ქართული შეძახილის გამო წაგებული ბრძოლა
font-large font-small
ქართული შეძახილის გამო წაგებული ბრძოლა
"ბებია ვერ იჯერებდა, რომ ტიციანი დახვრიტეს და ბოლომდე ელოდებოდა მას"

ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის კონსულტანტია. "სპორტის რაინდის" წოდების მფლობელი. 20 წლისა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი რაპირაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ვეტერანის რანგშიც მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ფარიკაობის სამივე სახეობაში - რაპირაში, დაშნასა და ხმალში. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონია ფარიკაობაში, ასევე საქართველოს ხუთგზის და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი გახლავთ. ბატონი გივი საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრეა. 77 წლის ასაკშიც კი სპორტულ ფორმას ინარჩუნებს და ყოველ წელს მონაწილეობს ვეტერან მოფარიკავეთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში.
ცნობისათვის, ის ტიციან ტაბიძის შვილიშვილია. პოეტს შარშან, 2 აპრილს, დაბადებიდან 125 წლისთავი შეუსრულდა, თუმცა პანდემიის გამო დაგეგმილი საიუბილეო საღამო ვეღარ ჩატარდა.


- 14 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახით საცხოვრებლად გოგებაშვილის ქუჩაზე გადავედით, ე.წ. მწერლების სახლში. გასაოცარი სამეზობლო გვყავდა: პავლე ინგოროყვა, იოსებ ნონეშვილი, შალვა აფხაიძე.…სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში ვერც ვაცნობიერებდი, ტიციან ტაბიძის შვილიშვილობა რამხელა პასუხისმგებლობა იყო; ვერ ვხვდებოდი, გამორჩეული წინაპრები რომ მყავდა. მამის მხრიდან ბაბუა, ნიკოლოზ ანდრიაძე პირველი ინფექციონისტი და ცნობილი ექიმი იყო. ექიმი გახლდათ მამაჩემიც, ალექსი ანდრიაძეც. უბრალოდ, ისე ვიზრდებოდი, რომ ჩემი მშობლები ასეთ რამეებზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ. თუმცა მომისმენია, ბებია - ნინა მაყაშვილი და დედა, ნიტა ტაბიძე როგორ იხსენებდნენ მასთან დაკავშირებულ ამბებს, მაგალითად, დღეს, როდესაც ის დააპატიმრეს. თურმე როდესაც მიჰყავდათ, მაშინ უთქვამს ცოლისა და შვილისთვის, - იცოდეთ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხის თვალში შეხედვის არასდროს შეგრცხვებათო და ასეც მოხდა.…
მშობლებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები რუსეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, საუბრობდნენ მწერლობაზე, პოეზიაზე. მახსოვს, ერთხელ ლენინგრადიდან ნატალია საკალოვსკაია ჩამოვიდა დედასთან, ინტერვიუს ასაღებად. ისე დამეგობრდნენ, რომ მთელი 4 წელი ჩვენთან ცხოვრობდა. დედა იყო ასეთი, რაღაც საოცარ სიყვარულსა და სითბოს გასცემდა და ამიტომ ყველას უყვარდა. მახსოვს, ბორის პასტერნაკი მეუღლესთან ერთად მთელი თვით რომ გვსტუმრობდა. მათ ბებია, ნინა მაყაშვილი მასპინძლობდა, დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ბორის პასტერნაკისა და ტიციანის მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ტიციანმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და სასწავლებლად მოსკოვში წავიდა. იქ დაუმეგობრდა ბორისსაც, სერგეი ესენინსაც, ნიკოლოზ ტიხონოვსაც და სხვებს.
საოცარი ქალი იყო ბებია, დახვეწილი, ჭკვიანი, გონიერი. ხშირად მივყავდი ყვარელში, მაყაშვილების მამულში და შემაყვარა კახეთი. წლების შემდეგ ყვარლის საპატიო მოქალაქე გავხდი. ბებია ვერ იჯერებდა, რომ ტიციანი დახვრიტეს და ბოლომდე ელოდებოდა მას. სათუთად ინახავდა მაგიდის საათს, რომელიც თურმე სწორედ მაშინ გაჩერდა, როდესაც ტიციანი წაიყვანეს. საათმა შემდეგ გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ ტიციან ტაბიძის მუზეუმში დაიდო ბინა. თვითონ ბებია ამ მუზეუმის გახსნას ვერ მოესწრო. წლების განმავლობაში დედა იყო მუზეუმის დირექტორი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მას ჩემი და, ნინო ანდრიაძე ხელმძღვანელობს.
