"სამეულის" მიერ გასამართლებული კოლმეურნეობის თავმჯდომარე - გზაპრესი

"სამეულის" მიერ გასამართლებული კოლმეურნეობის თავმჯდომარე

1936-1938 წლებში გატარებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ წლებში 7-8 მილიონი ადამიანი დააკავეს, ე.წ. სამეულის მიერ დახვრეტილია მილიონ ნახევარზე მეტი, ხოლო გადასახლებაში გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონ ადამიანს აღემატება. საქართველოში სხვადასხვა საპყრობილეში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი დახვრიტეს. თუმცა, გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი მონაცემები მაინც დაუდგენელია. ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც ეს კოშმარი 1936 წლიდან დაიწყო. რეპრესიებმა ყველაზე მძაფრი ფორმა ერთ წელიწადში მიიღო. მიხეილ ასლამაზაშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც 1937 წელს შეეხო საბჭოთა რეპრესიები. მისი შვილთაშვილი, იურისტი გიორგი გულუა საკუთარი ოჯახის ამბავს გვიყვება:

- ჩემი დიდი ბაბუა მიხეილ კუნელაშვილი გახლდათ, შემდეგში ასლამაზაშვილი. გვარის გადაკეთების მიზეზი საკმაოდ პრიმიტიული ყოფილა: ბაზარში ყოფნის დროს, ერთ-ერთ კაცს, გვარად ასლამაზაშვილს გამოლაპარაკებია. როგორც ჩანს, მისი გვარის ჟღერადობა მოეწონა და თავადაც ასლამაზაშვილი გახდა. მიხეილი წარმოშობით ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან იყო. მოგვიანებით, ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახდა. მაშინ არსებობდა ე.წ. პარტიული სკოლები, სადაც ერთწლიანი კურსებისას ასწავლიდნენ მარქსიზმს, ლენინიზმს და ა.შ. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულები ხდებოდნენ პარტიული მუშაკები, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ. ასე გახდა მიხეილ ასლამაზაშვილიც ახალსოფლის მოლოტოვის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე... როგორც ჩანს, ადრე დაოჯახდა, ვინაიდან 1931-ში პირველი შვილი მალხაზი შეეძინა და ამ დროს ის 25 წლის იყო. მისი მეუღლე ანა კობახიძე მეორე ბავშვზე გახლდათ ორსულად, როცა მიხეილი დააპატიმრეს. პაპიდაჩემი ლიანა რომ დაიბადა, მამამისი უკვე გადასახლებაში იყო და მშობელი არასდროს უნახავს. ლიანა პროფესიით ექთანი გახლდათ.

- როგორც წესი, დაპატიმრებები უმთავრესად აბსურდული მიზეზების გამო ხდებოდა. ამ შემთხვევაში რა მოხდა?

- მიხეილ ასლამაზაშვილის ბიძაშვილი ქმარმა მიატოვა. ის კაცი მეორე ცოლის მოყვანას გეგმავდა თურმე. მიხეილს ცეცხლსასროლი იარაღი დაჰქონდა, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. როგორც ირკვევა, ბიძაშვილის ქმარს დაემუქრა და მოსთხოვა, ოჯახს დაჰბრუნებოდა. არც ჰაერში უსვრია და მით უმეტეს, არც ბიძაშვილის ქმრისთვის, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, სწორედ მან დაასმინა მიხეილი "სახკომში". თუმცა, დაკავების მიზეზი არა ოჯახური ამბავი, არამედ სულ სხვა რამ გახდა. კოლმეურნეობის კამეჩები დაიხოცა, გვარჯილა თუ თაგვის წამალი ჭამეს და მოიწამლნენ. თითქოს ეს ყველაფერი გამიზნულად მოხდა, ანუ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ პირუტყვი სპეციალურად დახოცა და ამის გამო ის "ხალხის მტერი" გახდა. ამ ფაქტზე ანონიმური შეტყობინება მივიდა რაიონულ ცენტრში. საერთოდ, იმ პერიოდში ასეთი "ანონიმკები" ხშირად იწერებოდა. შეიძლებოდა მეზობელს შენი სახლის კრამიტი მოსწონებოდა და დაესმინე ან ვიღაცას შენი გამართული მეურნეობის შეშურებოდა; წარმოიდგინეთ, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა კაცი დაიჭირეს მიზეზით, ვაზი უკუღმა ჩააგდოო.

GzaPress

- როგორ დააკავეს?

- როგორც ბაბუა იხსენებდა, ვიღაც კაცი მივიდა მათთან შინ და მიხეილს უთხრა, გიბარებენო. ისიც თავის ფეხით გამოცხადდა დათქმულ ადგილას. სოფელში თავისუფლება აღკვეთილებისთვის წინასწარი დაკავების საკანი არ ჰქონდათ და ხალხს გომურში ათავსებდნენ. მიხეილიც იქ ჩასვეს. ცოტა ხანში ყვარელში გადაიყვანეს, სადაც "ტროიკამ" გაასამართლა.

- მის ოჯახს სახლი დაუტოვეს?

- დიახ. როგორც ბაბუა ჰყვებოდა, ამის შემდეგ მათ ოჯახში მივიდნენ და ნივთები აღწერეს. ნაწილი წაიღეს, ანუ კონფისკაცია მოახდინეს, ნაწილი კი დაუტოვეს. ბაბუა ამბობდა, მუდმივად გვქონდა შიში, რომ ჩვენც გადაგვასახლებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ალბათ ორსული ქალი ერთი შვილით, არ მიიჩნიეს საფრთხედ და მიხეილის ოჯახი ამიტომ არ გააციმბირეს.

