თბილისის კოლორიტის სევდიანი ამბავი - გზაპრესი

თბილისის კოლორიტის სევდიანი ამბავი

მინდა გავიხსენო ორი ეპიზოდი, როცა სულ "სხვანაირი" მარინა გავიცანი.

ეპიზოდი პირველი: მე და ჩემმა მეგობარმა მარინა კუპატაძემ (იგი ახლა ბორჯომის ტელევიზიას ხელმძღვანელობს), ლექციების მერე გადავწყვიტეთ რუსთაველზე გაგვესეირნა. მოშივებულები კი ვიყავით, მაგრამ ლაღიძის ხაჭაპურებს და მცხეთურ ღვეზელებს ნაყინი და ყავა ვამჯობინეთ, ჩვენს საყვარელ კაფეში შევედით. ამ კაფეში ცხელ ქვიშაზე იხარშებოდა არომატული ყავა, იყიდებოდა უგემრიელესი ნაყინი და ნაირ-ნაირი ნამცხვარი. ორ დარბაზად იყოფოდა კაფე, ყველაზე სასურველი და მყუდრო მეორე, შიდა დარბაზი იყო, ამიტომაც იქ მოხვედრილები დაუსრულებლად უკვეთდნენ ცხელ ყავას, რათა ადმინისტრატორს შენიშვნა არ მიეცა: თუ უკვე დაასრულეთ, აბრძანდით, რიგში მყოფი ადამიანები კარგა ხანია იცდიანო. ჩვენ, სტუდენტებს მაშინ სად გვქონდა იმდენი საშუალება, სამ ჯერზე რომ შეგვეკვეთა ყავა ან ნაყინი, ამიტომაც ჩვენთვის ის 15-20 წუთი ნეტარების პიკი გახლდათ და მაქსიმალურად ვცდილობდით, ნება-ნება დაგველია. იმ დღესაც, როცა სანაყინეში შევედით, სწორედ მეორე შიდა დარბაზში გათავისუფლდა მაგიდა და სიხარულით მივაშურეთ ჩვენი ყავითა და ნაყინით. უცებ, წინა დარბაზაში ალიაქოთი ატყდა. გავიხედეთ და, წითელვარდებიან კაბაში გამოწყობილი პლეხანოველი მარინა პირდაპირ ჩვენკენ მოემართება. დავიძაბეთ. ცოტა ხანს შეჩერდა, თვალი მოავლო დარბაზს და ჩვენ გვერდით მსხდომთ (ორი გოგო კუთხის მაგიდასთან იჯდა) მიმართა: ჯიგრებო, აი, იქით (ხელი გაიშვირა წინა დარბაზისკენ) მაგიდა გათავისუფლდა, ეს ჩემი ადგილია, აქ მიყვარს ჯდომა და დამითმეთ რაო... გოგოებმა ერთი კი ჩაილაპარაკეს, უკვე დავამთავრეთ, დაბრძანდითო და სწრაფად დატოვეს იქაურობა. მარინა ჩამოჯდა. ერთ ხელში მაგნიტოფონი ეჭირა, მეორეში დაწნული კალათა. მაგნიტოფონი მაგიდაზე ფრთხილად დადო. ეტყობოდა, ვერ იყო გუნებაზე, ჩვეულებისამებრ არ ეკონტაქტებოდა ადამიანებს... კალათიდან ამოალაგა კიტრი, პომიდორი, მწვანილი, წიწაკა, ჭყინტი ყველი, შოთის პური და ერთი ბოთლი ღვინო. მოითხოვა ცარიელი თეფში, წამსვე მოურბენინეს. დაჭრა სალათი და ისეთი სურნელი დაატრიალა, სხვების რა გითხრათ და მე და ჩემმა მეგობარმა პირზე მომდგარი ნერწყვი ძლივს გადავყლაპეთ. მერე ჭიქაში ჩამოასხა ღვინო, გაგვიმარჯოსო, - ხმამაღლა თქვა, დალია და მაგნიტოფონი ჩართო. სულ "დამწვრისა" ჰქონდა ჩაწერილი... კიდევ ერთი რომ გადაჰკრა, ხმამაღლა ამოიხვნეშა და ცრემლები გადმოსცვივდა. სევდიანი, ატირებული მარინა ჯერ არ გვენახა. ყველა გაოცებული შევყურებდით. მე და ჩემს მეგობარ მარინასაც მოგვადგა თვალზე ცრემლი. იქითა დარბაზში კვლავ "Bონეყ-M"-ის სიმღერები ჟღერდა, რომელსაც მარინას მაგნიტოფონიდან გადმოღვრილი ბაიათი "ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე, ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე" ახშობდა... და კიდევ, სამი მარინა - ერთი "პლეხანოველი" და ორიც უნივერსიტეტის სტუდენტი ცრემლებად ვიღვრებოდით.