- თქვენს სპორტულ წარმატებებზე მინდა გკითხოთ. რატომ დაინტერესდით ფარიკაობით?
- ეს ჩემი ინტერესის გამო არ მომხდარა, მანამდე ჭადრაკზე დავდიოდი, ვახტანგ ქარსელაძესთან. 12 წლის ვიყავი, მშობლებმა ფარიკაობის წრეზე რომ შემიყვანეს, ფორმაში ჩადგებაო, იფიქრეს, რაკი პუტკუნა ბავშვი ვიყავი. თან იმ დროს ფარიკაობა პოპულარული იყო. ვარჯიში დავიწყე ანატოლი ფიოდოროვთან, ცნობილი მწვრთნელი იყო. მან დამაყენა პირველად ბილიკზე და მასწავლა ამ სპორტის ანაბანა. პირველი წარმატების შემდეგ უფრო მეტი სტიმული მომეცა. ჯერ წელიწადიც არ იყო გასული, რომ მოსკოვში სპორტსაზოგადოება "სპარტაკის" საკავშირო პირველობა გაიმართა. რაპირაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი წევრი ავად გახდა და მე ჩამსვეს მის ნაცვლად. ჰოდა, 12 წლისამ პირველი ოქროს მედალიც მოვიპოვე, 17 წლისა კი უკვე სპორტის ოსტატიც გავხდი. სამჯერ ვიყავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1963 წელს კი მსოფლიო პირველობა მოვიგე.
- უკვე წლებია, მონაწილეობთ მსოფლიოს პირველობაში ვეტერანებს შორის. რა წარმატებები გაქვთ?
- 2002 წელს გავიგე, რომ ამერიკაში ტარდებოდა მსოფლიოს პირველობა ვეტერანებში. გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო და ჩავედი ამერიკაში. სპორტულ ფორმაში ვიყავი, რადგან დღემდე აქტიურად ვცხოვრობ - ვვარჯიშობ, ვცურავ, დავრბივარ. იმის შემდეგ ყოველ წელს ვმონაწილეობ ვეტერანების მსოფლიოს პირველობაში. თავიდან თუ მეხუთე ან მეათე ადგილს ვჯერდებოდი, მალე დავიწყე შედეგების გაუმჯობესება. 2013 წელს იტალიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მესამე ადგილზე გავედი. 2014 წელს კი უნგრეთში ჩატარდა მსოფლიო პირველობა და კვლავ მესამე ადგილი დავიკავე. იმავე წელს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში პროფესიონალ ექიმებს შორის ევროპის პირველობაზე ყველა ბრძოლა მოვიგე და კვლავ ჩემპიონი გავხდი, 71 წლის ასაკში. 70 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა მითხრეს, რომ არავინ ჰყავდათ დაშნით და ხმლით მოფარიკავე და ხომ არ ვცდიდი ბედს ამ სახეობაშიც. დავთანხმდი და 2019 წელს გერმანიაში გავხდი ევროპის ჩემპიონი როგორც ხმლით, ასევე რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში. უამრავი წოდებიდან განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია სპორტის რაინდის წოდება, 2019 წელს მიღებული, ამ მედალს საპატიოდ ვინახავ. 2020 წელს კი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გადმომცა სერტიფიკატი, სადაც წერია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი კარიერა მაქვს ფარიკაობაში - 62 წელი, 8 თვე და 16 დღე.
GzaPress
- სპორტის ამ სახეობის მიმართ ამხელა სიყვარულისა და წარმატებების მიუხედავად, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ექიმობა არჩიეთ, რატომ?
- როგორც ჩანს, მაინც მამისა და ბაბუის გენეტიკამ იმარჯვა. დავინტერესდი იმ საქმით, რის შესახებაც პატარაობიდან მესმოდა. კონკრეტულად, კარდიოლოგიის მიმართ გამიჩნდა ინტერესი და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. შემდეგ მოსკოვში, მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში მოვხვდი. დისერტაცია აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით დავიცავი. ის წლების განმავლობაში მართავდა მეოთხე სამმართველოს, იყო ბრეჟნევის, ჩერნენკოს, ანდროპოვის, გორბაჩოვისა და ელცინის პირადი ექიმი. ვთვლი, რომ როგორც ექიმმა, მაქსიმუმის გაკეთება შევძელი ჩემს პროფესიაში, უამრავ ადამიანს დავეხმარე.
