"რა უცებ გააქრო ფულიო, წერდნენ კომენტარებში" - გზაპრესი

"რა უცებ გააქრო ფულიო, წერდნენ კომენტარებში"

მარტვილელმა რამაზ ბერიშვილმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო სათაურით - "ჩემო ძვირფასო მეუღლევ, ასე ბედნიერად მყავდე 100 წელი, გილოცავ შენს დღეს". ამ ვიდეოში უდიდესი სიყვარული, სიხალისე და სითბო იგრძნობა. ალბათ სწორედ ამიტომ მოჰყვა დიდი გამოხმაურება და უამრავი პოზიტიური კომენტარი.

რამაზ ბერიშვილი და დინა ციკოლია სოფელ სალხინოში ცხოვრობენ. ინტერვიუზე უარი არ უთქვამთ. მეტიც, სალხინოშიც დამპატიჟეს, - აქეთ რომ ჩამობრძანებულიყავით, კარგი იქნებოდა, ყვავილებსაც გაჩუქებდით და გიმასპინძლებდით კიდეცო.

დინა:

- მე და რამაზი უკვე 28 წელია, შეუღლებულები ვართ. სალხინოში მეზობელი სოფლიდან გამოვთხოვდი, 23 წლის ვიყავი მაშინ. პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ რაც გავთხოვდი, არსად მიმუშავია.

რამაზი:

- იცოდე, სიმართლე თქვი, როგორ შევხვდით ერთმანეთს, არაფერი მოიტყუო...

დინა:

- რა მაქვს დასამალი? ერთმანეთი პირველად გასვენებაში ვნახეთ. პირველი შეხვედრიდან 3-4 თვის შემდეგ გამოჩნდა. მეურნეობაში ბუღალტრად ვმუშაობდი და იქ მოვიდა ერთხელ, მეორედ რომ მოვიდა, უკვე სახლში წამომიყვანა. მოკლედ, გაცნობიდან ერთ წელში დავქორწინდით. მე მეგრელი ვარ, ბერიშვილებს კი რაჭიდან აქვთ ძირი. განთქმული დღესასწაული რომ არის, წაჩხურობა, ჩვენი სოფლის დღესასწაულია. აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში აღინიშნება ხოლმე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე მდებარეობს. ამ დღეს ტაძარში უშვილო წყვილები მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, მოდიან თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანებიც და თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მოაქვთ. სპეციალური წირვა ტარდება უშვილოებისთვის. ბევრი დაიწერა ამ დღესასწაულის შესახებ.

- ამ 28 წლის განმავლობაში ალბათ, ბევრი სირთულე იყო. როგორ უმკლავდებოდით?

- ოჯახი შევქმენით 90-იან წლებში. დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში, მაგრამ ღმერთის წყალობით, შევძელით და სამივე შვილი გავზარდეთ ჯანმრთელები, კარგები. პრეტენზიული ბავშვები არ ყოფილან. თუ რამე არ ჰქონდათ, არც კი გვეტყოდნენ, გვიყიდეთო. ხედავდნენ, როგორ ვშრომობდით და ოჯახის მდგომარეობას ითვალისწინებდნენ. უფროსი გოგო 27 წლისაა, უმაღლესი დაამთავრა, ფარმაცევტად მუშაობს; შუათანამ გეოგრაფიული დაამთავრა და გათხოვდა, ერთი შვილი ჰყავს; ნაბოლარა კი, გიორგი სტუდენტია, მაგისტრატურაში სწავლობს, საგზაო ინჟინერიის ფაკულტეტზე. 24 წლისაა, ჯერჯერობით დასაოჯახებელი.

