გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის "არაჩვეულებრივი გამოფენა" - გზაპრესი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის "არაჩვეულებრივი გამოფენა"

არაერთი წელია, ჟურნალისტი ვარ. როგორც წესი, ამა თუ იმ ადამიანზე წერის დროს, საკუთარ შეფასებებს ვერიდები, არც ზღვარგადასული ეპითეტებით მიყვარს ვინმეს შემკობა და არც - პირიქით. თუმცა, არსებობს ერთეული შემთხვევები, როცა აღფრთოვანებას უბრალოდ ვერ ვიტევ და ჩემი ემოციები მინდა სხვასაც სიხარულით გავუზიარო. სწორედ ასეთი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც.

პირველად მაშინ გავოცდი, ამ მხატვრის ნამუშევრები რომ ვნახე და როცა საუბრის საშუალება მომეცა, ერთიორად კმაყოფილი დავრჩი ავტორის გაცნობითაც. მოკლედ, სიამოვნებით წარმოგიდგენთ მხატვარს, პედაგოგსა და საჰაერო იოგის ინსტრუქტორ ნინო ბალხამიშვილს, რომელიც უკვე 12 წელია, გერმანიაშია. ამჟამად ხელოვანი ქალაქ კასელში მეუღლესა და ორ შვილთან - 12 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობს.

- თბილისში სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კინოსა და ტელევიზიის მხატვრობის მიმართულებით. ალბათ ამიტომ არ მიჭირს ჩემს ნამუშევრებზე სხვადასხვა ეპოქისა და სცენის ხატვა. ძველი სტილი, განსაკუთრებით ვიქტორიის ეპოქის და დეტალები ჩემი სისუსტეა - მომწონს ასეთ თემებსა და ნივთებზე მუშაობა. სიამოვნებით ვიმუშავებდი კინომხატვრობაზეც. გერმანიაში რომ ჩამოვედი, ამ კუთხით ერთი-ორი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში ორსულად ვიყავი, რაც ძალიან რთულად მიმდინარეობდა და უარი ვთქვი. მერე ბევრი რამ გადავაფასე, გარემომაც შემცვალა. სრულიად სხვა სახე მიიღო ჩემმა სამუშაო სტილმაც. ვერავინ მიხვდება, რომ გერმანიაში და ჩემს ადრეულ წლებში საქართველოში შესრულებული ნამუშევრების ავტორი ერთი და იგივე ადამიანია.

- რას ხატავდით საქართველოში, როგორი იყო მაშინ თქვენი ხელწერა?

- თავიდან ყველაფერი იყო შავ-თეთრი. ალბათ ამაზე მკაცრი აღზრდაც მოქმედებდა და "ჩარჩოებს" არ ვცდებოდი. ტრაგიკული, მძიმე ნამუშევრები იყო. გერმანიაში რომ ჩამოვედი, მესმოდა შეფასება, - რა კარგი ხელი გაქვსო, - მაგრამ ინტერესი ამით მთავრდებოდა. ბოლოს, ერთმა ქალბატონმა ორი სიტყვით მიმახვედრა: ნინო, საოცრად მუშაობ, მაგრამ შენი ნამუშევარი რომ შევიძინო და შინ კედელზე დაკიდებულს ყოველდღე ვუყურო, ასეთი მძიმე სურათის ყურება მგონი არ უნდა იყოს სასიამოვნო და არ მინდაო. იოლად გავიგე, რაც იგულისხმა. ამას მოჰყვა დიდხანს ძიების პროცესი. ბევრ რამეს მივედ-მოვედე, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მოვახერხე, რომ დიპლომი დამეცვა; მუშაობა დავიწყე სამხატვრო სკოლაში, სადაც დღემდე ვასწავლი. იმ დროს ვმუშაობდი დიდ ტილოებზე, მინიატიურები "ჩემი" არ მეგონა, ძალიან ვწვალობდი, მაგრამ ისეთი ტიპი ვარ, რომ არ მჩვევია დეპრესიაში ჩავარდნა. ვფიქრობ, ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავალი იპოვო და რაც არ გაქვს, იმაზე არ იდარდო, არამედ საუკეთესო ვარიანტი გამოიყვანო იქიდან, რაც მოგეპოვება. შინ ერთი მაგიდა გვქონდა, რომელსაც მთელი ოჯახი ვიყოფდით: მე ვხატავდი, ბავშვები საშინაო დავალებას წერდნენ, მეცადინეობდნენ და ყველა რომ დავტეულიყავით, ჩემი ნამუშევრები ნელ-ნელა დაპატარავდა, მაგრამ გაფერადდა. შეიძლება ითქვას, მასშტაბების შემცირების რეალური მიზეზი ეს იყო (იღიმის)...

