სოფლის მაცოცხლებელი ქალი - გზაპრესი

სოფლის მაცოცხლებელი ქალი

პატარა სოფლებს კარგი ადამიანების თანადგომა აცოცხლებს. ამ წერილით სოფლის ექთანზე უნდა მოგითხროთ, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად, ყველასთვის დიდი იმედია. ბევრს ემახსოვრება, ადრე, კომუნისტების დროს საშინლად დიდი შპრიცებით აკეთებდნენ ინიექციებს. მაშინ არსად იყო ერთჯერადი, წვრილნემსიანი შპრიცები, ამიტომ რომელიმე ოჯახში ექთანის შესვლას აუცილებლად მოსდევდა ჩვილის აწივლება ან ხანდაზმულის ჩუმი გმინვა. ვერცხლისფერი ყუთიდან საგულდაგულოდ სტერილიზებული ინსტრუმენტების დანახვა ყველაზე გულად და ტკივილის ამტან ადამიანსაც კი აშფოთებდა. მიუხედავად ამისა, იზოლდა ბიწაძე მაინც ახერხებდა "ტკბილხელიანობას"...

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, როცა ყველა ქალაქს ელტვოდა, იზომ თბილისში ნეიროქირურგებთან მუშაობას თავი დაანება და სოფელში დამკვიდრდა. არაფერი იყო თითქოს უცნაური ამ ფაქტში. მართლა არაფერი გაგიკვირდება ადამიანს, თუ სიყვარული გწვევია და მის გამო ერთხელ მაინც გადაგიდგამს ნაბიჯი. მეუღლის მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობის გარდა, სამი შვილის გაზრდა, მთელი სოფლის სატკივრის მოსმენა და დაამება რთულია, მაგრამ ადამიანობაზე შეზრდილი პროფესიონალიზმი ყველაფერს სძლევს. ვეცდები, იზო ექთანის ერთი დღე აღვწერო.

დილით ცისკარს უნდა დაასწროს. ბოსელში ძროხას მიხედავს. აჭმევს, დაასუფთავებს, გამოწველის. მერე რძის ნაწილს ქილაში ჩაასხამს, ნაწილს ყველად ამოიყვანს. ღორებთან სალაფავია ჩასატანი. თეთრი სიმინდის საგულდაგულოდ მოხარშულ "ფაფას" სასწრაფოდ ამოქვლეფენ მადიანი ცხოველები და ტყისკენ ზანტად გაუყვეებიან გზას, სადაც წიფლის, წაბლის ან მუხის ნაყოფს ჩააკნატუნებენ. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს არ უნახავს, როგორ ნაბავენ ღორები თვალებს, როცა ტყის ნობათს ღეჭავენ. დროდადრო გვიმრის ფესვებსაც ამოთხრიან დაუღალავი დინგებით, ზეცად აღაპყრობენ თვალებს ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ამაგდარი და შრომაში დაქანცულები არიან. საღამოს ისევ შინისკენ მიწანწალებენ, რომ იზოსგან მოხარშული სალაფავით დააგვირგვინონ კიდევ ერთი დღის დასასრული! ქათმები? უქათმოდ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი სოფელში? ჟრუნა დედლები, სისხლისფერბიბილოიანი მამლები დღეში რამდენჯერმე გადასერავენ ეზოს, სიმინდის მარცვლებს აკენკავენ, იკაკანებენ, იყივლებენ და თავიანთი უტვინო თავებით ალბათ ფიქრობენ, რომ ქვეყანა ააშენეს. ბოსტანი დასავლეთის ფერდობზე აქვს იზოს. ზაფხულის სიცხეების დროს დასავლეთის მხარე სჯობს ბოსტნეულ-ბაღჩეულისთვის. ფარჩხებზე აყოლებული ლობიოს და კიტრის ბარდები უხვად მსხმოიარობს (პარკილობიოს, ნიგვზიანს, საოცრად უხდება კიტრი!), მწვანილიც ღაღანებს. ზოგჯერ ბალახი ახრჩობს პრასის ყელებს, ძურწა მოედება ოხრახუშსაც, ჟუნჟრუკით გადაიფარება ტარხუნების კვალი, მაგრამ ეს დროებითია, იზო მაგათთვისაც ნახულობს დროს... ჰო, სიმინდის ყანასაც თოხნის ექთანი, თავისი სიმინდის მჭადი აქვს მუდამ, რატომ უნდა იყიდოს, როცა მადლიან მიწას შეუძლია მოცემა!

