"ქალი არ არის სუსტი, როგორც ჰგონიათ" - გზაპრესი

"ქალი არ არის სუსტი, როგორც ჰგონიათ"

დღეს საქართველოში ქალზე ძალადობა თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, სიტყვა "ქალი" დაუცველობასთან ასოცირდება. მათზე ბევრი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია ზრუნავს, მაგრამ ის, თუ რა იტყვის მეზობელი ან ნათესავი, იძულებულს ხდით აიტანონ ძალადობა. სამწუხაროდ, თითქოს შევეჩვიეთ კიდეც მსხვერპლის როლში ყოფნას. ჯგუფი "ქალი" ლია რევიშვილმა დააფუძნა. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა მანდილოსანს გაუჩნდეს ფინანსური შემოსავალი, ამის შემდეგ მათი თვითშეფასება გაიზრდება და აღარ აიტანენ ძალადობას.

- ჯგუფი შეიქმნა ქალებისთვის. მინდოდა, გვქონოდა სივრცე, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით და ღიად ვისაუბრებდით ჩვენს პრობლემებსა თუ წარმატებებზე. მინდა, რაც შეიძლება ბევრ ქალთან მივიდე და ვუთხრა, რომ მარტონი არ არიან. მე ვერ შევძლებ მათი ცხოვრების შეცვლას, თუმცა შევეცდები დახმარებას.

- რატომ გაგიჩნდათ ამ ჯგუფის შექმნის სურვილი, თქვენც ხომ არ იყავით მსხვერპლი?

- მეც გამოვიარე რთული ცხოვრება, მეც დავეცი, დამენგრა ოჯახი და მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ დღეს ვხვდები, თუ საკუთარ თავში იპოვი ძალას, ფეხზე წამოდგე, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.

- როგორ გგონიათ, თუ ოჯახში კონფლიქტია, ეს მხოლოდ მამაკაცის ბრალეულობაა? იქნებ ქალებმაც უნდა დავიწყოთ დანაშაულის ძიება საკუთარ თავში?

- რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მამაკაცის ბრალეულობა არ არის და თუ ქალი მამაკაცს მისცემს სწორ მიმართულებას, ბედნიერი ოჯახიც შედგება, მაგრამ არსებობენ ოჯახები, სადაც ქალის ბრალეულობა არ იკვეთება და ისინი უბრალოდ მსხვერპლნი არიან.

- თქვენი პროექტი, სადაც რესპონდენტები არიან ბედნიერი ქალები, რისი მომცემია სხვებისთვის, რას ასწავლის მათ?

- ჩემს რესპონდენტთან ერთად ვცდილობ დავამტკიცო, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის, რომ არსებობენ ბედნიერი ოჯახები და მამაკაცები, რომლებიც ცოლზე ზრუნავენ. ამან ერთი მოსმენით შეიძლება ვერ იმოქმედოს მათზე, მაგრამ რამდენიმე ქალის მაგალითმა შეიძლება ვიღაც დააფიქროს. მე ძალიან დამეხმარა ბედნიერი ქალების ამბების მოსმენა მაშინ, როდესაც ცუდად ვიყავი.

- რაშია ქალის ბედნიერება, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- არ ვიცი, სხვა ქალების ბედნიერება რაშია, მაგრამ ჩემთვის ბედნიერებაა ყოველი გათენებული დღე და საყვარელი საქმის კეთება. ვიღაცისთვის ბედნიერება შეიძლება მატერიალურში იყოს, მაგრამ მე ფუფუნებაში ბედნიერება ვერ ვიპოვე.

- როგორ გგონიათ ქალმა უნდა აიტანოს და მოითმინოს თუ არა ძალადობა?

- თუ ყველა ქალი დაფიქრდება, რატომ ჰყავს გვერდით მოძალადე მამაკაცი, საკუთარ თავში იპოვიან პასუხებს და ვფიქრობ, მათ ძალადობის ატანა აღარ მოუწევთ, ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება.

- თქვენი პროექტით ცდილობთ ქალბატონებს დაეხმაროთ. როგორ გგონიათ, "ლაივ"-ჩართვებით და სხვისი ისტორიების მოსმენით შეძლებთ მათ დახმარებას?

- არა მხოლოდ ვიდეოსაუბრებით, ვცდილობ გვერდით შემოვიკრიბო სხვადასხვა კომპანია, რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან ამ ქალბატონებს. გვინდა ისინი დაეუფლონ სასურველ პროფესიებს, გაიარონ კურსები და შეძლონ დასაქმება. ამით მათ გაუჩნდებათ შემოსავალი, შეძლებენ დამოუკიდებლად იგრძნონ თავი და საკუთარი ცხოვრება მართონ.

- ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ასეთ დროს ქალს? თუნდაც თქვენ, ვინ გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- მე თითქოს ყველა მეხმარებოდა, მაგრამ თან - ვერავინ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს, ამქვეყნად ტყუილად არ მოვსულვართ.

დაბოლოს, ჩვენს ჯგუფში დაგხვდებათ თბილი გარემო. ვცდილობთ, ვიყოთ გულწრფელები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, არავინ განვიკითხოთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ ერთად დიდი ძალა ვართ. ქალი არ არის სუსტი, როგორც ჰგონიათ.

ფიქრია რობაქიძე