მამამ რომ გაიკითხა, რამდენად მქონდა შანსი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრის, უთხრეს, ფასიანზე რომ მოხვდეს, 5.000 დოლარი უნდა გადაიხადოო. ამიტომ გადაწყდა, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება არ მეცადა და რომელიმე სხვა სასწავლებელში ჩამებარებინა. თავისუფლების მოედანზე იყო გახსნილი რაღაც და იქ ჩავაბარე, სახელიც კი არ მახსოვს უნივერსიტეტის, ავყევი რჩევას, მაგრამ ვთქვი, სწავლა თუ არ მომეწონება, არ ვისწავლი-მეთქი. 3 თვე დავდიოდი და თავი დავანებე. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თბილისში, ერთოთახიან ბინაში ჩავიკეტეთ, ისიც იურიდიულზე აბარებდა და ერთად ვმეცადინეობდით. წიგნები მართლა თავზე გვეყარა. ისე კარგად ვიმეცადინეთ, აბსოლუტურად ჩემით ჩავაბარე მეორე წელს უფასოზე, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ იმ კორუფციული სისტემის მიუხედავად, თუ ძლიერი იყავი, შანსი იყო, უფასოზე ჩაგებარებინა. მიზანს მივაღწიე, თუმცა, რომ გითხრათ, ჯავახიშვილის იურიდიულის დონე მომწონდა და მაკმაყოფილებდა, ტყუილი იქნება, - სამწუხაროდ, ასე არ იყო. ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები გვყავდა, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა პერიოდის ტყვეობაში გახლდათ ჩარჩენილი და იურიდიული ფილოსოფია, ღირებულებები, რაც ამ პროფესიას სხვებისგან გამოარჩევს, რაც ამ პროფესიის ხიბლია, რომ შეეყვარებინათ სტუდენტებისთვის, ეს ნაკლებად ჩანდა. ცოდნა უფრო პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობიდან შევიძინე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ა.შ.

- თქვენი პირველი ნაბიჯები პროფესიულ საქმიანობაში როგორი იყო?

- კერძო საადვოკატო საქმიანობა 2005 წელს, სტუდენტობის დამთავრებისთანავე ერთ იურიდიულ კომპანიაში დავიწყე. დავით უსუფაშვილის ძმას და გია ზედელაშვილს ჰქონდათ იურიდიული სამსახური გახსნილი და მათთან თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. მეორე წელს ჩავაბარე საადვოკატო გამოცდა და საკმაოდ რთულ საქმეებში ვმონაწილეობდი. 2006 წელს კი მამაჩემი გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან, არადა, აბსოლუტურად კანონიერი განაჩენი გამოიტანა ერთ-ერთ საქმეზე. მხოლოდ იმიტომ სთხოვდნენ სამსახურიდან წასვლას, რომ პროკურატურის დაკვეთა არ შეასრულა. ზურაბ ადეიშვილი იყო პროკურორი. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. იცით ალბათ, პროკურორის თანხმობის გარეშე მოსამართლეს პირობითი მსჯავრიც კი არ შეეძლო მიეცა ადამიანისთვის. მამაჩემმა საკმაოდ სწორი განმარტება მისცა თავის განაჩენს. დაასაბუთა, რატომ არ სჭირდებოდა პირობითი მსჯავრიც კი. ეს არ აპატიეს, დაუყადაღეს სახლი, სამსახურიდან წასვლის განცხადება დააწერინეს, დიდი ამბები იყო.

- მამის დაცვა შვილს მოგიხდათ?

- მაშინ პროფესიულად დიდი გამოცდილება არ მქონდა, ვიცოდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შესახებ. მივედი და ვუთხარი, თქვენი დახმარება მჭირდება-მეთქი. ანა დოლიძე იყო საია-ს ხელმძღვანელი. ანამ დიპლომატიურ კორპუსსაც აცნობა მომხდარი, ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ სიმართლე მაინც ვერ გავიტანეთ. სწორედ ამ უსამართლობის შემხედვარემ გადავწყვიტე, საადვოკატო საქმიანობისთვის დროებით თავი დამენებებინა და საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამეგრძელებინა. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კონკურსი ჩატარდა, მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. რთულ და საინტერესო საქმეებს ვიღებდი, ძირითადად ისეთებს, სადაც პოლიტიკური ინტერესი ჩანდა. სამწუხაროდ, იმ რეჟიმში ასეთი ტიპის საქმეებზე სიმართლეს ვერ აღწევდი, მაგრამ ამ საქმეებს მაღალ პროფესიულ დონეზე ვაწარმოებდი და ვგზავნიდით სტრასბურგში. იქ დგებოდა მერე გამარჯვება. დღემდე ამ პრინციპით ვმოქმედებ. შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ვერ მიაღწიო სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი. როცა მართალი ხარ, საბოლოოდ გაიმარჯვებ - სწორედ ეს არის ჩემი პრინციპი. შემდეგ 2012 წელს, საია-ს თავმჯდომარედ ამირჩიეს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. ეს დაემთხვა პერიოდს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩავლილი გახლდათ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და გაჩნდა იმედი, რომ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდებოდა, განსაკუთრებით - სასამართლოსა და პროკურატურაში. რადგან "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას დაემთხვა ჩემი არჩევა საია-ს თავმჯდომარედ, ფიქრობდნენ, თითქოს "ოცნების" კანდიდატი ვიყავი. ალბათ არ მოელოდნენ, მის კრიტიკას რომ დავიწყებდი, - არადა, არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქცია ხომ სწორედ ის არის, მიუთითოს შეცდომებზე ხელისუფლებას. მერე, "ოცნებას" არ მოეწონა ჩემი კრიტიკა და უკვე მათ ჩამთვალეს "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერად.