GzaPress

ეპიზოდი მეორე: გაგიკვირდებათ და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სამი წელი გვასწავლიდნენ სამედიცინო საქმეს, რომელიც სამხედრო კათედრის შემადგენელი ნაწილი იყო. ლექციებს გვიკითხავდნენ პროფესორები და დოცენტები. ისინი დღენიადაგ ჩაგვჩიჩინებდნენ, - ჟურნალისტი ყველაფერში უნდა ერკვეოდესო, ამიტომაც ამომწურავად ითხოვდნენ ჩვენგან თეორიულ ცოდნას, ხოლო პრაქტიკას კვირაში ორჯერ გავდიოდით მაშინდელ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, რომელიც კამოს (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე მდებარეობდა. იმ დღეს ჩვენმა პედაგოგმა ექთანს დაავალა, პაციენტებზე ყველა ნემსი მომავალ ჟურნალისტებს გააკეთებინეო და წავიდა. მაშინ სხვა დრო იყო. ლამის ცეკადან სჭირდებოდა ჩაწყობა, რომ ავადმყოფი პალატაში მოეთავსებინათ. უროლოგიური განყოფილება, სადაც ჩვენ ვიყავით, გადავსებული იყო და პაციენტები დერეფანშიც იწვნენ. ვიღაცამ ყური მოჰკრა, რომ პრაქტიკანტებმა უნდა გააკეთონ ნემსიო, თან სამედიცინოს ინსტიტუტის კი არა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმაო და ატყდა ორომტრიალი... ერთმა თქვა, ნაჩუქარი კი არ მაქვს საჯდომიო, მეორემ, - საცდელი კურდღლები არ ვართ, ის არ გვყოფნის, რომ დერეფანში ვწევართო?!. მესამემ, - მომავალ ჟურნალისტებს ვერ დავანახვებ ჩემს უკანალს, რა ვიცით, რას დაგვიწერენ მერეო... მოკლედ, ყაყანი, სიცილი, აღშფოთება ერთმანეთში აირია. აშკარა იყო, რომ ის დღე გვეკარგებოდა. უცებ, დერეფნის ბოლოდან ხმა მოგვესმა: ვაააჰ, რა ხალხი ხართ, კაცო! რა ქნან, აბა, ამ საწყლებმა, ბალიშზე ხომ არ ისწავლიან ნემსის გაკეთებას? მოდით, გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო... დავაკვირდით და პლეხანოველი მარინა შეგვრჩა ხელთ. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? შემოვეხვიეთ თბილისის კოლორიტს (ათნი ვიყავით) და კითხვები დავაყარეთ... უცებ მედპერსონალი აფუსფუსდა, პროფესორი შემოვლაზეაო. ცოტა ხანში დერეფანში გამოჩნდა სანდომიანი სახის ჭაღარა კაცი (სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს) და მარინასკენ გაემართა. - შენ აქ რა გინდა, რა გაგჭირვებია? - ჰკითხა მზრუნველად. მარინამ კი მისთვის დამახასიათებელი ლექსიკით ჩამოურაკრაკა: "უუფ, რა ვიცი, ჯიგარო, წნევები მაქვს, თავბრუ მეხვევა, ხან თავი მტკივა, ხან გული. დოხტურები მეუბნებიან, კლიმაქსის ბრალიაო... ოღონდ ეგ ნუ მექნება და ჭლექზეც თანახმა ვარ"... პროფესორს გაეღიმა, იქვე მდგომ ექთანს რაღაც გადაულაპარაკა და ცოტა ხანში ჩვენი მარინა ციმ-ციმ გადაიყვანეს პალატაში, რომელიც დაკეტილი ჰქონდათ საპატიო პაციენტებისთვის.

გავიდა წლები. მე უკვე "კვირის პალიტრის" ჰოლდინგში ვმუშაობდი, როცა გავიგე, რომ პლეხანოველმა მარინამ საცხოვრებელი ბინა გამოიცვალა, ახლა სოლოლაკშია, დადიანის და ლერმონტოვის გზაჯვარედინზე ზის და მოწყალებას ითხოვსო. 2000 წლის მაისი იყო. გადავწყვიტე მასთან მისვლა. დარწმუნებული ვიყავი, ინტერვიუზე უარს არ მეტყოდა. ქუჩას მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე დავინახე... შუა გზაზე მჯდომ მარინას თითქმის ყველა ჩავლილი მანქანის მძღოლი ფულს აძლევდა. ის კი, ხოტბა-დიდებას არ იშურებდა მათთვის: "გენაცვალეთ, ჩემო ქართველებო! თქვენ მაცოცხლებთ და მახარებთ... თქვენ რომ არ იყოთ, ჯიგრებო, ჩემი ბუნდღაც არ იქნებოდა დღეს!"

