ქაღალდით დაწნული ნივთები - გზაპრესი

ქაღალდით დაწნული ნივთები

საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმე, დაწვნის ხელოვნება ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. იმ პერიოდში ლერწმის, ბამბუკის, ტირიფის და სხვა მცენარეების ტოტებით სხვადასხვა სირთულისა და ფორმის საყოფაცხოვრებო ნივთები იქმნებოდა. მოგვიანებით ამ მასალებს ქაღალდიც შეემატა. როგორც ცნობილია, ქაღალდით წვნის ხელოვნება იაპონიიდან იღებს სათავეს. ჩვენს ქვეყანაში კი ბოლო რამდენიმე წელია ამ სახის ნამუშევრებს ქმნიან. მყარმა, პრაქტიკულმა და ორიგინალურმა ნივთებმა, საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც წნელისა და ძაფის ნაცვლად, ორიგინალურ ნივთებს ქაღალდის გრაგნილებით ქმნის.

მაია პაპუაშვილი:

- იურისტი გახლავართ, მაგრამ პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი საგვარეულო პროფესიაა და სამწუხაროდ, როგორც უწინ ხდებოდა, მშობლები ხშირად ურჩევდნენ შვილებს, თუ რა მიმართულებით უნდა მიეღოთ უმაღლესი განათლება, მეც ამის "მსხვერპლი" აღმოვჩნდი (იღიმის).

- თავად რა ინტერესები გქონდათ?

- რეჟისორობა მინდოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მსურდა, სცენარებს ვწერდი, ლექსებსაც. აქტიურად ვმონაწილეობდი ლიტერატურულ საღამოებში, ლიტერატურულ კაფეში ვკითხულობდი ლექსებს, რატი ამაღლობელსა და ლაშა ბუღაძესთან ერთად. მოკლედ, თავიდანვე ხელოვნებისადმი მქონდა მიდრეკილება, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, ამასაც ჩამოვშორდი. დავოჯახდი, ბავშვები გაჩნდნენ, ორი - 14 და 12 წლის ბიჭების დედა ვარ. ლექსებს დღემდე ვწერ, როცა ემოციები მომეძალება, მუზებს რომ ეძახიან პოეტები (იღიმის).

- მაია, ამ ეტაპზე ქაღალდის გრაგნილებისგან ნივთებს ქმნით. სხვა ხელსაქმე თუ გეხერხებათ და საერთოდ, როგორ გადაწყვიტეთ ამ საქმისთვის ხელი აქტიურად მოგეკიდათ?

- ბავშვობაში აქტიურად ვქსოვდი, თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი. შემიძლია ავეჯის გადაკეთებაც. მაგალითად, ძველი პიანინო დავშალე და მისი მასალით ბუფეტი გავაკეთე, შევღებე, ზედ ყვავილები დავალაგე. ასევე აბაზანისთვის გავაკეთე ხის თაროები - ასეთი რაღაცები მეხერხება. მსიამოვნებს, როცა ორიგინალურ ნივთებს ვქმნი. რაც შეეხება ქაღალდით დამზადებულ ნამუშევრებს, ამას დიდი ხანია ვაკეთებ, თუმცა მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებს ვჩუქნიდი. ერთ-ერთმა მირჩია, რომ სოციალურ ქსელში გამეკეთებინა გვერდი, რომელზეც ჩემს ნამუშევრებს განვათავსებდი. მართლაც შევქმენი გვერდი და არ ველოდი, იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიამბობთ, როგორ დაიწყო ყველაფერი: უჯარმაში, აგარაკზე, სადაც ყოველ ზაფხულს ვისვენებთ, ეზოში საქეიფო ფაცხა დავწანი. ტყიდან ამომქონდა წნელი და 1 კვირაში ფაცხა მზად იყო. მამამ შედეგი რომ ნახა, გაუკვირდა. მისგან ვისწავლე ეს საქმე. მას ძალიან უყვარს ბუნებაში სიარული, თევზაობა, ნადირობა და ბავშვობაში სულ თან დამატარებდა. დაჭრილი თევზისთვის იქვე დაწნიდა ხოლმე უცებ გოდორს. როგორც ჩანს, ეს სურათი გონებაში დაილექა და შემდეგ ამოტივტივდა. ფაცხა დღემდე დგას, ტენტითაა გადახურული და მასში 12-ზე მეტი კაცი ეტევა.