GzaPress

- გერმანიაში რა მიზნით გაემგზავრეთ? შემოთავაზება გქონდათ თუ სამსახურის საძიებლად?

- ჩემი მომავალი მეუღლე გერმანიაში ცხოვრობდა. ქართველია, გადაზიდვების სფეროში ლოჯისტიკის მენეჯერი. თბილისში გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრეთ, ისე, რომ ენაც არ ვიცოდი. როგორც ყველამ, მეც ისე დავიწყე, სახლებს ვალაგებდი, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ მივაღწიე იმას, რომ ჩემი პროფესიით დღეს კარგი სამსახური მაქვს, სამხატვრო სკოლაში ყველა ასაკის მოსწავლე მყავს. ასევე, საჰაერო იოგის ინსტრუქტორი ვარ.

- აქტიურად ვარჯიშობთ. იოგით საქართველოში დაინტერესდით თუ გერმანიაში გადასვლის შემდეგ?

- ფიზიკურად ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. თანამედროვე სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი და შემდეგშიც შემეძლო სხვადასხვა რთული ილეთის შესრულება. ცირკში გექნებათ ნანახი ჭერიდან ჩამოკიდებულ ქსოვილებზე შესრულებული აკრობატიკა. იოგის ეს სახეობაც დაახლოებით იგივეა და ცეკვისა და ტანვარჯიშის ელემენტებს აერთიანებს. ჩამოკიდებულ ქსოვილებზე მხარდაჭერით ხდება გაჭიმვებისა და სხვადასხვა მოძრაობის შესრულება. სიახლეებს სულ ვეძებ და ერთ დღესაც, როცა ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, სადაც ეწერა, რომ ქალაქში საჰაერო იოგის კურსი იხსნებოდა, დავინტერესდი და მივედი. სიმაღლეზე ვარჯიშობ, რაც გამბედაობას მოითხოვს. არ ვიცი როგორ, მაგრამ უცბად ავითვისე ყველაფერი. ყველას ეგონა, საკმაოდ გამოცდილი ვიყავი ამ საქმეში. ერთ დღესაც, იტალიაში ვისვენებდი, როცა დამირეკეს, დარბაზში მეორე დღესვე მივსულიყავი. მაშინვე ვერ შევძელი, მაგრამ როგორც კი გერმანიაში დავბრუნდი, მწვრთნელებთან მივედი. მითხრეს, რომ სიმაღლეზე მუშაობის შიშის გამო ვერ ახერხებდნენ წამოწყებული საქმის გაძღოლას; თუ შევძლებდი და დროს გამოვნახავდი, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ამეღო. იოგის ეს სახეობა ახალი იყო, ლიცენზიას არ მოითხოვდა (თუმცა, ახლა ვაკეთებ და მექნება) და დავთანხმდი. სამი წელია, როგორც ინსტრუქტორი აქტიურად ვარ ამ საქმეში ჩართული. მსურველი ბევრია. სულ ვამბობ, ქალებისთვის ამაზე კარგი და ლამაზი სპორტი არ არსებობს, რადგან არასოდეს დაბერდები (იღიმის). თითქოს ბავშვობაში გაბრუნებს. ძალიან გცვლის, მეტად გაბედული და ენერგიული გავხდი.

GzaPress- ნინო, ახლა თქვენს უჩვეულო ნამუშევრებზე ვისაუბროთ. ბუმბულსა და სხვადასხვა "არატრადიციულ" მასალაზე ხატავთ. ბუმბული იმდენად ნაზი და სათუთია, იოლად ზიანდება, როგორ ახერხებთ, ვერ ვხვდები...