როდესაც მარინას ვუთხარი, რომ მისი ჩაწერა მინდოდა, სიხარულით გაუბრწყინდა თვალები, - აბა, აქ ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქვე ვცხოვრობ, წამო ჩემთან და იქ ვილაპარაკოთო. იქვე მდებარე მაღაზიაში მომუშავე ბიჭი იხმო, ტაბურეტი მაღაზიასთან გადაატანინა, თვითონ კი, ყავარჯნებს დაეყრდნო და მძიმედ, მაგრამ მაინც ხალისით გამიძღვა წინ. მარინას ოროთახიანი ბინა იტალიური ტიპის ეზოში მდებარეობდა. ეს ბინა თურმე ცნობილ ნინა ჟვანიას მიუცია: "როცა პლეხანოვზე ბინა დავკარგე, მივედი ნინა ჟვანიასთან, ვენაცვალე მის სულს და ვუთხარი, ერთი გზასაცდენილი ქალი ვარ, ქუჩაში ნუ დამტოვებ, სადმე პატარა კუთხე მიმიჩინე-მეთქი და აი, ეს ბინა გადმომცა. კარგი ადამიანი იყო, გაანათლოს უფალმა. აქ ჩემთან ერთად ცხოვრობენ ჩემი დისშვილიშვილი თავისი ქმარ-შვილით. არც ერთი არ მუშაობს და რჩენა ხომ უნდათ? კიდევ, მეგობრის შვილიშვილი მყავს რუსთავში, ყოველ კვირას იქ დავდივარ და პროდუქტი მიმაქვს მისთვის. მეც ვერ ვიქნები მშიერი და ამიტომაც დავჯექი გზაზე. მადლობელი ვარ ჩემი ქართველი ბიჭების, არავის ენანება ფული, ზოგი ლარს მაძლევს, ზოგიც ხუთს... რამდენჯერმე ასლარიანიც ჩამიკუჭეს ხელში..."

მარინას ვთხოვე უფრო დაწვრილებით გაეხსენებინა თავისი ცხოვრება, ისიც არ დამზარდა:

"გვარად გელაშვილი ვარ, წარმოშობით ზესტაფონიდან, მაგრამ ლაგოდეხში ცხოვრობდა ჩემი ოჯახი და 16 წლამდე იქ გავიზარდე. ტრაბახში არ ჩამითვალო და, მართლა ლამაზი გოგო ვიყავი, ყველას ჩემზე რჩებოდა თვალი. კარგადაც ვსწავლობდი და აქტიური კომკავშირელიც გახლდით. ჩვენი კომკავშირის მდივანი შემიყვარდა. ისიც სიყვარულს მეფიცებოდა. მპირდებოდა, როგორც კი სკოლას დაამთავრებ, შეგირთავო. მომატყუა. შემაცდინა და მიმატოვა. ოთხი თვის მუცელს როგორღა დავმალავდი? ოჯახს გამოვუტყდი. ორი ძმა და ერთი და მყავდა. ერთ-ერთი ძმა ჭკუიდან კინაღამ გადავიდა, თოფს წამოავლო ხელი და გამომეკიდა, ოჯახი როგორ შეგვირცხვინეო... გავასწარი. უკან აღარც მიმიხედია. წამოვედი თბილისში. ისეთი გოგო გავაჩინე, კალმით ნახატი. მაშინდელ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლს შევაფარე თავი, მაგრამ იქ როდემდე გამაჩერებდნენ? გადავწყვიტე, ბინა და სამსახური მეშოვა. დარწმუნებული ვიყავი, ბავშვი იქ უსაფრთხოდ მეყოლებოდა. ცოტა ხნით დავტოვე და შევუდექი ბინის ძებნას. სამი თვის მერე ვიპოვე კიდეც. პლეხანოვზე რომ თევზის მაღაზიაა, იმის თავზე ვიქირავე ბინა. იქ 20 წელი ვიცხოვრე, იმიტომაც მეძახდნენ პლეხანოველს. ბავშვთა სახლში რომ დავბრუნდი ჩემი გოგოს წამოსაყვანად, იქ გაიოცეს: რომ აღარ დაბრუნდი, გვეგონა, რომ მოგვიგდე და გავაშვილეთო. როგორ არ ვეხვეწე, რამდენი არ ვემუდარე, ეთქვათ მისამართი, მაგრამ კლიტე დაიდეს პირზე, ჩვენ არაფერი ვიცითო. აი, მაშინ დავთვერი პირველად, მივუვარდი სახლის პერსონალს და მაგრად ვაგინე. იმ დღიდან ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის... იმ პირველი სიყვარულის მერე ვეღარავინ შევიყვარე. იმან ჯიგარი დამიწვა, თუმცა, იმდენი კაცი მყავდა, რამდენი სიტყვაც არ გექნება შენ დაწერილი. ჩემი გულის დამწველს, ეტყობა, ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი, სხვა გოგოც შეაცდინა, იმისმა ძმებმა არ აპატიეს და მოკლეს. გავიგე, სადაც იყო დასაფლავებული. ავდიოდი მის მიტოვებულ საფლავზე, ყვავილებიც მიმქონდა, დავჯდებოდი, ვიტირებდი და გულს ვიოხებდი. ხომ ასე ცუდად მომექცა, მაინც ეგ ერთი მიყვარდა მთელი სიცოცხლე...

