აბორტები არასრულწლოვნებში - გზაპრესი

აბორტები არასრულწლოვნებში

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევა არასრულწლოვნებში საგრძნობლად გახშირდა. ამის მიზეზი ალბათ სოციალური გარემოა - ის, რომ სექსუალური ცხოვრების შესახებ სწორი და ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობაა. საქართველოში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვასა და პრობლემას აწყდებიან.

არასრულწლოვნებში აბორტის შესაძლო რისკებსა და გართულებებზე, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გვესაუბრებიან კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ამბულატორიული გინეკოლოგიის კაბინეტის ხელმძღვანელი კარინა ბუცხრიკიძე და ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დალი ლაშხიძე.

კარინა ბუცხრიკიძე:

GzaPress- როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვისაც, აქტუალური პრობლემაა დაუგეგმავი ორსულობის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ორსულობის ხელოვნური შეწყვეტით მთავრდება. ყოველწლიურად მოზარდთა აბორტების 2-4.4 მილიონამდე დარეგისტრირებული შემთხვევაა მსოფლიოში. მოზარდთა ორსულობების 32-92% არასასურველი, არადროული ან ქორწინების გარეშე კავშირის შედეგია. ინფორმაციის ნაკლებობის, ქვეყნის კანონმდებლობის, მრავალი ტრადიციული, ფსიქოლოგიური, ფინანსური და სხვა მიზეზების გამო, მოზარდები უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილები, მიმართავენ სახიფათო აბორტებს. სახიფათო აბორტი არის არასასურველი ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, რომელსაც ახორციელებს საჭირო უნარ-ჩვევების არმქონე ადამიანი ან ეს ხდება ისეთ პირობებში, სადაც არ არის დაცული მინიმალური სამედიცინო სტანდარტებიც კი, ან - ორივე ერთად. ამის გამო მოზარდებზე მოდის დედათა სიკვდილიანობის 13%. გართულებათა 38-68% აბორტის ძირითადი სამედიცინო გართულებებია: სისხლდენა, ადგილობრივი ან გენერალიზებული ინფექცია, ტრავმები (სასქესო ორგანოების ჭრილობები ან ორგანოების პერფორაცია), შორეული გართულებები, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა, მომავალში სპონტანური (თვითნებითი) აბორტების განვითარების, ასევე, საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი. მოუმწიფებელ ორგანიზმში, როდესაც ისედაც ჰორმონალური დისბალანსია, ჩარევა მეტად სახიფათოა. გართულებული აბორტის შემდგომი მენსტრუალური ციკლის დარღვევები და უშვილობა დაკავშირებულია ქალის რეპროდუქციული და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ზედმეტ სამედიცინო ხარჯებთან.

დალი ლაშხიძე:

GzaPress- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოზარდობის ასაკი, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გარდატეხის ასაკი, სამედიცინო ენაზე კი "პუბერტეტის" პერიოდი, საკმაოდ რთულ ეტაპს წარმოადგენს. ამ დროს, ერთი მხრივ, სრულდება ბავშვობის და იწყება მოზარდობის ხანა, რომლის დროსაც წამყვან ადგილს იკავებს სქესობრივი მომწიფების პროცესი. ეს იმდენად მძლავრ აფეთქებას ჰგავს, რომ ამასთან გამკლავებას შესაბამისი შინაგანი და გარემოში არსებული რესურსები, მხარდაჭერა ესაჭიროება. იმ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომელსაც მოზარდი განიცდის, თან ახლავს შესაბამისი ფსიქიკური ცვლილებებიც. ხდება საკუთარი თავის, გარემოს და მათ შორის არსებული ურთიერთმიმართების აღქმის ცვლილება. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს განწყობების, ღირებულებათა სისტემის, ქცევის, ემოციების, მენტალობის ცვლილებებს. რთულდება საკუთარი თავის როგორც თავის სქესთან იდენტიფიცირებული პერსონის პოზიციონირების პროცესი. ამ დროს გარკვეულ რყევებს განიცდის თვითშეფასება და ის, თუ რამდენად ძლიერი იქნება თვითშეფასებასთან დაკავშირებული რყევა, დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, უამრავ ფსიქოფიზიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ მოცემულობებზე.

