"ხმელეთის მეზღვაურის" მსოფლიოში გაბნეული ისტორიული გემების ამბავი - გზაპრესი

"ხმელეთის მეზღვაურის" მსოფლიოში გაბნეული ისტორიული გემების ამბავი

ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო - მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოქმედმა მეზღვაურმა პირველი გემის მაკეტის კეთება ნამდვილ გემზე მუშაობისას დაიწყო. შემდეგ მისი პირველი "შვილობილის" ფოთის ნავსადგურისთვის შეთავაზება გადაწყვიტა, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო, მისი სახელი - ირმა დაარქვა და მას მიუძღვნა...

მას შემდეგ წლები გავიდა და ირაკლი კეკელიას ეს საქმიანობა არც მერე შეუწყვეტია. თავს ხუმრობით, ფოთის ნაპირის მეზღვაურს უწოდებს. როცა ზღვიდან ხმელეთზე გადმოინაცვლა, გემის მაკეტებზე მუშაობას უფრო აქტიურად შეუდგა. ახლა მისი ისტორიული თუ თანამედროვე გემები, მათ შორის, კოლუმბის ცნობილი კარაველების ასლები, პრუსიელი სამხედრო პირის საბრძოლო და სხვა დანიშნულების გემების მაკეტები მთელ მსოფლიოშია გაბნეული და არაერთი კოლექციონერის, გემთმშენებლის კოლექციებს ამშვენებს.

ყველა დეტალს ხელით აკეთებს. ერთი ხომალდის აწყობას ზოგჯერ თვეები სჭირდება, გააჩნია სირთულესა და ზომას, მაგრამ როგორც ამბობს, ამ ხელობით ყოველდღიურობასაც გაურბის, სიამოვნებასაც იღებს და ხანდახან მისი ოჯახის შემოსავლის წყაროც ხდება.

ირაკლი კეკელია:

- 1997 წლიდან მეზღვაურად აღარ ვმუშაობ, თუმცა, საბჭოთა წლებშიც მომიწია გემით მოგზაურობამ. ძირითადად პოსტსაბჭოთა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში დავდიოდი. შემდეგ უკვე გადამზიდავ კომპანიაში ვმუშაობდი, გემის მექანიკოსი ვიყავი - საბერძნეთი-ნოვოროსიისკი-ფოთის წრეზე დავდიოდით. ორკვირიანი გასვლა გვქონდა. საბერძნეთი მაშინაც ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანა იყო. ოთხი ქალაქის პორტში გვიწევდა შესვლა და ათენთან ახლოს მდებარე ქალაქების დათვალიერების საშუალებაც. ათენს მეტროპოლიტენით უკავშირდება პირეოსი, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია, საინტერესო კულტურა აქვს.

GzaPress

- გემის მაკეტებზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- 1996 წელს, საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში, სუვენირების მაღაზიაში ვნახე გემის მაკეტი. გემზე ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და ბედი ვცადე - გავაკეთე პირველი მაკეტი, უფრო სწორად, სხვა მოტივი მქონდა - ჩემი ნამუშევარი მინდოდა ფოთის ნავსადგურისთვის შემეთავაზებინა. იქ ვნახე მომავალი მეუღლე, რომელიც ნავსადგურის პიარში მუშაობდა. მისი ნახვის შემდეგ, ნავსადგური აღარ მაინტერესებდა, გემის მაკეტი მეუღლეს მივუძღვენი და ცოლად შერთვის შემდეგ, ჩემი საჩუქარი სახლში მომიტანა - მას "ირმა" დავარქვი. ახლა სამი შვილი გვყავს - ელენე, ნატალი და ნიკალა... ამას წინათ მაკეტი დაზიანდა. რადგან ჩვენი ოჯახის რელიკვიაა, ვერ გადავაგდებ და რესტავრაცია გავუკეთე.

- ნავსადგურთან თანამშრომლობა აღარ გაგიგრძელებიათ?

- კი, რამდენიმე მაკეტი გავუკეთე, რადგან შემდეგ, როდესაც მოგზაურობა შევწყვიტე, მეტი დრო გამომიჩნდა და ბევრად რთული ნაკეთობების შექმნას შევუდექი. პირველი ნაკეთობები უფრო პატარა იყო, შემდეგ ხელი გამეწაფა და მასშტაბი გავზარდე. ახლა უკვე დამკვეთი მიგზავნის ზომებს, ნახაზებს, რომლის მიხედვითაც ვმუშაობ. რაც უფრო დიდია მაკეტი, მეტი სირთულეა, მეტი დეტალია. თევზსაჭერი ნავი ბევრად მარტივი გასაკეთებელია, ვიდრე საბრძოლო ხომალდი, რომელიც მინიქანდაკებითა და სხვა შესაბამისი არქიტექტურით უნდა იყოს დატვირთული.

- ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებთ?

- არა მხოლოდ. არსებობს სპეციალური სახელმძღვანელოები. ამასთან, საჯარო ბიბლიოთეკაში არის ძველი, საბჭოთა დროინდელი ჟურნალი, რომელშიც ისტორიული გემების ამბები, მათი მშენებლობის ტექნოლოგია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებია მოცემული. ყველანაირ ცოდნას და გამოცდილებას ვუყრი თავს.

- მხოლოდ ხეზე არ მუშაობთ, არა?

