"ჩემი მანოლო ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ძლიერი იყო" - გზაპრესი

"ჩემი მანოლო ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ძლიერი იყო"

მანოლო ბელტრანმა და კარმენ ტორესმა ერთმანეთი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გაიცნეს. კარმენს დედა მშობიარობის დროს გარდაეცვალა, მასზე და მის ძმაზე მეურვეობა ბებიას, დედის დედას უკისრია. როგორც ქალბატონი კარმენის შვილმა გვითხრა, მამა პატიმარი ჰყოლიათ და ბებოს უთქვამს, - იმ ოჯახმა თავისი შვილი ვერ აღზარდა და შვილიშვილებს როგორ გამიზრდიანო? ამიტომაც წაუყვანია ორივე ბავშვი. მანოლოც იქვე ახლოს ცხოვრობდა თურმე და მათი სიყვარული ბავშვობიდანვე დაწყებულა.

ქალბატონი კარმენი 98 წლისაა, ქმარი 5 წელია გარდაეცვალა და დღემდე მის ძიებასა და მოლოდინშია. ახსოვს, როგორ გაიცნო, როგორ დაქორწინდა 21 წლის ასაკში, მაგრამ არ ახსოვს, რომ ის გარდაიცვალა ან უბრალოდ არ უნდა, ახსოვდეს...…

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს. მანოლო ჩემი პირველი სიყვარულია. როდესაც დედა გარდაიცვალა, ბებიასთან გადავედი სოფელში საცხოვრებლად. მანოლო იქ გავიცანი, ერთად ვთამაშობდით ხოლმე. თუ კარგად მახსოვს, ის ჩემზე სამი ან ოთხი წლით უფროსი იყო. ბებოს ქათმები და ინდაურები ჰყავდა და საქმეც ბევრი ჰქონდა. მანოლო კი გვეხმარებოდა. მაშინ მხოლოდ შვიდი თუ რვა წლის ვიყავი.

- მის გარდა არასოდეს არავინ გყვარებიათ?

- არა, მანოლო სამუშაოდ ბარსელონაში გადმოვიდა და ერთმანეთი ერთი წელი ვერ ვნახეთ, მაგრამ არც მე დამვიწყებია და არც მას. ძალიან ლამაზი იყო, ზღვისფერი თვალები ჰქონდა, სუფთა და სიკეთით სავსე; ქერა თმა და მთასავით გაშლილი მხრები ამშვენებდა. სპორტსმენი იყო და დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშობდა. მე მის სახლთან ახლოს ჩამოვჯდებოდი და შორიდან ვუყურებდი. ჩემი მანოლო ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ძლიერი იყო.

მარია კარმენ ტორეს ბელტრანი, კარმენის შვილი:

- დედას მძიმე დაავადება აქვს, ალცჰაიმერი და თითქმის აღარაფერი ახსოვს. თუმცა, მამასთან დაკავშირებული დეტალები არ ავიწყდება. მათი სიყვარული ისეთი ძლიერი იყო, ფილმის გადაღება შეიძლება. დედა ყოველთვის გვიყვებოდა ამ დიდ სიყვარულზე. ამბობდა, რომ ერთი ნახვით შეუყვარდა მამა; მამა კი იხსენებდა, მისი ცოლი ბავშვობისას როგორ დარბოდა ეზოში და როგორ ცდილობდა ბებიას დახმარებას. თურმე თვითონაც მირბოდა და მათ ყველა საქმეში ეხმარებოდა. ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთის სიყვარული სიბერემდე გაჰყვათ. აი, ხომ ხედავთ, დედა რა მდგომარეობაშია, მაგრამ ქმარი მაინც არ ავიწყდება. ჩვენთვის მტკივნეულია იმის ყურება, როგორ ეძებს და გვთხოვს, მასთან წამიყვანოთო.

- რამდენი წელი გაატარეს ერთად?

- თითქმის 70 წელი იცხოვრეს ერთად, ყოველი დღე ერთმანეთზე ლამაზი იყო. მე და ჩემი და ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახში ვიზრდებოდით. მამა სამსახურში დილაადრიან მიდიოდა, მაგრამ დედას მაინც ვერ მოასწრებდა ადგომას - მაგიდაზე საუზმე ყოველთვის ხვდებოდა. განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ერთმანეთზე. არ მახსოვს მათი კამათი. მამას დედა დედოფლად ჰყავდა ქცეული. ამბობდა ხოლმე, - არსებობს ჩვენი ნახევარი ადამიანები, რომლებსაც ხან ვხვდებით და ხან - ვერა. თუ ჩვენ მას ვერ შევხვდებით, ის სხვაზე იქორწინებს, მაგრამ ეს ქორწინება წარუმატებელი იქნება, რადგან სხვისი ნახევრის შეერთება გაუჭირდება. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ცალ-ცალი წინდასავით არის, ერთი შენი წინდა რომ ჩაიცვა და მეორე სხვისიო. ისინი ნამდვილად ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. ქუჩაში ყოველთვის ხელჩაკიდებულები დადიოდნენ. არასოდეს, ასაკშიც კი, მათი სარეცელი არ გაყოფილა. ყოველთვის კოცნით ემშვიდობებოდნენ და ესალმებოდნენ ერთმანეთს, ხშირად მადლობას იხდიდნენ სიყვარულისთვის.

- რა გახდა მამათქვენის გარდაცვალების მიზეზი?

- მამა ინფარქტით გარდაიცვალა, მოულოდნელად. ის იყო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ქმარი და მამა. სწორედ ამის შემდეგ დაეწყო დედას მეხსიერების პრობლემები. არ ახსოვს შვილიშვილების დაბადება, მამას გარდაცვალება და ყოველდღე მის მოლოდინშია. შეწყვიტა ჭამა, უარი თქვა სახლიდან გასვლაზეც. დიდი ძალისხმევის შემდეგ მივიყვანეთ ექიმთან, მისი დიაგნოზი ანორექსია იყო. დედა მხოლოდ 35 კილოსღა იწონიდა. დღეს, ხუთწლიანი მკურნალობის შედეგად, 38 კილოგრამს იწონის. მისთვის მამას გარდაცვალება სამყაროს დასასრულს ჰგავდა...

ფიქრია რობაქიძე