"მსიამოვნებს, როცა მესმის "გოგის შვილია"
მსახიობ გოგი გეგეჭკორსა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძეს შემოქმედებითად სავსე და აქტიური ცხოვრება ჰქონდა: მსახიობს - რეპეტიციები, სპექტაკლები, ტელე-კინოგადაღებები, გახმოვანება, რადიოჩაწერა, ხოლო თეატრმცოდნეს - ლექციები, რეცენზიები, წიგნებზე მუშაობა. მათ ერთი დიდი საერთო ინტერესი ჰქონდათ - თეატრი. ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახი მოგვიანებით შექმნეს - 1953 წლის 14 მარტს იქორწინეს. ორი შვილი შეეძინათ: მანანა და გიორგი. ჯერ ქმარი წავიდა იმ ქვეყნად, წლების შემდეგ - ცოლი. ისე მოხდა, რომ მამაკაცის დაღუპვის შემდეგ დანიშნული პანაშვიდის დღე მათი შეუღლების 50 წლის შესრულებას დაემთხვა...
მსახიობის მშობლები ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ და იქვე დაქორწინდნენ. 23 თებერვალს მსახიობი გიორგი (გოგი) გეგეჭკორი პედაგოგ თამარ გელოვანისა და ფოლკლორისტის, მწერალ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღება მეორე მსოფლიო ომის დროს მოუხდა. იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში ცოტა ბიჭი სწავლობდა, გოგი მიიღეს და ის იმ სტუდენტებს შორის აღმოჩნდა, ვისაც მაშინდელმა რექტორმა აკაკი ხორავამ ჯარში გაწვევა თავიდან აარიდა.
გოგი გეგეჭკორი 1944 წლიდან უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა და მას შემდეგ დაახლოებით 120 როლი შეასრულა. ბოლომდე ამ თეატრის ერთგული იყო, მხოლოდ თუმანიშვილის თეატრში ითამაშა სპექტაკლში "ჩემი პატარა ქალაქი" და უკანასკნელად ერთი მსახიობის თეატრში - "მონატრება". სწორედ იმ პერიოდში ექიმებმა მძიმე სენის - სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "მონატრება" 2002 წლის ერთი სეზონი თამაშობდა და ეს მისი უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მსახიობი 2003 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში, მსახიობის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფონდი "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით, მასზე წიგნი გამოიცა და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ია შერაზადიშვილის რეჟისურით "ხელოვნების ქურუმი - გოგი გეგეჭკორი". მას შემდეგ, რაც მსახიობის შვილი მხატვარი გახდა, მამის არაერთი პორტრეტი შექმნა. მასვე ეკუთვნის უკანასკნელი პორტრეტიც, რომელიც ამავე ფილმის კადრშიც მოჩანს.
მხატვარი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი (გოგი) გეგეჭკორი:
- 16 წლიდან მოყოლებული, მამაჩემის სხვადასხვა როლის ძალიან ბევრი პორტრეტი მაქვს გაკეთებული. მათ შორის იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელში სწავლისას, აკადემიის პერიოდშიც და შემდეგაც. როცა მასზე ფილმს "ხელოვნების ქურუმს" იღებდნენ, იმ პერიოდში სახელოსნო ორთაჭალაში, აბანოთუბანში მქონდა. ფილმის სიუჟეტი ასეა გადაწყვეტილი: მამა სახელოსნოში ზის, მე ვხატავ, ცოტა ხანში წამოდგება და საუბარს იწყებს. ის ლესელიძის ქუჩაზე დაიბადა, ერთ-ერთ კადრში სწორედ ეს ქუჩა მოჩანს. მამა თავისი ბიოგრაფიის მოყოლით აღმართს მიუყვება და თეატრალურ ინსტიტუტსა და რუსთაველის თეატრში მიდის. პარალელურად მოჩანს როგორ იქმნება მისი პორტრეტი ჯერ ფანქარში, შემდეგ ფერწერაში და ფინალში პორტრეტი დასრულებული სახით რჩება კადრში. იმ პორტრეტის ესკიზი ახლა კაბინეტში მაქვს.
- თავად არასდროს გიფიქრიათ მსახიობის პროფესიაზე?
