"პურს რომ ხახვს მიატანს ადამიანი, გაჭირვებულია, აბა, რა არის?!" - გზაპრესი

"პურს რომ ხახვს მიატანს ადამიანი, გაჭირვებულია, აბა, რა არის?!"

ლევან და თამარ ჩერქეზიშვილებს 5 შვილი ჰყავთ. მაქსიმუმს აკეთებენ, რათა პატარებს მისცენ ცოდნა და გაზარდონ კარგ ადამიანებად, თუმცა, რომ არა კეთილი ადამიანების თანადგომა, ამას ვერ შეძლებდნენ. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც თამარმა აღნიშნა, უმუშევრობაა. ჩერქეზიშვილები ხარაგაულში ცხოვრობენ, თუმცა თამარი წარმოშობით კახეთიდან, გურჯაანიდანაა.

თამარ ჩერქეზიშვილი:

- მხოლოდ მე-6 კლასამდე ვიცხოვრეთ კახეთში. დედა რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, მამა და და-ძმა მყავს, ოღონდ ისინიც ხარაგაულში ცხოვრობენ, ჩემს დასთან. კახეთიდან რატომაც წამოვედით, ეს მძიმე ისტორიაა. ჩემს ძმას თანასოფლელი ბიჭი შემოაკვდა შემთხვევით, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი მოკვდა. მაშინ 15 წლის იყო. აღარ მინდა ამ ამბის დაწვრილებით გახსენება. მისი სიკვდილი რომ არ უნდოდა, ზუსტად ვიცი, მაგრამ განზრახ მკვლელობაში ჩაეთვალა. არც კი სჯეროდა, რომ გარდაიცვალა ის ბიჭი: მატყუებთ, რომ მოკვდა, დაჭრილიაო, - ეუბნებოდა პოლიციას. დღესაც რომ მახსენდება ის ღამე, მზარავს. არავის არაფერიც რომ არ ეთქვა, სინდისი არ მოგვცემდა შესაძლებლობას, თვალებში ჩაგვეხედა იმ ოჯახის წევრებისთვის, ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვისაც. შურისძიებით გვემუქრებოდნენ და შეშინებულებმა იმ ღამესვე დავტოვეთ სახლი. მიწებიც გვქონდა. მამა რომ მიწას ამუშავებდა და მოსავალი მოჰყავდა, ისე არავინ შრომობდა, მაგრამ ხელოსანი იყო, მაჰაჩყალაში მუშაობდა და იქ წაგვიყვანა მთელი ოჯახი. ჩემი ძმა ჩადენილი დანაშაულისთვის დაიჭირეს, 18 წელი მოიხადა. ისე გამოვიქეცით, რომ თან ვერაფერი წამოვიღეთ, საბუთებიც კი. პატარაობის ფოტოებიც არ გვაქვს, ყველაფერი იქ დარჩა... თავიდან დავიწყეთ ცხოვრება. დედა ცდილობდა, როგორმე კვლავ ფეხზე დავმდგარიყავით. მამა კარგად შოულობდა ფულს თავისი ხელობით. რემონტებს აკეთებდა და მუშაც არ აჰყავდა, დედა ეხმარებოდა. დაღესტნის მაშინდელი პრეზიდენტის სახლიც ჩემი მშობლების გარემონტებულია. ერთხელ მამა გაიტაცეს და რამდენიმე დღეში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მამას მეგობარმა გვითხრა, ასეთი ამბავია და ბავშვები გაარიდეთ აქაურობასო. დედამ ავტობუსში ჩაგვსხა და საქართველოში დეიდასთან გამოგვიშვა. საკმაოდ დიდი თანხა გადაახდევინეს და ცოცხალი გამოუშვეს. ამის შემდეგ თბილისში ვიქირავეთ ბინა, მე და ჩემმა დამ სწავლა იქ გავაგრძელეთ. იმდენი რამ გამოვიარეთ, თავიდან ბოლომდე რომ მოვუყვე ვინმეს, ძნელად დაიჯერებს. დედას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ გული ამიცრუვდებოდა ყველაფერზე. სიმსივნე ჰქონდა ბოლო წლებში და ექიმთანაც არ მიდიოდა, - არც ფული გვაქვს, აღარც სახლ-კარი და რა დროს ჩემი ექიმებიაო?! ამ დაავადებამ შეიწირა.

