"ტყუილად მასწავლიდნენ ამხელა კლასიკოსები - კინო ჩემს ხელში მოკვდა მაინცდამაინც" - გზაპრესი

"ტყუილად მასწავლიდნენ ამხელა კლასიკოსები - კინო ჩემს ხელში მოკვდა მაინცდამაინც"

რეჟისორსა და სცენარისტ დავით ნაცვლიშვილს ბავშვობაში ყველაზე მეტად მუსიკა უყვარდა. სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოზე და პოპულარულ მუსიკას რადიო "ამერიკის ხმის" საშუალებით უსმენდა. განსაკუთრებით ჯაზი იზიდავდა, თუმცა: "მაშინ ქუთაისში კი არა, თბილისში არ უკრავდნენ ჯაზს, ეს თემა ჩაკეტილი იყო. მხოლოდ 70-იან წლებში გამოჩნდა პევზნერი, "გეპეის" ჯაზი და ა.შ. რომელი ნაწარმოებიც მომწონდა, ვაწყობდი და ხშირად ვუკრავდი, სახლში მეჩხუბებოდნენ, - რა არის, ერთსა და იმავეს რომ უკრავო?! მამაჩემი მთხოვდა, "გინდ მეძინოს" დაუკარიო და სხვა შეკვეთებსაც მაძლევდა".

- ეზოში ბავშვები ვმაიმუნობდით ხოლმე, ეს სერიოზული არ იყო, მაგრამ შიგნიდან არტისტული რაღაცები მაწუხებდა, შემეძლო კარგად მიმებაძა ვინმესთვის. ვხატავდი, ჩემო ბატონო და ჩემი მოსახელე ბიძა მყავდა, რომელიც ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო. მეც არქიტექტურამ გადამძალა. იმ პერიოდში ქუთაისში ცნობილ მხატვარ ვალიკო მიზანდართან მიმიყვანეს. მან ბიძაჩემს უთხრა, - რაღაც მონაცემები აქვს, თუ ივლის ჩემთან, ვასწავლიო. სკოლაშიც ხატვის კარგი მასწავლებელი მყავდა. დედაჩემს, როგორც ყველა ქუთაისელს, უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. არტისტობაზე და მით უმეტეს, კინოზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, მიუღწეველ რამედ ითვლებოდა, რადგან მხოლოდ მოსკოვში იყო კინოინსტიტუტი.

- დაამთავრეთ არქიტექტურის ფაკულტეტი და დაიწყეთ მუშაობა?

- არ მიმუშავია, 1-2 წელი გაქცევაზე ვიყავი. მაშინ აუცილებელი პირობა ასეთი იყო - კინემატოგრაფიის ინსტიტუტში წინასწარ უნდა გაგეგზავნა ნამუშევარი, რომ გამოცდაზე გასვლის ნებართვა მიგეღო. ერთხელაც მომწერეს, დაშვებული ხართ გამოცდებზეო. დიდი ამბავი მოხდა, მაგრამ ოჯახს არ ეგონა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა, თუმცა, ხელი შემიწყვეს და წავედი.

- რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსები ბევრმა ცნობილმა შემოქმედმა დაამთავრა, მათ შორის - გია დანელიამ. ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

- ეგ დაამთავრა რეზო გაბრიაძემაც. კურსებზე უმაღლესდამთავრებულები მიდიოდნენ, ბავშვებს არ იღებდნენ. ჩემს ჯგუფში ცნობილი მსახიობი ალექსანდრ კაიდანოვსკი სწავლობდა. ჩავედი მოსკოვში და იმ წელს მიღება არ იყო. ხომ უნდა მემუშავა სადმე. არაჩვეულებრივი და ნიჭიერი კაცი, რეჟისორი ლეო ბაქრაძე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა. მან ასისტენტად მიმიღო. მოვიცადე ორი წელი და მერე, წარმოიდგინეთ, ჩავაბარე. მოულოდნელი ამბავი იყო... ტყუილად მასწავლიდნენ ამხელა კლასიკოსები - კინო ჩემს ხელში მოკვდა მაინცდამაინც. პედაგოგები იყვნენ: ტარკოვსკი, ტრაუბერგი, მიხალკოვი, რიაზანოვი, მონტაჟის თეორიას ცნობილი რეჟისორი ვლადიმირ მოტილი (მისი ფილმია "უდაბნოს თეთრი მზე") გვასწავლიდა. უმაღლეს კურსებზე სხვადასხვა ჯგუფში სამი ქართველი ვიყავით - მე, ნარგიზა გარდაფხაძე და ცხონებული ლევან ზაქარეიშვილი.