- ამ თემასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში უამრავი კითხვით სავსე წერილებს ვიღებ. ყველას ჰგონია, რომ საიდუმლოა. მიგზავნიან მოხატულ ბუმბულებს, რომელიც ცუდად გამოიყურება არა ნახატის გამო, არამედ იმიტომ, რომ გამაგრებას ცდილობენ. ქვედა მხრიდან ბუმბულს უსვამენ საღებავს, წებოს, ცდილობენ გრუნტირებას, მაგრამ მთელი საიდუმლო ისაა, რომ არაფერია საჭირო - უბრალოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ხატო. დამთვალიერებლის მოწონებას ის განაპირობებს, რომ ბუმბულზე ყველაზე მასიური სცენა და კომპოზიცია მსუბუქი ჩანს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ბუმბულთან ფრთხილი შეხებით მიიღწევა.

- ეს ყველაფერი როგორ დაიწყო?

- გერმანიაში თითქმის არაფერს ყრიან. ვინაიდან გარშემო ბევრმა იცის, რომ ვხატავ და მინიატიურებს ვაკეთებ, დროდადრო, მათთვის გამოუსადეგარ სხვადასხვა ნივთს მიგროვებენ. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთ დღესაც სახელოსნოს კართან დამხვდა დიდი ყუთი, რომელსაც ჩემი სახელი ეწერა. სხვადასხვაგვარი ბუმბული აღმოჩნდა, ასევე - შეღებილი, დეკორატიული. ერთი-ორი დეკორაცია ავაწყვე, რაღაცებზე მივაწებე, მაინც ბევრი დამრჩა. სწორედ იმ დროს პალიტრა მქონდა გაშლილი და ბუმბულზე ჯერ კოპლები დავხატე, მერე - ზოლები; ამას ჩიტის ფიგურა მოჰყვა და ნელ-ნელა მივხვდი, რომ კარგად "მიდიოდა". ჩვენი ქალაქი წელიწადში ორჯერ დიდი გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას ახდენს და სწორედ ჩემი ნამუშევრების იქ მიტანა გადავწყვიტე. მინდოდა გამომეცადა, როგორ შეაფასებდა მათ ხალხი. 40-მდე ნამუშევარი გამოვფინე. თავდაპირველად დამთვალიერებელს ეგონა, რომ ნახატები ბუმბულზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ რომ ავუხსენი, თითოეულზე ხელით და საღებავით მქონდა ნამუშევარი, 2 საათში უკვე ყველა გაიყიდა.

GzaPress

- ნამუშევრები უკვე ჩარჩოებში გქონდათ ჩასმული?

- დიახ, ჩემი ყველა ნამუშევარი ისმება ობიექტის ჩარჩოში. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, შუშასა და ნამუშევარს შორის არის დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი სივრცე, რაც ბუმბულს, ჩაის პაკეტს, მუყაოს, თექას თუ სხვა მასალას არ აზიანებს. ეს დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა, ნახსენები გამოფენის შემდეგ, მალე მიიქცია ყურადღება და შეკვეთებს ვერ ავუდივარ. საერთოდ, აქ ძალიან დიდი კონკურენციაა და რაღაც ახალი თუ არ შექმენი, ინტერესს ვერ დაიმსახურებ. გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ, თექაზეც ვმუშაობდი, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება აქვს.

GzaPress

- ფუნჯები, ხელთათმანები, ჩაის პაკეტებიც გაქვთ მოხატული. თანამიმდევრობით მივყვეთ: როდის და როგორ ჩნდებოდა მათზე კომპოზიციების შესრულების იდეები?