თავისთავად, ამ ფაქტორებსა და მოცემულობებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს მოზარდი მის წინაშე არსებული ახალი გამოცდილების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვას, რა შემოქმედებით მორგებებს ანუ სირთულესთან გამკლავების მექანიზმებს მიმართავს ის ამ ახალი გამოცდილების მიღებისას, რომლისკენაც მიისწრაფვის და რომელიც ძალიან ბევრ შიშსა და საფრთხეს შეიცავს.

მოზარდობის ასაკისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომანტიკული ურთიერთობების მოთხოვნილება. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი გამოცდილება, რადგან ის სერიოზულ კვალს ტოვებს მათ წარმოდგენებზე საკუთარი თავის, პარტნიორისა და ინტიმური ურთიერთობების შესახებ.

ასეთსავე მძაფრ ინტერესს იწვევს მოზარდებში, თანაბრად ორივე სქესში, სექსის თემა. ხშირად გოგონები, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ არც რომანტიკული და არც სექსუალური ურთიერთობების გამოცდილება (და ეს თავისთავად ბუნებრივი რამ არის), ვერ იცავენ თავს მსგავს ურთიერთობებში იმის შიშით, რომ არ დაკარგონ მათი ინტერესის ობიექტი, ან ადგილი აქვს სექსუალური ძალადობის ფაქტებს, როგორც თანატოლებისგან, ისე ზრდასრულებისგან. შესაბამისად, ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ტრავმები ან კიდევ, გაუთვალისწინებელი შედეგები, როგორიც არის არასასურველი ორსულობა, რაც ძალიან ხშირად სრულდება აბორტით. იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდის ფსიქიკას არა აქვს დასრულებული განვითარება, მსგავსი ფაქტები სერიოზულ დაღს ასვამს მათ მომავალ ცხოვრებას, მით უფრო, რომ პირველ გამოცდილებას, თუკი ის არის ნეგატიური, შეიძლება უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში მოჰყვეს სხვადასხვა სირთულე საპირისპირო სქესთან პირადი ურთიერთობებისას.

მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, რომელშიც ცხოვრობენ მოზარდები - რამდენად განსჯიან მათ და განიკითხავენ მომხდარის გამო. ეს სოციალური გარემო თავისთავად, კიდევ უფრო ატრავმირებს მათ ფსიქიკას. იმის ნაცვლად, რომ პროფესიონალებისგან შესაბამისი პროფესიული და კვალიფიციური მხარდაჭერა მიიღონ, როგორც ექიმებისგან, ისე ფსიქოთერაპევტებისგან, ისინი ხშირად ხდებიან სოციალური გარემოს ბულინგის მსხვერპლები.

ვფიქრობ, გარკვეული განათლება ესაჭიროებათ მოზარდებს, როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს, იმასთან დაკავშირებით, რომ იცნობდნენ თავიანთი ასაკის სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოვლინებებს. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისწავლონ, როგორ დაიცვან თავი და როგორ გაუმკლავდნენ ამ საკითხთან დაკავშირებულ სირთულეებს, რათა არ გახდნენ არაჯანსაღი ურთიერთობების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ განათლება სრულად აღმოფხვრის ისეთ შემთხვევებს, რომლებიც უკავშირდება მოზარდებში არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრების ფაქტებს ან მათ მიმართ სექსუალურ ძალადობას. ამას მოწმობს როგორც ევროპული, ისე სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც მიუხედავად მსგავსი განათლებისა სკოლებში, მაინც აქვს ადგილი გარკვეული ტიპის ნეგატიურ და ძალადობრივ შემთხვევებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, შევძლოთ მოვახდინოთ პრევენცია და რაც შეიძლება მეტად დავიცვათ მოზარდები გამოუსწორებელი ტრავმებისგან. თითოეული ადამიანის პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ყველანი ვმონაწილეობთ გარკვეული სოციალური განწყობების შექმნაში და იმ ბულინგური გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელსაც გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თვით ნეგატიურ გამოცდილებას.

ნინო ჯავახიშვილი