"ყველა ფიქრს საქართველომდე მივყავარ" - გზაპრესი

"ყველა ფიქრს საქართველომდე მივყავარ"

ნანა გიგლემიანი ახლახან საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ბევრისთვის საოცნებო ქალაქში, პარიზში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ პარიზის დატოვება შედარებით ნაკლებად ადარდებს, ვიდრე ის, თუ როგორი დახვდება საქართველო დაბრუნების შემდეგ. ყველა ფიქრს საქართველომდე მიჰყავს და სურს, თავისი ცოდნა და რესურსი სამშობლოს მოახმაროს. სხვა ამბებთან ერთად, მასთან საფრანგეთში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ვისაუბრეთ.

- საფრანგეთში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, მაგრამ რატომღაც ძალიან ნელი ტემპით მიდის. ამბობენ, თითქოს ფრანგული ვაქცინის შექმნას ელოდებიან. სოციალურ ქსელში თვალს ვერ ვადევნებ, რა ხდება, მაგრამ მესმის, რომ აქაც არიან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები. ჩემ გარშემო ყველა აპირებს, აიცრას. ბოლო 3 თვეა, 20 000 ახალი შემთხვევაა დღეში, ამიტომ რეგულაციებს არ ამსუბუქებენ. ზაფხულში, როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც განსაკუთრებულად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ - დღეში 50 000-მდე აღწევდა.

- ახალი შტამიც დაფიქსირდა საფრანგეთში?

- კი, ბრიტანული შტამი. ბრიტანეთში რომ გავრცელდა, ძალიან მალე დაფიქსირდა ჩვენთანაც. მედიაში, რა თქმა უნდა, შუქდება ეს საკითხები, მაგრამ სხვა თემებთან ძალიან დაბალანსებულად. სკოლები სექტემბრიდან გაიხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც არასდროს გაჩერებულა აქ, ნიღბებიც სავალდებულოა, უკვე კარგა ხანია. ლოკდაუნის პერიოდში სახლიდან გავდიოდით მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზით, ამისთვის უნდა აგვეღო სპეციალური საბუთი. ეს იყო ყველაზე აბსურდული შეზღუდვა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეებზე სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავდა და ისინი ნაკლებად გრძნობდნენ პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს. რაც ძალიან გვაწუხებს, ის არის, რომ დეკემბრის ბოლოდან კომენდანტის საათი 6-დან იწყება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია - ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურიდან გამოსული პირდაპირ შინ უნდა წახვიდე.

- საინტერესოა, როდესაც ფრანგებს არ მოსწონთ ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ამას როგორ გამოხატავენ? განსხვავებული აზრის გამო საზოგადოება მანდაც ასეა დაყოფილი და პოლარიზებული, როგორც ჩვენთან?

- საფრანგეთში ბევრი საკითხია, რასაც ხალხი აპროტესტებს. როდესაც მიტინგები იმართება, რესპუბლიკის მოედანზე ვერ გაივლი, მუდმივად პოლიცია დგას და სიტუაციას აკონტროლებს. პანდემიამდე ემანუელ მაკრონის და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ბევრი აქცია გაიმართა, მაგრამ აქაური პოლიცია თავზე ხელს ნამდვილად არ გადაგისვამს, თუ კანონს დაარღვევ. ხშირად ძალის გადამეტებაზეც საუბრობენ, თუმცა მომიტინგეების მხრიდანაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. პანდემიის პერიოდში რეგულაციები და აკრძალვები არ გაუპროტესტებიათ, ძირითადად, წუწუნებენ.

- რა პროფესიას დაეუფლეთ საფრანგეთში?

- ჩემი პროფესია ე.წ. ახალ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება - ეს არის ციფრული პროდუქტის დიზაინი, რაც გულისხმობს დიზაინის შექმნას სხვადასხვა ციფრული პროდუქტისთვის, მაგალითად, ვებსაიტებისთვის, აპლიკაციებისთვის - ბილეთების ყიდვის საიტით დაწყებული, დამთავრებული საბანკო აპლიკაციებითა თუ "ფეისბუკით". მანამდე ხომ არსებობდა ავეჯის, ინტერიერის, ტანსაცმლის, ტექნიკის დიზაინერის საჭიროება, ახლა უკვე გაჩნდა საჭიროება, არსებობდეს ციფრული დიზაინი. საქართველოში პროგრამირებას ვსწავლობდი. მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ პროგრამისტობა აღარ მომინდა და გრაფიკულმა დიზაინმა დამაინტერესა. პარალელურად, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ერთდროულად ვსწავლობდი ორივე ფაკულტეტზე და ბოლოს გადავწყვიტე, მაგისტრატურა საზღვარგარეთ გამევლო კულტურული აზროვნებისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს გულისხმობდა კულტურის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების განხილვას, ტენდენციების შეფასებას და ა.შ. თანაც, მინდოდა, უცხოეთში გამოცდილება მიმეღო, მოვიპოვე დაფინანსებაც. შემდეგ უკვე მაგისტრატურაში სწავლისას, მეორე კურსზე სხვა სტიპენდიაც მოვიპოვე. სწავლის დასასრულს კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ციფრული დიზაინი მაინტერესებდა.