- არასდროს. 6 წლის ვიყავი, დედამ თავის მეგობრის ელენე ახვლედიანის სახლს-მუზეუმში რომ წამიყვანა. იმ დღეს დაიწყო ჩემი ინტერესი მხატვრობის მიმართ და სანამ ქალბატონი ელენე ცოცხალი იყო, მისი სახლიდან აღარც გამოვსულვარ. მეტსაც გეტყვით, იქვე ვხატავდი და ვემზადებოდი ნიკოლაძეში ჩასაბარებლად. ერთ კუთხეში ის მუშაობდა, მეორეში მე. მაშინ გატაცებული ვიყავით კოვბოების, ინდიელებისა და მსგავს თემებზე შექმნილი ფილმებით, ხშირად ვხატავდი ცხენებს. ერთხელაც ქალბატონი ელენე ძველი თბილისის თემაზე თავის მორიგ ტილოს ქმნიდა, სადაც მეტეხის ტაძრის ფონზე, ხალხს, აქლემებსა და ეტლებს აღბეჭდავდა. დამიძახა, აქ მოდი და ნახატში წინა პლანზე 2 ცხენი ჩამიხატეო. უარს ვერც ეტყოდი, მივედი და ფანქრით ორი ეტლში შებმული ცხენი დავხატე. ფუნჯით შემოაკონტურა და სხვა არაფერი დაუმატებია. პარალელურად მეც ვხატავდი ნატურმორტს და ხრიკი მოვიფიქრე, - დოქს ვერ ვხატავ-მეთქი. მაგას რა უნდაო და, ახლა მან ჩაამატა ჩემს ნახატში დოქი. ერთით-ერთი-მეთქი, გამეღიმა. დღემდე ელენე ახვლედიანის ნამუშევარში ჩამატებული ცხენებიანი ნახატი მის მუზეუმში ინახება, ხოლო ჩემი - მე მაქვს შინ. ეს პროფესია ელენე ახვლედიანმა შემაყვარა და აქედან გამომდინარე, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ამავდროულად მასწავლა ხელსაწყოებთან ურთიერთობა. გამჯდარი მაქვს წესი, მუშაობის შემდეგ არ შეიძლება ფუნჯი გაურეცხავი დატოვო. ჰოდა, ერთხელ, ორთაჭალის სახელოსნოდან საბურთალოზე ღამით შინ დაბრუნებულს, როცა მანქანა უკვე შეყვანილი მყავდა გარაჟში, გამახსენდა, რომ სამზარეულოში ფუნჯი გაურეცხავი დამრჩა. სახელოსნოში მივბრუნდი, გავრეცხე. სხვაგვარად ღამე არ დამეძინებოდა. პირველ რიგში, ამას ვასწავლი ჩემს სტუდენტებსაც, რომ ხელსაწყოებს და ფუნჯებს, რომელიც ფაქტობრივად მხატვრის ხელის გაგრძელებაა, აუცილებლად პატივისცემით მოეპყრან.
- ისე, თეატრთან დაახლოებულ ადამიანებს და მათ შორის მსახიობებსაც დიდი სურვილი არ აქვთ ხოლმე, შვილებმა მათ პროფესიაზე შეაჩერონ არჩევანი...
- მხატვრობა ჩემი არჩევანი იყო და ამ გადაწყვეტილებაზე არ გვილაპარაკია. თავად მამა იმდენად მაღალი დონის პროფესიონალი იყო, რომ ქვეცნობიერად ალბათ იმანაც მიბიძგა სხვა პროფესიისკენ, რომ როცა შვილიც მსახიობი გამოდის, ხშირად ექცევა მშობლის სახელისა და ჩრდილქვეშ. ეს პრობლემა მე არ მქონია. თუმცა, წლების განმავლობაში, როგორც მხატვარსაც, სანამ გამოჩნდებოდა, რომ ჩემი პროფესიით რაღაცას წარმოვადგენ, სულ მესმოდა ფრაზა: "გოგის შვილია". ახალგაზრდობაში ეს ცოტა მაზარალებდა და მეხამუშებოდა, მაგრამ ახლა პირიქით, ძალიან მსიამოვნებს.
- თან გარეგნულადაც მამას ემსგავსებით...
- ვფიქრობ, დედაჩემს უფრო ვგავარ, მაგრამ ხანში რომ შევედი, შეიძლება დავემსგავსე.
- წლის განმავლობაში ბევრ ფილმში იღებდნენ, დიდ დროს ატარებდა თეატრშიც. ხშირად დაჰყავდით თან?
- თეატრში ვცხოვრობდი. "საბრალდებო დასკვნის" 700-ზე მეტი წარმოდგენა ითამაშეს და აქედან 300 მაინც მექნება ნანახი. მოგეხსენებათ, დედაჩემი თეატრმცოდნე იყო და მერე შინ მიდიოდა სპექტაკლების განხილვა. მაშინ სხვა დონეზე იყო თეატრალური კრიტიკაც. ჩვენი წამყვანი და სახელოვანი რეჟისორები მოუთმენლად ელოდნენ რას დაწერდნენ: ნოდარ გურაბანიძე, ვასო კიკნაძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე... რაც შეეხება ფილმებს, რამდენიმე გადაღებაზე ვყოფილვარ. ერთ ფილმში ერთადაც ვთამაშობდით თენგიზ გოშაძის ფილმში "მოხუცი მემანქანე". მამა მატარებლის მემანქანეს თამაშობდა და მე მძღოლს - ორსიტყვიანი ტექსტი მქონდა.