რამაზი:

- ტრადიციული ოჯახი გვაქვს. ოჯახსა და ტრადიციებს რომ არ შეეფერება, ისეთი რძალი არ გვინდა, სილამაზის კონკურსშიც რომ იყოს გამარჯვებული (იცინის). ეს სიყვარული და მხიარულება თუ ჩაახშო, არ მომეწონება. იცით, რატომ ინგრევა დღევანდელი ოჯახები ასე მალე?.. ახალგაზრდებს სიყვარული გატაცებაში ერევათ. ვიღაცა ან კარგი "ტიკტოკერია", ან კარგად მღერის, ან კარგი გარეგნობისაა და უყვართ უკვე.

- თქვენ როგორ მოახერხეთ და შეინარჩუნეთ ოჯახი, თან - ასეთი ხალისიანი და სიყვარულით სავსე?

- მე ასეთი ვარ დაბადებიდან, ოპტიმისტი. წარმოუდგენელია ჩემთვის წუწუნი. რომ ვიწუწუნო, ვინ რას მომცემს?! სად არ მიმუშავია, რამდენი მიწვალია, არავინ იცის. 22 წელი ხეტყის დამამზადებლად ვმუშაობდი, მერე სამარშრუტო ტაქსი ვიყიდე, ვაჭრები დამყავდა ლილოში, თურქეთში, ჯარისკაცებსაც ვემსახურებოდი.…დარდი ბევრი მაქვს - 2016 წელს მდინარე აბაშაში 17 წლის ბიჭი რომ დაიხრჩო, ჩემი ძმისშვილი იყო. თუ გახსოვთ, მის საძებრად მდინარეში შესული მყვინთავი, ელგუჯა ჯამრიშვილიც დაიღუპა. ის საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპელეოლოგი იყო. მანამდე ერთი წლით ადრე, ხეტყის დამზადებისას, ტრაგიკული შემთხვევის გამო 2 ბიჭი, ორივე ოჯახის წევრი დავკარგე და ამან ისე იმოქმედა ჩემზე, ამ საქმიანობას საერთოდ ჩამოვშორდი მაშინ... ყველაფრის მიუხედავად, მაინც ასე, ღიღინ-ღიღინით მივყვები ცხოვრებას, სანამ ვიქნები და რომ აღარ ვიქნები, ტკბილად ხომ მაინც მომიგონებენ. 28 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთის სიყვარულით მოვდივართ. ბევრი რამ გამოვიარეთ, 3 წელი განსაკუთრებით გვიჭირდა, ბავშვის საჭმელიც კი არ გვქონდა. პრობლემა იმდენი იყო, ზოგი ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყო, ოჯახს დაანგრევდა. რამდენჯერ წავსულვარ მდინარის პირას, არავის რომ არ დავენახე და მიტირია, - რა ვქნა, რა გავაკეთო-მეთქი?!. ოჯახი და შვილი რომ გინდა, პასუხისმგებლობასაც მეტს გრძნობ. ისე არ არის, დღეს ქალის კმაყოფაზე რომ არიან კაცები და თვითონ არაფერს აკეთებენ. მეუღლის სარჩენი თუ ვიქნები, ამას სიკვდილი მირჩევნია. ასე ვცხოვრობთ, ერთმანეთს შევციცინებთ თვალებში. არიქა, შენ ცოლი ხარ და ეს მომიტანე და ის მომიტანეო, - ასეთი ურთიერთობა არა გვაქვს. შვილებიც ისეთები გვყავს, სულ იმას ვცდილობთ, როგორ და რითი ვასიამოვნოთ ერთმანეთს.

GzaPress

- ახლა რას საქმიანობთ სოფელში, როგორ ცხოვრობთ?

- არ ვეშვები მძღოლობას. ბოლო 10 წელია, სკოლის მოსწავლეები დამყავს. გარდა ამისა, ტექნიკა მაქვს - სახლი ჩავდე ბანკში და ისე ვიყიდე. შევძელი და ისევ დავდექი ფეხზე. ვფიქრობ ხოლმე, რაც სიკეთე გამიკეთებია, უკან დამიბრუნდა-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში დახმარება არავისთვის მითხოვია, არც სახელმწიფოს შევყურებ ხელებში. საწვავსა და სასუქს რომ არიგებენ, ისიც კი არ ამიღია. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო - როცა სანთელს ვანთებ, ამას ვთხოვ ღმერთს. ჯანმრთელობა და მშვიდობა იყოს და ყველაფერს შეძლებს კაცი.

