"სადამდეც გაგიშვებს შენი ფანტაზია..." - გზაპრესი

"სადამდეც გაგიშვებს შენი ფანტაზია..."

დავით დავლაძე ქუთაისში ცხოვრობს. ძირითადად საფულეებს, ჩანთებსა და ქამრებს ამზადებს ტყავისგან, თუმცა ახლო მომავალში სხვა გეგმებიც აქვს - აპირებს, ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი შექმნას. ფიქრობს, რომ პანდემიამ აპოვნინა საქმე, რომელიც შეიძლება შემოსავლის წყაროც იყოს მისთვის და ამავე დროს, დიდი სიამოვნებაც მიანიჭოს.

- პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ძირითადად, მცირე ბიზნესი მქონდა. ამჟამადაც ტანსაცმლის მაღაზია მაქვს თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც ჩემი ნამუშევრების კუთხეც არის. ადრე ხეზე კვეთით ვიყავი გატაცებული, თვითონ ვისწავლე ეს საქმე. ვამზადებდი მოჩუქურთმებულ ავეჯს. სხვათა შორის, ადვილად ვისწავლე, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. აზარტულიც იყო, რადგან უფრო და უფრო რთული ორნამენტების შესწავლა მინდებოდა. დავიწყებდი და ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდი, შედეგი რომ მენახა. მერე ამ საქმესაც თავი დავანებე, ეს იყო 90-იანი წლებში, როდესაც არც ფასი ჰქონდა შენს ნაშრომს და გაჭირვების გამო იშვიათად იყიდებოდა. საერთოდ, ხომ იცით, ხეზე მუშაობა რთულია, ბევრ შრომას მოითხოვს და აქედან გამომდინარე, იაფიც არ ღირს. მაშინ კი ვის ჰქონდა რამის შეძენის შესაძლებლობა, თავი ძლივს გაჰქონდა ხალხს.

- როდის დაიწყეთ ტყავზე მუშაობა და ჩანთების კერვა?

- რომ ვფიქრობ, ვერც ვიხსენებ, რატომ, საიდან გამიჩნდა ამის გაკეთების იდეა. ეს ალბათ უფრო, პანდემიის გამო მოხდა. როგორც უმეტესობა, სახლში გამოკეტილი ვიყავი, თავისუფალი დრო გამომიჩნდა და ერთხელაც მოვინდომე, ჩემთვის შემეკერა საფულე, ამან აზარტში შემიყვანა.

- ე.ი. პირველსავე მცდელობაზე გამოგივიდათ?

- მაშინ მეგონა, გამომივიდა და მიხაროდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არა (იცინის), რადგან აღარ მომწონს ის ნაკეთობა. მერე უკეთესის გაკეთება მომინდა, ჩავუჯექი ინტერნეტს, ვუყურე უამრავ ვიდეოს და ნელ-ნელა დავხვეწე ტექნიკა, თანდათან ხელსაწყოებიც შევიძინე. თავიდან ბევრ დროს ვანდომებდი - ნახაზებს შედგენა სჭირდება, თარგის დამზადება, ამასაც თვითონ ვაკეთებდი. ინტერნეტით კი შეიძლება მზა თარგების ყიდვა, მაგრამ არ მინდოდა სტანდარტულის დამზადება, მით უმეტეს, რომ თარგის გამოჭრა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე და ხაზვა არ მიჭირს.

GzaPress

- რთული აღმოჩნდა ახალი საქმის შესწავლა?

- ყველა საქმე მოითხოვს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას. რა თქმა უნდა, შრომატევადია, სწრაფად ვერ ახერხებ დამზადებას. თუ გინდა, ხარისხიანად აკეთო, გულდასმით უნდა მოეკიდო საქმეს. თან მე ყველაფერს ხელით ვაკეთებ, საკერავ მანქანას საერთოდ არ ვიყენებ. ნივთის აწყობას როცა იწყებ, რაღაცები იცვლება, ოღონდ - მცირე დეტალები. ინსპირაცია ზოგჯერ ხდება სადღაც ნანახი ჩანთა და ფიქრობ, ცოტა სხვანაირად რომ გააკეთო, ესა თუ ის დეტალი შეცვალო, უფრო ლამაზი ხომ არ გამოვა.

- ძირითადად მაინც ქალბატონებისთვის ამზადებთ და თუ ითვალისწინებთ მათ სურვილებს, გემოვნებას?

- ამ ეტაპზე დაახლოებით 30 ჩანთის მოდელი მაქვს გაკეთებული, 10-15 კი - საფულის. არის რამდენიმე მოდელი, რომელიც განსაკუთრებულად მოსწონთ და ხშირად მთხოვენ შეკერვას. ჯერ მაინც დამწყები ვარ და არც ისეთი დიდი რაოდენობის შეკვეთა მაქვს... ბავშვობაში ვხატავდი, სამხატვრო სტუდიაში დავდიოდი და ამან გამიადვილა ფერთა შეხამება. პირველ რიგში, აზრს ვეკითხები ჩემს ქალიშვილს, რადგან ისიც ხატავს, ასევე - მეუღლეს, ვაჟი კი ნაკლებად არის ჩართული ამ ამბავში. მათ თავიდანვე მოეწონათ ჩემი ნახელავი. რა თქმა უნდა, აქვთ შენიშვნებიც, რომლებსაც ვითვალისწინებ. შეიძლება მოდელი იყოს ლამაზი, მაგრამ ქალბატონებისთვის არაპრაქტიკული. ვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ტყავს და მეტალის აქსესუარებს. ეს არის სფერო, რომელშიც, სადამდეც გაგიშვებს შენი ფანტაზია, შეგიძლია სულ იფიქრო სიახლეებზე და მუდმივად ძიებაში იყო.

ნინო ჯავახიშვილი