"მეამაყება, დიდი არტისტების გვერდით რომ ვიდექი" - გზაპრესი

"მეამაყება, დიდი არტისტების გვერდით რომ ვიდექი"

კინოს ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთი გამორჩეულად კარგი თვისებაც აქვს. ფილმში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მიიწვიონ და გადაიღონ, თან არც ასაკია შეზღუდული. უფრო ხშირად ასე ხდებოდა, ქუჩაში გააჩერებდნენ ვინმეს და ჰკითხავდნენ: გინდათ კინოში გადაღება? რაზეც აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად პასუხობდა. ჩვენი შემთხვევა განსხვავებულია და ამითაც არის საინტერესო. როგორ მოხვდა რეზო ესაძის ფილმ "წკიპურტების" ერთ-ერთ ნოველაში სამეცნიერო ინსტიტუტის ოთხი თანამშრომელი? ამის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გივი (გიორგი) მელაძე გვიამბობს, რომელიც დღემდე მუშაობს ინსტიტუტში და საყვარელ საქმეს - აგრომეტეოროლოგიას ჩვეული თავდადებით ემსახურება.

- ეს იყო 1973 წელს. ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვასილ ლომინაძემ კაბინეტში დაგვიბარა რამდენიმე თანამშრომელი: იასონ ცუცქირიძე, შალვა ცერცვაძე, ზურაბ ცქვიტინიძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი (მაშინ 44 წლის ვიყავი). გაირკვა, რომ "გოსკინპრომიდან" ქალბატონი და მამაკაცი მოვიდნენ, ალბათ რეჟისორის ასისტენტები და დირექტორს სთხოვეს, ინსტიტუტის თანამშრომლებიდან 4-5 კაცის კინოგადაღებებში მონაწილეობის ნებართვა. ჩვენ დავთანხმდით და სტუმრებმა ყველანი მეორე დღისთვის დაგვიბარეს. სინჯების მერე გვითხრეს, რომ ოთხივეს გადაგვიღებდნენ. მართლაც, ერთ კვირაში დაგვიძახეს. გადაღებები პავილიონის საკმაოდ დიდ დარბაზში, სამ დღეს მიმდინარეობდა. საღამოს რვა საათზე ვიწყებდით და ღამეს ვათენებდით. მთავარი ის იყო, რომ ჩვენ სიუჟეტი არ ვიცოდით. ნოველას "კოლექტივის სახელით" ერქვა. რეჟისორმა მონახაზი აგვიხსნა: თვალყური უნდა ვადევნოთ ყველაფერს და ჩვენი რეაქციით, მოვლენების ერთგვარი ინდივიდუალური შეფასება მოვახდინოთ. უცნობი სცენარი ჩვენ წინაშე გადაღების დროს თამაშდებოდა და ნელ-ნელა ვიგებდით ამბებს. მაგალითად, ასეთი ეპიზოდი: აი, დირექტორი (მის როლს რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა) დარბაზში შემოვიდა, საინტერესოა, მერე რა მოხდება? სკამზე ჯდება და უცებ, ძირს აღმოჩნდება - ეს გვიკვირს. შემდეგ გია ფერაძემ თავი ტორტში ჩაყო - ყურადღება მასზე გადავიტანეთ და ა.შ.

- დავალებას ადვილად აუღეთ ალღო?

- საქმეს სერიოზულად მოვეკიდეთ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. რადგან ღამით იღებდნენ, ხანდახან შეიძლება წაგვძინებოდა, მაგრამ გადაღებები საინტერესო იყო. მახსოვს დარბაზის საოცრად განათებული "ჭერი". ისეთი განცდა მქონდა, იატაკზე ნემსიც კი არ დაიმალებოდა. შესვენებებზე მსახიობები გვესაუბრებოდნენ. გოგი ქავთარაძე აქტიურობდა, ხან ერთთან მივიდოდა, ხან მეორესთან. მასთან ერთად ვმხიარულობდით და ვიცინოდით. მსახიობებზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. რამაზ ჩხიკვაძე უამრავ რამეს ჰყვებოდა, ათას რამეს იხსენებდა. დღესაც მეამაყება, ისეთი დიდი არტისტების გვერდით რომ ვიდექი.

- სუფრის ეპიზოდში, მაგიდა ნამდვილი პურ-მარილით იყო გაწყობილი?

- დიახ, გადაღებების დასასრულს ბანკეტიც გაიმართა. რამაზ ჩხიკვაძემ იმღერა, ჩვენც ცოტა "მივეხმარეთ". მის მონაყოლ ერთ ამბავს გავიხსენებ: ლენინგრადში რამაზი და მისი ერთ-ერთი მეგობარი რესტორანში სხედან და არაყს მიირთმევენ. ორი ბოთლი დალიეს და არაფერი ეტყობათ. ისევ აგრძელებენ ქეიფს. რესტორნის დაკეტვის დრომ მოაღწია. თანამშრომლები ფიქრობენ, - ვინ არიან ესენი, რომ არ თვრებიან? ორი კაცი ამდენს სვამს და თან შეკვეთას შეკვეთაზე იძლევიანო. როცა გაიგეს, რომ ქართველები იყვნენ, მაშინ მიხვდნენ, სწრაფად რატომ არ თვრებოდნენ.

- ფილმი როდის ნახეთ?

- მოგვიანებით, როცა სურათი მთლიანად დასრულდა, ის ოთხი ნოველისგან შედგება. დადგა დრო, როცა შეგვეძლო ეკრანზე ჩვენი თავიც გვეხილა. მადლობის მეტი რა გვეთქმოდა. ბატონი ვასილ ლომინაძე, ისევე როგორც ჩვენ, დიდი ინტერესით ელოდა მუშაობის შედეგს. ყოველი გადაღების შემდეგ, ამბებს დაწვრილებით გვეკითხებოდა. მას ეამაყებოდა, თავისი თანამშრომლების ამგვარად წარმოჩენა.

- ქართული ფილმების საიტზე ამ კინოსურათიდან რამდენიმე კადრი დევს და ერთ-ერთში სწორედ თქვენ ჩანხართ.

- ჩემმა შვილებმა აღმოაჩინეს, ძალიან მესიამოვნა. ბარაქალა მათ, ვინც ეს გააკეთა. საერთოდ, შვილები ამ ფილმზე არ მესაუბრებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსწონთ და ალბათ, გულში კიდეც ამაყობენ.

- დღეს რა ემოციებით უყურებთ ფილმს?

- სამწუხაროდ, ჩვენი ინსტიტუტის ორი თანამშრომელი იასონ ცუცქირიძე და შალვა ცერცვაძე გარდაიცვალნენ. მსახიობებიდანაც ბევრი აღარ არის ამქვეყნად, ამიტომ ფილმის ყურებისას სევდა შემომაწვება ხოლმე. ფილმი "წკიპურტები" კარგი სურათია. ბედის მადლიერი ვარ, რომ კინოს შიდასამზარეულოში მოვხვდი და ეს ეპიზოდი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩა.

ნანული ზოტიკიშვილი