GzaPress

- გამოდის, თავიდანვე დიდ მასშტაბებზე დაგიწყიათ მუშაობა...

- დიახ, დიდზე, შემდეგ კი მცირე მასშტაბებზე გადავინაცვლე (იღიმის). ზუსტად არ მახსოვს, როდის და რა გარემოებაში დავიწყე ქაღალდისგან ნივთების შექმნა, დაახლოებით ალბათ 2 წელზე მეტია. ინტერნეტში აღმოვაჩინე ამ ტექნიკით შექმნილი ნივთები და დავინტერესდი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემთვის თავშესაქცევია, ძალიან მამშვიდებს, მუშაობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ნივთების მოწვნა ქაღალდის გრაგნილის მეშვეობით ხდება, რისთვისაც ნელ-ნელა ვისწავლე ქაღალდის დამუშავება, რომ მეტად ელასტიკური ყოფილიყო და დროთა განმავლობაში ტექნიკაც დავხვეწე. დღემდე ვსწავლობ, რადგან ეს ამოუწურავი თემაა.

- რა დროს უთმობთ მუშაობას და იქნებ ჩამოთვალოთ, რა ნივთებს აკეთებთ?

- საბავშვო ვოკალური სტუდიის ფინანსური მენეჯერი ვარ. დღის განმავლობაში სამსახურში გახლავართ და ამიტომ, ბევრს ფიზიკურად ვერ ვქმნი.ამ საქმეს დიდი დრო მიაქვს, მთელი დღეები უნდა იმუშაო. რასაც ვქმნი, ეს არის გამოყენებადი ნივთები: სამზარეულოს, აბაზანის, ტუალეტის, საძინებლის ინვენტარი. გამიკეთებია რესტორნისთვის საპურეები, სასაჩუქრე ყუთებიც და სააღდგომო კალათებიც - კვერცხის ჩასალაგებლად. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ რადგან ეს ნივთები ქაღალდისაა, გამძლე არ იქნება. არადა, თავად ქაღალდი ხომ ხისგან იქმნება და მისი გრაგნილები სპეციალურად დამუშავების მერე, საკმაოდ მყარი ხდება. ქაღალდის "ჯოხები" ჯერ მუშავდება, მოწვნის შემდეგ გასამაგრებლად კიდევ ორჯერ ვამუშავებ. ბოლოს ხის ლაქით იღებება. მისი გაწმენდა სველი ტილოთია შესაძლებელი და საბოლოოდ, გამძლეობის თვალსაზრისით, ხის ნივთებს უტოლდება. შინ მეც მაქვს ჩემი ნამუშევრები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებ. საერთოდ, ამ ტექნიკით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.

GzaPress

- რომელი ფერებია განსაკუთრებით მოთხოვნადი?

- სადა ფერები: ხისფერი, კრემისფერი... გაზეთს, ქაღალდს ვყიდულობ და მერე ვღებავ. ერთ-ერთმა ქალბატონმა იისფერი საპურე დამიკვეთა და იმდენად ეფექტური გამოვიდა, ხისფერსაც აჯობა. ვფიქრობ, ეს ნივთები ტკბილეულის დასალაგებლადაც ლამაზი და ორიგინალურია. საკონდიტროებიდან მაქვს შეკვეთები, უბრალოდ, არ ვიცი, დროში რამდენად ჩავეტევი. სამუშაოს თვალსაზრისით, პატარა ნივთი უფრო რთული შესაქმნელია, ვიდრე დიდი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- პანდემიისას ბავშვები კომპიუტერებს არიან მიჯაჭვული და მათთვის სასწავლო კურსი რომ გავხსნა, ცუდი არ იქნება. პირადად მე, პანდემიისას ამ საქმემ ძალიან შემიწყო ხელი და ბევრი პრობლემა მომიგვარა. სამომავლოდ შეიძლება, სუვენირების მაღაზიაც გავხსნა. საერთოდ, ექსპერიმენტების მოყვარული ვარ, არ მიყვარს ერთფეროვნება. ახლა მარნისთვის ჭაღის შეკვეთა მაქვს. პირველად ვაკეთებ და ვნახოთ, რა გამოვა (იღიმის).

ანა კალანდაძე