ქართული სიყვარული ევროპაში, ანუ ვლადიმერ ალმასოვობა ყველას შეუძლია - გზაპრესი

ქართული სიყვარული ევროპაში, ანუ ვლადიმერ ალმასოვობა ყველას შეუძლია

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ქართველი ექიმი ნინა გაბუნია მუშაობს. მისი მეუღლეც მედიკოსია - იტალიური წარმოშობის ამერიკელი. გამიგია, რომ ორივე ძალიან ბევრს აკეთებს ქართველი ემიგრანტებისთვის. საქართველოდან გადახვეწილი ქალბატონების უმეტესობა ვერასდროს პოულობს თანხას ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად და ვიდრე არ დაუმძიმდებათ მდგომარეობა, მანამდე ექიმამდე მისვლაზე არც ფიქრობენ. კრიტიკული სიტუაციის დროს ბევრ ქართველს უდგახართ თურმე გვერდით-მეთქი, - ვუთხარი ნინას. ღიმილით აირიდა ამაზე საუბარი და ერთი საინტერესო ამბავი შემომთავაზა "კომპენსაციისთვის":

"კარდიოქირურგიის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი იწვა უმძიმესი დიაგნოზით - სეპტიკური ენდოკარდიტით. დღემდე ამ დიაგნოზით პაციენტები იხოცებიან. როცა პროფესორი სტუდენტებთან ერთად პაციენტის სანახავად შევიდა, ყველა შეწუხდა, ისეთი მშვენიერი და უმწეო იყო ქალი. პრაქტიკის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა სანიტრად მუშაობა ითხოვა და იმ დღიდან ავადმყოფს ხშირად აკითხავდა. პაციენტთან მიჰქონდა ხილი, ყვავილები და წიგნები, რომელსაც თავადვე უკითხავდა. მოკლე ხანში გოგონას მიწისფერი კანი ბუნებრივ ფერს დაუბრუნდა, თვალებში სინათლე ჩაუდგა. ბიჭი საუკეთესო სტუდენტი იყო, გამორჩევით უყვარდა პროფესორს და უფლება მისცა, ბევრი დრო დაეთმო ავადმყოფისთვის. ორი თვის თავზე წარმოუდგენელი რამ მოხდა: პაციენტი ფეხზე წამოდგა. სასწაული ამით არ დამთავრებულა - ახალგაზრდებმა მალევე იქორწინეს. სტუდენტმა ინსტიტუტი დაამთავრა და გენიალური კარდიოქირურგი დადგა. ექიმი საყვარელ მეუღლეზე მთელი სიცოცხლე ზრუნავდა. ქალი სრულად არ განიკურნა, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, შვილების გაჩენა შეძლო (ესეც ფანტასტიკად მიიჩნიეს!), ბავშვები წამოზარდა და გარდაიცვალა...

მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში აკადემიკოს ვლადიმერ ალმასოვის კაბინეტში, საწერ მაგიდაზე ქილაში დასპირტული გული დევს - ეს მისი მეუღლის გულია. მე სწორედ მათი ახალგაზრდობის თავგადასავალი გიამბეთ. სიყვარული ყველანაირ დაავადებას კურნავს. ეს ზღაპარი კი არა, სრული ჭეშმარიტებაა..."

მივხვდი, რომ ნინა ექიმი სპეციალურად ირიდებდა საკუთარ თავზე საუბარს, მაგრამ ტექსტს მაინც გამოჰყვა მთხრობელის ფსიქოლოგია. ბოლოს მითხრა, საქართველოში სიყვარულის დეფიციტი უცხოეთიდან მკაფიოდ ჩანს: ქართველები ჩხუბობენ აცრაზე, პოლიტიკაზე, საქმეზე, უსაქმობაზე, მიზეზითა და უმიზეზოდ, დღითა და ღამით, თავისასა და სხვისაზე. სიყვარულის ნიჭი კი ყველას დაგვაყოლა ღმერთმაო...

ნინას მსგავსად სხვა ბევრი ქართველიც ვიცი, ვინც თანადგომით გამორჩეულია. ჩემი თვალით მინახავს და ჩემი ყურით მომისმენია, უცხოეთში როგორ უდგანან მხარში ქართველები ქართველებს. ეს ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, იმდროინდელია, როცა ჯერ კიდევ თავისუფლად დავდიოდი ევროპაში.