- ფუნჯებთან დაკავშირებით ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ვისაც სახელოსნო აქვს, მიხვდება, თუ როგორია, როცა ფუნჯები გაურეცხავი გხვდება. სხვადასხვა ჯგუფისთვის ხან წერილი გავაკარი, ხან ისე გავაფრთხილე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. არ მიყვარს ასეთი დაუდევრობა და გავაპროტესტე. ფუნჯებზე დავხატე მოტირალი სახით ადამიანები და ნიჟარასთან, სადაც სახატავი ხელსაწყოები ირეცხება, გავაკარი წარწერით: "ვტირით, რადგან ვერ ვასრულებთ ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას". მაღადავებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ძალიან მალე გახდა ეს ფუნჯებიც პოპულარული (იღიმის). მეორედ კიდევ ვიმაიმუნე და წყვილი გავაკეთე. გამოფენაზე გავიტანე და ერთმა ცოლ-ქმარმა თავს მიამგვანა, - ჩვენი პორტრეტებიაო, - და შეიძინა. ამის შემდეგ ფუნჯებზეც ინტენსიურად ვხატავ. რაც შეეხება მუყაოს, ეს ჩემთვის შედარებით ახალი მასალაა. ბინა ახალი შეძენილი გვაქვს, სტუდიის მოწყობა ჯერ არ დამისრულებია და კორონავირუსის გამო, ავეჯის ნახევარიც ვერ შევიძინე. ბევრი რამ ჯერ კიდევ ყუთებში გვიწყვია და ერთ დღესაც, ერთ-ერთ ყუთს ნაწილი ჩემმა ძაღლმა მოახია. ნაფლეთს რომ შევხედე, მაშინვე გამიჩნდა იდეა, ზედ დამეხატა. მუყაოზე ბევრი ხატავს, მაგრამ ვცდილობ, ამ მხრივაც გამორჩეული და საინტერესო იყოს ნამუშევარი.

ხელთათმანზეც გადავინაცვლე. პირველად აღვნიშნავ, რომ ტყავი კარგი სახატავია, მეორე - არ მიყვარს ისეთი ნივთების გადაყრა, რომლებთანაც გარკვეული მოგონებები მაკავშირებს. ის იყო ჩემი ხელთათმანი, რომელიც დაძველდა, გამოვიყენე როგორც სახატავი მასალა და დღეს უკვე ძალიან მენანება, ის პირველი ნამუშევარი რომ გავყიდე, რადგან მას შემდეგ კიდევ არაერთზე დავხატე და ისინიც კარგად გაიყიდა.

GzaPress

- ალბათ დაჰკვირვებიხართ, რომელი ნივთი იწვევს ყველაზე დიდ ინტერესს.

- რთულია თქმა, რომელ ნივთს აქვს ყველაზე დიდი გამოხმაურება, რადგან ინტერესი თანაბრად ვლინდება. თუმცა, მაინც დავაზუსტებ: პირველ რიგში, ესაა ხელთათმანი და ბუმბული, შემდეგ - ფუნჯები და ჩაის პაკეტები. კორონავირუსის პანდემიამდე 5 ადგილას ვმუშაობდი. ახლა მხოლოდ ორი დავიტოვე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, და კიდევ, შინ სტუდიაში ბევრ შეკვეთასაც ვასრულებ.

- დაბოლოს: წელიწადზე მეტია, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ჩვეული რეჟიმი შეცვალა. თქვენს ქალაქში რა მდგომარეობაა და რა შეზღუდვები მოქმედებს?

- სკოლები ონლაინსწავლებაზე მუშაობენ. ბავშვებს ძალიან უჭირთ, დაისტრესნენ და მეც ძალიან მირთულდება ვაკონტროლო, რა ისწავლეს, რა გამოტოვეს. ღია და დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადეებით ყოფნა. კურსებს რომ ვატარებ, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც პირბადეები გვიკეთია. რამდენიმე საათს ტარება იოლი არ არის და ხშირად თავი მტკივდება. ყველა რესტორანი და მაღაზია დაკეტილია, სასურსათოს გარდა და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გახსნის პერსპექტივაც არ იქნება. ჩვენთან კომენდანტის საათი არ მოქმედებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

GzaPress

- ვაქცინაცია დაწყებულია?

- დიახ, ვაქცინაცია დაწყებულია, თუმცა, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს. ნებაყოფლობითია, მაგრამ საუბარია იმაზეც, რომ ეს აუცილებელი გახდება. თუ ყველასთვის აუცილებელი იქნება კოვიდ-პასპორტი, რომელიც ადასტურებს, რომ აცრილი ხარ, ალბათ ყველა იძულებული იქნება, აიცრას. არადა, ვიცით, რომ შეიძლება 3-5 წლის შემდეგ გამოვლინდეს ვაქცინაციის დადებითი თუ უარყოფითი შედეგი, ამიტომ ხალხი დაბნეულია... ისევე, როგორც ყველას, მეც ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ გაურკვეველი დროით გადამედო, არსებულ რეალობაში რთულია განსაზღვრო, სამომავლოდ რა იქნება.

ანა კალანდაძე