- თეატრისა და ფილმების გარდა, მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა რადიოს და გახმოვანებასაც...
- დიახ, პრაქტიკულად ყოველდღე. დილას თეატრში რეპეტიციაზე მიდიოდა, შემდეგ ტელევიზიაში ჩაწერაზე. ყველა წამყვანი მსახიობი ასე იყო. რადიოდადგმები ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და აუცილებელია. სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მზად გვაქვს საჯარო სკოლებში რადიოთეატრის შეტანის პროექტი. V-დან XI კლასის ჩათვლით, პროგრამულად გათვალისწინებულ ნაწარმოებებს ჩვენი მსახიობები ჩაწერენ სტუდიაში. მაგალითად გადიან "კაცია-ადამიანს?!". ლუარსაბისა და დარეჯანის დიალოგს ბოზბაშსა და ჩიხირთმაზე მსახიობები წაიკითხავენ და ბავშვები ამას გაკვეთილზე მოისმენენ. პროგრამულად 80-მდე ნაწარმოები გვაქვს გაწერილი და შემდეგში ამ რიცხვის გაზრდას ვგეგმავთ. ჩემი აზრით, დღეს თეატრს წერა-კითხვის საზოგადოების გამავრცელებელი ფუნქცია აქვს. ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ, ტელეფონებში ცხოვრობენ, ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, იმასაც ლათინური ანბანით კრეფენ და თან უამრავ შეცდომას უშვებენ. გარდა იმისა, რომ რადიოთეატრის მეშვეობით, ახალგაზრდები სწორ მეტყველებას მოისმენენ, ამის შემდეგ პედაგოგი მისცემს მათ დავალებას, მოსმენილი ყველამ სურვილის მიხედვით წარმოიდგინოს და გადმოსცეს: ვიღაცამ შეიძლება დახატოს, ვიღაცამ გამოძერწოს, ზოგს შეიძლება წერის სურვილი გაუჩნდეს და ამით ჩვენ გავიგებთ ამა თუ იმ მოსწავლის შესაძლებლობების შესახებ მეტს და საშუალება მოგვეცემა კონცენტრირება მის გამოვლენილ ნიჭსა და უნარისკენ მივმართოთ. პროექტი პანდემიის გამო შეჩერდა და როგორც კი კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოფა, ჩანაფიქრს აუცილებლად განვახორციელებთ.
- მისი თაობის მსახიობთა უმეტესობას, განსაკუთრებული პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა ახასიათებდა საქმის მიმართ...
- გოგი საოცრად მოწესრიგებული ადამიანი იყო, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც. რუსთაველის თეატრი ხშირად მიდიოდა გასტროლზე, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც. ნომერში ის და ბადრი კობახიძე იყვნენ ხოლმე და ერთი თვით ადრე იწყებდნენ მოლაპარაკებას, რა წაეღოთ. მაშინ მსახიობებს დღიურად 5 დოლარს უხდიდნენ, ხშირად თბილისიდან მიჰქონდათ საკვები და ამას ათანხმებდნენ კიდეც. გოგის რამდენიმე ჩემოდანი ჰქონდა, ზომის მიხედვით გადმოიღებდა რომელიმეს, დადებდა შუა ოთახში და ყოველდღიურად მასში ნივთებს ამატებდა. იდო ასე და ჩვენ ოჯახის წევრები წრეს ვარტყამდით. ერთხელ, 20 დღით მექსიკაში მიდიოდნენ გასტროლზე. გოგიმ დიდ ოთახში დადებული ჩემოდანი როგორც იქნა, ჩაალაგა, უნდა დაკეტოს და გასაღებს ვერ პოულობს. ატყდა ამბავი. ვეუბნები, ისე ჩაკეტე, ის პატარა გასაღები, გინდ ყოფილა, გინდ არა, მაგრამ არა, რა ქნას არ იცის. დედაჩემმა მითხრა, ახლა ნახე, თუ სხვა ჩემოდანში არ გადაალაგოს ყველაფერიო და მართლაც, გოგიმ სხვა ჩემოდანში დაიწყო ნივთების გადალაგება. გადააწყო და რას ხედავს, გასაღები! ვუყურებთ ყველა, რას იზამს. არ დაეზარა, ისევ პირველ ჩემოდანში გადაალაგა და გასაღებით ჩაკეტა. მეორე დღეს რეისი 15:45 საათზე იყო დანიშნული. წინა საღამოს მეუბნება, ხომ იცი, ხვალ ადრე უნდა ავდგეთო. ვეუბნები, 4 საათზე მიფრინავ, ორი საათით ადრე წავიდეთ აეროპორტში-მეთქი. არა, არა, 10-ზე გავიდეთ სახლიდანო. როგორც იქნა, დავითანხმე, რომ 12-ზე მაინც წავსულიყავით. გათენდა, მოემზადა, მივდივართ აეროპორტში და გზად სანაპიროზე ინსპექტორი დგას. მანქანით რომ ჩავუარეთ, დაუსტვინა, მაგრამ ვინაიდან მოძრაობის წესები არ დამირღვევია, არ გავჩერებულვარ. გოგი მეკითხება, შენ დაგისტვინაო? არა-მეთქი. აეროპორტში მისვლამდე, მთელი გზა მეკითხებოდა, - ნეტა რა უნდოდაო? ისიც კი მითხრა, მივტრიალდეთო. მივედით აეროპორტში და როგორც იქნა, გავისტუმრე. 20 დღის მერე დაბრუნდა, დავხვდი, შინ მომყავს, მექსიკის ამბებს ვეკითხები და ამ დროს მეუბნება, იმ გზით წადი, რითიც აეროპორტში წამოსვლისას. ის ინსპექტორი თუ დგას, იქნებ ვნახოთ და ვკითხოთ, რატომ დაგვისტვინაო. ამას სერიოზულად ამბობდა, არ ხუმრობდა (იღიმის).
- როგორც ვიცი, ყოველდღიურად მუშაობდა მეტყველებაზე, სავარჯიშოებს ამბობდა და სააბაზანოდან სულ ისმოდა მისი ხმა...
- დიახ, ასაკში შესულიც ყოველდღიურად ამბობდა სავარჯიშოებს. არ არსებობდა, რეპეტიციაზე დაეგვიანებინა. ერთხელ, მასთან საგრიმიოროში ვიყავი. სპექტაკლის "ნათან ბრძენში" მთავარ როლს თამაშობდა, კოსტიუმში ჩაცმულია და ვხატავ. მსახიობებს სცენაზე გასვლამდე, ტექნიკური რეჟისორი საგრიმიოროს რადიოთი აფრთხილებს, რომ გასვლის დროა. გოგის ეს არ სჭირდებოდა, მაგრამ ლაპარაკში გაერთო და "ბატონო გოგი" მესამედ რომ შემოესმა, უცბად გავარდა. უკან რომ შემობრუნდა, მისაყვედურა, ეს რა მიქენიო. დავინტერესდი, დააგვიანე-მეთქი? და არა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა დამეგვიანა? ამდენი ხანია, თეატრში ვარ და არც ერთხელ ჩემთვის ტექ. რეჟისორს არ დაუძახიაო.
- მისი თაობის წარმომადგენლები ნელ-ნელა გვერდიდან რომ ეცლებოდნენ, ბუნებრივია, განიცდიდა. როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი?
- გოგის უახლოესი მეგობრები ძალიან ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან: ეროსი, ბადრი კობახიძე... ძალიან განიცდიდა, ძალიან. გოგის სამი წლით უფროსი ძმაც მერაბ გეგეჭკორი, რომელიც თეატრში უმეტესად სახასიათო როლებს თამაშობდა და ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, 58 წლისა გარდაიცვალა... რაც შეეხება მამას, დიაგნოზი რომ დაუსვეს, ბოლომდე ფეხზე იყო. მხოლოდ ბოლო ერთი კვირა იწვა საავადმყოფოში. ფილმის გადაღებისას უკვე გამაყუჩებლებზე გვყავდა, მაგრამ არ ეტყობოდა სისუსტე. მის საიუბილეო ბანკეტზე "არაგვში" უამრავი ხალხი იყო. კარგად მახსოვს, ყველა მაგიდას ჩამოუარა და პრაქტიკულად ყველას გამოემშვიდობა. ეტყობა გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას.
"ხელოვნების ქურუმი" ასე მთავრდება: გოგი თავის დასრულებულ პორტრეტს უყურებს და კადრიდან გადის. ფილმში არ შესულა ეს ფრაზა, მაგრამ სანამ კადრიდან გავიდოდა, თქვა: "დააა... პერედსმერტნი პარტრეტ".
ანა კალანდაძე