ერთხელაც, მორიგი საჩუქარი გავუკეთე თავს და გერმანიაში წავედი ტურისტულად. მასპინძლის ოჯახში თამამად ფეხშებიჯებულმა უცნაური სურათი ვნახე: სახედალურჯებული, დაფეთებული ახალგაზრდა კაცები დივანზე მოკრძალებულად ისხდნენ ისე, თითქოს გაქცევას აპირებდნენ. მასპინძელმა ქალბატონმა მომიბოდიშა, რომ მათ უნდა გაჰყოლოდა საკითხების მოსაგვარებლად, ამიტომ რამდენიმე საათით დამტოვებდა. მერე ამიხსნა, რომ პირველ რიგში, ნაცნობ ექიმთან მიიყვანა გასასინჯად, რადგან არალეგალები იყვნენ და კლინიკაში ვერ მივიდოდნენ, შემდეგ კი... ჰო, შემდეგ იწყება უფრო მნიშვნელოვანი - თურქებს თუ არაბებს გამოსცხადებია უშიშრად ამ თავპირდამტვრეული ახალგაზრდებით (დალურჯებულ თვალის უპეებს სათვალეები უმალავდა ორივეს) და ორ ენაზე (რუსულად და გერმანულად) კატეგორიულობით უხსნიდა ფარულ დამსაქმებლებს, რომ ნაცემებისთვის ფინანსური ანგარიში გაესწორებინათ, თორემ ანგარიშის გასწორება ჩემგან ნახეთ მერეო. თამარი შინ გახარებული დაბრუნდა: ფული სრულად მივაცემინე იმ ყალთაბანდებს, ბოდიშიც მოვახდევინე და ახლა ბინაც ვუშოვე ბიჭებსო. თურმე, არალეგალურად დასაქმებული მუშახელის "გადაგდება" იშვიათობა არაა ევროპაში. თურმე, საქმის დასრულების შემდეგ "დამსაქმებლებმა" შეთანხმებული გასამრჯელოს ნაცვლად, მესამედი შესთავაზეს ბიჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას ჩაგაბარებთო. ამას მოჰყოლია ხელჩართული ჩხუბი, რომლის დროსაც შრომით დაქანცული ქართველები დაუჯაბნია მოწინააღმდეგეს. თამარს მთავარ კოზირად არალეგალთა დასაქმება და გადასახადების დამალვა "აუფარებია" დამსაქმებლებისთვის, რაც უპატიებელი დანაშაულია ევროპის ბევრ ქვეყანაში...

თამარის ბინა, რომელიც ქალაქის საქმიან ნაწილშია, საკმაოდ დიდი ფართობისაა. ერთი ოთახის კარი გულდაგულ გამოკეტილი იყო (ყველა დანარჩენი ყურთამდე გახლდათ გაღებული). ის ოთახი თურმე დაუთმეს ქართველ გოგონას, რომელიც იურიდიულ განათლებას იღრმავებდა ევროპულ უნივერსიტეტში და ეს ოთახი ხელშეუხებლად ითვლებოდა მანამდე, ვიდრე სადოქტორო ხარისხს არ დაიცავდა... როცა ასეთი მეგობარი და თანამემამულე გყავს, გეამაყება, მაგრამ მთავარი მაინც წინ იყო!

GzaPress

ტრირის ნახვა არ გაინტერესებსო? - თამარმა მკითხა ერთ დღეს. დავთანხმდი და კარლ მარქსის დაბადების ადგილისკენ გავეშურეთ. პრუსიაში ბევრი მსგავსი დასახლებაა. ერთობ უინტერესოც კი მომეჩვენა იქაურობა დრეზდენისა და ბრემენის ფონზე, მაგრამ საყვედურს როგორ ვიტყოდი? ქალაქის გარეუბანში, ჩვენებური სკოლის მსგავსი შენობის წინ გავჩერდით. ეს "აზულია", - მითხრა თამარმა. შენობიდან სამოციოდე წლის წყვილი გამოვიდა. კაცი დინჯად მოაბიჯებდა, სამიოდე ნაბიჯის გადადგმისთანავე უკან მიიხედავდა და უმნიშვნელო მანძილით ჩამორჩენილ ქალს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმებდა. საბარგულში სამი ჩანთა მორიგეობით ჩავალაგეთ, მერე ავტომობილში მოხერხებულად მოვკალათდით. წყვილი ახალი "ჩაბარებული" იყო გერმანიაში. ბერლინში დაბრუნების მერე ორ აუდიტორიად დავნაწილდით. კაცები სამზარეულოს პატარა მაგიდასთან კონიაკით ვიქცევდით თავს, ქალები კი, ვინ იცის, რაზე საუბრობდნენ მეორე ოთახში.

