ნინო ლეჟავას პირადი ცხოვრება - გზაპრესი

ნინო ლეჟავას პირადი ცხოვრება

აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი, ნინო ლეჟავა საზოგადოებამ უფრო მეტად პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. ყველას ახსოვს სცენაზე აღმოსავლური ცეკვებით დანთებული ცეცხლი, რომელსაც პარტნიორობას უზარმაზარი ქვეწარმავალი უწევდა. ამის შემდეგ ნინოს ევაც კი უწოდეს. ის არაერთგზის ჩემპიონია აღმოსავლურ ცეკვებში... თურმე, ნინოს ფონდიც აქვს, რომლის მეშვეობითაც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება, ასევე უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ის დაინტერესებულია ნატურალური ქვებითაც, გახლავთ კოლექციონერი.

ოდითგანვე დიდია ადამიანების ინტერესი, იცოდნენ, რა ელოდებათ მომავალში და ნინო ტაროს კარტითაც ცდილობს ყველაფრის წინასწარ განჭვრეტას. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არასწორად შერჩეულ ტაროლოგთან ან მკითხავთან მისვლამ, შეიძლება არა მარტო დიდი თანხა დაგვაკარგვინოს, არამედ ჩვენს აურასა და ჯანმრთელობაზეც ცუდად იმოქმედოს.

- რატომ დაინტერესდით ტაროს გაშლით?

- ხუთი წელია, რაც "ტაროს სახლი" არსებობს. საქართველოს მასშტაბით ეს ყველაზე დიდი ეზოტერიკულ-შემეცნებითი ტაროლოგიური გვერდია. რაც შეეხება ტაროს, ეს არის ერთ-ერთი მაგიური ინსტრუმენტი. ბავშვობიდან დავინტერესდი კარტით. ვგრძნობდი, რომ მაგია, ოკულტიზმი და მისტიკა ყოველთვის ჩემში იყო და მოვიდოდა დრო, როდესაც ამ ყველაფერს სხვა ფორმას მივცემდი... ტაროს კარტს მომავლის წინასწარმეტყველებაში უდიდესი როლი აქვს.

- 77 ათასი "გამომწერი" გყავთ...

- დიახ და ეს ძალიან მახარებს... იცით, 10 ტაროლოგი რომ დასვათ ერთად, ათივე სხვადასხვანაირად გაშლის ერთსა და იმავე კარტს. შეიძლება იყო პროფესიონალი, მაგრამ არ გქონდეს გადმოცემის უნარი. აუცილებელია გქონდეს კარგი აურა, რომ მსმენელს სიამოვნებდეს შენი მოსმენა. ვცდილობ, ადამიანებს გასაგებ ენაზე ვესაუბრო.

GzaPress

- როგორ გგონიათ, რატომ არის დაინტერესებული საზოგადოება მაგიით?

- მაგია/ოკულტიზმის ირგვლივ კაცობრიობის დაინტერესება ოდითგანვე ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მაგია გახლავთ სამყაროს ალგორითმი, რელიგიურ სტრუქტურაში არსებობს მაგიური ელემენტები. როდესაც ვლოცულობთ და სანთელს ვანთებთ, ესეც მაგიაა; როდესაც ბავშვს ვნათლავთ და რიტუალის სახეს ვაძლევთ, ესეც. რაც შეიქმნა ადამიანი, მაგია მისი განუყრელი ნაწილია და რაც უნდა აგვიკრძალონ და მის მკრეხელობაზე ისაუბრონ, ინტერესს მაინც იწვევს.

- არსებობს თუ არა ტაროლოგიაში ეთიკის წესები, რომელსაც ტაროლოგები უნდა იცავდნენ?

- რა თქმა უნდა, არსებობს ეთიკის ნორმები, თუმცა ყველამ ტაროლოგი არ უნდა დაირქვას. ტაროს ბევრი არაპროფესიონალი შლის, რის შემდეგაც ადამიანს ეწყება შიში. მე ყველას წინასწარ ვაფრთხილებ და ვცდილობ გავიგო, რამდენად არის მზად სიმართლის მისაღებად.

- რამდენად სწორია ვიცოდეთ ხვალ რა გველოდება და კიდევ, ადამიანებს ჩვენი ბედის შეცვლა შეგვიძლია?

- დიდი პლუსია, როცა ადამიანმა იცის, რა ელოდება. ისინი არიან გაფრთხილებულები და შეუძლიათ თავიდან აიცილონ უსიამოვნება. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია თავისი ბედის შეცვლა. როდესაც იცის, სად არის მისთვის საფრთხე, ბუნებრივია, შეეცდება საფრთხე აირიდოს.

GzaPress

- ხშირად ადამიანები ხდებიან მსხვერპლი ტაროლოგებისა თუ მკითხავების მხრიდან - იმ მოტივით, რომ მათ აქვთ ჯადო, დიდ თანხას ახდევინებენ...

- ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი და ვიდეორეკომენდაციებსაც გავცემდი. როდესაც სხვა ადამიანში ხედავ საშველს და მასთან მიდიხარ რწმენით, ზოგი არ ერიდება ვალის აღებასაც კი თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. თუ ვინმეს ეტყვი, რომ ჯადო აქვს, ის ყველაფერს გააკეთებს მის მოსახსნელად. მე რომ ამაზე ავლაპარაკდი, ბევრი ე.წ. პრაქტიკოსი გადავიკიდე და სასამართლომდეც კი მივიდა საქმე. მე ყოველთვის მივაწვდი ადამიანებს ინფორმაციას, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან შარლატანი და ნამდვილი ეზოთერაპევტი. გაარკვიონ, ამ ადამიანის კმაყოფილი არის თუ არა ვინმე, წაიკითხონ კომენტარები, გაიკითხონ, რომ არ გახდნენ შარლატანების მსხვერპლი.