წლების მერე ერთი მდიდარი კაცი გადამეკიდა: ცოლი ბავშვს ვერ მიჩენს, შენ ჯანმრთელი და ლამაზი ქალი ხარ, გამიჩინე და სიცოცხლის ბოლომდე არაფერს მოგაკლებო. დიდხანს ვიყოყმანე, ბოლოს დავთანხმდი. მეშვიდე თვემდე რომ მივედი, მუცელი მომწყდა, ბავშვი დავკარგე, მეც ძლივს გადამარჩინეს. ძალიან ვიდარდე. ეტყობა, დედობა არ მეწერა და ბედს შევეგუე..."

მარინას მონოლოგის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავედით:

GzaPress

- მარინა, ძვირფასი საჩუქარი მიგიღია ვინმესგან?

- ერთმა კარგმა კაცმა, როცა წყალტუბოში ვისვენებდი, ოქროს საათი მაჩუქა. მიხაროდა და მეამაყებოდა, რომ მეც მეღირსა ასეთი ძვირფასი საჩუქარი, მაგრამ ერთხელაც, ღამით ქუჩაში ჯიბგირები დამხვდნენ და წამგლიჯეს. გული მეტკინა, განა იმიტომ, რომ ოქრო აღარ მქონდა... იმიტომ, რომ წამართვეს. არადა, სახლიდან გამოსული გამვლელ-გამომვლელს სიყვარულით ვლოცავდი და ყველას ამას ვეუბნებოდი: ბიჭებო, არ იჩხუბოთ, მოეფერეთ ერთმანეთს, სიყვარულზე ძვირფასი არაფერია ამქვეყნად-მეთქი... კიდევ ბაჯაღლოს ბეჭედი მაჩუქა ერთმა. წარმოვიდგინე, რომ იმ ჩემმა სატრფომ გამიკეთა და ისეთი ბედნიერი ვიყავი, სულ ღიღინ-ღიღინით დავდიოდი. მერე ესეც წამართვეს და მივხვდი, რომ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს.

- ხშირად იგინებოდი, განსაკუთრებით, გოგოებს ერჩოდი, ერთხელ მეც გამომედევნე ცხრასართულიანი გინებით.

- ვაი, რას ამბობ?! მაპატიე რა... გულში წყენა არ ჩაიტოვო. ცოდვა გამხელილი სჯობსო, - ნათქვამია და გამოგიტყდები, მე რომ ასეთი წყალწაღებული და უპატრონო ვიყავი, მშურდა გაპრანჭული და კარგი გოგონების. სამაგიეროდ, ახლა ყველა ერთნაირად მიყვარს და ვეფერები.

- ფათერაკების გარეშე არ იქნებოდა შენი ცხოვრება, რას გაიხსენებდი?