- დაოჯახების შესახებ მიამბეთ.

- ჩემი და იყო გათხოვილი ხარაგაულში. მასთან ჩავდიოდი ხოლმე. მე და ლევანი გაცნობიდან მალევე, დაახლოებით 2-3 თვეში შევუღლდით. დედაც და მამაც - ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია ბევრი შვილის ყოლაზე, რადგან როცა დავქორწინდით, სახლი ჩვენ არ გვქონდა და კარი... ქმრის მშობლები ძალიან მშრომელი და ალალი ხალხია. ერთი პატარა სახლი ჰქონდათ სოფელში, სულ 3 ოთახი - მისაღები, სამზარეულო და საძინებელი. პირველი შვილი რომ შემეძინა, უკვე გაჩნდა პრობლემები. მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობდით, მხოლოდ დედამთილი მუშაობდა მზარეულად რაიონში და დღეში 6 ლარს იღებდა. იმ ფულითაც ჩვენი შვილისთვის პამპერსი და საკვები მოჰქონდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს. ბავშვს დედამთილი რატომ უნდა ინახავდეს, როცა ახალგაზრდები ვართ და შეგვიძლია, ოჯახი ჩვენი შრომით ვარჩინოთ-მეთქი? გადავწყვიტეთ, რაიონში ქირით გვეცხოვრა და სამუშაო მოგვეძებნა. თან იმ სოფელში არც ბაღი იყო, არც სკოლა, არც მაღაზია, არც აფთიაქი, ტრანსპორტიც კი არ დადის - ფარცხნალი მოწყვეტილია ამ ქვეყანას... მეორე შვილი რომ მეყოლა, მაშინაც ქირით ვცხოვრობდით. 2 შვილზე მეტის გაჩენას არ ვფიქრობდი, მაგრამ განგებამ მოინდომა ასე, ღმერთმა მაჩუქა. იმ პერიოდში მეუღლემ ჩინელებთან დაიწყო მუშაობა. ხელფასი მართლაც კარგი ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაუძლო დატვირთვას, გვირაბში დიდხანს გაჩერება უჭირდა. მესამეზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, მაშინ უკვე შემეშინდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა, როგორ გავზრდიდი და მოცილება გადავწყვიტე. სოციალური დახმარების იმედად ვცხოვრობდით, 104 ლარს ვიღებდით და აქედან 50 ლარს ქირაში ვიხდიდით. მულმა, რომელსაც 18 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდა, მითხრა, - ამას ნუ გააკეთებ, გააჩინე და მე გავზრდიო. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები ნამდვილად არ იყო. აბორტის გასაკეთებლად მაინც წავედი, მაგრამ უკან გამოვტრიალდი, ვერ შევძელი... საბოლოოდ, დავთანხმდით, ოღონდ იმ პირობით, რომ ბავშვს ეცოდინებოდა, რატომ იზრდებოდა მამიდასთან და ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. დღემდე მამიდა ზრდის ჩვენს მესამე შვილს, გაბრიელს.

GzaPress

- ამის შემდეგ კიდევ 2 გეყოლათ, გაგვაცანით ყველა...

- მეოთხეს რომ ველოდებოდი, არც მაშინ გვაკლდა პრობლემები, მაგრამ 2.500 დოლარად სახლი ვიყიდეთ, უფრო სწორად - ქოხი. ისეთ ავარიულ მდგომარეობაში იყო, წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა. ჩემი დის გვერდით გახლდათ ეს სახლი. გადავწყვიტეთ, გვეყიდა, ჩვენი ჭერი რომ გვქონოდა. წინასწარ გამოვიტანეთ სოციალური დახმარება, მამამთილმა 18 თვის პენსია და ასე შევაკოწიწეთ ეს თანხა. მერე 3 წლის განმავლობაში ვფარავდით კრედიტს. ამიტომ აღარც კი დამიშვია მოცილება. ვიფიქრე, ახლა უკვე ჭერი გვაქვს, ქირას არ ვიხდით, არავინ გვეტყვის, რომ სახლი დავუცალოთ და აღარაფრის მეშინია, ღმერთი რამდენსაც მომცემს, იმდენს გავაჩენ-მეთქი. ხმამაღლა არ ვამბობდი, მაგრამ ძალიან განვიცადე, გაბრიელი ჩვენთან რომ არ იყო. ალბათ იმიტომაც გამომიგზავნა ღმერთმა სალომე, რომ ეს გადამეტანა. თან, უფრო და უფრო გატკბა შვილები. რაც მეტი შვილი გყავს, მეტად გიყვარდება თითოეული. გაბრიელმა უფრო გამიძლიერა დანარჩენების სიყვარული. ერთ თხილის გულს 9 ძმა იყოფს და ესენი როგორ ვერ გაიყოფენ ამ ერთ სახლს-მეთქი, და მეხუთეც გავაჩინე. უფროსი, ნიკოლოზი 11 წლისაა, ნინიკო - 10-ის, გაბრიელი - 7-ის, სალომე - 6-ის და ირაკლი - 4-ის. ირაკლი ყველაზე თბილი ბავშვია, ვინც მინახავს. დედი, მიყვარხარო, სულ ამას გაიძახის და სულ უნდა, რომ გვერდით ვყავდე.

