ეკატერინე გოგლიძის წარმატებული მუსიკალური კარიერა
პირველი სიმღერა, რომელიც ეკატერინე გოგლიძის შესრულებით BBC-ის რადიო ეთერში მოხვდა, "ლოვე ინსანე"-ია. ეს მოხდა ხუთი წლის წინ. ამ პროდუქტის (ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის) ავტორი თავად ეკატერინეა. მისი ახალი კლიპის წარდგენა მოხდება ბრიტანეთში, 5 მარტს. ინფორმაცია ამის შესახებ დაანონსებულია გაერთიანებული სამეფოს პრესაში. კლიპის სახელია "Changes" და გადაღებულია საქართველოში. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ეკატერინესთან.
- მუსიკა და შენ...
- ერთად მოვდივართ ბავშვობიდან. მუსიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ, რომ დღესაც შემიძლია ჩემი კარიერა დავუკავშირო მუსიკას, რომელსაც ვასრულებ, თავად ვქმნი...
- ბავშვობის მოგონებები...
- ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს, ძირითადად, ოჯახთან დაკავშირებული, რადგან ბევრს ვმოგზაურობდით, სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევდა ცხოვრება, მაგრამ თუ მუსიკაზეც ვისაუბრებ, ჩემი პირველი გამოსვლები მახსენდება კვიპროსში ფესტივალებზე, სადაც 5 წელი ვიცხოვრეთ.
- დედა, მამა და შენ...
- მშობლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. აქტიურად არიან ჩართული ჩემს საქმიანობაში და მეც მათ ცხოვრებაში ასევე ჩართული ვარ.
- ძმა როგორ შეხვდა შოუბიზნესში შენს პირველ ნაბიჯებს?
- ძალიან დიდი მხარდაჭერით. ინგლისში ხშირად მოდიოდა ჩემთან ერთად, ხმის ჩამწერ სტუდიაში და ახლაც მეხმარება ბევრ საკითხში.
- გაერთიანებულ სამეფოში შენი პირველი ნაბიჯები...
- პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, ალბათ, ის იყო, როცა კემბრიჯის სკოლიდან ლონდონში გავიქეცი მეგობრებთან ერთად, ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და მოვიგე კიდეც. აქედან იწყება ინგლისში ჩემი მუსიკალური კარიერა.
- ქართული და ევროპული თანამედროვე მუსიკის შესახებ შენი აზრი.
- ქართულ თანამედროვე მუსიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. ევროპულს, თუმცა რატომ მარტო ევროპულს, ამერიკულს, ზოგადად, დასავლურ მუსიკას ვეცნობი. საერთოდ, ყველა ჟანრი მომწონს. ძველ ქართულ სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენ. თანამედროვე მომღერლებს არ ვიცნობ.
- რომელ ჟანრში გრძნობ თავს კარგად?
- როკი, პოპროკი.
- შენი მუსიკის ინსპირაცია რა არის?
- ყველა ჩემი სიმღერა ცხოვრებისეულია.
- საყვარელი კერძი თუ გაქვს?
- ერთს ვერ გამოვყოფ.
- და რისი მომზადება გიყვარს სამზარეულოში?
- უფრო ხშირად, აზიურ კერძებს ვამზადებ.
- ჰობი?
- ალბათ, მოგზაურობა.
- პროფესიაზე რას გვეტყვი?
- უნივერსიტეტი დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკისა და მედიის მიმართულებით. მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო ამ მიმართულებითაც.
- ბრიტანეთის მერე თბილისი და ლეჩხუმი - პანდემიის დროს...
- ინგლისიდან მარტის ბოლოს ჩამოვედი და მთელი ეს პერიოდი ოჯახთან ერთად გავატარე საქართველოში, თბილისსა და ლეჩხუმში, რომელიც ძალიან მიყვარს. პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობდი და ვფიქრობ, ეს თვეები შედეგიანი იყო ჩემთვის.
- საყვარელი შემსრულებელი, ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი - ვის დაასახელებ?
- ბევრი საყვარელი მომღერალი მყავს, ვერ გამოვარჩევ. მამასთან ერთად ბავშვობიდან ვუსმენ "ლედ ზეპელინს". ალბათ, ყველაზე დიდი გავლენა ამ ჯგუფმა მოახდინა ჩემს გემოვნებაზე.
- სამშობლო თუ ევროპა - სად ხედავ თავს პროფესიულად?
- დღეს ყველა საზღვარი გახსნილია. არ არსებობს აუცილებლობა, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო. მთავარია, კარგი მუსიკა შექმნა.
როლანდ ხოჯანაშვილი