შეხვედრა წარსულთან - დავით სარაჯიშვილის სახლის "აღმოსავლური ოთახი" - გზაპრესი

შეხვედრა წარსულთან - დავით სარაჯიშვილის სახლის "აღმოსავლური ოთახი"

ამბობენ, ამ სახლის მშენებლობის დაწყებამდე, საძირკველში 1 მუჭა ოქრო ჩაატანესო. მერე 2 წლის განმავლობაში სიგრძე-სიმაღლეში იზრდებოდა-ირთვებოდა აღმოსავლური და ქართული კულტურის ეს საოცარი ნაზავი. "აღმოსავლურ ოთახში" მოსახვედრად, სახლის მეორე სართულზე უნდა ახვიდე. ფართო ხის კიბე შენს ნაბიჯებს ჭრიალით ეხმიანება. განათებული ვიტრაჟი ულამაზეს ფერებს ირეკლავს. კედელზე მამაკაცის ნაცნობ ფოტოს ხედავ, თავზე შავი ცილინდრით. ოთახის შუაგულში ბილიარდის მაგიდა დგას. მასზე რუკაა, რომელზეც დატანილია ის ქარხნები, რომლებსაც ამ სახლის მფლობელი განაგებდა. ეს შენობა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეს, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთის იმპერიაში ქარხნული კონიაკის პირველ მწარმოებელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა. ამჟამად ივანე მაჩაბლის 13-ში "მწერალთა კავშირია" განთავსებული.

ანდერძი

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დავით სარაჯიშვილს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ხშირად დადიოდა სამკურნალოდ ბერლინში და ოპერაციაც იქვე გაუკეთეს. ერთი წლის შემდეგ, განმეორებითი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. საავადმყოფოში კონსილიუმი მოიწვიეს, რომლის გადაწყვეტილებით, სწორი ნაწლავის ოპერაციის ხელმეორედ გაკეთება ავადმყოფისთვის შეუძლებლად მიიჩნიეს. სარაჯიშვილმა უკანასკნელი დღეების ათვლა დაიწყო...

1911 წლის 10 ივნისს დავითი და მისი მეუღლე საქართველოში დაბრუნდნენ. სარაჯიშვილი საკუთარ სახლში მოათავსეს, თავზე ექიმები ადგნენ და ბოლო დღეების განმავლობაში ტკივილებს ძლიერმოქმედი პრეპარატებით უყუჩებდნენ. მეცენატი 1911 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა.

დავით სარაჯიშვილის ანდერძის მიხედვით, მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა საზოგადოებასა და საქველმოქმედო ორგანიზაციას, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციის ფონდებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუნაწილდა. სარაჯიშვილის სახლი, თავისი ავეჯითურთ, ანდერძით უნდა გადასცემოდა ქალაქის თვითმმართველობას, მხოლოდ ერთი პირობით - სახლში უნდა გახსნილიყო სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ან ორივე დაწესებულება ერთად. ერთი სიტყვით, ხელოვანებს უნდა გადასცემოდა, რომელსაც ისინი საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ.

დავითის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა და ამ საქმეს დაახლოებით 5 წელი უძღვებოდა.

ერთ დღეს შემაშფოთებელი დეპეშა მიიღო - მისი სახლი სამხედრო საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინათ. ამ დროს ეკატერინე კისლოვოდსკში იმყოფებოდა. აღელვებული დიასახლისი მაშინვე თბილისისკენ დაიძრა, მაგრამ მლეთაში იმდენად დასუსტდა, რომ ექიმებმა მისი მგზავრობა შეუძლოდ მიიჩნიეს. ეკატერინემ იქვე დალია სული. დავითის მსგავსად, ეკატერინეს ანდერძშიც იგივე ეწერა - მან ქონების დიდი ნაწილი თავის ერს დაუტოვა.

GzaPress

მშენებლობა

1902 წლამდე დავით სარაჯიშვილი მამისეულ ძველ სახლში ცხოვრობდა. როცა მისი ახლით შეცვლა გადაწყვიტა, ძველი დაანგრია და გერმანიიდან არქიტექტორი კარლ ცაარი ჩამოიყვანა, ხოლო ინჟინრებად თბილისში მოღვაწე ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი მოიწვია. ორსართულიანი, მაღალი მანსარდით დახურული შენობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტური თვალსაზრისით, როგორც მოდერნის სტილს, ისე ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებს შეიცავს.

სახლის მშენებლობას უძღვებოდა დავით სარაჯიშვილის შვილობილი ანდრო მამაცაშვილი. ინტერიერისა და ექსტერიერის ხის დეკორი: სახლის ხის აივნები, კარ-ფანჯარა, ბიბლიოთეკა, ფოიე და სხვა გაფორმება-მოჩუქურთმება იმ დროის ცნობილმა ხის დამუშავების ოსტატმა ილია მამაცაშვილმა ანდროს ძმამ შეასრულა.

როგორც ილიას უფროსი შვილის, ნიკოლოზის მოგონებებში ვკითხულობთ, ძველი ბინის დანგრევამდე დავითს დიდი მეჯლისი მოუწყვია და ახალი სახლის საძირკვლის ჩაყრისას, იმდროინდელი წესისა და ადათის მიხედვით, მიწაში ერთი მუჭა ოქრო ჩაუტანებია.

