"ბუნებას ჩვენთვის ყველაფერი "გამზადებული" აქვს"
ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მოვლენებს, ამბებს, საგნებს და ნივთის შეფასების დროსაც კი ათასგვარი აზრი შეიძლება მოისმინო. თვითნასწავლი ხის ოსტატი ლაშა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბეჭდები და კულონები მნახველში განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. "როცა თქვენი ნამუშევრები დავათვალიერე, ბეჭდებზე უმთავრესად ტყეები, დათოვლილი მთები და ბუნების სურათები დავინახე. ვიღაცამ შეიძლება აღიქვას როგორც გალაქტიკა, მაგრამ როცა თქვენი მთაში გადაღებული ფოტოები ვნახე, უფრო გამიმყარდა აზრი, რომ თქვენს ნამუშევრებზე ჩვენი პლანეტაა და არა დედამიწის მიღმა სამყარო-მეთქი", - ვუთხარი ავტორს და ისიც დამეთანხმა.
- გაგვეცანით და აქვე გვითხარით, როგორ მოხდა თქვენი და მთის დაახლოება?
- მთა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. ალპინიზმით დაკავებული მეკლდეური ვარ. ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა. ამ დროს ახალ-ახალი ემოციები, ფიქრები იბადება და ამავდროულად საკუთარი თავის გაცნობაშიც მეხმარება. ყოველთვის მიყვარდა გასვლითი ტურები, მაგრამ ბოლო წლებია, უფრო აქტიურად დავიწყე მთაში სიარული. 29 წლის ვარ და ბოლო სამი წელია, რაც ალპინიზმით სერიოზულად გახლავართ დაკავებული.
- დღემდე დალაშქრული ადგილებიდან, რომელს მიიჩნევთ ყველაზე შთამბეჭდავად?
- ჩემთვის ძალზე შთამბეჭდავი ჭაუხის მასივია. იქ ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს აღმიძრავს. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ, ის ჩემთვის ყველაფერია.
- თქვენ ბეჭდებს ქმნით ხისა და ეპოქსიდის მეშვეობით. როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
- თვითნასწავლი ვარ. ხეზე მუშაობით 2013 წლიდან დავინტერესდი, სამოყვარულო დონეზე ვქმნიდი რაღაცებს, ძირითადად მეგობრებისთვის. მერე უფრო შევედი აზარტში. 2015 წელს აღმოვაჩინე კომპანია, რომელიც ბეჭდებისა და კულონების ჰიბრიდულ მოდელებს აკეთებდა და დამაინტერესა. თავიდანვე აღვფრთოვანდი ხისა და ეპოქსიდის ნამუშევრებით და გადავწყვიტე, მეცადა, ვიცოდი, გამომივიდოდა. შესაფერისი ცოდნა და ინფორმაციაც დავაგროვე და 2020 წელს ამ საქმეს პროფესიულად მოვკიდე ხელი. დაახლოებით 6 თვეა, ჩემი ნამუშევრები გამოვამზეურე და თავიდანვე დიდი ინტერესი ხვდა წილად.
- პანდემიის პერიოდში ბევრმა წამოიწყო ახალი საქმე. ამ კუთხით თქვენი გააქტიურების მიზეზი ეს ხომ არ იყო?
- არა. დაახლოებით 11 წელი მასწავლებელი ვიყავი. რამდენიმე ლოკაციაზე ჭადრაკს ვასწავლიდი, ძირითადად კერძო სკოლებში. ჭადრაკზე ბავშვობიდან დავდიოდი, მამაჩემი ჭადრაკის მასწავლებელი იყო და ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე. ბოლოს ვეღარ ვგრძნობდი, რომ პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება მინდოდა, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი და ხეზე მუშაობით ჩავანაცვლე.
- რომელი ხის მასალას იყენებთ ნამუშევრებში?
- ძირითადად ტროპიკულ ჯიშებზე ვმუშაობ, ვიწერ და ჩამომაქვს, თუმცა, ადგილობრივ ჯიშებსაც ვიყენებ, მაგალითად - კაკალს.
- ამავე მასალით არა მხოლოდ აქსესუარების, არამედ სუვენირების შექმნაც ხომ შეიძლება და ტექნიკურად როგორ ასრულებთ?
- რასაკვირველია, სხვა ნივთების დამზადებაც შესაძლებელია, რადგან ხე და ეპოქსიდი უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, ერთ-ერთი ტრენდული ნივთია ამ მასალებით შექმნილი მაგიდები, მაგრამ აქსესუარების კეთება უფრო მსიამოვნებს და მგონია, საკუთარ თავს ასე მეტად გამოვხატავ. თან, ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა "სურათი" და ალბათ მთელი უნიკალურობაც ამაშია. გადატეხილ ხეს, სურვილის მიხედვით, სხვადასხვა ფერის ეპოქსიდი ესხმება, ეძლევა მრავალფეროვანი ფორმა და ასე იღებს საბოლოო სახეს. ეპოქსიდი დაახლოებით 24 საათში ქვავდება და ამის შემდეგ იწყება ხელით დამუშავება. ერთი ნივთის დამზადებას დაახლოებით 7 დღე სჭირდება.
- წინასწარ რთულია თქმა, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს თქვენი ნამუშევარი, მაგრამ მუშაობისას თუ დაგიგეგმავთ ერთი რომელიმე კონკრეტული ადგილის გადმოცემა, მაგალითად: საბადურის ტყის, ჯავახეთის ქედის და ა.შ?
- დიახ. მაგალითად, ერთ-ერთ აქსესუარში ჩვენი ქვეყნის სიამაყე, უშბა გავაკეთე. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა იდეა ბუნებიდან მოდის. ბუნებაში სეირნობა ფანტაზიის განვითარება-გაშლაზე დადებითად მოქმედებს. ბევრი ფიქრი არ გვჭირდება - ბუნებას ჩვენთვის ყველაფერი "გამზადებული" აქვს.
ანა კალანდაძე