სტალინური კულტურა, ვახტანგისეული სახარება, პირველი კორტები, უძველესი ძაფი და... - გზაპრესი

სტალინური კულტურა, ვახტანგისეული სახარება, პირველი კორტები, უძველესი ძაფი და...

მაქსიმალურად ოპტიმისტური გათვლებით, ჭიათურის ცნობილ საბადოზე მანგანუმის რეწვა 200 წელი გაგრძელდება. არის მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სამთოელთა ქალაქი დაკარგავს თავის ამჟამინდელ ფუნქციას. რა ბედი ელის ჭიათურას? სად უნდა ვეძებოთ ქალაქის მომავლის შესანარჩუნებელი ოქროს ფორმულა? არის თუ არა ჭიათურაში ალტერნატიული რესურსები, რომელიც მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი არსებობისთვის საკმარისი იქნება? - საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ინგა მაჭარაშვილს, რომელიც ჭიათურის წარსულისა და კულტურის ერთ-ერთ საუცხოო მცოდნედაა აღიარებული.

ინგა მაჭარაშვილი:

- მანგანუმის გარდა ჭიათურას გააჩნია ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი ისტორიულ-არქიტექტურული, ბუნებრივი მღვიმე-გამოქვაბულებისა და ინდუსტრიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. იშვიათია ქალაქი, სადაც ასე მრავლადაა შემორჩენილი ე.წ. სტალინური არქიტექტურა თავდაპირველი სახით.

გამორჩეული მღვიმეები

- ჭიათურაში სტუმრობისას ვიზიტორს საშუალება ეძლევა მოინახულოს მსოფლიო მნიშვნელობის ძუძუანას მღვიმე, სადაც აღმოჩენილია 34 ათასი წლის წინანდელი უძველესი ველური სელის ძაფის ბოჭკოები. აღნიშნულმა აღმოჩენამ ამერიკელი არქეოლოგების, მკვლევრებისა და ისტორიკოსების დასკვნით კაცობრიობის ისტორიაში შეიტანა ღირებული ცვლილება და ის მსოფლიოს ათ საუკეთესო აღმოჩენას შორის შევიდა. ბონდის მღვიმე აღმოჩენილია 2007 წელს და ისწავლება პერიოდულად უცხოური ინსტიტუტების ჩართვით (პარიზის ბუნების მუზეუმი და ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი). აღსანიშნავია, რომ ბონდის მღვიმეში ბავშვის კბილი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ჰომო საპიენსების ნაშთთაგან ყველაზე ადრეულია (30-25 000 წელი). 2004 წლის აგვისტოში, სოფელ სვერში წარმოებული ექსპედიციის დროს, კოტიასკლდის მღვიმეში, პირველად კავკასიის არქეოლოგიის ისტორიაში, აღმოჩნდა პალეოლითელი ადამიანის სამარხი. მისი ასაკი 11 500 წელია. სამარხში, ქვით მოკირწყლულ იატაკზე, 30-35 წლის მამაკაცი ესვენა გულაღმა. მიცვალებულის ქალა გარშემორტყმული იყო ვერტიკალურად აღმართული ნათალი ბრტყელი ქვებით, ხოლო პირში კაჟის იარაღი ედო. ჩონჩხს მკერდის არეში ჩარჭობილი ჰქონდა ცხოველის 15 სანტიმეტრის სიგრძის ძვალი, რომელიც მის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. სავარაუდოდ, საქმე მეორადი დამარხვის რიტუალს უნდა უკავშირდებოდეს. საერთაშორისო გუნდმა, ვაიცმანის ინსტიტუტში (ისრაელი) უახლესი მეთოდების გამოყენებით ჩატარებული რადიოკარბონული კვლევით, მეზოლითის ადამიანი (პირობითი სახელით "კოტია") 9 700 წლით დაათარიღა. მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა უნდოს მღვიმეში, რომელიც მდებარეობს სოფელ ვაჭევში. მღვიმის სიღრმე 50 მეტრს აღწევს. აქ აღმოჩენილია კავკასიის რეგიონში პირველი კედლის მხატვრობა და უძველესი ადამიანის ნაშთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 300 000 წლის წინ ბინადრობდნენ!

GzaPress

მუზეუმები და თეატრი

შემეცნებითი ტურის ფარგლებში ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საინტერესო ექსპონატებით. მუზეუმში დაცულია ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები, ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალა. ცალკე კუთხე აქვს დათმობილი მანგანუმის მრეწველობის განვითარების ამსახველ ექსპონატებს. ეს ექსპონატები ერთგვარი უწყვეტი ისტორიაა ადამიანის ყოფის განვითარებისა უძველესი დროიდან დღემდე. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილ სახარებას. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსებულია კულტურის ცენტრში, რომელიც არქიტექტურული ძეგლია და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სოფელ ხრეითში, ასწლოვანი მუხებითა და ცაცხვებით დაბურულ ეზოში დგას ქართული ალპინიზმის ფუძემდებლების, და-ძმა ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ჯაფარიძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური ნივთები, აგრეთვე საქართველოში ალპინიზმის განვითარების ისტორიასთან დაკავშირებული მასალები. სოფელ ცხრუკვეთში მდებარეობს მუზეუმი, რომელშიც დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამაარსებლის, სემიტოლოგიის კათედრის ყოფილი ხელმძღვანელის აკადემიკოსს გიორგი წერეთლის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და ფოტომასალები, აგრეთვე პირველი ქართველი იურისტი ქალის თინათინ წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. როგორც ამბობენ, ქალბატონი თინათინი პირველი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ქალი იყო მსოფლიო მასშტაბით. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი, რომელიც დაარსდა 1894 წელს.

კაცხის სვეტი - საქართველოს სავიზიტო ბარათი უნიკალურია, როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი. მისი "სამოქალაქო ისტორია" იწყება ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ პერიოდში. ამის დამადასტურებელია მსხვერპლშეწირვის ადგილი. VI საუკუნიდან ჩნდება ქრისტიანული კერები, ხოლო VI-VII საუკუნიდან უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ აქ მოღვაწეობდნენ ბერმონაზვნები. მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, კაცხის სვეტს სასწაულმოქმედი ძალა აქვს. სვეტის სიმაღლე 40 მეტრს აღწევს და ჩვენს შემთხვევაში, სათავეს უდებს მესვეტეობას, როგორც განდეგილობის გამორჩეულ ფორმას. კაცხის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობებიდან აუცილებლად აღსანიშნავია კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი. იგი აგებულია მე-X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წინ უსწრებს სვეტიცხოველის აგების თარიღს. არქიტექტურული თვალსაზრისით ორიგინალური ნაგებობაა, რომელიც მიეკუთვნება ქართულ-კლასიკურ სტილს. ტაძარი წარმოადგენს უძლიერესი ფეოდალური სახლის, ბაღვაშების საგვარეულო ტაძარსა და საძვალეს. გადმოცემის თანხმად, მონასტრის ასაგებად მოუწვევიათ ლაზი ხელოსნები, გვარად დურმიშები. ერთ-ერთი მათგანი დარჩენილა და სწორედ აქედან მოდის გვარი დურმიშიძე. ჭიათურიდან 2 კილომეტრში მდებარეობს კლდეში გამოკვეთილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი მღვიმევის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 35 მეტრამდეა კლდეში შეჭრილი. მთავარი ტაძარი აგებულია რაჭის ერისთავების მიერ მე-13 საუკუნეში, თუმცა აქვეა წმინდა ეკატერინეს სახელობის მცირე საყდარი, რომელიც წინარე ქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და გადმოცემის მიხედვით, აგებულია აფრიკელი მამების მიერ. კომპლექსში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობა. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ხის კანკელი და ჭედული ფირფიტებით შემკული კარი, რომელიც ვაზისგანაა დამზადებული. საინტერესოა მღვიმეში არსებული უზარმაზარი სტალაგმიტი.

სპორტული წარსული...

- აღსანიშნავია, რომ სწორედ ჭიათურაში, ჯერ კიდევ 1892 წელს, ინგლისელებმა საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტები ააშენეს და სწორედ აქედან, სპორტის ამ ლამაზმა სახეობამ გავრცელება პოვა თბილისსა და ბათუმში. როგორც იან ჰომერი მოგვიანებით იხსენებდა, საჩოგბურთო სანახაობას წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი აკაკი წერეთელიც ხშირად ადევნებდა თვალს.

GzaPress

საბჭოური არქიტექტურა

- ქალაქის ლანდშაფტში აქცენტებად იკითხება საბაგირო სადგურების მონუმენტური სტალინური პერიოდის არქიტექტურა გვიანი საბჭოთა მოდერნიზმისთვის სახასიათო სადა და პლასტიური ფორმებით, ლითონის მაღლივი კონსტრუქციებით, ბრუტალისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი უხეში ბეტონით დამუშავებული მონოლითური ფორმებით. საჰაერო საბაგირო გზების კარგად განვითარებული სისტემა და სადგურების დახვეწილი და მრავალფეროვანი არქიტექტურული იერი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქალაქს და მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. არაერთი ევროპელი სწორედ ამ "სტალინური არქიტექტურის" სანახავად მოემართება სამთოელთა ქალაქისკენ. ჭიათურის არსებობა გადაჯაჭვულია მანგანუმის მოპოვებასთან. ამ თვალსაზრისით წარმოუდგენლად დიდია ტურისტების ინტერესი. იდეის დონეზე არსებობს ერთ-ერთი მაღაროს მომზადება ტურისტულ ობიექტად (მუზეუმის სახით). მნახველს საშუალება ექნება გაიაროს გზა, რომელსაც მუშა ყოველდღიურად გადის და გაეცნოს მანგანუმის მოპოვებასა და დამუშავების პროცესს. ეს პრეცედენტი არის გერმანიაში და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

ზემოთ აღნიშნული მხოლოდ ზედაპირული და ნაწილობრივი აღწერაა ჭიათურის კულტურული მემკვიდრეობის. კვლავ გრძელდება იმ პოტენციალის შესწავლა, რომელიც სამთოელთა ქალაქის სიცოცხლის გაგრძელების წინა პირობაა. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენს მუზეუმს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატები შეემატა სოფელ ითხვისიდან. ვფიქრობ, ჭიათურისთვის ამ ყველაფერს დიდი ღირებულება გააჩნია.

როლანდ ხოჯანაშვილი