ეს "არაპროფესიული" მხარეა. ახლა პროფესიული ვნახოთ: დილის ცხრაზე უკვე "პროფესიაშია". მიდის მეჩხრად დასახლებული სოფლის გზაზე და ტელეფონზე პასუხობს მორიგ ადამიანს, რომელსაც რაღაც აწუხებს. სადღაც რძიანი ქილა უნდა დატოვოს, ესაჭირობათ და... გაგიკვირდათ? შესაძლოა, თქვენ გაგიკვირდეთ. სოფელში ეს არავის უკვირს. ჩვეულებრივი ამბავია, ექთანისგან რძის მიკითხვა-მიჩუქება. ზოგჯერ რძეს ყველიც მიჰყვება, კვერცხიც, ღორის ხორციც, ვარიკაც... გააჩნია, ვის რა ესაჭიროება! მოიარეთ სოფელი და ეგებ ვინმეს მიაგნოთ ისეთს, ვისთვისაც ექთანს ფული გამოურთმევია! ვერ მიაგნებთ, ასეთი რამ არ მომხდარა და იმიტომ. პროფესიის სიყვარული თუ ჰყოფნის იზოს, თორემ ხელფასი და პატარა მეურნეობა როგორ უნდა გასწვდეს მისი ცხოვრების ხარჯს?!

მინახავს, დიდთოვლობის ჟამს როგორ მიარღვევდა ყელამდე თოვლს. მიდიოდა გულდადინჯებით, პატარა, ქალური ნაბიჯებით, რომელსაც შინაარსი ჰქონდა ერთი: ტკივილსა და ავადმყოფობას აუცილებლად დამარცხება უწერია. და იცით, ეს თოვლიანი გზა როგორია? თავდაღმართი და აღმართი რომ ენაცვლება ერთმანეთს, ზოგჯერ მოსახლეობაში რომ გადის, ზოგჯერ გადაბურულ ტყეში. არ არსებობს დაბრკოლება, როცა იზოს ელოდებიან. ღამის ფარნითაც შეხვედრია ხალხს ექთანი ისეთ ადგილას, სადაც ვაჟკაცსაც გული შეუდგება შიშისგან. ახლა უკეთესია ცხოვრება: ნავთისსუნიანი ფარანი ელექტრობატარეამ ჩაანაცვლა ან სულაც, ფარნიანმა "ნოკიამ", რომელიც უცვლელ მეგობრად აურჩევია ექთანს წლების წინ. ერთხელაც, იზო თავადაც გახდა ავად, მაგრამ სად ჰქონდა უფლება, არ მისულიყო მოხუც ავადმყოფთან, ამიტომ ხარებშებმული მარხილით მიჰყავდათ და მოჰყავდათ...

ასჯერ უთხრეს იზოს დებმა და შვილებმა, მიატოვე სოფელიო, მაგრამ არა, - სოფელს ვჭირდები და მიყვარს აქაურობაო... არ ეთმობა სამზერი, ქმრის დატოვებული სახლი, კაკლის ხეები, ხელისგულისოდენა ვენახი, ყანა და ბოსტანი. ზოგჯერ დროს იპოვის, დაჯდება სახლის წინ, გაუღიმებს ჰორიზონტს და ფიქრობს იმაზე, ხვალ ვის როგორ წააშველოს ხელი! ჰო, ის არ მითქვამს: როცა ავადმყოფს სახლში მიაკითხავს, მოისმენს მის ჩივილებს, მერე ვარაუდს გამოთქვამს დიაგნოზზე და ჯერ არ შემცდარა მისი ვარაუდი. კლინიკებსა და ლაბორატორიებს დაუდასტურებია იზოს ნათქვამი და ეს არის პროფესიულობის ზენიტი!

ოკრობოკრო ეზოს სიღრმეში ათეულობით წლის წინ ყვითელთმიანი, ლურჯთვალა ბიჭი გაუბედავად დააბიჯებდა და როცა იზო ექთანს გზად დაინახავდა, ალთე, ალთეო, - დაუძახებდა. ტუხტის ნაყენი, მაშინ ყველა ალთეს რომ ეძახდა, ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. რომ არა იზო ექთანი, რთული წარმოსადგენი იქნებოდა იმ ბიჭის მომავალი. მარტო ტუხტის ნაყენის ეფექტი არ იკმარებდა! ჰო, რომ არა იზო ექთანი, ახლა ეს წერილიც ვერ დაიწერებოდა, რადგან ის ყვითელთმიანი ბიჭი, თავად მიხვდებით, მე გახლდით...

P.S. არ ვიცი, ეს წერილი მოხვდება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თვალსაწიერში, მაგრამ ასეთი ადამიანების დაფასება აუცილებელია! მინისტრი რომ ვიყო, აუცილებლად ვეწვეოდი იზო ექთანს სოფლად და პერსონალურ მადლობას ვეტყოდი სოფლის მსახურებისათვის, პროფესიონალიზმისთვის. მოკლე ხანში იზო ექთანი 73 წლის ხდება...

როლანდ ხოჯანაშვილი