სიცოცხლისთვის მებრძოლი ქართველი გოგონას წერილი თურქეთიდან
"როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, მართალია, შევშფოთდი, ავნერვიულდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გავაანალიზე, რომ ეს ის არაა, რაც დამამარცხებდა. მედიცინა განვითარებულია და დღეს საუკეთესო ექიმების ხელში ვარ, რომლებიც განმკურნავენ. ადამიანს ისე ვერავინ გააძლიერებს, როგორც საკუთარი თავი. ამას სწორედ ახლა მივხვდი, თუმცა ნაღვლიანი ვიღვიძებ, რადგან სიზმარში სულ ჩემი ბანკეტი მესიზმრება, თუ როგორ გვაცვია ფერად-ფერადი კაბები კლასელებსაც და ჩემსავით პრანჭია მასწავლებელსაც, რომელიც ძალიან მიყვარს... ხასიათი მალევე გამომიკეთდება ხოლმე, რადგან ვხვდები, რომ სწორედ სიცოცხლის სურვილია ჩემი შინაგანი ძალა. ახლა შედარებით უკეთ ვარ. ეს ჩემი ძვირფასი მეგობრების, თანასოფლელების, მთელი საქართველოს, უცნობისა თუ ნაცნობის, სიყვარულით სავსე ადამიანების დამსახურებაა. მათი მხარში დგომა მაძლიერებს. ნაცნობებისგან ასეთი მხარდაჭერა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემს გადასარჩენად ამდენი უცხო ადამიანი თუ გაერთიანდებოდა, არ ველოდი. უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას ამისთვის... თავდაპირველად, ჩემი დიაგნოზის გაგებისას, ჩემი შეყვარებული შეშინებული იყო, ადგილს ვერ პოულობდა. მისი სიყვარულით სავსე, შეშინებული თვალები არ დამავიწყდება... საბოლოოდ, მას თავისი მეგობრები დაეხმარნენ, ძალა რომ მოეკრიბა და ჩემთვის ყველაზე დიდი ძალა გამხდარიყო... მადლობა, ადამიანებო, რომ მიხალისებთ ცხოვრებას და გასაჭირში მარტო არ მტოვებთ..." - ეს წერილი 17 წლის ანი მუმლაძემ გამოგვიგზავნა, რომელსაც ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ამჟამად თურქეთში სამკურნალოდ იმყოფება. სამწუხაროდ, მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების - 35.000 დოლარის დაფარვას ოჯახი ვერ ახერხებს... ვინც ანის გასაჭირის შესახებ იცის, მის გადარჩენას თითქმის ყველა ცდილობს, თუნდაც - მცირედით და სხვებსაც იმავესკენ მოუწოდებენ...
ჩვენ ანის მასწავლებელს - იზა შუბითიძეს ვესაუბრეთ, რომელიც გოგონამ წერილში სიყვარულით მოიხსენია:
- ანი საოცრად ლამაზი გოგოა - ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის. საოცრად გულთბილია. მის შესახებ ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგან ალბათ, იმ დღის შემდეგ, რაც ანის ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე, ჩემს კლასში სრულფასოვანი გაკვეთილი აღარც ჩამიტარებია: კლასში შესულს ანი თავის ლამაზ თვალებს რომ აღარ შემომაბდღვრიალებს, მეტირება. ბავშვებსაც ეტირებათ... გაკვეთილს აცრემლებულები ვატარებთ. ანი ძალიან მეგობრული, კეთილი გოგოა. იურისტობა სურს... მას ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემ თვალწინ გაიზარდა. გულთბილი, მადლიანი ოჯახის შვილია. ერთი ძმა - ანრი ჰყავს, რომელიც მეათე კლასის მოსწავლეა. ისეთ რთულ სიტუაციაშია, რომ სკოლაში სიარული აღარ სურს. დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ მისთვის უკეთესია, თუ გაკვეთილებს არ გააცდენს, - თავის დაიკოს ასე უფრო დაუდგება გვერდით...
ანი მეთორმეტე კლასშია. უკვე ბოლო ზარისა და ბანკეტისთვის სამზადისს ვიწყებდით, როცა გაცივდა. სკოლაში რომ არ მოვიდა, როგორც დამრიგებელი შევეხმიანე. ყელი მტკივა, გაცივებული ვარო, - მითხრა... დროთა განმავლობაში სიტუაცია გამწვავდა. ექიმებთან დაჰყავდათ... ბოლოს დედამისმა მითხრა, - ბიოფსია უნდა გავუკეთო, რადგან ორთვიანი მკურნალობა უშედეგოაო. მოკლედ, საქმის კურსში ჩამაყენა, რომ გოგონა სკოლაში ვერ მოვიდოდა. ბავშვი ხმას ვეღარ იღებდა, ჩურჩულებდა... ვერაფერს ყლაპავდა. წყლის დალევაც კი უჭირდა. ბოლოს რამდენიმე სიტყვა ძალიან ჩუმად მითხრა, - ვერაფერს ვამბობ, დედა დაგელაპარაკებათო... როცა დედამისს ვესაუბრებოდი, მან ბანანის პატარა ლუკმა აიღო და შეეცადა, ჩაეყლაპა, მაგრამ არ ვიცი, რა დაემართა, - ჩემ თვალწინ გაიქცა, ვერ ჩაყლაპა, ლამის დაიხრჩო... დედამ ტირილი დაიწყო... საშინელი დღეები გადაიტანეს... ისე დამძიმდა სიტუაცია, რომ მშობლები ბიოფსიის პასუხს აღარ დალოდებიან - ფინანსური სახსრები მოიძიეს და თურქეთში, კლინიკაში გაემგზავრნენ. ანის დედამ მითხრა, - პასუხს ვეღარ დაველოდებოდი, ბავშვი თვალსა და ხელს შუა მიქრებაო... თურქეთში 3 დღეში მკურნალობა დაუწყეს. ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს (ამასობაში, ბიოფსიის პასუხი საქართველოშიც მოვიდა)... მართალია, ანი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პოზიტიური, მებრძოლი გოგონაა და იქიდან გვამხნევებს... რაც მთავარია, ექიმები იმედს გვაძლევენ. ამას წინათ ანის დედამ დამირეკა, - როცა ექიმმა მითხრა, შევძლებთ, რომ შვილი შინ ჯანმრთელი გაგატანოთ, სიცილ-ტირილი ამივარდაო. მართლაც, ხან იცინოდა, ხან - ტიროდა შეშლილივით... ანის მამა საქართველოშია. მისი დანახვა ქვასაც აატირებს. ადამიანს აღარ ჰგავს, ხმას არ იღებს. ანის ძმაც ასეთ დღეშია...
ანი ისეთი პრანჭიაა, რომ ცუდად მყოფმაც კი მომწერა, - უკვე ჩამოყალიბდით, ბანკეტზე რას ვაკეთებთ? იცით, როგორი კაბა უნდა ჩავიცვაო (იღიმის)?.. ერთი დეტალის შესახებ მინდა აღვნიშნო: თვეების განმავლობაში, მე და ჩემი მოსწავლეები (მათ შორის - ანიც, რა თქმა უნდა) ლეიკემიით დაავადებულ პატარა ელენეს ვეხმარებოდით, სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებდით, ფულიც ავაგროვეთ... ამას წინათ ანის მივწერე: შენ გამო მთელი საქართველო ფეხზე დადგა, არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მისგან ასეთი პასუხი მივიღე: - მასწ, იქნებ, იმდენი შეგროვდეს, რომ ელენესაც დავეხმაროო... არ ვიცი, რამხელა რამეს ნიშნავს, ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანი იმაზე რომ ფიქრობ, შენ გარდა, სხვამაც შეძლოს სიცოცხლე... ანის მკურნალობას ოჯახი ფინანსურად ვერ სწვდება. მათ საქველმოქმედო ანგარიშის შექმნა თავიდანვე შევთავაზე, რადგან შინაურულად კი დავეხმარებოდით, მაგრამ ამდენ ხარჯს მაინც ვერ გავწვდებოდით... - არა, იქნებ მოვიძიოთ რამე სახელმწიფოდან, ფონდებიდანო, - მითხრეს გოგონას მშობლებმა. მოგეხსენებათ, როგორც ხდება: ანის ამბავი ყველამ გულთან მიიტანა, მაგრამ სრულად ვერავინ აფინანსებს. იძულებული გავხდით, ანგარიში გაგვეხსნა, ბევრი აქტივობა დაგვეგეგმა...
- როგორც ვიცი, თქვენს საავტორო წიგნს ყიდით და შემოსულ თანხას ანის ურიცხავთ სრულად...
- სიმართლე გითხრათ, წიგნის გამოცემას არც ვფიქრობდი. ეს თავად რედაქტორმა შემომთავაზა. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, გავამხელ და, ჩემი ბეჭდები "დავალომბარდე" - წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხა ასე გადავრიცხე. მაშინ ანი ავად არ იყო. შემდეგ, გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა პატარა ელენეს ჩავურიცხე, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა. რაც დარჩა, ახლა ანისთვის ვყიდი, ჩემთვის 5 თეთრიც არ ამიღია. ჩემი ლამაზი ბავშვების ცრემლებად არაფერი მიღირს. მინდა, ბედნიერები იყვნენ და იცოცხლონ. ვიცი, რომ მე და ანი ბანკეტზე ძალიან ლამაზად გაპრანჭულები ვიქნებით (იღიმის)...
მთელი სკოლა, მთელი რაიონი მხარში უდგას. მას ჩემი აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც დიდი შემართებით და სიყვარულით აძლიერებენ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად თანხას აგროვებენ და ამით ამტკიცებენ, რომ მეგობრობას, სიყვარულს, ადამიანობას არც საზღვრები და არც ეროვნება არ გააჩნია...
ანი მუმლაძისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
TBC ბანკი: GE28TB7457745064300028
პირადი ნომერი: 25001034118
მიმღები: მარი შუბითიძე
ეთო ყორღანაშვილი