ქმარს ყველაფერი გაუყიდია თბილისში და ცოლთან ერთად ებრძოდა იმ საშინელებას, რასაც მათი დაცილების საშიშროება ერქვა. ვერასდროს ვიჯერებდი წიგნებში აღწერილ ცოლქმრული სიყვარულის იდეალიზებულ ვერსიებს, მაგრამ დავიჯერე რეალობაში. ქმარი სუნთქავდა ცოლის ყოველი წამით. ჩუმად მითხრა, ჩემს სიცოცხლესაც დავთმობ, ოღონდ ეს გადამირჩეს. დიდი შვილები გვყავს, მაგრამ ეს ქალი სხვაა მაინც ჩემთვის, ჩემი არსებობის საწყისი და ბოლოაო. კონიაკით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში და ისეთი გულმხურვალებით ილოცვიდა, არც ერთ ეკლესიაში რომ არ გამიგონია მსგავსი.

ლირიკული პოემა იყო ის, რასაც ვუსმენდი...

დამამთავრებელ კლასში ვიყავით ორივე, როცა შემთხვევით გავიცანი. ის სხვა სკოლელი იყო, მაგრამ სახლები გვქონდა ახლოსო. მერე, როგორც ხდებოდა, პაემნები, კინოში გაპარვა, ნაყინზე დაპატიჟება მამის ნაჩუქარი ფულით, ბოლოს ხელის თხოვნა და ქორწილი, ქორწილის მერე სამი შვილი, ზედიზედ ახდენილი სიხარულის ზღაპრები და სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლეების დაღლილი წარსულის იოლად დავიწყება, რომელსაც სიყვარული, ნდობა და პატივისცემა განაპირობებდა...

90-იანების კატასტროფული დღეებიც წარსულს ჩაჰბარდა, მერე უკეთესი ცხოვრება მოვიდა და სრული ბედნიერების გაგრძელებას ქალის გულის პრობლემები დაემუქრა. ოპერაცია საქართველოში ვერ გაკეთდებოდა, ვერც ვერავინ დააფინანსებდა სიძვირის გამო, ამიტომ გულმტკივანი ქალი ქმართან ერთად, გერმანიაში ჩაფრინდა. მანამდე გასაყიდი გაყიდეს, სასესხებელი ისესხეს, უერთმანეთობის მოსალოდნელი ტვირთის შიშით მონატრების ტკივილი ჩაახშვეს, გაიხსენეს ბავშვური ღიმილი, მზისგან აკეცილი ნისლის ფარდები, საკურთხევლის გარეშე ნათქვამი ერთგულების ფიცი, სახლის აივნიდან დანახული ძველი თბილისის ხედები, დაძინების წინ უხეიროდ ნაცეკვი ტანგო თუ ვალსი, ოქტავებარეული მუსიკა, ქუჩის პირას, ყელამდე ნაგავში აყვავებული ნუში, ვარსკვლავებით მოქარგული ცა და ისიც, რომ ყველაზე დიდხანს ცოცხლობს იმედი...

ერთი კვირის თავზე დავბრუნდი საქართველოში, ემოციებით დატვირთული ხშირად ვკითხულობდი თანამემამულეების ბედს. ოპერაცია გაკეთდა და წარმატებით დასრულდა სარეაბილიტაციო კურსი. რაღაცნაირად, სხვაგვარად ბედნიერი ვიყავი ამის შემდეგ. მიხაროდა მთელი არსებით, რომ ქმარი ცოლის გვერდით ინაწილებდა ცხოვრების მოწამლულ ისრებს, სიხარულსა და ფერად აისებს.

ჰო, ასე გადარჩა კიდევ ერთი სიცოცხლე სიყვარულის წყალობით, ქმრისა და ერთი ემიგრანტი ქალის თანადგომით. თამარმა ამიკრძალა, - ჩემზე ნუ დაწერ, ნუ გამამხელ, განა იმიტომ, რომ დასამალია თანადგომა, ვაითუ, მერე ვინმეს სხვასაც დასჭირდეს და ვერ შევძლო, მთელი ცხოვრება სანანებლად მექნებაო...

P.S. თურმე ვლადიმერ ალმასოვობა ყველას შეუძლია. სიყვარული ყველანაირ დაავადებას კურნავს. ეს ზღაპარი არაა, სრული ჭეშმარიტებაა.

როლანდ ხოჯანაშვილი