"ქართული კინოს ისტორიას თავი შევწირე" - გზაპრესი

"ქართული კინოს ისტორიას თავი შევწირე"

გურიაში დაიბადა, საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. მსახიობობა უნდოდა და ჩააბარა კიდეც თეატრალურში, მაგრამ ამბობს, - მივხდი, რომ უნიჭო ვიყავი და წამოვედიო. შემდეგ კი, წლების მანძილზე თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი გახლდათ. კინომცოდნე, ჟურნალისტი, რეჟისორი გოგი დოლიძე დაუზარელი და ენერგიული ადამიანია. ბოლო წლები კინოენციკლოპედიის შედგენაზე მუშაობდა, თუმცა თეატრის ენციკლოპედიის მომზადება დაავალეს.

"ენას ვერ ვაჩერებ"

- 7 წლის წინ სამეცნიერო აკადემიური საბჭოს სხდომაზე, თეატრის ენციკლოპედია გავაკრიტიკე. ორი ტომი იყო გამოსული და ბევრი სადავო საკითხი არსებობდა. მე ხომ ენას ვერ ვაჩერებ, ამიტომ ყველა სამსახურიდან მაგდებდნენ. ამ გამოსვლის მერე, პირდაპირ მითხრეს, თეატრალური ენციკლოპედია შენ გააკეთეო. აგერ უკვე მეხუთე წელია, 160-ზე მეტი სტატია გამოვაქვეყნე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჟურნალში "დურუჯი". რუსთაველის თეატრის 12 სპექტაკლის შესახებ რეცენზიები მაინტერესებდა. მივედი საჯარო ბიბლიოთეკაში და ერთიც კი ვერ მომცეს. ამ დღეში ვარ... იყო ასეთი მსახიობი ბარბარე თუმანიშვილი-ანდრეევსკისა, რომელმაც გიორგი ერისთავის მიერ აღდგენილ ქართული თეატრის პირველსავე ორ სპექტაკლში "გაყრა" და "დავა", მთავარი როლები შეასრულა. რექტორს ვუთხარი: კინომცოდნე გოგი დოლიძე უნდა მოსულიყო, რომ ეს ქალი აღმოეჩინა-მეთქი?

ქართული კინოსკოლის ხელმძღვანელი მერქვა, მსაყვედურობდნენ და წამომაძახეს, - რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე ცოცხალია და შენ, ასე რატომ ამბობო? კინოფაკულტეტის დეკანი ვიყავი, მსოფლიო კინოასოციაციაში საქართველოს წარმოვადგენდი და ისინი მეძახდნენ ხელმძღვანელს. მე ვარ ის კაცი, ვინც საქართველო გაიყვანა პირველად საერთაშორისო ასოციაციის წევრად. უცხოეთში ფესტივალებზე, კვარტალში ერთხელ მიმყავდა ჩემი სტუდენტები. ერთ-ერთ ფესტივალზე 12 კაცი წავიყვანე, როცა "ვგიკიდან" მხოლოდ ერთი იყო ჩამოსული. ის კაცი ძალიან გაკვირვებული დარჩა.

GzaPress

ოჯახი

- სამი გოგოს შემდეგ დავიბადე და ოჯახში ყველა მანებივრებდა. ჩემი თამადობა იმითაა ცნობილი და ეს ქვეყანამ იცის, რომ დედის სურათს ვატარებ. ნახეთ, რა ლამაზი ქალია დედაჩემი მარიამ ვაჩეიშვილი, აი, მამაჩემი გალაკტიონიც (ფოტოებს მაჩვენებს. - ავტ.). რა ქნა იცით, მამამ? კვირას ქორწილი ჰქონდა და შაბათს მოიტაცა დედა, რომელმაც მერე ზედიზედ 4 შვილი გაუჩინა. მამაჩემი პროკურორი იყო. ლავრენტი ბერიას ხელმოწერილი დოკუმენტი ჰქონდა, სადაც ეწერა, რომ ის არის ქუთაისის და მისი რაიონის პროკურორი. მას ხშირად დავყვებოდი პატარაობისას თავის მეგობრებთან. ყველგან პატივისცემითა და სიყვარულით ხვდებოდნენ. მამაჩემმა სამჯერ მოითხოვა და მისწერა წერილი რესპუბლიკის მთავარ პროკურორ ტალახაძეს: გამათავისუფლეთ პროკურორობიდან, არც იურისტი ვარ სპეციალობით, არც რუსული ვიცი იმდენად კარგად, თანამდებობას არ შევეფერები. აგერ, ჩემი მოადგილეა ახალგაზრდა იურისტი, ის დანიშნეთ პროკურორად და მე ვიქნები მისი მოადგილეო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ 1937 წელი იდგა და არ უნდოდა იმ ამბებში გარეულიყო.