სახლის ვერანდა მოპირკეთდა ცნობილი ფირმის "ვილეროი და ბოხის" კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში - ეს ის შენობებია, რომელსაც იმავე სტილის კერამიკული ფილები ამშვენებს.

სარაჯიშვილის სახლის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და გაზაფხულზე მისი ოფიციალური კურთხევა მოხდა. სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. აქაურობა მაშინვე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან კერად, სადაც იმართებოდა: კონცერტები, გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და მასპინძლობდნენ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდნენ აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და არტურ ლაისტი.

აკაკი ხოშტარია

ცოლ-ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სახლი აუქციონზე გაიყიდა. ის ქართველი საზოგადოების თხოვნით ცნობილმა ქართველმა მეწარმემ, აკაკი ხოშტარიამ შეიძინა.

ქართველმა ფინანსისტმა, მრეწველმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1900-იან წლებში ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩამოაყალიბა. ის ორ დიდ კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა: სანავთობე ამხანაგობა "რუპენტოს" და თურქულ-სპარსულ "ხოშტარიას ბანკს", ასევე მექანიკურ ქარხანას, საპნის ქარხანას, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკას და სხვა საწარმოებს თბილისში. ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1907 წელს თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს კი შეიძინა ოთხი სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჩუქრად გადასცა. აქტიურად აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ.

სარაჯიშვილის კონიაკები ბაზარზე ცნობილი იყო "კავკასიის ნატურალური კონიაკის" სახელით, რომლის ეტიკეტზე კლდეზე შემდგარი ჯიხვი იყო გამოსახული. სწორედ ამ ემბლემის მსგავსი ჯიხვი მდგარა დავით სარაჯიშვილის სახლის ეზოშიც. ჯიხვი ხელოვნურად შექმნილი კლდიდან გადაჰყურებდა ბაღს, სადაც ულამაზესი ყვავილები ხარობდა. სახლის ეზოში ერთი თუთყუში და ერთი არწივიც ცხოვრობდნენ. დავითისა და ეკატერინეს სიკვდილის შემდეგ, სარაჯიშვილის სახლი გაიყიდა, მის ახალ მფლობელს, აკაკი ხოშტარიას დავითის პროდუქციის ემბლემა - კლდეზე შემდგარი ჯიხვის ქანდაკება ეზოდან აუღია.

1921 წელს, საქართველო რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო და ხოშტარია იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წელს, გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, სახლი პაოლო იაშვილის ინიციატივით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. ეს ადგილი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა კულტურული კერის ფუნქციას, მასპინძლობდა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს. ჩვენს უახლოეს წარსულში, სარაჯიშვილის სახლი მწერლებს ჩამოართვეს, თუმცა, მოგვიანებით ის კვლავ ხელოვანთა კუთვნილებაში დააბრუნეს.

GzaPress

მუზეუმი

დავით სარაჯიშვილის სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის შემდეგ, შენობის მეორე სართულზე, ე.წ. აღმოსავლურ ოთახში დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.

"აღმოსავლური ოთახი" დავით სარაჯიშვილის სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს თავის უნიკალური ფერადოვანი ჭერითაც, რომელიც რესტავრაციისას დავით გაგოშიძემ და მისმა ჯგუფმა თეთრად შელესილი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს და რამდენიმე თვის განმავლობაში სათუთად, ხელით მოუხდათ ზედა ფენის გადაფხეკა.

ექსპონატებს შორის აქ თავმოყრილია წყვილის მემორიალური ნივთები, ფოტოარქივი და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი. ლიმოჟის ფაბრიკაში სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული სადილის სერვიზის ნაწილი - დავითის მონოგრამით; მარსელის გამჭვირვალე იასამნისფერი კრამიტი, რომლითაც სახლის ერთი ფლიგელი იყო გადახურული; სამგზავრო ჩემოდანი, სეიფი, ჭურჭელი, სუვენირები და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. გარდა არტეფაქტებისა, მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს დავითისა და ეკატერინეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს, კედლებზე დატანილია მათი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტებით. ინტერიერი დიმიტრი ერმაკოვის ფოტომასალის მიხედვით არის აღდგენილი და მაქსიმალურად მიახლოებულია სახლის მფლობელის პირვანდელ ვერსიასთან.

