კოვიდპანდემია და ბავშვის განვითარება - გზაპრესი

კოვიდპანდემია და ბავშვის განვითარება

ბავშვის განვითარება, ქცევისა და ემოციების მართვა, სწავლასთან, მეტყველებასა და მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეები - ეს იმ გამოწვევების ჩამონათვალია, რომლებიც არაერთ ბავშვთან იჩენს თავს. პანდემიის პერიოდში, მშობლების უმეტესობას აღნიშნულ სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდა. სწავლებისა და სერვისების ფორმის ცვლილებამ - სტანდარტული ფორმიდან დისტანციურზე გადასვლამ და პირიქით, - სპეციალისტების დახმარების საჭიროება წარმოქმნა. სწორედ ამ მოთხოვნაზე საპასუხოდ და მშობლების მხარდასაჭერად შეიქმნა "ფეისბუკ"-პლატფორმა "მშობლის სკივრი", რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტისგან საჭირო და დროული კონსულტაციის მიღება.

სოფიო ნადირაძე, "მშობლის სკივრის" პლატფორმის კოორდინატორი:

- მალე ერთი წელი შესრულდება რაც "მშობლის სკივრის ფუნქციონირებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მშობლებსა და ბავშვზე მზრუნველ პირებს მივაწოდოთ სანდო და უახლესი რეკომენდაციები ბავშვის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნებისმიერ მშობელს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სერვისებით. დაინტერესების შემთხვევაში მშობელი მისთვის საინტერესო საკითხზე მიიღებს პროფესიონალი სპეციალისტის რჩევას უფასოდ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს: ბავშვის ქცევის/ემოციების მართვა, სწავლის სირთულეები, ფიზიკური, ენისა და მეტყველების განვითარების საკითხები თუ სხვა თემები. ვინც ვერ ახერხებს ერთი-ერთზე კონსულტაციის სერვისით სარგებლობას, ვთავაზობთ ალტერნატიულ ფორმას, წერილობით კონსულტაციას. მშობელი გვწერს კითხვას და სპეციალისტი პასუხობს მას. ასევე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 591 97.99.42 და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

- თქვენს გვერდზე ქვეყნდება სტატიები მშობლის ჩართულობაზე. რა როლს ასრულებს მშობლის ჩართულობა მოზარდის ცხოვრებაში?

- დიახ, ყოველდღიურად ქვეყნდება მშობლებისთვის სასარგებლო რჩევები, რეკომენდაციები. გვაქვს ვიდეოგაკვეთილები და გამოცემები, რომლებიც ბავშვის განვითარებაზე მიმართული თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების ნაკრებს წარმოადგენს. ვცდილობთ, მშობლების ჩართულობა ავამაღლოთ წამახალისებელი კონკურსებით, ხელი შევუწყოთ შვილებთან მათ დაახლოებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების პროცესს.

GzaPress

ჩვენი პლატფორმა ყოველკვირეულად ახორციელებს რამდენიმე პირდაპირ ჩართვას, რომელიც მშობლებისთვის აქტუალურ თემებს ეძღვნება. ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, დაესწროს ბავშვის განვითარების სფეროში მომუშავე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების შეხვედრებს და სურვილის შემთხვევაში, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები. ყოველთვე მშობელს აქვს შესაძლებლობა, წინასწარ გამოგზავნოს კითხვები და მიიღოს პასუხები სამედიცინო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტისგან, ადვოკატებისა და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან, ბავშვის განვითარების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტისგან, სწავლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისგან, ასევე, მიიღოს მხარდაჭერა და პრაქტიკული რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისგან. აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე.

- რა გავლენა იქონია პანდემიამ ბავშვის განვითარებაზე?

- პანდემიის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა, თვალსაჩინო სირთულეები სკოლამდელი, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუქმნა. ამ ასაკში ბავშვის განვითარება თანატოლებთან ურთიერთობითა და თამაშით ხდება. სირთულეები შეექმნათ კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების, სოციალური უნარების და სწავლის, ფიზიკური განვითარების მიმართულებით და სხვა. შესაბამისად, ადრეულ განვითარებასთან დაკავშირებით შემოსული კითხვები მუდმივად ლიდერობს.

ლამუნა ირემაშვილი