- დიახ, ხესთან ერთად, ლითონის, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობებიც მჭირდება... ისტორიულ გემებზე რომ ვმუშაობ, ვცდილობ, რეალურთან მიახლოებული იყოს. შემიძლია წარმოსახვითაც შევქმნა გემის მაკეტები, მაგრამ მირჩევნია, ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულ ნივთებზე ვიმუშაო, ყველა მათგანს თავისი ტექნოლოგია აქვს. მაგალითად, მე-14 საუკუნეში გემის მშენებლობის განსხვავებული მეთოდი და ტექნიკა ჰქონდათ. ინჟინრული სიზუსტით არ ვაკეთებ, რადგან სიამოვნების მიღების გარდა, კომერციული ინტერესიც მაქვს. რაღაც მოგება უნდა დამრჩეს. თუმცა, ამ შრომით უფრო ისვენებ, ვიდრე იღლები. არსებობს იტალიელი ხელოსნის, კურტის დაწერილი სახელმძღვანელო, რომლითაც ვისწავლე გემის მაკეტების შექმნა.

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ქართველები, უცხოელები, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებიდან. აგრეთვე, ბალტიისპირეთიდან... რუსები, უკრაინელები, ბრიტანელები და რაც ძალიან მახარებს, ინგლისელების მხრიდან ინტერესი იზრდება. ზოგჯერ კერძო კოლექციონერები მიკვეთენ ან გემთმფლობელები. ამა თუ იმ მაკეტზე სამუშაოდ ძვირფასმერქნიან ხეს ვარჩევ. ძირითადად, ბუნებრივ მასალას ვამუშავებ, მაგრამ მაღაზიაშიც ვყიდულობ ან ინტერნეტიდან ვიწერ. ყველაზე ხშირად ვიყენებ მაჰაგონს, შავ ხეს, მუხას, კაკალს, ბზას. ზოგი საქართველოში არც მოიპოვება... არის შემთხვევები, როდესაც მეზობელი სადმე ხეს მოჭრის, მსხალს ან სხვა რამეს, რაღაც დროის შემდეგ მომაქვს, ვაშრობ და ვიწყებ მუშაობას.

ჯერ უხეშად ვამუშავებ ხეს, შემდეგ პატარა ჩარხსაც ვიყენებ, რის შემდეგაც, ზუსტი სამუშაოებისთვის საკანცელარიო დანას ვიყენებ - სკრუპულოზურად გამოსაჭრელი ნაკეთობისთვის, აფრების დასამაგრებლად, ნახვრეტების გასაკეთებლად, ზარბაზნის გამოსათლელად, მისი დასადგამისა და სხვა მინიატიურული დეტალებისთვის ეს ყველაზე კომფორტული იარაღია. არსებობს უკეთესებიც, მაგრამ ვინც როგორ შეაჩვევს ხელს, ისე უადვილდება.

GzaPress

- გარდა იმისა, რომ შრომატევადი საქმეა, დიდი ნებისყოფაც სჭირდება, არა?

- ვფიქრობ, ნებისყოფა იმ საქმეს სჭირდება, რომელიც ადამიანს არ უყვარს და იძულებულია შეასრულოს. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. თან გემზე ყოფნის მონატრებას ვიკლავ, თან ყოველი ახალი პროექტი საკუთარი თავის გამოცდაა - შევძლებ თუ არა. საბედნიეროდ, ჯერ ჩავარდნილი პროექტი არ მქონია. დიდი სიამოვნებაა, როდესაც სხვებს შენი ნამუშევარი მოსწონთ.

- ალბათ გაქვთ გამორჩეული გემი.

- დიახ, ოღონდ მისი "აშენება" ჯერ ოცნებად მაქვს - გამოვარჩევდი ადმირალ ნელსონის საბრძოლო გემს, რომელსაც "ვიქტორია" ერქვა. ის 1765 წელს აშენდა და ტრაფალგარის ბრძოლაში ადმირალ ნელსონის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი იყო. შეიძლება ითქვას, სამგემბანიან ხომალდებს შორის ყველაზე ცნობილია... მის მაკეტზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ძალზე რთული ნაკეთობა იქნება, ბევრი დრო და შრომა დასჭირდება. ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ.

- გემების გარდა, სხვა ნივთებსაც ხომ არ ამზადებთ?

- მინანქრის სამკაულებსაც ვამზადებ. ჩემი შვილები დადიოდნენ მინანქრის შემსწავლელ წრეზე, მათ მეუღლეც დაჰყვებოდა და მუშაობის ტექნოლოგიაზე მიყვებოდა ხოლმე. მისი კარნახით დავიწყე სამკაულებზე მუშაობა, რამდენიმე საზღვაო თემატიკითაც გავაკეთე და მოწონება ხვდა, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თუმცა, ჩემი სამუშაო ძირითადად მცურავი საშუალებებია, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე. ყოველთვის მიყვარდა აფრიანი მცურავი საშუალებები, ადამიანებსაც მოსწონთ - მათთვის რომანტიზმთან ასოცირდება და რატომაც არა?.. ცნობილი მოგზაურის, ქრისტეფორე კოლუმბის გემების ცნობილი კარაველები - "პინტას", "ნინიასა" და "სანტა-მარიას" მაკეტები მაქვს გაკეთებული. თითქმის დასრულებულია ფრიდრიხ ვილჰელმის, მეტსახელად "ჯარისკაცთა მეფის" სახელობის გემი.

კაცობრიობამ გრძელ დისტანციაზე ცურვა დაახლოებით მე-13 საუკუნიდან დაიწყო. თუმცა, მცურავ საშუალებებს უძველესი დროიდან იყენებდნენ - ხის მორებზე საქონლის ტყავს აკრავდნენ და ისე ცდილობდნენ გაცურვას... მოგვიანებით ამ საქმეში ძველი ბერძნები და რომაელები დაწინაურდნენ. საინტერესოა მაშინდელი გემთმშენებლობის ტექნოლოგია, არც ისე განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში როგორ ქმნიდნენ მცურავ ტრანსპორტს, რომელიც დიდ ქარტეხილებს უძლებდა.

ლალი პაპასკირი