ნატა ლომოური ("მწერალთა კავშირის") დირექტორი:

- მუზეუმის გახსნაზე ფიქრი დიდი ხნის წინ დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ზღვაში წვეთია შემორჩენილი იმ დიდი ქონებიდან, რაც დავით სარაჯიშვილს ჰქონდა, აქ მაინც ბევრი ნივთი დაგვხვდა. მადლიერები ვართ იმ ხალხის, ვინც მათი გადარჩენა მოახერხა. მწერალთა სახლი რომ გავხსენით და საზოგადოებამდე მივიდა ინფორმაცია, რომ აქაურობას კარგად ვუვლით, ბევრი ადამიანი შემოგვეხმიანა. ისინი ჯერ სარაჯიშვილისეული ნივთების ყიდვას გვთავაზობდნენ, შემდეგ საჩუქრებიც მივიღეთ. პირველად შევისყიდეთ ლემოჟის სერვიზის ნაწილი, ის ორ სხვადასხვა ოჯახში ინახებოდა. როგორც ვიცით, თავდაპირველად 100 კაცზე იყო გათვლილი. თითოეულ თეფშს დავითის ქართული მონოგრამა აქვს, ზუსტად ისეთივე, როგორიც სახლის კარს ამშვენებს. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან რუსეთის იმპერიის დროს, ასეთი მონოგრამები კეთდებოდა რუსული ან ლათინური შრიფტით და დავითმა ჭურჭელი შეკვეთით დაამზადებინა. განსაკუთრებით სასიხარულოა საჩუქრები. პირველი ასეთი ნივთი, დავითის ძალიან ძვირფასი "ომეგას" ჯიბის საათი იყო; ასევე ზაქარია ფალიაშვილის სანათი და ძველებური ქირმანშალი. გარდა იმისა, რომ ეს ნივთები იმ ეპოქისაა, ზაქარია დავითის ერთ-ერთი სტიპენდიანტიც იყო და ამგვარად "წრე შეიკრა". მწერალმა მაკა მიქელაძემ გვაჩუქა დავით სარაჯიშვილის ჩოხის მასრები. ეკატერინეს ახალგაზრდობის ფოტოებს შორის, ერთ-ერთზე გამორჩეულად ლამაზი კაბა აცვია. ფოტოს მიხედვით კაბის ასლი ჩემმა მეგობარმა, თეატრის კოსტიუმების მხატვარმა ნინო სურგულაძემ დაამზადა და გვაჩუქა. ერთი კუთხე ეთმობა აკაკი ხოშტარიას, რომლის ღვაწლი სათანადოდ არ არის დაფასებული. თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად დავამატებთ მეტს.

ინტერიერის მოწყობისას ძალიან დაგვეხმარა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები. "აღმოსავლური ოთახის" ერთი ფოტო 1905 წელსაა გადაღებული, ანუ სახლის აშენებისას და მერე უკვე წლების შემდეგ, რომელზეც ასაკში შესული ეკატერინე სხვადასხვა ბევრი ნივთითა და ხალიჩით მორთულ ოთახში ზის. ამავე ფოტოზე ჩანს ცნობილი აღმოსავლური ჭაღიც, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში აღმოჩნდა და დღემდე იქ არის. "აღმოსავლური ოთახი" სტუმრების ოთახად მიიჩნეოდა. როგორც ცნობილია, აკაკი წერეთელი სარაჯიშვილის ოჯახის ახლობლად ითვლებოდა, რაც სახლის გახსნის ცნობილ ფოტოზეც არის აღბეჭდილი. ჩვენ "აღმოსავლურ ოთახს" - აკაკის ოთახსაც ვეძახდით, რადგან ის თბილისში ერთ-ერთი ჩამოსვლისას, ორი თვის განმავლობაში აქ ცხოვრობდა.

GzaPress

მუზეუმს ორი ოთახი ეთმობა, ერთ-ერთში დგას ბილიარდის მაგიდა. ის ერმაკოვის ფოტოებზეც ჩანს. მის ზემოთ სანათი იმდროინდელია, უბრალოდ, აბაჟურის ნაჭრები გამოცვლილია. ბილიარდის მაგიდა აღარ დაგვხვდა. შევიძინეთ ძველი, გავუკეთეთ რესტავრაცია და გადავაქციეთ სამუზეუმო ექსპონატად. რასაც შევძლებთ, შევიძენთ და ასევე იმედი მაქვს შემოწირულობების ტრადიცია გაგრძელდება.

- ინტერიერი და ექსპოზიცია 2020 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო სტუმრების მისაღებად. შემდეგ კოვიდრეგულაციების ფარგლებში, მუზეუმებში ვიზიტი აიკრძალა. ამ ეტაპზე ეს დაშვებულია და როდის შეუძლია დამთვალიერებელს სტუმრობა?

- მუზეუმი გასული წლის შემოდგომაზე, 10 ნოემბერს გავხსენით, დავითის დაბადების დღეს. თავის დროზე სახლი 1905 წლის 3 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 115 წლისთავზე გვინდოდა მუზეუმში სტუმრების მიღება, მაგრამ პანდემიის პირველი ტალღის შემოტევის გამო ვერ გავრისკეთ. ამჯერად დამთვალიერებელს მარტის ბოლოდან ველით. კიდევ ერთი სიახლე გვექნება: მუზეუმისთვის აკა მორჩილაძემ დაგვიწერა არაჩვეულებრივი ტექსტი, რომლის ნაწილი კედლებზეა გამოყენებული და სრული სახით ბროშურა გამოიცემა. ცოტა ხანში გვექნება აუდიოგიდიც მისივე ხმით, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, მოისმინოს საინტერესოდ მოთხრობილი სარაჯიშვილის სახლის ისტორია.

ანა კალანდაძე