მამაჩემი მე-4 კლასში სწავლობდა, როცა მამა გარდაეცვალა, გურიაში ცხოვრობდნენ. პატარა ბიჭი მამის მეგობრებმა სამტრედიაში წაიყვანეს, მეკურტნე იყო. მერე ცხაკაიაში (სენაკი) გადავიდა და სადგურში მუშაობდა. მამამ ოჯახი ამ ქალაქში შექმნა და პირველი ორი ქალიშვილი იქ დაიბადა. ისე დაემთხვა, რომ მე ვარ სენაკის საპატიო მოქალაქე, აკაკი ხორავას მემკვიდრეობის შესწავლისა და პროპაგანდის გამო მომანიჭეს (სენაკის თეატრი ატარებს მსახიობის სახელს). ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იქ, სადგურში ერთი ხე მაინც დავრგო მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად.

მსახიობობით დაწყებული კარიერა

- ქუთაისში იმ წრეში ვიზრდებოდი, თეატრის ყადრი რომ იცოდნენ. მამაჩემს ძალიან უყვარდა არა თეატრი, არამედ მსახიობები. სულ პატარაობიდან ნამეტანი მატრაკვეცა ვიყავი. სამი წლის ბიჭს მეცვა ჩოხა და საბავშვო ბაღში ქართულს ვცეკვავდი, სურათიც მაქვს გადაღებული. თან საცოლეც მყავდა - გენრიეტა ბოჭორიშვილი (იცინის). ერთხელ ომარ მხეიძეს ვუთხარი, პირველი ჩოხოსანი ვარ საქართველოში, სუხიშვილების მოცეკვავეები ვერ დაიკვეხნით-მეთქი. ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ყველა სპექტაკლის განხილვაზე გამოვდიოდი და ასე წერდნენ: სიტყვით გამოვიდნენ ეს, ეს, ეს და ბოლოს, მოსწავლე დოლიძე (იცინის). გადავწყვიტე, რომ სამსახიობოზე უნდა შევსულიყავი. შევედი კიდეც, მამასთვის არ მიკითხავს, ისე ჩავაბარე ინსტიტუტში, გამოპარული ვიყავი. ჩემს დროს სწავლობდნენ ზინა კვერენჩხილაძე, გივი ბერიკაშვილი, ბორია წიფურია, ჯემალ ღაღანიძე, გიზო ჟორდანია. როცა მივხვდი, უნიჭო ვიყავი, წავედი ინსტიტუტიდან, ისინი ვერ მიხვდნენ და დარჩნენ (იცინის).

