"ხელოვანი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ არც პოლიტიკური გვამობა ივარგებს" - გზაპრესი

"ხელოვანი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ არც პოლიტიკური გვამობა ივარგებს"

სახელოვნებო სფეროში ახალი თაობებისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მხარდამჭერთა იშვიათ ჩამონათვალში გახლავთ ცნობილი ბარიტონი დავით ღვინიანიძე. მან ბავშვობა ქუთაისში გაატარა. მშობლები მის პროფესიულ არჩევანს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან შვილის საოპერო უნარების უნიკალურობაში დარწმუნებული არ იყვნენ. ამიტომ ურჩიეს დავითს, ძირითად პროფესიად მეღვინეობა ან ექიმობა აერჩია, სიმღერა კი გასართობად ესწავლა. მართლაც, დავითმა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და პარალელურად, კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა.

დავითის გზა საქართველოდან ამერიკამდე და ემიგრანტული ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა თავისი ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით იმდენს მიაღწია, დღეს პოპულარული ადამიანია, რომელსაც "მსოფლიო ოპერის ვარსკვლავს" უწოდებენ და მისი სახელობის კულტურის ცენტრიც არსებობს ფილადელფიაში. მისი ჯილდოების, წოდებებისა და წარმატებათა ნუსხა ძალიან დიდია, ამიტომ ჩამოთვლისგან თავს შევიკავებთ.

მისი მუსიკალური კარიერა, შეიძლება ითქვას, ქუთაისის ჯაზ-როკანსამბლ "ალიონის" სოლისტობით დაიწყო. ამ პერიოდში უკვე გრძნობდა, მუსიკის გარეშე ვერ იარსებებდა. ოჯახის მუსიკალური ტრადიციაც ხელს უწყობდა. ტენორობის ჟამს ლენსკიდან ხოზემდე ყველაფერი იმღერა, ერნესტოს პარტიაც კი...

დავით ღვინიანიძე 2000 წელს მოსკოვში გადავიდა. ამავე წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი "მსოფლიო ტალანტები", რომელმაც უამრავი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ამავე წლიდან ჩაირიცხა მოსკოვის ახალ საოპერო თეატრის დასში. 16 წლის შემდეგ ამერიკაში გადასულმა დააარსა იგივე ფონდი, რომლის ეგიდით საერთაშორისო საოპერო ფესტივალი მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის, საქართველოში ("ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი") და უახლოეს მომავალში მექსიკაშიც დაფუძნდება.

ფონდი "მსოფლიო ტალანტები" და მუსიკალური პროექტი "გზა კარნეგი ჰოლისკენ" ნიჭიერ ახალგაზრდებს უხსნის გზა ამერიკისკენ და ჩაფიქრებულია სატელევიზიო პროექტის განხორციელებაც, რომელიც დიდი მოტივატორი შეიძლება გახდეს არაერთი შემოქმედისათვის.

დავითი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსს უძღვება, რომელიც 18-45 წლამდე მონაწილეებისგან შედგება. ეს პროექტი ამერიკულმა პრესამ საუკეთესოდ აღიარა. ეს გახლავთ აკადემიური ვოკალის კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში ტარდება და ფინალი ნიუ-იორკის ოპერა "ამერიკაში" იქნება. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან როგორც ფულადი, ისე სხვა სპეცპრიზებით და გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებენ ფონდ "მსოფლიო ტალანტების" საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც "კარნეგი ჰოლში" იმართება.

