სტატია ქალის შესახებ, რომელიც სახელს ამართლებს - გზაპრესი

სტატია ქალის შესახებ, რომელიც სახელს ამართლებს

დედა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკითხავდა თავის შვილებს და ამბობდა, კარგად თუ გავხდები, წავიყვან, თუ დავიღუპები, იმ ქვეყნად ბედნიერი წავალ, რომ მათ შენს ხელში ვტოვებო.

ჩემს ერთ მეგობარს, ია ჯღარკავას ვესაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალი "გზა" ალექსანდრე ზაზარაშვილის ბლიც-ინტერვიუს გამოქვეყნებას აპირებდა. ქალბატონმა იამ ზაზარაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაცია მომაწოდა, ვფიქრობ, მისი გაცნობა ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ჰუმანისტური და სოციალური თვალსაზრისით.

ია ჯღარკავა:

- ალექსანდრე ზაზარაშვილი თავის ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობდა ყინწვისისა და სარკის წმინდა გიორგის მონასტრებს. ალექსანდრე პატარაობიდან ღვთისმოშიში, მორწმუნე იყო და სტიქაროსანი გახდა. ის მეუფესთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა, მათ შორის, მონასტერში თავშეფარებულ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა.

ალექსანდრემ მონასტერში მყოფი ბავშვები შინ წამოიყვანა. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, როცა 7 წლის იყო და საზოგადოება არც იცნობდა. მშობლები დაარწმუნა და შეიფარეს 4 და-ძმა, რომელთა დაშორებაც არ შეიძლებოდა. ლექსომ ბავშვებს თავისი ოთახი დაუთმო და დღემდე ყველაფერს აკეთებს მათთვის. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ალექსანდრეს დედას, გული ეგნატაშვილს. გულის ჩემთან საუბარში აქვს ნათქვამი, - ამ ბავშვების დედა ავად იყო და არ შეეძლო მათი მოვლა. გვეგონა გამოჯანმრთელდებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკითხავდა შვილებს და ამბობდა, - კარგად თუ გავხდები, წავიყვან, თუ დავიღუპები, იმ ქვეყნად ბედნიერი წავალ, რომ მათ შენს ხელში ვტოვებო.

დედის დაკარგვა ბავშვებმა ძალიან განიცადეს. უმცროსი დედას გულის ეძახის. მან ყველაფერი გააკეთა, მათთვის ღირსეული დედობა რომ გაეწია. ამ პატარების გამო ბევრ რამეზე თქვა უარი. ალექსანდრეს, რომელიც ახლა ამერიკაში დედის გარეშე ცხოვრობს, სწავლობს და განიცდის უდედობას, ერთხელაც არ დაუწუწუნია. პირიქით, დედა საქართველოში დატოვა, რათა ამ ბავშვებს ყურადღება არ მოჰკლებოდა. ბავშვები სკოლაში სწავლობენ, იქამდე საბავშვო ბაღში დადიოდნენ. სხვადასხვა წრეზე დადიან, უფროსი გოგონა ხატვასა და მუსიკაზე, ბიჭი - ჭიდაობაზე, ყველაფერში პირველი არიან.

როცა დედა შეუძლოდაა ან სანდროს გამო ღელავს, განცდები ანაღვლიანებს, შემოეხვევიან და გულწრფელად ეუბნებიან, - დედი, დედი, შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებთო...

დედა მათ ყველაფერს ასწავლის: საოჯახო საქმეს, საჭმელების მომზადებას, ცხობას, სუფრის გაწყობას, ხელსაქმეს. პატარებს უამრავი ტანსაცმელი აქვთ, რომლითაც ალექსანდრე ანებივრებს ამერიკიდან. გული ამბობს, ვიდრე სრულწლოვანი გახდებიან, ვუპატრონებო.

თავად ალექსანდრეს ძალიან ენატრება და სჭირდება დედა, მაგრამ შინაგანად უძლიერესი ბავშვია და ბევრს უძლებს. ის ახლა სწავლობს და კარიერას ამერიკაში იწყობს. დედას უჭირს უმისობა, მაგრამ შვილების კეთილდღეობისთვის ითმენს და გამძლეობისთვის უფალს მადლობას უხდის. მისთვის უდიდესი სტიმული ალექსანდრეს სიტყვებია, რომელშიც დედას სიყვარულს უმტკიცებს.

როლანდ ხოჯანაშვილი