მერე ისე მოხდა, რომ ვახტანგ ტაბლიაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში მათამაშა ერთი აქტი სპექტაკლში "ერეკლე მეორე". ბესიკის როლს ვასრულებდი, დოდო ჭიჭინაძე იყო ჩემი პარტნიორი. 23 წლის ბიჭს ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი და დარბაზში იჯდა. შემოვვარდები სცენაზე და ვკითხულობ ლექსს "სევდის ბაღს შეველ, შენაღონები..." დოდო დგას აივანზე, მელოდება, როგორც ბესიკს შემომეხვია და გადავირიე... გონება მქონდა იქით - ჩემი მეუღლისკენ. დოდო ალექსიძეს უნდოდა იერემია წარბა მეთამაშა რუსთაველის თეატრში, მას უნდა აღედგინა სპექტაკლი, მაგრამ დილემა ვერ დაიძლია. ჯერ მამაჩემი იყო წინააღმდეგი ჩემი მსახიობობის და ხორავას აუტეხა ერთი ამბავი, რომელმაც უთხრა: წაიყვანე შენი გენიოსა შვილი და დამანებე თავიო. მერე ცოლს არ უნდოდა და დამთავრდა ეს ამბავი. იმ პერიოდში იუმორისტულ მოთხრობებს ვწერდი, ფსევდონიმად გოგია წარბა ავირჩიე და ასე დამრჩა. ხანდახან ახლაც ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებ. ლექსებსაც ვწერ, არც მისი დაბეჭდვა მიცდია. ლექსებს ვინ არ წერს!

GzaPress

დავა...

- სიკო დოლიძე ვეებერთელა ავტორიტეტი იყო. არ არსებობდა კაცი, რომელთანაც ბატონი სიკო ისე ჩხუბობდა, როგორც ჩემთან. ახალგაზრდა ვიყავი და არ ვეპუებოდი არაფერს. ჩვენი ძირითადი დავა მიდიოდა ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე, დავამ მწვავე ფორმები მიიღო. არ დამავიწყდება ის დრო, როცა ერთ-ერთ გამოსვლაში მან ახსენა შიზოფრენიკი კინომცოდნე. გვარი და სახელი არ უთქვამს, მაგრამ ყველამ და მათ შორის მეც ვიცოდი, რომ ჩემზე იყო საუბარი. გულწრფელი ვიყავი ჩემს საქმეში და ვერავის დავეთანხმებოდი იმაში, თითქოს საქართველოში კინო შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. არადა, "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 1912 წელს არის გადაღებული და ვასილ ამაშუკელის (რეჟისორი და კინოოპერატორი) ეს უნიკალური ფილმი ამოვარდნილი იყო კინოს ისტორიიდან. ამაზე ვერაფრით დავთანხმდებოდი და ამიტომ ვდაობდით. როცა ბატონი სიკო პენსიაზე გავიდა, მემუარების წერა დაიწყო. ის ძალიან კარგად წერდა და შესანიშნავი მოგონებების წიგნი გამოსცა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მე მთხოვა რედაქტორობა და მეც ისე ვიმუშავე, როგორც საქმეს სჭირდებოდა. ჩვენ ისევ დავმეგობრდით. ამაში იყო მთელი მისი მომხიბვლელობა. მაგრამ უნდა გითხრათ ყველაზე ღირებული, რაც მომწონდა მასში: "ვისრამიანის" ცნობილი დებულებაა - "ვინცა მიჯნური არ არის, არცა კაცია". ბატონი სიკო 80 წლის ასაკშიც მიჯნური იყო.

ვასილ ამაშუკელის "აღმოჩენა"