- რა არის ჯადო და მისი გაკეთება ყველას შეუძლია?

- ჯადო - ეს არის ენერგოინფორმაციული დარტყმა, როდესაც მაგი იბრძვის გარკვეული ინსტრუმენტებით. მაგისთვის ეს ინსტრუმენტი გახლავთ ენერგიების კონტროლი. ენერგოინფორმაციებით შეუძლია დააზიანოს ადამიანი. მაგიას არ აქვს ფერი და რეგალიები. ეს არის უნივერსალური ინსტრუმენტი, ცოდნა, ენერგოინფორმაციული სივრცე, სადაც მოქცეულია მთელი სამყარო და აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ მაგიას აქვს ფერი. ჯადოს გაკეთება ყველას არ შეუძლია. არამცოდნისგან ამის გაკეთებით შესაძლებელია, თავადვე დაიზიანონ ჯანმრთელობა და აურა.

- ულამაზესი ქალბატონი ხართ და მაშინ, როდესაც სხვებს უწინასწარმეტყველებთ, პირად ცხოვრებაში რა ელოდებათ, რა ხდება ამ დროს თქვენს პირადში?

- არ ვამბობ, რომ უშეცდომო ადამიანი ვარ. პირველი ქორწინებიდან მივიღე უდიდესი გამოცდილება, ამჟამად ქორწინებაში არ ვარ, მაგრამ მყავს საყვარელი ადამიანი. არასოდეს ვამბობ, რომ ეს ჩემი ადამიანია; არ მიყვარს იმაზე საუბარი, რომ მასთან სიბერემდე ვიქნები, არამც და არამც. სპეციფიკური ხასიათი მაქვს, რომელსაც ყველა ვერ აიტანს. ჩემი საყვარელი ადამიანისთვის ნათქვამი მაქვს, რომ თუ ის კომფორტულად არ გრძნობს თავს და განიცდის დისკომფორტს, შეუძლია წავიდეს. მე არ ვარ ის ქალი, ვინც მამაკაცს ძალით, მაგიით დაიჭერს, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მირჩევნია, აღარ იყოს ჩემ გვერდით, ვიდრე დისკომფორტს ვუქმნიდე. მთავარია, ადამიანები იყვნენ გულახდილები. როდესაც რომელიმე ვიგრძნობთ, რომ არ ვართ ბედნიერი, ამას აუცილებლად ვეტყვით ერთმანეთს. კარგად ვიცი, ჩემნაირ ქალთან ყოფნა მარტივი არ არის. არასდროს შევფუთავ ჩემს ცხოვრებას იმის გამო, რომ ვინმემ თქვას, ნინო ბედნიერიაო, ამ როლს ვერ ვითამაშებ. მე მიყვარს ჩემი პარტნიორი და არ მივცემ თავს უფლებას, უბედური იყოს.

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის საშიში ხომ არ ხართ - ლამაზი, ჭკვიანი ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი წინასწარ იცოდეს?!

- ჩემი პარტნიორი მხარს მიჭერს და ჩემ გვერდით არის, მაგრამ ჩემი პირველი მეუღლე სპორტსმენი იყო და უნდა გენახათ, როგორ პატარავდებოდა ამ დროს, როდესაც მსგავსი რაღაცების თვითმხილველი ხდებოდა (იცინის). მას ეს ყველაფერი აშინებდა და არ მოსწონდა, წინააღმდეგი იყო. იყო სხვა რაღაცებიც, რაშიც ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ; ის სულიერი სიმები ბოლომდე ვერ შეერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელი ვიყავით მეგობრები და განქორწინების შემდეგაც კარგ მეგობრებად დავრჩით. ჩემს ამჟამინდელ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ვცდილობ, ყოველდღიურად აღმოვაჩინო სიახლეები, თუმცა ამის აფიშირება არ მჭირდება, რადგან ბევრი მტერი გვყავს და ჩემი პირადი სივრცის დაცვაც მიწევს. ის ამით ამაყობს; მისი სიამაყე სასიამოვნოა. სადაც შიშია, იქ სიყვარული არ არის.

- რა არის ყველაზე საინტერესო თემა თქვენი "გამომწერებისთვის"?

- ეს პირადი ურთიერთობები და საჯარო გაშლებია. ყველაზე მეტად რაც უყვართ, არის ის, რომ სხვისგან აღებულ ინფორმაციას არ ვაზიარებ და არ ვთარგმნი.

- ვინ არის ნინო ლეჟავა, როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

- მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ყველაფერი: სიკვდილი, ახალი სიცოცხლის დაბადება, სიკეთე, ბოროტებაც, ბევრი რამ და სრულიად მარტოს მომიხდა ნაბიჯების გადადგმა. შეუპოვრობით მივაღწიე იმას, ვინც ვარ დღეს, ბევრი კრიტიკისა და განკითხვის მიუხედავად. სხვისი აზრი არ მაინტერესებს. მე ვარ წარმატებული, როგორც ხელოვანი და როგორც პრაქტიკოსი. გარდა ამისა, ვარ ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ჭურჭელსაც რეცხავს და სახლსაც ალაგებს. მართალია, კულინარობით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ როდესაც საჭმლის მომზადებაზე მიდგება საქმე, ამას ჩემი საყვარელი ადამიანი იღებს საკუთარ თავზე და მე მას ვეხმარები.

ფიქრია რობაქიძე