მუსიკალური და კომედიური ფილმების ჯგუფში ვსწავლობდი. მთელი საბჭოთა კავშირიდან ვიყავით. ჩვენი ოსტატი მოლდაველი რეჟისორი ემილ ლოტიანუ იყო. სახელმწიფო გვაფინანსებდა და სწავლის დროს სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე. ჩემი ფილმები და იმ სტუდენტების ნამუშევრები, რომლებსაც ინსტიტუტი შეარჩევდა, მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის კინოთეატრებში გადიოდა სეანსის ძირითადი ფილმის დაწყების წინ. სტიპენდიას გვაძლევდნენ, სტუდენტისთვის ასი მანეთი და ბინა უფასოდ ურიგო არ იყო. მაშინ კინოს იდეოლოგიურ სამჭედლოდ თვლიდნენ, მაგრამ ეს დარგი უკვე ნელ-ნელა იშლებოდა. 80-იანი წლების დასაწყისში, ყოველ წელს თითო გენსეკი კვდებოდა და ცოტა პაროდიული სიტუაცია შეიქმნა.

- ახლა რომ უყურებთ თქვენს მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ალბათ რაღაცა მოგწონთ, რაღაც - არა, ასეა?

- რასაკვირველია. მაშინ ხელობას ვსწავლობდი... პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ვერცხლის ქუჩა" იყო. ახლა რომ ვუყურებ ამ ფილმს, მიხარია. წარმოიდგინეთ, თბილისის ქუჩებში კაცი მიდის როიალით და ჯაზს - მაილზ დევისს უკრავს. ჯერ არ იყო კომპიუტერული გრაფიკა და ეს ნაღდად გავაკეთეთ. სხვათა შორის, 40 წელი გავიდა "ვერცხლის ქუჩის" გადაღებიდან და ფილმის ერთი ფრაგმენტი კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტს დღეს სტუდენტების მოსაწვევ რეკლამაში აქვს გამოყენებული.

GzaPress

- კიშინიოვში როგორ აღმოჩნდით?

- ლოტიანუს ძალიან შევუყვარდი, ფესტივალებზე დავყავდი და ჩემით ტრაბახობდა. მის გვერდით უკვე ოსტატივით ვგრძნობდი თავს, "გაბლატავებული" ვიყავი (იცინის). სწავლის დამთავრების შემდეგ მან დამიძახა კიშინიოვში თავისი სცენარით ფილმის გადასაღებად. ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ტკივილი" მოლდოვაში გადავიღე. ვიმუშავე ისეთ შესანიშნავ მსახიობებთან, როგორებიც არიან სვეტლანა ტომა და გრიგორი გრიგორიუ. მოვასწარი ფილმის დამთავრება, მაგრამ პრემიერას ვერ დავესწარი, დნესტრისპირეთის ამბები დაიწყო. ომს ძლივს გამოვასწარი, ფულიც გაუქმდა და ჰონორარს ვერ მაძლევდნენ, ამიტომ მომცეს იარაღის საამქროდან ახალი, გაუხსნელი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი, რომელიც ჰონორარზე გაცილებით მეტი ღირდა. ქვეყნიდან იარაღთან ერთად გამომაპარეს. კიშინიოვიდან ოდესამდე 4 საათი მანქანით ვიარეთ, მერე ფოთში ჩავედი "კომეტით". დედაჩემს იარაღით რომ მივადექი, ქალი გაგიჟდა (იცინის)... აფხაზეთის ომის დროს, გენერალი ლანჩავა აცხადებდა, ვისაც იარაღი გაქვთ, მოდითო, და სახელმწიფოს ჩავაბარე.

- საქართველოში რომ ჩამოხვედით, რა სიტუაცია დაგხვდათ?

- "მოსფილმში" რამდენიმე კაცი გაგვანაწილეს. დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა, არ უნდოდა, მოსკოვში დავრჩენილიყავი, უნდოდა ქართველი ცოლი მომეყვანა, და რეზო ჩხეიძეს დაუკავშირდა. სთხოვა, რომ ჩამოვეყვანე. მას ახლოს იცნობდა. ბატონ რეზოს ახალი კადრები სჭირდებოდა და წამომიყვანა. კინოსტუდიაში ბევრ ფილმს იღებდნენ, ყველა ცნობილი ოსტატი ფორმაში იყო. ისინი დღისით მუშაობდნენ, ჩვენ ღამის ცვლაში შევდიოდით საამქროებსა თუ სამონტაჟოებში.

ლოტიანუ მოლდავეთის კინოს ხელმძღვანელობდა, იქ მუშაობას მთავაზობდა, - ყოველ წელს ფილმს გადაიღებო, - მეუბნებოდა. სულ სამი რეჟისორი ჰყავდათ და მე დავემატებოდი, მაგრამ აღარ მინდოდა სხვაგან ყოფნა. "მოსფილმშიც" - კინოს იმპერიაში ყველაფერი დაინგრა. წლების შემდეგ კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი გავხდი, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, აზრადაც კი არ მომივიდოდა. ამდენი წელი შევალიე ამ საქმეს და ბოლოს ასე გამოვიდა... დაიქცა ქართული კინო.

