ვინტაჟური სტილის ხიბლი - გზაპრესი

ვინტაჟური სტილის ხიბლი

დაქარგული აქსესუარები თუ სამოსის დეტალები დღესაც ძალზე აქტუალურია. ბევრისთვის ვინტაჟური სტილი წარსულთან, წინაპრებთან და იმ გარემოსთან ასოცირდება, რომელიც ყოველთვის ტკბილად გვახსენდება და ალბათ სწორედ ამიტომ, სასიამოვნოა, როცა შენს სამოსში რაღაც ამგვარი ურევია.

ნათია მიგრიაული პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ მის მოქარგულ აქსესუარებს ჯერ ერთი წელიც არ შესრულებია, ნამუშევრების დათვალიერებისას ვერ იტყვი, რომ მათი ავტორი ახალბედაა. მეორე შვილის მოლოდინში წამოწყებული საქმე საკმაოდ წარმატებული გამოდგა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ როცა ეს საუბარი გამოქვეყნდება, შესაძლოა ბავშვი უკვე დაბადებული იყოს...

GzaPress

- ბავშვობიდან ვხატავ და თავიდანვე ვფიქრობდი ტანსაცმლის დიზაინერი გავმხდარიყავი. პატარა რომ ვიყავი, ჯერ თოჯინებს ვუკერავდი რაღაცებს და თუ არ მომეწონებოდა, ჩემს სამოსშიც შემქონდა კორექტივები. კერვა რომ ვისწავლე, ჩემთვისაც ვიკერავდი ტანსაცმელს. ჩვენს ოჯახში დედას და ბებიას ეხერხებათ კერვა, ქსოვა. ალბათ, მათი გავლენაც იყო. რაც შეეხება ქარგვას, სულ რამდენიმე თვის წინ, გასული წლის შემოდგომაზე დავიწყე. პანდემიის პერიოდში ინტერნეტში სპეციალური ვიდეოების ყურება გადავწყვიტე. ქარგვის ხელოვნებამ გამიტაცა. ეს საქმე მამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ჩემზე. მალევე ავითვისე და გადავწყვიტე, სხვადასხვა ნივთზე მეცადა ქარგვა. ჩემი ნამუშევრები მოსწონდათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე სტუმრებს. შემდეგ გადავწყვიტე მეტი ადამიანის აზრი გამეგო და სოციალურ ქსელში, ხელოვანთა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ორ ჯგუფში გამოვფინე ჩემი ნამუშევრები. დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ამგვარმა დაინტერესებამ სტიმული მომცა. თან, მაშინვე გაჩნდა ინტერესი და შეკვეთებიც წამოვიდა. ამის შემდეგ შევქმენი ჩემი ნაქარგების გვერდი, სადაც ყველა იმ ნივთს ვათავსებ, რასაც ვკერავ და ვქარგავ.

GzaPress

- თქვენს ნივთებს ეტყობა, რომ თანამედროვეა, თუმცა, ვინტაჟური ელფერიც დაჰკრავს. როგორც ჩანს, ზოგადად მოგწონთ ეს სტილი...

- მოდა სულ ბრუნავს. დიახ, ვინტაჟი ძალიან მომწონს. ეს სტილი მაქმანების სიხშირის მხრივაც გამორჩეულია. ძალიან მომწონს და ვფიქრობ, მაქმანებს არა მხოლოდ საყელოებს, არამედ ბაფთებსაც დავურთავ.

- ბევრი სხვადასხვა აქსესუარი გაქვთ მოქარგული ფერადი ყვავილებით...

- ქარგვის შესწავლა რომ დავიწყე, ნიმუშის სახით პატარა ტილოს ქსოვილზე ვქარგავდი. მაშინაც და ახლაც, სულ ყვავილებს და ფოთლებს ვქარგავ. სხვა რამ არ მიცდია. შეიძლება ფიგურებიც და ორნამენტებიც გამომივიდეს, მაგრამ მცენარეების ფერებთან თამაში მსიამოვნებს. თავიდან ქუდებზე, ბერეტებზე, წინდებზე ვქარგავდი, ახლა გაზაფხულზე ქსოვილის ჩანთები, ბაფთებიც და საყელოებიც მოვქარგე. სხვათა შორის, საყელოებს და ბაფთებს მეც ვკერავ, ვცდილობ სადა, პასტელური და ბუნებრივი ფერების ქსოვილები და ძაფები შევარჩიო. სამომავლოდ იდეებიც მაქვს, ბავშვის ქვედაბოლოების და კომბინეზონების შეკერვა და დაქარგვა მინდა. ალბათ მცირე ხნით მომიწევს შესვენება, რადგან მეორე შვილს ველოდები: პირველი ვაჟი - მათე წლინახევრისაა. მეორესაც ბიჭს ველოდებით, ალექსანდრეს დავარქმევთ და მისი დაბადების შემდეგ, ალბათ ცოტა ხანს შევისვენებ. მერე კი აუცილებლად, სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს საქმეს.

ანა კალანდაძე