- ამჟამადაც მუშაობთ, ხომ?
- დიახ, რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის კონსულტანტი და სადაზღვევო კომპანიებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ, ასევე, კარდიო-რეანიმაციული ცენტრის დირექტორი. 2017 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად ამირჩიეს. ჩემთვის ორივე პროფესია ერთნაირად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ორივეში მთავარია სწორი და დროული გადაწყვეტილება, საერთო რაც აქვს ამ ორ საქმეს, ეს არის წამი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადაწყვეტა. ერთ შემთხვევას მოგიყვებით - ჩაზოვთან მუშაობის პერიოდში, ჩემი მორიგეობის დროს, მძიმე ავადმყოფი შემოიყვანეს, ერთ-ერთი ცნობილი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ამ კაცს უცებ გული გაუჩერდა. იმწამსვე მივიღე გადაწყვეტილება და ჩავუტარე ელექტროშოკი, დეფიბრილაცია. ეს მაშინ ახალი მეთოდი იყო და პაციენტი სიკვდილს გადავარჩინე. რომ არა ის ერთი წამი, ვერ გადარჩებოდა. ასეა ფარიკაობაშიც - უცებ უნდა შეაფასო მოწინააღმდეგე და გათვალო ყოველი მომდევნო ქმედება. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს ერთი ისტორია, თუ როგორ წავაგე ბოლო წუთებში ბრძოლა - 1962 წელს, მსოფლიოს პირველობაზე წავედი ეგვიპტეში, მე-5 ადგილი დავიკავე. ერთ-ერთი ფინალური შეხვედრა მქონდა ფრანგ მოფარიკავესთან, კურტილიასთან, რომელიც იმ წელს ჩემპიონი გახდა. შემტევი სტილის მოფარიკავე ვიყავი, მაგრამ რატომღაც, ამ ბრძოლისას დაცვაზე გადავედი. უცებ გავიგე, ვიღაც ყვიროდა: ქართველი არ ხარ? მიდი, შეუტიე, ნუ გეშინიაო. იმ პერიოდში იშვიათობა იყო ქართველი უცხოეთში და დავიბენი, ყურადღება გამეფანტა, წამებში წავაგე ბრძოლა. ერთი წლის შემდეგ მაინც მოვახერხე და რევანში ავიღე, კურტილიას ბელგიაში შევხვდი და დავამარცხე.
- ოჯახის შესახებაც მიამბეთ...
- ორი შვილი მყავს - ალექსი და მარიამი, ორივე დაოჯახებულია, ორივე ბიზნესის განხრით წავიდა. მეუღლე, მანანა წლების წინ გარდამეცვალა, რაც დიდი ტკივილი იყო ჩემთვის. ის გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კონსერვატორიის პროფესორი და პრორექტორი, ასევე პირველი მუსიკისმცოდნე ქართველი ქალი, რომელმაც ამ სფეროში დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. კონსერვატორიაში საეკლესიო მუსიკის კათედრა დააარსა და შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა. ხშირად მეკითხებიან, რომელიმე თუ ვწერთ ლექსებს - შვილიშვილები თუ შვილთაშვილები, მაგრამ ტიციანის შთამომავლებიდან წერის ნიჭი, სამწუხაროდ, არავის დაგვყვა. იტყვიან ხოლმე, გენი შემდგომ თაობებში იღვიძებსო და ვნახოთ, იქნებ ვიღაცაში იფეთქოს პოეტურმა სულმა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ არ უნდა გამოავლინოს ემიგრანტმა თავისი სისუსტე
"ზოგჯერ ვგრძნობ, ჩემი "ახირების" გამო ალმაცერად მიყურებენ..."
"საქვეყნო საქმეში ყველა თუ არ ჩავერთეთ, ჩვენს შვილებს გაუპატიურებულ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება"
ემიგრანტი ქალის ტკბილ-მწარე მოგონებები
"სახლში ძალიან დაღლილი მივდივარ, შვილიშვილების მოფერების თავიც არ მაქვს"
"აკადემიკოსის საწერ მაგიდაზე ქილაში მისი მეუღლის დასპირტული გული დევს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი