ხელოვანი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩიტებს ხატავს
ხისგან შექმნილ სხვადასხვა ნივთზე უმეტესად სხვადასხვა ჯიშისა და შეფერილობის ფრინველები არიან "დასახლებული". მის შექმნილ ნივთებს სწორედ ჩიტების მეშვეობით იცნობ. უყვარს ბუნება, მცენარეები და ეს ყველაფერი თავმოყრილია როგორც დეკორატიულ დაფებზე, სარკეებზე, გასაღებისა და ტანსაცმლის საკიდებზე, ისე მცირე ზომის ავეჯზე. მაგდა სოლოღაშვილი სახლის დეკორს ქმნის. როგორც ხშირად ხდება, საკუთარი ხელით მოხატული ნივთები სულ რამდენიმე აქვს, თუმცა, ბინის კედლის კუთხეებში დახატული თაგუნები თუ ჩიტები, სულ მასთანაა.
- ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავია ჩემი პროფესიით. სამხატვრო განათლება არ მაქვს. თვითნასწავლი ვარ და დიდი შრომის შედეგია ის, რასაც დღეს ვაკეთებ. ხელოვნება ბავშვობიდან მიტაცებდა. ჩემი უფროსი და მხატვარია. მისი ყურებისას, სულ ვცდილობდი წიგნებიდან მეც გადმომეხატა ფერწერული ტილოები თუ ფიგურები. ფიზიკის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, კიდევ არ მასვენებდა რაღაცის შექმნის სურვილი და ამიტომ, ხატწერაზე გადავწყვიტე სიარული. ხატწერის სკოლაში წელიწად-ნახევარი დავდიოდი და იმ პერიოდში ვარკეთილში, სამხედრო ბაზის ტაძრის 12 დიდი ხატი მოვხატე. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ ვიცოდი, მქონდა რწმენა, რომ ღმერთი ამას შემაძლებინებდა და ყოველი ხატის შექმნის შემდეგ, ამაში ვრწმუნდებოდი. ამის შემდეგ დეკორატიული და გამოყენებითი ნივთების მოხატვა დავიწყე. ჯერ სახლისთვის ვხატავდი, მერე საზოგადოებისთვის გაზიარება გადავწყვიტე. 5 წელია, ხალხმა გამიცნო და ჩემი პატარა ნიშაც მაქვს უკვე ამ მიმართულებით.
- ხატწერა იმდენად სკრუპულოზური და დელიკატური საქმეა, ალბათ ესაა მიზეზი, რომ დღეს თქვენი ნამუშევრების დათვალიერებისას ვერ იტყვი, რომ მხატვარი არ ხართ...
- ნამდვილად, სწორი შენიშვნაა, ხატწერამ ხელი გამიწაფა. ხეზე სრულდება და ამის შემდეგ დაფებზე ხატვა რომ დავიწყე, ხატწერის გამოცდილება ძალიან დამეხმარა. ბუნებისადმი სიყვარულის გამო, თავდაპირველად სულ ჩიტებს ვხატავდი. დღემდე, ჩემს ნამუშევრებზე ფრინველს ხშირად იპოვით. ვფიქრობ, ეს პატარა ფერადი არსებები, უნიკალური ბუნების ქმნილებები არიან და რაც მთავარია, თავისუფლები.
- ბოლო ხანს აქტიურად დაიწყეთ სარკეების მოხატვა...
- დიახ. სიახლეებს ვეძებ და სულ ექსპერიმენტებს ვატარებ. სარკე "მსუყედ" ჩანს კედელზე და ოთახში შეხვალ თუ არა, თვალში გეცემა. ძირითადად, მისაღებისა და შემოსასვლელისთვის მიკვეთენ, თუმცა საძინებლისთვისაც შეუძენიათ. სარკეების მრგვალ ფორმაზეც გავამახვილებ აქცენტს. ოთხკუთხედზეც მიხატია და სამომავლოდ ასეთი ფორმის სარკეებიც მექნება, მაგრამ ვფიქრობ, მრგვალი უფრო ეფექტური, ჰარმონიული და სრულყოფილია. სამომავლოდ საბავშვო ავეჯის მოხატვას ვგეგმავ. მომწონს ოთახების მოხატვაც, სადაც არანატურალისტურ ლომებს, ჟირაფებს და სხვა ცხოველებსაც ვხატავ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დრო მაქვს, ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ასე რომ, კედლის მოხატვის კუთხითაც მაქვს მცირე გამოცდილება და ჩემს სახლშიც იპოვით "ჩიტებსა" და "თაგვებს"...
სულ დროის დეფიციტი მაქვს. ჩემი უფროსი შვილი 10 წლისაა, უმცროსი კი - სამი თვის. მიჭირს ბავშვის აღზრდისა და ხატვის შეთავსება. თუმცა, სამშობიაროდან რომ გამოვედი, 1 კვირაში ისევ გავაგრძელე საქმიანობა, რადგან დროებითი შეფერხება აქტიურობას კლავს და მერე ძნელია ისევ იმ ხაზს დაუბრუნდე, რაზეც მანამდე იდექი. ძალიან მეხმარება მეუღლე, დედა და მათი ხელშეწყობით მუშაობას ვახერხებ.
- სახლის დეკორს იმდენად ლამაზ ფოტოებს უღებთ, რომ თითოეულს ეტყობა, გაფორმებაზე ბევრია ნაფიქრი...
- მიხარია, თუ ასეა. რაღაც ნივთს რომ ვქმნი, წინასწარ ვიცი, როგორი ფოტო უნდა გადავუღო. სპეციალურად ვარჩევ რეკვიზიტებს: ყვავილებს, მინერალურ ქვებს, საღებავებს. ძირითადად, რაც შინ მაქვს, იმ ნივთებს ვუსადაგებ, ზოგჯერ კი სპეციალურადაც ვყიდულობ რამეს ფოტოსთვის. საერთოდ, ძალიან მომწონს ეს პროცესი. სპეციალური განათლება არც ამ კუთხით მაქვს, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი სახლის აქსესუარების ფოტოგრაფი.
ანა კალანდაძე