- განსხვავებული ხასიათი და მისწრაფებები ექნება თითოეულს. არ გიჭირთ ყველასთვის ხასიათის შეწყობა?

- ყველა სხვადასხვანაირია, მაგრამ არ მიჭირს მათთან ურთიერთობა. ნიკოლოზი თბილია და კეთილი, მაგრამ მალე ბრაზდება და ხშირად მიწევს რაღაცების ახსნა. ნინიკოსთვის ნაკლებად მიწევს შენიშვნების მიცემა, გოგოა და უფრო მგრძნობიარე. სულ ცდილობს, გამახაროს. სკოლაში კარგად სწავლობენ, არც ერთს არ ვემდური. იციან, რომ განათლება მნიშვნელოვანია. ამაზე ბევრს ვესაუბრები. მე თვითონ ძალიან ვნანობ, რომ ვერ ვისწავლე. ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ სწავლა უსახსრობის გამო ვერ გავაგრძელე. ბავშვობაში მსახიობობა და მომღერლობა მინდოდა, მხატვრულად კარგად ვკითხულობდი ლექსებს, სკოლაში ღონისძიებებზე ხშირად გამოვდიოდი. ახლა ნინიკოს აქვს ასეთი მონაცემები. დამყავს მოსწავლეთა სახლში ცეკვაზე, მუსიკაზე. გაბრიელიც აქტიური ბიჭია, ხალისიანი, კარგად კითხულობს ლექსებს.

- როგორც მითხარით, გაბრიელმა იცის, რომ მშობლები თქვენ ხართ...

- მული ახლოს ცხოვრობს და როცა გაბრიელი მოინდომებს, მაშინ მოდის ჩვენთან. ზოგჯერ წასვლა აღარ უნდა, დაწვება და იძინებს ბავშვებთან ერთად. იცის, რომ თამუნა დედამ 9 თვე ატარა მუცლით, გააჩინა და ახლა ნინო დედა ზრდის, - ასე გვეძახის. ორი დედა და 2 მამა მყავს, ყველაზე მდიდარი ვარო, იცინის ხოლმე.

- თამარ, თქვენი მეუღლე ან თქვენ თუ მუშაობთ?