GzaPress

- ამჟამად ამ პროფესიით მუშაობთ?

- 3 წელზე მეტია, რაც სწავლა დავამთავრე. აქ სწავლის პროცესში აუცილებელია სტაჟირების გავლა. სტაჟირება ერთ-ერთ საგნად ითვლება. მაგალითად, მაგისტრატურის პირველ კურსზე 6 თვე ვსწავლობდი და მეორე 6 თვე სტაჟირება უნდა გამევლო, ასევე იყო მეორე კურსზეც. მაგისტრატურა რომ დავამთავრე, დაახლოებით 15 თვის სტაჟი მქონდა უკვე. თავდაპირველად გალერეაში დავიწყე მუშაობა, რადგან ხელოვნებაც ძალიან მაინტერესებდა, თუმცა მეორე წელს მაინც ციფრული დიზაინისკენ წავედი. სამსახური ადვილად ვიპოვე. როცა სტაჟირება გაქვს გავლილი, უფრო მარტივად იშოვი სამსახურს, თუმცა საფეხურებზე გადახტომა ძალიან რთულია, კარიერულ წინსვლას ვგულისხმობ. უცებ მენეჯერი ვერ გახდები, ბევრი შრომა გიწევს ამისთვის. რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, ამჟამად ვმუშაობ ფრანგულ-ამერიკულ კომპანიაში, რომელსაც ფილიალები აქვს სან-ფრანცისკოსა და ლონდონში. სტარტაპია, ვქმნით ციფრული პროდუქტს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ვერ გახსნის თავის ბრაუზერში, უფრო კომპანიებისა და მათი კლიენტებისთვის იქმნება.

- საფრანგეთში წარმატების მისაღწევად რა არის მთავარი?

- აუცილებელია, ამ გარემოში ინტეგრირდე, ასევე, დაუღალავი შრომა და ძალისხმევა. ფრანგებს საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. როგორც უკვე აღვნიშნე, აქ არაფერი არ ხდება სწრაფად, ბანკში გადარიცხვაც კი. გადარიცხვა საქართველოში ხომ 2 წუთშია შესაძლებელი, აქ 2 დღე სჭირდება. თუ რამეს გიფინანსებენ, ჯერ წინასწარ უნდა გადაიხადო და 2 თვის მერე ჩაგერიცხება თანხა; პასპორტს ერთი თვე უნდა ელოდო, ექიმთან ვიზიტი ერთი თვით ადრე უნდა დაგეგმო და ა.შ. აქ საცხოვრებლად აუცილებლად გჭირდება მოთმინება, მოთმინების გარეშე ვერ გაძლებ (იცინის). ამით იმის თქმა მინდა, რომ არაფერი უცებ და მარტივად არ ხდება, გარკვეული ეტაპები უნდა გაიარო და ამას ყველა შეგუებულია. ისე, ძალიან უყვართ გართობა, დასვენება, მოგზაურობა...

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად?

- იმდენად მივეჩვიე აქაურობას, ბევრ რამეს ვეღარც ვამჩნევ. ერთმანეთს პატივს სცემენ, ეს თვალში საცემია. საქმეშიც გენდობიან; არასდროს დაგპირდებიან ისეთ რამეს, რაც არ შეუძლიათ - ამით ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან. რაც არ მომწონს, ეს გადამეტებული თავაზიანობაა, ლამის დაზეპირებული. შეიძლება შენ დაეჯახო ვინმეს, მაგრამ აქეთ გითხრას ბოდიში და ამ დროს სინამდვილეში, შენგან ელის ბოდიშს. ძალიან კომუნიკაბელურები არიან, უდიდეს პატივს სცემენ ყველა კულტურას, თუმცა აქაც არის რასიზმიც, სექსიზმიც...

- მაინტერესებს, თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ახლო მომავალში და რა გეგმები გაქვთ?

- მაინტერესებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ინტერიერის დიზაინი, ამ ბოლო ხანს კოქტეილების კეთებამ გამიტაცა, თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ვატარებ. რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რა მაშინებს: იქ ძალიან მძიმე ემოციური განწყობაა, არ ვფიქრობ, რომ გაჭირვებაა, რომ სამსახურს ვერ ვიშოვი - ამ ყველაფერს მოევლება, მაგრამ მეშინია, ამ ემოციურმა ფონმა არ წამლეკოს. ვიცი, მშვიდად ვერ შევხედავ ბევრ რამეს და მინდა ფსიქოლოგიურად მზად ვიყო. მაქსიმალურად შევეცდები, ჩემს პროფესიაში რეალიზება შევძლო. ჩემი ქვეყნის ნოსტალგია სულ მაქვს, ყველა ფიქრს საქართველომდე მივყავარ, მენატრება ყველაფერი...

ნინო ჯავახიშვილი