- ფილმს "ლეონარდო" საფრანგეთში, მონპელიეს კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მიენიჭა და შედევრად თვლიან. რითია ეს ფილმი თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- როცა ქვეყანაში არეულობაა და კატაკლიზმები ხდება, ხელოვანის შემოქმედებითი პოტენციალი იფანტება ბრბოს ჟივილ-ხივილში. ახლაც ასე გრძელდება... სცენარს რეზო ესაძეს ვაკითხებდი, ჩვენ მეზობლები და მეგობრები ვიყავით. დავწერდი ახალ ეპიზოდს, ვაჩვენებდი და ორივე ვხორხოცებდით. ძალიან მოსწონდა. მთავარ როლზე თავიდანვე, წერის პროცესში რეზო წარმოვიდგინე. გადაღებები რომ დავიწყეთ, რუსთაველზე ნამდვილი ომი მიდიოდა. ახალგაზრდას არაფრის შიში არ მქონდა და ამ ბათქაბუთქში დავატარებდი ხალხს. ფილმში სროლის ხმა ისმის კიდეც, სროლები ფონად მიდის.

ფესტივალიდან მოწვევა მომივიდა, მაგრამ ვერ წავედი. რეზო ჩხეიძე სახელმწიფომ დააფინანსა და ის წავიდა. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და დილაუთენია აეროპორტიდან დარეკა. მაშინ სად იყო მობილურები?! კახეთში სოფელში ვიყავი და რეზომ სოფლის გამგეობაში დარეკა, ფილმის წარმატების ამბავი რომ ეხარებინა. სოფელში ხორბალი მომყავდა. ამ დროს კომბაინს ვამუშავებდი, რადიო მქონდა ჩართული და კომბაინერი მეუბნება: რაღაც, შენს გვარს მოვკარი ყურიო. როცა დაზუსტებით გავიგე ყველაფერი, მაშინვე კომბაინით დავბრუნდი სახლში, სადაც ლაურას (მეუღლე, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. - ავტ.) გავაგებინე ახალი ამბავი. ეს იყო როგორც ბომბი - დიდი ხნის განმავლობაში ქართულ კინოზე აღარაფერი ისმოდა, მაგრამ პრიზის შესახებ ინფორმაცია მაინცდამაინც არ გაჟღერებულა, ვის ეცალა ამისთვის?!.

- ფილმის წარმატება როგორ აღნიშნეთ, ჭიქა არ ასწიეთ?

- აბა, რას ვიზამდი?! საოცრად ვიქეიფეთ, ისედაც არ ვიკლებდი მაგას (იცინის). ადრე კინოსტუდიაში ვინმე პრიზს რომ აიღებდა, უზარმაზარი სუფრა იშლებოდა. თბილისში როცა ჩამოვედი, მე და რეზო ვისხედით მარტო ცარიელ კინოსტუდიაში, მაცივრიდან ძველი კონიაკი გამოიღო და, მოდი, აღვნიშნოთო, მითხრა. მთავარი ის არის, რომ რაც ფილმში ხდება, მერე ყველა იმ ადამიანმა გამოიარა, ვინც ხელოვნებაში რაღაცას აკეთებდა. ფაქტობრივად, ფილმი ჩემზეა.

- დღეს რა განწყობა გაქვთ, სცენარებს ხომ წერთ?

- ვწერ. ვიცი, დრო მოვა და მე თუ არა, სხვა გადაიღებს. შესანიშნავი სტუდენტები მყავდა, ჩემ გარშემო არაჩვეულებრივი და ნიჭით სავსე ბევრი ადამიანია. პიესაც დავწერე, "მშთ-15" ჰქვია, და ფესტივალზე წარვადგინე, სადაც თუმანიშვილის პრიზი გადმომცეს. ვახო კუნცევმა ამ პიესის მიხედვით ახლახან დაასრულა დოკუმენტური ფილმის გადაღება და იგივე სახელწოდება დაუტოვა. ფილმი არის მტვერსასრუტზე, რომელიც წყალტუბოში სტალინის სააბაზანოში "მუშაობს". ჰოდა, ამ მტვერსასრუტმა გადაწყვიტა შეისრუტოს ყველა მტვერი, ნაგავი და უბედურება, რაც დღემდე დაგროვდა, - ასეთი განწყობა სასაცილოცაა და ტრაგედიაც...

ძირითადად კახეთში, სოფელში ვცხოვრობ, ჩემთვის ვარ. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვნერვიულობ, ასე ვთქვათ. ჩემი მტვერსასრუტი უნდა სწორედ ყველა იმ უბედურებას, რაც დღეს საქართველოში არსებობს.

ნანული ზოტიკიშვილი