- ახლა არც ერთი არ ვმუშაობთ. ძირითადად, სოციალური დახმარების იმედად ვართ, 560 ლარს ვიღებთ თვეში. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ 100 ლარის ოდენობით დახმარებას ვიღებთ. ამაზე პრობლემას არ მიქმნიან გამგეობიდან. "კათარზისიდან", კვირის გარდა, ყოველდღე შეგვეძლო სადილისა და 3 პურის წამოღება, მაგრამ წყალზე მოხარშულ ფაფას ბავშვები პირს არ აკარებენ. ბიუჯეტიდან თანხა რომ გამოიყოფა ხანში შესული და მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებად, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩალასავით საჭმელი გააკეთო, ნახევარი ჯიბეში არ უნდა ჩაიდო!.. ხმას რომ ამოიღებ, არავის მოსწონს. ჩემს დედამთილს ვუთხარი, ბავშვებს არ მოსწონთ, თან, მაინც არ გვყოფნის და თქვენ გაიტანეთ-მეთქი. სოფლიდან ყოველდღე ჩამოდის ფეხით და მიაქვს. რომ არ უჭირდეს, იქიდან ჩამოვა?!. 3 კილომეტრია ხარაგაულამდე. პურს რომ ხახვს მიატანს ადამიანი, გაჭირვებულია, აბა, რა არის?! მინდა მუშაობა, არ მეთაკილება ნამდვილად, ადრე დამლაგებლად ვმუშაობდი. უბრალოდ, მთელი დღით ვერ გავდივარ სახლიდან, რადგან ბავშვები პატარები არიან და მარტო დიდი ხნით დატოვება მიჭირს. ზოგჯერ წამლის ფულიც კი არა მაქვს. დაუსაქმებლობაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. წინა კვირაშიც ვიყავი გამგებელთან. 5 შვილის დედას არ უნდა მჭირდებოდეს ამდენი ხვეწნა-მუდარა, მაგრამ ასეა. "მათხოვრობა" ცუდი სიტყვაა, მაგრამ მე მიწევს ხელგაწვდილს თხოვნა იმისთვის, რომ ჩემი შვილები ნორმალურად ცხოვრობდნენ და საჭმელი ჰქონდეთ, არ შიოდეთ. როცა გამგებელი ხარ და იცი ოჯახის პრობლემა, როგორმე ხომ უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს ეს საკითხი?! ფულს და საჭმელს კი არა, სამუშაოს ვითხოვ, რომ ჩემი შრომით შევძლო არსებობა. როგორ დავიჯერო, 4 წლის განმავლობაში ერთი ვაკანსია არ გამოჩნდა ისეთი, სადაც უმაღლესი განათლება არ იყო აუცილებელი?! ბევრს ჰგონია, ჩემი ქმარი ფეხი ფეხზე გადადებული ზის და ელოდება სხვის დახმარებას, სინამდვილეში ასე არ არის. ვინ რა იცის, რამხელა დარდს ატარებს გულით?! ძნელია სამუშაოს შოვნა, ზოგჯერ დღიური სამუშაო თუ გამოჩნდება, არც იმაზე ამბობს უარს. გვპირდებიან და იქნებ ახლა მაინც იზრუნონ ჩვენზე.

- თამარ, სოციალურ ქსელში წერდით, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ბავშვებს უკეთესი პირობები შეუქმენით, ამის ამსახველი ფოტოებიც დადეთ.

- მართლა ქოხი იყო, რაც ვიყიდეთ. ადრე ვისაც უნახავს და ვინც ახლა იცის, როგორია, ისინი მიხვდებიან, რამხელა განსხვავებაა. აღარ მრცხვენია სტუმრის მოსვლის. ადრე მერიდებოდა, ერთ ოთახში გვქონდა ყველაფერი. კარიც კი არ იყო ნორმალური, არ იკეტებოდა და ღამე რომ ვიძინებდით, გვეშინოდა, რამე არ შემომძვრალიყო. ყველა კუთხეში ღრიჭოები იყო. არანაირი პირობები არ გვქონდა, კომფორტს ვინ ჩივის, საჭმელადაც კი რიგრიგობით ვსხდებოდით იმ ერთ ოთახში, თუ დამიჯერებთ. ბელეტაჟი ავაშენეთ, ახლა ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია. ძალიან მოკლე დროში მოხდა ეს ყველაფერი. წლობით უნდებიან სახლის აშენებას, ჩვენ ლამის 2 კვირაში მოვასწარით. კიდევ კარგი, თორემ ზამთარი მოდიოდა და სიცივეში მოგვიწევდა ყოფნა. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანმა, ლევან მაღლაკელიძემ სულ რამდენიმე დღეში მოაგროვა თანხა თავის სამეგობრო წრეში, მაქსიმუმი გააკეთა ჩვენთვის. შეგროვებული თანხით მოგვიტანა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, იატაკის ფილები, შესასვლელი კარი... ბავშვები ისეთი გახარებულები არიან, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მანიკა ასათიანმა და შოთა არველაძემ ერთ გადაცემაში 3.900 ლარი მოიგეს და მთლიანად ჩვენ გადმოგვირიცხეს. ჭერს ვეღარ ვაკეთებდით და 2-3 დღეში ჭერიც გვქონდა. ეს ყველაფერი არის დამსახურება იმ კეთილი ადამიანებისა, რომლებმაც მოინდომეს და ეცადნენ, ჩვენთვის ყოფა შეემსუბუქებინათ.

ნინო ჯავახიშვილი