პანდემიის დრო და ოაზისი ხელოვანებისათვის

- პანდემია ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ქუთაისიდან გამოვფრინდი. საქართველოში ენი არსენიძისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება გავმართე. როგორც ჩანს, აეროპორტიდან აეროპორტებში გადაფრენის პროცესში შემეყარა ეს ვირუსი, რომელიც რთულად გადავიტანე. "კოვიდმა" დაამუხრუჭა მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩემი ყველა გეგმაც. აქედან გამომდინარე, დღემდე არ ვიცით, იქნება თუ არა სახელოვნებო სამყარო ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე... 2021 წელს აშშ-ში დაარსდა ჩემი სახელობის ვოკალური აკადემია, რომელიც მომღერლის ხმის ფორმირებას ემსახურება. ეს არის აკადემია, რომელიც ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ოსტატობას უწყობს ხელს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ არა მხოლოდ ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი მოვიდა სასწავლებლად, არამედ ჩემზე 10-20 წლით უფროსი კოლეგებიც. მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ ფილადელფიაში. მის უნიკალურ ზონაში, რომელსაც გარშემო ექნება დიდი სივრცე, დაახლოებით 12-13 აკრი, მოეწყობა ულამაზესი ბაღი და საპარკინგე ადგილი 200 მანქანისთვის. უზარმაზარ შენობაში გაიხსნება "დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი", სადაც მოეწყობა 2000-კაციანი საკონცერტო დარბაზი. ეს იქნება ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მუსიკოსი შეძლებს თავისი ხელოვნების დემონსტრირებას. სხვათა შორის, ეს ცენტრი უნდა იქცეს ბოჰემური თავშეყრის ადგილად მხატვრებისთვის, მოცეკვავეებისა და ყველა ხელოვანისთვის. ასეთი ცენტრი მხოლოდ ფილადელფიაში არ გაიხსნება, მომავალ წლებში მისი გახსნა იგეგმება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, მაიამიში... ეს გახლავთ ჩემი გლობალური და მასშტაბური გეგმა შემდეგი ათწლეულისთვის. ეს ხელოვნების ოაზისები, რომლებიც ჩემს სახელს დაუკავშირდება, ბედნიერს მხდის. მე ამის საშუალებას ეს ქვეყანა მაძლევს. მოკლედ, ამ ჩაკეტილობის ჟამს სხვა არაერთი გეგმაც დაიბადა, რომელიც მალე განხორციელდება. მოსწავლეებთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია და პანდემიის პერიოდში დისტანციურად ვამეცადინებდი. მომღერლისთვის "პედაგოგის ყური" მნიშვნელოვანია და ამიტომ, ჩემს გამოზრდილ მომღერლებს ყოველთვის ვუწყობ ხელს. ვერ წარმოვიდგენდი, ჩემი ფონდის სახელობის ფესტივალი თუ დაარსდებოდა და ფეხს მოიკიდებდა მსოფლიოს პირველ სცენაზე "კარნეგი ჰოლში". ეს მიუღწეველ ზღაპრად წარმომედინა. ამ ფაქტს მოჰყვა ჩემი მუსიკალური ცენტრების დაარსება - ეს პიკია მომღერლის კარიერაში და ამით ვარ ბედნიერი.

შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, უკვე შემდგარი ქართველი მუსიკოსებისთვისაც დავგეგმო ისეთი პროექტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს თავიანთი ხელოვნება მსოფლიოს დიდ სცენებზე წარმოაჩინონ. პროფესიას ხშირად დავუღლივარ. ჩემი რამდენიმეწლიანი გრაფიკი ასეთია: გასტროლებზე გავდიოდი აგვისტოს ბოლოდან და შინ 31 დეკემბერს ვბრუნდებოდი. ამ გასტროლების თანმდევი იყო თვითმფრინავები, მანქანები. ქირურგიული ჩარევაც კი დამჭირდა, რადგან ჯანმრთელობა დამიზიანა. მიუხედავად ამისა, არასდროს მითქვამს, რომ რამეს შევცვლიდი. თავიდან რომ დავიბადო, ისევ ამ გზას გავყვებოდი. როცა იგებენ, რომ საოპერო მომღერალი ვარ, ადამიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ, რაც ბევრჯერ დამხმარებია რთულ მომენტში. ჩემში ორი მეა: ერთი, რომელიც ხელოვნებასა და სცენას ეკუთვნის და მეორე - რომელიც საზოგადოებაში, ხალხთან ერთად ცხოვრობს. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, "ცალკე აკადემიაა". ცნობილი გამონათქვამია, - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ვფიქრობ, ადამიანებს შორის სიყვარულის დათესვა ჩემთვის უმთავრესია. ვერ ვიტან გულგრილ დამოკიდებულებას, ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია. ასეთ ცხოვრებას მიმაჩვიეს დედამ და ბებომ. მინდა, განსაკუთრებული მაგალითი ვიყოთ მომავალი თაობისთვის. ჩემთვის მიუღებელია უხეშობა, ღალატი და ულამაზო საქციელის დემონსტრირება. ხელოვანი ადამიანები იმედით ვართ გაჟღენთილი, ამით ვცხოვრობთ. იმედი ჩვენი ცხოვრების მთავარი ბარომეტრია. საოცნებოდ ის დამრჩა, ღმერთმა მომცეს ძალა, უნარი და უფლება, ყველა ჩემი დაწყებული და მიმდინარე გეგმის გაგრძელება შევძლო. განსაკუთრებულზე არაფერზე ვოცნებობ, რადგან ვფიქრობ, ძალიან ბევრი გავაკეთე ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად დედამიწაზე. ხელოვნებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ უთქმელია და მომავალში მინდა ვთქვა. შეუძლებელი არაფერია, თუ მოისურვებ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მახსენდება, საბავშვო ბაღში 3 წლის შემიყვანეს და არ მომწონდა იქ სიარული. იმდენი ვიტირე, ფილტვების ანთება დამემართა. შემდეგშიც, როცა შინ ვრჩებოდი, მეზობლები რომ მკითხავდნენ, რატომ არ ხარ ბაღშიო? სპეციალურად ავტეხდი ხველას და ვპასუხობდი, ფილტვების ანთება მაქვს-მეთქი.

GzaPress

შთაბეჭდილება უცხოელებზე, ფიქრი დაოჯახებაზე და "აპოლიტიკური პოლიტიკა"

- დედაჩემი 13 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი ჭადრაკში. ის პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და მან, ფაქტობრივად, განსაზღვრა ჩემი ცნობიერება. ერთხელ მირჩია ის, რაც არასოდეს დამავიწყდება: როცა უცხოელს ვხვდებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ მას ჩემ გარდა შეიძლებოდა სხვა ქართველი აღარც ენახა. მინდოდა ისე ვჩვენებოდი, რომ ქართველზე კარგი შთაბეჭდილება შეჰქმნოდაო. ეს სიტყვები ჩემთვის მეტად პრინციპულია. როცა ვხვდები ამერიკელს, გერმანელს თუ ფრანგს, ანუ იმაზე მეტ უცხოელს, ვიდრე დედაჩემი ხვდებოდა, სულ ვფიქრობ, ჩემი გაცნობით ის ჩემს ქვეყანას ეცნობა. ამ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ. დაქორწინების საკითხსაც ყურადღებით ვეკიდები, რადგან შთამომავლობაზე ვფიქრობ. ჭრიჭინის დრო წავიდა. დავამატებ იმასაც, რომ "დავით ღვინიანიძის ხელოვნების ცენტრში" ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. თითოეული მცენარე თავად დავრგე. პოლიტიკურ მოვლენებს განვიცდი და ვარ კიდეც მასში ჩართული, თუმცა მკვეთრი პოზიცია არასდროს გამომიხატავს. ერთადერთი, ძალიან მინდოდა აშშ-ის დემოკრატიული მმართველობის სტილის ადმინისტრაცია ჰყოლოდა და ჰყავს კიდეც! წესით, ასეთი უნდა იყოს თავისუფალი ამერიკა, სადაც ყურადღებას არ აქცევენ შენს წარმომავლობას. რუსეთში ხშირად მიმითითებდნენ, რომ მე ქართველი ვიყავი. ზოგადად, ვფიქრობ, ხელოვანი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ არც პოლიტიკური გვამობა ივარგებს.

როლანდ ხოჯანაშვილი