- როგორ გააგრძელა ანამ ცხოვრება? მისი მეუღლე გადასახლებიდან თუ იწერებოდა?

- მიხეილი 1937 წელს გადაასახლეს, ციმბირში 1941 წლამდე იცოცხლა. ოჯახს წერილებს სწერდა. დიდი ქონება არ ჰქონიათ, ამიტომ ცოლს ურჩევდა, ჩვენს სახლს კრამიტი გადახადეთ, გაყიდეთ და იმ ფულით მალხაზს განათლება მიეცითო. ბაბუას გული სწყდებოდა, რომ დედამისს მამამისის წერილები არ შეუნახავს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შიშის გამო მოხდა. მიხეილის გარდაცვალების შემდეგ, ანა მეორედ გათხოვდა. მეორე მეუღლესთან შვილი არ ჰყოლია. მისი მეუღლე იყო იოანე წყალობას ძე იაროვი. ბაბუაჩემი მამინაცვალს ძალიან კარგად იხსენებდა.

- ბაბუაშენმა როგორ გაიგო მამის გარდაცვალების შესახებ?

- იმ პერიოდში ოჯახს ზუსტი ცნობები არ ჰქონდა, თუმცა, იცოდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო. ბაბუა დაახლოებით 27-28 წლის გახლდათ, უკვე დაოჯახებული, როცა კრემლში წერილი გაგზავნა. ვის მიმართა და რას სწერდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს უკვე ხრუშჩოვის პერიოდია, 50-იანი წლების მეორე ნახევარი, იმ დროს უკვე დაწყებული იყო გადასახლებულთა რეაბილიტაციის პროცესი და ერთ დღესაც, კრემლიდან საპასუხო წერილი მიიღო, თანდართული საბუთებით, სადაც ეწერა, რომ მიხეილ ვარდოს ძე ასლამაზაშვილი გარდაიცვალა გადასახლებაში 1941 წლის 8 მარტს და არის რეაბილიტირებული, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ბებია მიყვებოდა, ეს ყველაფერი რომ წაიკითხა, ტახტზე წაიქცა და ატირდაო. 6-7 წლის იყო, როცა მამა გადაუსახლეს. მიუხედავად მცირე ასაკისა, კარგად ახსოვდა. მთელი ცხოვრება განიცდიდა მომხდარსა და ობლობას.

- ბაბუაშენი ისტორიკოსი იყო, ხომ?

- დიახ. ის და ბებიაჩემი - მარინე შაიშმელაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, წლების განმავლობაში სოფელ ვაზისუბანში მუშაობდნენ ისტორიისა და ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგებად. ერთი ასეთი შემთხვევა მახსოვს, წლების შემდეგ, როცა ბაბუას უნდოდა ეჩვენებინა ის ადგილები, სადაც ბავშვობა გაატარა, ახალსოფელში ჩავედით. ერთ-ერთ მეზობელთან მივიდა და გამოელაპარაკა. ის კაცი ასაკოვანი არ იყო და ძალიან გამიკვირდა, როცა უთხრა, - იმ კოლმეურნეობის თავმჯდომარის შვილი ხარ, კამეჩები რომ დაეხოცაო? 2000-იანი წლები იყო, ალბათ გადმოცემით იცოდა ვინმესგან და როგორც ჩანს, ეს ამბავი იმ სოფელში ჯერ კიდევ ახსოვდათ.

- იმ წლების შეფასებას არ გთხოვ, ბანალური იქნება. უბრალოდ მაინტერესებს, რას ფიქრობ იმ ხალხზე, ვინც საკუთარ მხრებზე იწვნია რეპრესიების სისასტიკე და მაინც სტალინის რეჟიმის მხარდამჭერად დარჩა?

- ბაბუაჩემი ყოველთვის აკრიტიკებდა სტალინს და კარგად ესმოდა, თუ რა სასტიკი მმართველობა იყო იმ დროს. თუმცა, არიან ადამიანები და მათ შორის ისეთებიც, ვისაც რეპრესიები შეეხო, მაგრამ ბელადის პოლიტიკა მოსწონს. ეს თემა კარგად მაქვს შესწავლილი და ვფიქრობ, აქ უფრო კომპლექსურადაა საქმე: რეალურად, იმ პოლიტიკას, რაც ხორციელდებოდა, ჰყავდა ბევრი ადგილობრივი აღმსრულებელი. რა თქმა უნდა, რეპრესიების იდეოლოგები კრემლში იყვნენ, მაგრამ ვისაც ჰქონდათ დაწინაურებისა და სხვა პრივილეგიების მოლოდინი, სწორედ ამ ადამიანების, ამ სამოხელეო აპარატის ხელით სრულდებოდა ბევრი რამ. შექმნეს სისტემა, რომელიც ანადგურებდა. ამ შემთხვევაში კრემლში არ იცნობდნენ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებსა და ქეისებს, თუმცა, იცოდნენ, რომ უამრავი ადამიანი ნადგურდებოდა და ამას უზრუნველყოფდნენ სხვები, როგორც ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმის დროს. სტალინისა და ბერიას გაიდეალება ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ მაშინდელ საბჭოთა კავშირს სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევები ჰქონდა და ითვლება, რომ საბჭოთა კავშირმა ომი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ა.შ. თან, ამ ყველაფერს კარგ პროპაგანდას უწევდნენ. მაშინდელ საბჭოთა კავშირის პრესაში ამაზე ბევრი იწერებოდა და იხატებოდა რომანტიკული სურათი, რომ მივდივართ იდეალური საზოგადოებისკენ. ვფიქრობ, სტალინისა და იმ ეპოქის გაიდეალება, სწორედ ამ იდეოლოგიური "დამუშავების" შედეგია.

ანა კალანდაძე