- საია-ს თავმჯდომარეობა ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა ბევრისთვის, მათ შორის თქვენთვის. ამის შემდეგ თქვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეთ.

- ვიყავი პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით. ვცდილობდით დაგვებალანსებინა ის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ატარებდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაგვეცვა. სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟის დაცვა, სასამართლოს რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვა - ფაქტობრივად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ამ პრობლემებზე მუშაობა გავაგრძელე. ვფიქრობ, სწორ მხარეს ვიყავი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხშირად სწორ პოზიციას აფიქსირებდა ამა თუ იმ საკითხზე. მქონდა სრული თავისუფლება და ვამბობდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა. ხშირად ემთხვეოდა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, თუმცა იყო შემთხვევები, სადაც ვისურვებდი, პრეზიდენტს სხვა პოზიცია ჰქონოდა.

GzaPress

- პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ისევ ადვოკატურაში გადაინაცვლეთ?

- დავაფუძნე იურიდიული კომპანია ჩემს ძმასთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული ოჯახი ვართ - მამა, ძმა, ჩემი მეუღლე და მე, - გადავწყვიტეთ, ერთობლივად გაგვეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა. არჩევნების დროს ძირითადად საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული, მაგრამ ადვოკატობა არ შემიწყვეტია, პროცესებზეც გამოვდიოდი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ბევრი საინტერესო საქმე მაქვს. მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის საქმე: ჯარჯი აქიმიძეს ვეხმარები სამართლიანობის აღდგენაში. დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს სამართლიანობა აღდგა, რომ ხალვაში არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე, მაგრამ რეალობა სხვაა: ხალვაში თავად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემაში მაშინ, როდესაც კომპანიის დამფუძნებლებს - ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ეს კომპანია წაართვეს. სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება, როცა აქიმიძეს და დვალს დაუბრუნდება "რუსთავი 2". შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამართლოში, წარმოებაში მიღებულია და ველოდებით პროცესის დანიშვნას. აქაც გამოჩნდა შერჩევითი სამართალი: ხალვაშის შეტანილი სარჩელის განხილვა 3 თვეში დასრულდა, რამდენიმე სხდომა ზედიზედ ჩაატარეს და გამოვიდა გადაწყვეტილება, ჩვენ კი ამ საქმეზე ერთ წელზე მეტია, სასამართლო სხდომის დანიშვნას ველოდებით. და მაინც, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს და ეს კომპანია მის ნამდვილ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ. ასევე მაქვს თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე, ესეც წინა ხელისუფლების მიერ წართმეულ ქონებას ეხება, "ქართულმა ოცნებამ" ეს ქონება არ დაუბრუნა მფლობელს და საავიაციო ქარხანა, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ობიექტი დღეს სულს ღაფავს, ნადგურდება. კიდევ - ფოთის გემთსაშენის საქმეა... მოკლედ, საქმე ეხება მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებსაც ანადგურებს უსამართლობა.

- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- როდესაც საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი ვიყავი, მაშინ გავიცანი თინი. საია-ში 6 თვეში ერთხელ ვარჩევდით დაახლოებით 20 სტუდენტს, ისინი ჩვენთან სტაჟირებას გადიოდნენ. თინიც ასე მოხვდა ჩვენთან, მაშინ მაგისტრატურაში სწავლობდა. მომეწონა; მოწონება მალე სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი. ძალიან მიყვარს პოეზია, ხანდახან ლექსებსაც ვწერ. უფრო მეტი ლექსი შეყვარებულობის პერიოდში მაქვს მეუღლისთვის მიძღვნილი... გვყავს ორი შვილი: 8 წლის ალექსანდრე და 5 წლის დანიელი. შვილებთან თამაში და მათთან ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ბიჭებს მოსწონთ, როცა ზღაპრებს ვუყვები. ჩემი მოყოლილი ზღაპრები არის იმპროვიზაცია: თემას ირჩევენ, მეუბნებიან, ვთქვათ, დინოზავრებზე ან ბრძოლებზე მოგვიყევიო და ა.შ. მეც ვიწყებ ზღაპრის მოყოლას და არ ვიცი წინასწარ, ეს ზღაპარი როგორ დამთავრდება. ხან წიგნებს ვკითხულობთ ერთად, ხან ერთად დავდივართ სასეირნოდ.

თეა ხურცილავა