- ვიდეოზე მომიყევით: წინასწარ დაგეგმეთ გადაღება?

- ჩემს შვილს, გიორგის ვუთხარი, - დღეს დედაშენის დაბადების დღისთვის ყვავილები მომაქვს, მე რომ მიყვარს, ის სიმღერა ჩართე და გადაგვიღე-მეთქი. დინამ დილით სია ჩამომიწერა და ბაზარში წავედი. პატარა ქოთნებში ლამაზი ყვავილები დავინახე. რა ღირს-მეთქი? ვიკითხე და 3 ლარიო. 12 ცალი ვიყიდე. ვიფიქრე, მეუღლეს გავახარებდი. 100-ლარიანი კი იმიტომ ჩავდე, რომ მიყვარს ეს რიცხვი. ასე პირველად კი არ მოვიქეცი, ხშირად ვჩუქნი ყვავილებს. სახლშიც ბევრი მცენარე გვაქვს. აქამდე მეზობლებისა და ნათესავების გარდა, არავინ გვიცნობდა და ახლა მთელმა ქვეყანამ გაგვიცნო, არ ველოდი... სახლში რომ მოვედი, დინა სამზარეულოში ფუსფუსებდა, არ იცოდა, თუ გვიღებდნენ. მერე გვისაყვედურა, ამას თუ აპირებდით, გეთქვათ და გამოვიპრანჭებოდი მაინცო.

დინა:

- გავიხუმრე და 100-ლარიანი უცებვე ავიღე. რა ვიცოდი, ვიდეოს თუ იღებდნენ?! რა უცებ გააქრო ფულიო! - წერდნენ კომენტარებში, არადა, იუმორით გავაკეთე. საღამოს, ვიდრე დავიძინებდი, ვნახე, უამრავი "გაზიარება" ჰქონდა. თვალები მოვიფშვნიტე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი?! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას.

რამაზი:

- წინა დღეებში ბანკში შევედი და ორმა გოგომ ყურება დამიწყო, თან რაღაცას ჩურჩულებდნენ. ოპერატორთან რომ მივედი, მასაც ჩემზე მიანიშნეს თანამშრომლებმა. ცოტა ხანს პირბადე მოიხსენითო, მთხოვეს. გამეცინა, - ნამდვილად ის კაცი ვარ-მეთქი. ვინც ვიდეო ნახა, მადლობა მათ ასეთი სითბოსთვის, ყველას მისცემოდეს ჩემი წონა ევრო. ალალი გულით მოვიქეცი და ალბათ ეს შეამჩნიეს.

დინა:

- ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს; სულ რომ არაფერი მქონდეს, მაინც სულითა და გულით ვხვდები სტუმარს. ვინც გვიცნობს, იციან ეს. მთავარია, ოჯახში სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა იყოს, ურთიერთობა ტყუილის გარეშე. როცა დავაფასებთ ერთმანეთს, სწორედ მაშინ შედგება ოჯახი.

რამაზი:

- მინდა ერთი ნატვრა ამისრულდეს, დანარჩენს ყველაფერს ჩემით მივაღწიე და მომავალშიც ასე იქნება. ემიგრაციაში რომ არიან, უცხო ქვეყნებში გადაკარგულები, შვილების, მეუღლეების, ახლობლების სიყვარული რომ აკლიათ, ყველას ვუსურვებ ოჯახებში დაბრუნებას, და კიდევ - ისეთ საქართველოს, ძველად რომ იყო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.

ნინო ჯავახიშვილი