90-იანი წლები, ხომ გახსოვს, რა არეული პერიოდი იყო? პოლიტიკაში არასოდეს ვერეოდი, ამიტომ არავინ მერჩოდა. ერთხელ, შებინდებულზე, ნავთლუღში, ბაღდადის ქუჩაზე ნათესავის ბინიდან მოვდიოდი. შორიდანვე დავინახე, სამი ბიჭი ერთს უბაგუნებდა. მოძალადეები ცდილობდნენ, კოსტიუმი წაერთმიათ მისთვის, არადა, ძირს დაგდებული 15 წლისა თუ იქნებოდა, მეტის არა. ჩემებურად მივედი, ხმაურით, გახსნილი გულით, - ბიჭებო, რატომ ჩხუბობთ, ამას თავი დაანებეთ, რესტორანში წავიდეთ, ვიქეიფოთ, მე გპატიჟებთ-მეთქი. დაიბნენ, ამით ვისარგებლე და ის დაგდებული წამოვაყენე და ვანიშნე, გაიქეცი-მეთქი. გონზე რომ მოვიდნენ, ერთ-ერთი ამიხტა, შენ ვინ გეკითხებოდა მის დაცვასო, დანა ამოიღო და მუცელში გამიყარა. ძლივს გადავრჩი. ერთი თვე ვიწექი. სამჯერ დამადგა "ძაღლობა", თქვი, ვინ დაგჭრაო, არ ჩავუშვი. როცა სააქაოს მოვბრუნდი, ორ მანქანაში ჩავისვი ჩემი ძმაბიჭები და იმ უბნისკენ წავედით. ისევ იქ იდგა. დავუძახე: მაშინ საქეიფოდ არ გამომყევი, ახლა მაინც წამოდი, ხომ ხედავ, არ დავაჭერინე შენი თავი-მეთქი. ჩაჯდა მანქანაში. გავიყვანეთ ქალაქგარეთ და ჩემმა ბიჭებმა გვარიანად მიბეგვეს. არაკაცს მასე მოუხდება.

- კურიოზიც მრავლად გადაგხდენია ალბათ...

- ბევრჯერ ჩავვარდნილვარ კურიოზულ სიტუაციაში, მაგრამ ერთს გავიხსენებ: ერთხელ სოფელში ვიყავი ქორწილში. სუფრასთან ჩემ წინ კაცი იჯდა, რომელიც ჩაშტერებით მიყურებდა, თვალს მიკრავდა და თავით კარისკენ მანიშნებდა. მივხვდი, მოვეწონე და გარეთ გასვლას მთხოვდა. გავედი, მაგრამ ის არ ჩანს. შევბრუნდი უკან და ჩემს ადგილას დავჯექი. ვხედავ, ისევ თვალს მიკრავს. გავედი, ვუცდი. არ გამოდის. გული მომივიდა. თან უკვე კარგად მაქვს "ჩარტყმული" ღვინო, შევვარდი და იმ კაცს ამოვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი. გაშტერდა, ვერ მიხვდა, რას ვერჩოდი. მერე მითხრეს, რომ იმ კაცს დაავადება ჰქონია, უნებლიე მოძრაობები, მე სულელს კი მეგონა მეარშიყებოდა.

- მარინა, რომელია შენი საყვარელი სადღეგრძელო?

- ვინც ჩვენ გვიძმობს და გვიდობს, წვრილ ხიდზე გაგვიყვანს, ხელს არ გვკრავს, ტალახში არ ჩაგვაგდებს, იმ ხალხს გაუმარჯოს!

ასე დასრულდა ჩვენი საუბარი. წამოსვლისას თვალი მოვკარი ფოტოს, სადაც თეთრ კაბასა და ფატაში გამოწყობილი მარინაა, მას კი გვერდს უმშვენებს ულვაშიანი, თმაქოჩორა კაცი. გაკვირვებულმა შევხედე. ჩემი მზერა დაიჭირა და მიხვდა, რაც უნდა მეკითხა:

- ეეჰ, ჯიგარო, აქ განა მართლა პატარძალი ვარ?! ცხოვრებაში ეგ არ მეღირსა და... ერთხელ თეთრი ატლასი ვიყიდე, შევიკერე საქორწინო კაბა, მერე ჩემს ძმაკაცს ვთხოვე, ცოტა ხანს გვერდით დამიდექი და "ჩავკარტიჩკდეთ"-მეთქი. ისიც გამოეწყო კოსტიუმში და გადავიღეთ ფოტო. იმ დღეს მართლა მეგონა, რომ ჩემი და "იმის" ქორწილი იყო. მე თუ მკითხავ, მარტო იმ ბედნიერი წუთისთვის ღირდა ამქვეყნად მოსვლა.

P.S. დარდიმანდული, ხმაურიანი, ბახუსის, ლექსებისა და სადღეგრძელოების მოყვარული "პლეხანოველი" მარინას ცხოვრება სინამდვილეში თურმე, ასეთი სევდიანი ყოფილა.

მარინა ბაბუნაშვილი