- ყოველი წლის 14 მარტს ქუთაისში ვიყავი, 1977 წლიდან წელი არ გამომიტოვებია, რომ არ აღმენიშნა ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე. მხოლოდ შარშან და წელს ვერ წავედი, გასაგები მიზეზების გამო. არც ვიცოდი, რომ ამაშუკელი ცოცხალი იყო, სანამ 1969 წელს დისერტაცია არ დავიცავი კინომცოდნეობაში. თურმე ვასილ ამაშუკელი ქუთაისის მერიაში "მონტიორად" მუშაობდა, ჰქონდა პატარა კიბე და იმით დადიოდა დილიდან საღამომდე. ეს კაცი მსოფლიო კინოს პიონერად გავხადე, იმიტომ, რომ მან პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (ამერიკელებმა მხოლოდ 1922 წელს გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმი). ასეთი დიდი პიროვნება მივიწყებული გახლდათ. როცა მივაგენი, აღარ მოვეშვი და ყოველ კვირას ქუთაისში ვიყავი მასთან. დედ-მამა მეუბნებოდა, ჩვენ არ გვნახულობ ასე ხშირადო. ბატონი ვასილი გახარებული იყო, რომ ვიღაცა მისით დაინტერესდა, წერილებსაც მწერდა, რომლებიც შენახული მაქვს. პირველი წიგნი ვასილ ამაშუკელზე ლადო ბზვანელმა დაწერა, რომელიც აკაკის ახლდა მოგზაურობის დროს. უკვე ჩვენ დროში, პირველად მასზე საუცხოო წიგნი დაწერა ჩემმა პედაგოგმა კარლო გოგოძემ, შემდეგ ქუთაისელმა პროფესორმა მიხეილ ალავიძემ - ის იყო ამაშუკელის მეზობელი და მესამეა ჩემი წიგნი "ვასილ ამაშუკელი - კავკასიური კინოს პიონერი".

GzaPress

ბედი...

- რა თემაზე მუშაობასაც დავიწყებ, იმას ვაგრძელებ ყოველთვის - ესაა ჩემი ბედი. ვთქვათ, საინტერესო პიროვნება აღმოვაჩინე, მის შესახებ ერთ წერილს კი არა, რამდენიმეს ვწერ. ფილმების აღდგენის დაწყებას მე მაწერენ, თუმცა ეს საქმე ჩემამდე გაცილებით ადრე დაიწყო. მე ამას სისტემატური სახე მივეცი, რაც არაქართული ხასიათია. საერთოდ, რომ იცოდეთ, ყველა ის ფილმი, რაც აღვადგინე, რუსულად იდგმებოდა. ამიტომ ფილმი ჯერ უნდა გვეთარგმნა ქართულად, შემდეგ გაგვეხმოვანებინა და მერე გამოგვეშვა. ერთი ფილმი რომ გავაკეთე, მეორეც მომინდა და ვთქვი: აბა, როგორი კინომცოდნე ვარ, თუ ყველა ფილმი არ მექნება-მეთქი და "გოსფილმოფონდში" ძველი ფილმების მოსაძებნად დავდიოდი. იქ სტუდენტები მოდიოდნენ ამერიკული ფილმების სანახავად, მე კიდევ ძველისძველ ქართულ ფირებს ვეძებდი. ერთხელ ახალგაზრდა მექანიკოსი გოგო შემოვიდა და ვინც ჩემ მიერ მოთხოვნილ, 1920-იანი წლების ფილმს უშვებდა, იმას ეუბნება: რა სიმპათიური ყმაწვილია და რა ნაგავს უყურებსო. მისთვის იყო უვარგისი ფილმი, ჩემთვის კი ეს ყველაფერია, ქართული კინოს ისტორიას თავი შევწირე.

კაფიობის გურული ვარიანტი

- მსოფლიო სოპრანო, ჩვენი სასიქადულო იანო ალიბეგაშვილი, შარშან ოქტომბერში საქართველოს ეწვია. ისე გაერთო მონატრებული მეგობრებით, რომ ჩემთვის შეპირებული ინტერვიუსთვის ვეღარ მოიცალა. გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ დავურეკე და ისევ "კი, კიო", - მითხრა... აი, მაშინ გავბრაზდი გურული ფირალების შთამომავალი და ეს "შედევრიც" შეიქმნა: "მოხევის ქალო, იანო,/ სანამ არ არის გვიანო,/ იქნებ, პასუხი მაღირსო,/ ხომ იცი, რას იტყვიანო?!/ ორშაბათს უკვე მიფრინავ,/ მერე სად გდიო, სადაო?!/ თუკი რაიმე გახდება/ საჭოჭმანო და სადაო.../ კაი, ბატონო, გაფრინდი!/ ღმერთმა გიკურთხოს გზებიო,/ მეც ერთი, სადმე წავალ და/ კარგადაც გამოვთვრებიო..."

ნანული ზოტიკიშვილი